სტალინს გამარჯვების აღლუმის მიღება ცხენზე ამხედრებულს სურდა, მაგრამ... - რამ შეუშალა ხელი და რას იზამს პუტინი, რომელიც აშკარად ბელადს ბაძავს?
სტალინს გამარჯვების აღლუმის მიღება ცხენზე ამხედრებულს სურდა, მაგრამ... - რამ შეუშალა ხელი და რას იზამს პუტინი, რომელიც აშკარად ბელადს ბაძავს?
ფოტო:იოსებ სტალინი და გიორგი ჟუკოვი
გერმანულ გაზეთ "Die Welt" -ში  გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია მოსკოვში 1945 წლის 24 ივნისს გამართული გამარჯვების აღლუმის მომზადება და ჩატარება. პუბლიკაციის ავტორი სვენ კელერჰოფი მკითხველს ზოგიერთ უცნობ და ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე მოუთხრობს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

იოსებ სტალინის მიერ 1945 წლის 24 ივნისს, ჰიტლერულ ვერმახტზე გამარჯვების აღსანიშნავად დაგეგმილი სამხედრო აღლუმის აპოგეა ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი უნდა ყოფილიყო: წითელ მოედანზე გამოჩნდებოდა ცხენზე ამხედრებული უმაღლესი მხედართმთავარი, რომელიც აღლუმს მიიღებდა... მაგრამ ამ ჩანაფიქრს განხორციელება
არ ეწერა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მაგალითს იოსებ სტალინისაგან იღებს. კრემლელმა მბრძანებელმა განკარგულება გასცა, რომ ჰიტლერულ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი, კორონავირუსის პანდემიის გამო, 9 მაისის ნაცვლად, 24 ივნისს გაიმართოს.

"ჩვენ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს 24 ივნისს ჩავატარებთ - ისევე როგორც
ეს მოხდა 24 ივნისს, როცა 1945 წელს გამარჯვებულების ლეგენდარული ისტორიული აღლუმი ჩატარდა, როცა წითელ მოედანზე გაიარეს ჯარისკაცებმა, რომლებმაც მოსკოვი დაიცვეს, იბრძოლეს სტალინგრადთან, გაათავისუფლეს ევროპა და შტურმით აიღეს ბერლინი",
- განაცხადა ამ დღეებში რუსეთის პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს აღლუმისათვის მზადება დაავალა.

დიახ, 1945 წლის 24 ივნისს, მოსკოვში, წითელ მოედანზე მართლაც ჩატარდა წითელი არმიის გამარჯვების გრანდიოზული აღლუმი: მესამე რაიხის განადგურების შემდეგ, რომელმაც საბჭოთა ქვეყნის - თავისი მოკავშირის წინააღმდეგ ულმობელი და სასტიკი ომი გააჩაღა და რომელმაც საბჭოთა ქვეყნის 27 მილიონი სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა, იოსებ სტალინს სურდა, რომ ეს დღე სამუდამოდ დარჩენილიყო საბჭოთა ხალხის ხსოვნაში - მტერზე გამარჯვების სიმბოლოდ.
სიმონ ბუდიონი, იოსებ სტალინი, გიორგი ჟუკოვი
ბანკეტზე, რომელიც კომპარტიის ცეკას პოლიტბიუროს წევრების, საბჭოთა კავშირის მარშლების, ცნობილი მუსიკოსების, მსახიობების და ომის გმირების საპატივსაცემოდ 24 მაისს გაიმართა (სხვათა შორის, მას რამდენიმე პოლონელი მეშახტეც ესწრებოდა), იოსებ სტალინმა იკითხა: "ამახანაგებო, იქნებ მოსკოვში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმი ჩაგვეტარებინა და მასში მონაწილეობის მიზნით ის ადამიანები მოგვეწვია, ვინც ეს განსაკუთრებით დაიმსახურა?".

