სამჯერ ჩაძირული "გრუზიას" საიდუმლო ტვირთი - რა სთხოვა იოსებ სტალინმა უინსტონ ჩერჩილს და რა ჩაიტანა გემმა სევასტოპოლში?
სამჯერ ჩაძირული "გრუზიას" საიდუმლო ტვირთი  - რა სთხოვა იოსებ სტალინმა უინსტონ ჩერჩილს და რა ჩაიტანა გემმა სევასტოპოლში?
1942 წლის 13 ივნისი, სევასტოპოლის ნავსადგური. ნაშუადღევია, ყირიმის ცაზე ღრუბლის ნაგლეჯიც კი არ მოჩანს. საათის ისრები 12 -ს უახლოვდება.

თბომავალ "გრუზიადან" ("საქართველო") , გვერდებზე წითელი ჯვრით, რომელიც ეს-ესაა დაბრუნდა ნოვოროსიისკიდან, მკაცრად დაცული ტვირთის ნაპირზე გადმოტვირთვა დაიწყო.
პარალელურ რეჟიმში გემზე დაჭრილების და სამოქალაქო მოსახლეობის აყვანა მიმდინარეობს. ძალიან ჩქარობენ. გერმანელი გენერლის ერიკ ფონ-მანშტეინის მე-11 არმიის ნაწილები, რომლებმაც შვიდი თვის წინ, პირველი შტურმის დროს, ქალაქის აღება ვერ შეძლეს, ამჯერად უკვე საპუნ-გორასთან არიან...
უეცრად ცაში გერმანული
თვითმფრინავები გამოჩნდნენ. საზენიტო არტილერიის მცდელობის მიუხედავად, ფაშისტთა ავიაცია დაუსჯელად ბომბავს ხომალდს. "გრუზია" ავიაბომბების ზუსტი მოხვედრის შედეგად ორად გადატყდა და სწრაფად ჩაიძირა. ბორტზე მყოფი დაახლოებით 750 ადამიანიდან, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მხოლოდ 20 გადარჩა. განმეორდა თითქმის იგივე, რაც 1941 წლის 7 ნოემბერს ყირიმის ნაპირებთან მსგავს თბომავალ "არმენიას"
დაემართა...

ცოტა რამ "გრუზიასა" და მისი კაპიტნის ბიოგრაფიიდან...

თბომავალი "გრუზია" 1928 წელს დაპროექტდა. ისიც, "არმენიას", "აბხაზიას" და "ადჟარიას" მსგავსად, ლენინგრადის გემთსაშენში უნდა აეგოთ, მაგრამ უკანასკნელ მომენტში გეგმები შეიცვალა და საბჭოთა მთავრობამ მისი აგება გერმანელ გემთმშენებლებს დაუკვეთა, ქალაქ კილში. 1950 ცხენის ძალის მქონე ორდიზელძრავიანი ხომალდი (წყალწყვა 6050 ტონა, სიგრძე 115 მეტრი, სიგანე - 15 მეტრი) საათში 13 კვანძის სიჩქარეს ავითარებდა.


ომის დაწყების შემდეგ, სხვა "თანამოძმეებთან" ერთად, "გრუზიაც" სანიტარულ გემად გადააკეთეს, მიახატეს წითელი ჯვარი და შავი ზღვის სამხედრო ფლოტს გადასცეს. თბომავლის კაპიტნად ვლადიმერ გაბუნია დანიშნეს. კაპიტნის ბიოგრაფიაზე ღია წყაროებში თითქმის არაფერია ცნობილი - 1898 წელს დაბადებულა ფოთში, დამთავრებული ჰქონია საზღვაო სასწავლებელი... 1941 წლის ბოლოს წითელი ვარსკვლავის ორდენითაც დაუჯილდოვებიათ.

თბომავალ "გრუზიასთან" საიდუმლოებით მოცული ამბებია დაკავშირებული. პირველ რიგში ის, რომ არსებობს ეჭვები მისი სამშვიდობო მიზნებით გამოყენების თაობაზე. ზოგიერთი ცნობით, ნოვოროსიისკიდან მას სევასტოპოლში საბრძოლო მასალები გადაჰქონდა, თან მის ბორტზე სამხედრო მოსამსახურეებიც იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, "გრუზია" შეიარაღებული იყო ძლიერი 45 მილიმეტრიანი 5 საზენიტო ქვემეხით, მსხვილკალიბრიანი საზენიტო ტყვიამფრქვევით, და ექვსი შეწყვილებული 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევებით. აშკარაა, რომ ასეთი შეიარაღება სანიტარულ-ევაკუაციურ გემს არ უნდა ჰქონოდა.