სტალინის რეჟიმის წლებში მსგავსი კითხვები ბრძანებას ნიშნავდა. აღლუმისათვის მზადება დაუყონებლივ დაიწყო. შერჩეული და მოსკოვში დელეგირებულნი იქნენ ბრძოლებში გამოჩენილი და დამსახურებული გვარდიული სამხედრო ნაწილები. გარდა ამისა, ბერლინიდან მოსკოვში ჩაიტანეს 990-მდე პრუსიულ-გერმანული სამხედრო დროშები და შტანდარტები, რომლებიდანაც დაახლოებით 200 შეარჩიეს - საბჭოთა ჯარისკაცების მიერ წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან ძირს დასაყრელად.
გიორგი ჟუკოვი იბარებს აღლუმს
როგორც იოსებ სტალინის ბიოგრაფი საიმონ მონტეფიორე წერს, საბჭოთა ბელადი თურმე ემზადებოდა, რომ ფოტოგრაფები და კინოოპერატორები გაეოცებინა - მას პირადად სურდა აღლუმი ცხენზე ამხედრებული მიეღო, მიუხედავად იმისა, რომ იგი, მეჩექმე-ხარაზის შვილი და სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტი, ცხენოსნობისაგან ძალიან შორს იდგა.

სიმონ ბუდიონს, სტალინის ერთგულ თანამოაზრეს და თანამებრძოლს, ბელადისთვის კარგი არაბული ბედაური შეურჩევია და უცხო თვალისგან ფარულად, თურმე ცხენოსნობის სწავლა დაუწყია. საქმე კარგად მიდიოდა და როცა სამხედრო აღლუმამდე ერთი კვირაზე ცოტა მეტი იყო დარჩენილი, 15 ივნისს გენერალური რეპეტიციაც შედგა, რომელსაც მისი ვაჟი ვასილი სტალინიც ესწრებოდა.

გალიფესა და დეზებიან ჩექმებში გამოწყობილი გენერალისიმუსი იოსებ სტალინი არაბულ ბედაურზე შეჯდა. მძლეთამძლე დიქტატორმა ცხენს დეზი ჰკრა და ამ დროს... ტაიჭმა ისეთი რეაგირება არ მოახდინა, როგორსაც ელოდნენ - ის ყალყზე შედგა და მხედრის გადაგდება სცადა. მართალია, იოსებ სტალინმა მოასწრო და ხელი ფაფარს ჩასჭიდა, მაგრამ საბოლოოდ უნაგირზე თავი მაინც ვერ შეიმაგრა, ცხენიდან გადმოვარდა და მხარი დაიშავა.

65 წლის ბელადი, რომელიც არც სპორტსმენი არ იყო და ფიზკულტურითაც არ იყო დაკავებული, გადარჩა - ყველაფერი შეიძლებოდა უფრო ბევრად ცუდად დამთავრებულიყო. როგორც კი ფეხზე წამოდგა, იოსებ სტალინმა ჩაიბუზღუნა - აღლუმს გიორგი ჟუკოვი მიიღებს, იგი ხომ კავალერისტიაო...