ნათელია, რომ "გრუზიას", წითელი ჯვრის" სიმბოლოს ქვეშ არამარტო დაჭრილები გადაჰყავდა, არამედ სამხედრო დანიშნულების ტვირთებიც გადაჰქონდა და ცოცხალი ძალაც.. მაგრამ მოგვიანებით, უკვე ომის დასრულების შემდეგ, შოკისმომგვრელი ცნობები გამჟღავნდა.

ორჯერ ამოღებული და სამჯერ ჩაძირული "გრუზია"

სევასტოპოლის ნაპირებთან ჩაძირული "გრუზია" გემების მიმოსვლას ხელს უშლიდა და ამიტომ ომის დასრულების შემდეგ მისი ამოღება დაგეგმეს. 1948-49 წლებში შედარებით მცირე სიღრმეზე ჩაძირული გემი ზღვის ფსკერიდან უმკაცრესი წესებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვით ამოიღეს და საკმაოდ მოშორებით, ე.წ. "კაზაკთა უბეში" ჩაძირეს. მაგრამ ინციდენტი მაინც მოხდა - რამდენიმე მყვინთავმა სხეულის დაზიანება მიიღო...

ნერვულ-პარალიტიკური მომწამლავი ქიმიური ნივთიერებით და დაიღუპნენ. რამდენიმე თვის შემდეგ "გრუზიას" ყოფილი კაპიტანი ვლადიმერ გაბუნია, რომელიც 1950 წლის დასაწყისისათვის უკვე თბომავალ "ლვოვის" ეკიპაჟის მეთაური იყო, მოულოდნელად დააპატიმრეს, სწრაფად გაასამართლეს და 19 მარტს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სხვადასხვა მონაცემებით, ვლადიმერ გაბუნიას პატიმრობის ადგილამდე არ ჩაუღწევია...

1950-იანი წლების შუახანებში ყირიმის საკავშირო საკურორტო ზონა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ხერსონესის აეროდრომზე სულ უფრო ხშირად ეშვებოდნენ თვითმფრინავები, რომლებსაც "საბჭოთა პასუხისმგებელი ამხანაგები" და მათი ოჯახები დასასვენებლად ჩამოჰყავდა. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მე-9 სამმართველომ მოითხოვა, რომ საკურორტო ზონის უსაფრთხოება გაძლიერებულიყო. ამ დროს გაიხსენეს "გრუზია" და მისი ტვირთი...

1956 წელს "გრუზია" სპეციალურმა ექსპედიციამ გამოიკვლია. განსაიდუმლოებული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ "გრუზიას" ტრიუმში ნაპოვნია 76 და 130 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო ჭურვები, საბრძოლო მომწამლავი ნივთიერებით - იპრიტითა და ლიუზიტით გატენილი, აგრეთვე კასრები იგივე ნივთიერებით. მოკლედ, 1959 წელს თბომავალი "გრუზია" უდიდესი სიფრთხილით ფსკერიდან მეორედ ამოიღეს და ყირიმიდან მოშორებით, ღია ზღვაში მესამედ ჩაძირეს დიდ სიღრმეზე. საბრძოლო მასალები არ გადმოუტვირთავთ. იპრიტიან-ლიუზიტიანი ჭურვები გოგირდწყალბადით გაჯერებულმა შავის ზღვის წყალმა შთანთქა.

საბჭოთა "სანიტარულ-საევაკუაციო გემზე" მომწამლავგაზიანი ჭურვების არსებობის ფაქტი ეჭვს არ იწვევს, ეს სინამდვილეა. გაურკვეველია მხოლოდ ორი საკითხი: პირველი - რისთვის იყო ისინი გამიზნული და მეორე - შემთხვევითი იყო თუ არა "გრუზიას" დაღუპვა? და საერთოდ - საიდან გაჩნდა ქიმიური იარაღი თბომავალ "გრუზიას" ბორტზე?

იოსებ სტალინის თხოვნა უინსტონ ჩერჩილს

საბრძოლო მომწამლავი მასალები "გრუზიამ" სევასტოპოლში ნოვოროსიისკიდან ჩაიტანა და უეჭველია, ის ქალაქის თავდაცვისათვის იყო განკუთვნილი. საბჭოთა სარდლობის აზრით, გერმანიის ვერმახტი, რომელიც სევასტოპოლის ცენტრისა და ნავსადგურისაკენ მიიწევდა, მომწამლავი გაზის გაშვებას უნდა შეეჩერებინა - ქალაქის გარნიზონი იარაღის დიდ დეფიციტს განიცდიდა, იპრიტ-ლიუზიტიანი ჭურვების აფეთქება კი ფაშისტთა რიგებში დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა. ასე რომ, გადაწყდა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება.
უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი
1942 წლის გაზაფხულისათვის წითელი არმიის სარდლობა რომ ყირიმში ქიმიური ომისათვის ემზადებოდა, ამას იოსებ სტალინისა და უინსტონ ჩერჩილის მიმოწერაც მოწმობს. საბჭოთა ლიდერი წერს, რომ რადგან გერმანელებმა სევასტოპოლი დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაიპყრეს, არაა გამორიცხული, რომ გერმანელები ქალაქის დამცველების წინააღმდეგ ქიმიურ ნივთიერებას გამოიყენებენ, ამიტომ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ საპასუხო ნაბიჯისთვისო და მას მომწამლავგაზიანი ჭურვების მიწოდება სთხოვა (აქვე გავიხსენოთ, რომ ქიმიური იარაღი - ქლორი და ე.წ. "მდოგვის ყვითელი ფერის" გაზი თვითონ გერმანელებმა მსოფლიოში პირველად 1917 წელს ქალაქ იპრთან გამოიყენეს. სწორედ ამიტომ "მდოგვის გაზს" იპრიტი უწოდეს).