"ბერლინის ამღებ" მარშალ გიორგი ჟუკოვის, საბჭოური პროპაგანდით წითელი არმიის ყველაზე მეტად განდიდებული ოფიცრის მემუარების თანახმად, იოსებ სტალინთან შეხვედრისას მან ბელადს უთხრა, რომ ზოგჯერ ცხენით მართლაც ჯირითობდა.
- თუ ასეა, მაშინ გამარჯვების აღლუმს შენ მიიღებო, - უთქვამს სტალინს. რამდენადაც მარშალმა კარგად იცოდა, თუ რაოდენ იოლი იყო კრემლის მეუფის კარგი დამოკიდებულების დაკარგვა, ფრთხილად უპასუხა: დიდი მადლობა, იოსებ ბესარიონოვიჩ, ესოდენ მაღალი ნდობისა და პატივისათვის... მაგრამ იქნებ უფრო უკეთესი იყოს, რომ აღლუმი მაინც თქვენ მიიღოთ? თქვენ უმაღლესი მთავარსარდალი ბრძანდებით... ასეთი პასუხი, როგორც ჩანს, იოსებ სტალინს მოეწონა, მაგრამ მან თავისი ნათქვამი უკან აღარ წაიღო: მე უკვე საკმაოდ დავბერდი... ჩემს ნაცვლად ეს თქვენ უნდა გააკეთოთ - ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ხართო.
როცა ჟუკოვი აღლუმისათვის შერჩეულ ცხენი ნახა, ვასილი სტალინმა თურმე მას უთხრა: გიორგი კონსტანტინოვიჩ, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. მამაჩემს თვითონ სურდა აღლუმის მიღება, მაგრამ სამი დღის წინ ცხენიდან ჩამოვარდაო.
გიორგი ჟუკოვი იბარებს აღლუმს
ასე იყო თუ ისე, 1945 წლის 24 ივნისს წითელი არმიის დაახლოებით ათი ათასმა სამხედრო მოსამსახურემ - ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა წითელ მოედანზე მარშით გაიარეს. აღლუმი თეთრ ბედაურზე ამხედრებულმა გიორგი ჟუკოვმა მიიღო, რომელსაც ოდნავ უკან შავ ცხენზე მჯდომი მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი მიჰყვებოდა.

აღლუმი თავსხმა წვიმის დროს ჩატარდა და ამიტომ მხოლოდ ნახევარი საათი გაგრძელდა. იოსებ სტალინი ლენინის მავზოლეუმის წინ მოწყობილ საპატიო ტრიბუნაზე იდგა და თვალს იქიდან ადევნებდა. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ქუდი ("ფურაჟკა") ეხურა და წვიმის წვეთები ასხამდა, მას სახე ერთხელაც არ გაუწმენდავს: ბელადისათვის უამინდობა აბსოლუტურად არაფერს ნიშნავდა (ყოველ შემთხვევაში, ფოტოგრაფების თანდასწრებით).

აღლუმის აპოგეა გახდა ფაშისტური გერმანიის არმიის - ვერმახტის რიტუალური დამცირება, როცა საბჭოთა ჯარისკაცებმა დამარცხებული მტრის დროშები და შტანდარტები წითელი მოედნის ჭუჭყიან ქვაფენილზე, ლენინის მავზოლეუმთან დაყარეს.
ვლადიმირ პუტინი
მოუვიდა თუ არა თავში აზრად ვლადიმირ პუტინს აღლუმის ცხენზე ამხედრებული სახით მიღება, რომელიც გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად დაიგეგმა? - არავინ იცის. იოსებ სტალინისაგან განსხვავებით, რომელიც რუსეთის პრეზიდენტისათვის მისაბაძია, ვლადიმირ პუტინს ბედაურზე  ჯდომა კარგად შეუძლია. გავიხსენოთ, რომ იგი არაერთგზის გადაუღიათ ფოტოგრაფებს ცხენზე ამხედრებული. წყარო


მოამზადა სიმონ კილაძემ
რომეო
11 ივნისი 2020 02:43
არა მგონია მილიარდერი პუტინი სტალინს ბაძავდეს, პუტინმა ფულის გემო და ყადრი იცის და ჩვენში დარჩეს არც ჭკუა აქვს იმდენი :) პუტინი რუსი ხალხის ნოსტალგიაზე თამაშობს მხოლოდ.
status quo
31 მაისი 2020 22:57
პუტინმა ეს ჯაგლაგი ცხენი საიდან მოიყვანა,თუმცა,,მეტის ღირსი მაინც არაა.
ჯანო
31 მაისი 2020 20:21
პუტინს ტანკზე ამხედრება უფრო მოუხდება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?