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმ დროისათვის საბჭოთა კავშირში საბრძოლო-მომწამლავი ნივთიერებები საკმაო რაოდენობით არსებობდა, გასაგებია, რომ საბჭოთა ლიდერის თხოვნა ინგლისის პრემიერ-მინისტრისადმი - ქიმიური იარაღის მიწოდების თაობაზე ერთგვარ დიპლომატიურ თამაშს წარმოადგენდა. კაცმა რომ თქვას, ისედაც აშკარად ჩანდა, რომ იპრიტ-ლიუზიტით სავსე ჭურვების ლენდ-ლიზით მიწოდებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, მაგრამ უინსტონ ჩერჩილმა მაინც გადაწყვიტა თავის მოკავშირეს პოლიტიკურად დახმარებოდა: 1942 წლის 10 მაისს მან განცხადება გააკეთა და გერმანია გააფრთხილა - თუ ძველებურად ქიმიურ იარაღს გამოიყენებ ბრიტანეთისა და მისი რომელიმე მოკავშირის წინააღმდეგ, საპასუხო ზომებს დაუყონებლივ განვახორციელებთო. ალბათ, შემთხვევითი არ ყოფილა იმავე ხანებში საბჭოთა საინფორმაციო სააგენტოს "ტასსის" განცხადებაც - ქერჩის ნახევარკუნძულზე გერმანელებმა წითელი არმიის ნაწილების წინააღმდეგ ქიმიური ჭურვები გამოიყენეს, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვიაო... თუმცა ეს განცხადება არ დადასტურდა და მოგვიანებით დაივიწყეს კიდეც, მაგრამ იმ მომენტისათვის ქიმიური იარაღის საპასუხო გამოყენების განზრახვამ უკვე მიიღო პროპაგანდისტული საფუძველი.

"ლიუფტვაფეს" დაგეგმილი დაბომბვა

გერმანიის დაზვერვამ როგორღაც გაიგო მოსკოვ-ლონდონის მოლაპარაკების ამბავი. 1942 წლის აპრილში აბვერმა გერმანიის ჯარების შტაბის უფროსს გენერალ ფრანც ჰალდერს ყველაფერი შეატყობინა და ამ გეგმის განეიტრალების გეგმაც შესთავაზა. აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია, რომ ფაშისტური "იუნკერსების" მიერ "გრუზიას" წინააღმდეგ განხორციელებული წერტილოვანი დაბომბვები მიზანმიმართულ აქციას წარმოადგენდა: გერმანელებმა კარგად იცოდნენ, რა იყო გემის ტრიუმში და შეეცადნენ ხელი შეეშალათ მისი განტვირთვისათვის.

როგორც ჩანს, თბომავალ "გრუზიას" დაღუპვის შემდეგ წითელი არმიის სარდლობამ ჩათვალა, რომ სევასტოპოლთან არსებული ქიმიური იარაღის მცირე მარაგი არასკმარისი იქნებოდა ბრძოლებში წარმატების მისაღწევად, ამიტომ უარი განაცხადა მის გამოყენებაზე, ღამით ჩუმად ზღვაში გაიტანეს და იქ ჩაძირეს.

თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, "წარსულმა თავის შეხსენება იცის": ზოგიერთი მონაცემით, ყირიმის ნაპირებთან იპრიტითა და ლუიზიტით სავსე ფოლადის კასრები ზღვის ფსკერიდან, განსაკუთრებით შტორმების დროს, გასული საუკუნის 80-იან წლებამდეც "ამოდიოდნენ".


მოამზადა სიმონ კილაძემ




მარკი
06 მაისი 2020 12:34
გაბუნია რატომ დააპატიმრეს?მას ხომ თვითნებურად არ განუხორციელებია არცერთი ოპერაცია გემზე?
ყურთსაღებია.
05 მაისი 2020 14:42
ვითომ სტალინმა, ჩერჩილს რამე სთხოვა? რაღაც არა მგონია. სტალინმა ჩერჩილს უთხრა...... გასაგებია ქართველო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები