"ე, ბოშო, მითხარი, ნახა შვილი თუ არა?" - მკითხა სერგომ და ცრემლები გადმოსცვივდა..." - კაცი, რომელიც მარადიულობამ გადაიბარა
"ე, ბოშო, მითხარი, ნახა შვილი თუ არა?" - მკითხა სერგომ და ცრემლები გადმოსცვივდა..." -  კაცი, რომელიც მარადიულობამ გადაიბარა
რამდენჯერაც უნდა ვნახო "ჯარისკაცის მამა", მხიარულ გუნებაზეც რომ ვიყო, უცრემლოდ ვერ ვუყურებ ეპიზოდს, როცა ჩაჩოქილი გიორგი მახარაშვილი მომაკვდავ შვილს ეალერსება, უცებ გულიდან ამოსკდება: "დედაშენს რა ვუთხრა, ბიჭო!"

ეს კი ამ ბუმბერაზი მსახიობის დამსახურებაა, რომელმაც ისე მოირგო კახელი კაცის შინაგანი სამყარო, თითქოს კახეთის შუაგულში დაიბადა და გაიზარდა. ზაქარიაძეს სხვა რომ არაფერი ეთამაშა სცენაზე ან კინოში, ეს როლი იკმარებდა მისი დიდებისათვის.

უნდა ვაღიარო, რომ ჩემი დამოკიდებულება სერგო ზაქარიაძისადმი გამორჩეულია. იგი ჩემი უნახავი
ბაბუის, ალექსანდრე (საშა) ბაბუნაშვილის მეგობარი იყო...

ჩემი მოგონება


გასული საუკუნის დასაწყისში ბაქოში განსაკუთრებით პრესტიჟული ყოფილა რკინიგზელთა სასწავლებელი. აქ სწავლობდნენ კავკასიის რკინიგზის თანამშრომელთა შვილები. ბაქოში დამეგობრდნენ რკინიგზელი მემანქანის ალექსანდრე ზაქარიაძის ვაჟი სერგო და ბაბუაჩემი საშა (ისიც რკინიგზელის შვილი იყო). მერე, ჯერ ზაქარიაძეების ოჯახი წამოსულა ბაქოდან და
ზესტაფონში, მამაპაპისეულ მამულში დამკვიდრებულა, მოგვიანებით კი ბაბუაჩემი გადმოსულა თბილისში. აქაც მეგობრობდნენ სერგო და საშა, მაგრამ ცხოვრება ჭირდა, ყველა თავის საქმეში იყო ჩაფლული და ისე ხშირად ვეღარ იცლიდნენ ერთმანეთისთვის.

ერთხელ ბაბუას დაუგვიანია შინ მისვლა. ბებიაჩემი შეშინებული დახვედრია, - სად იყავი აქამდეო. ღვინომოკიდებულ ბაბუას სიხარულით თვალები უბრწყინავდა, - ბავშვობის მეგობარი შემხვდა, ისე გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა, ვერ მოვცილდით ერთმანეთს. დამპირდა, მალე გესტუმრები და შენს ცოლ-შვილს გავიცნობ, ჩვენ ოჯახებით უნდა გავაგრძელოთ მეგობრობაო... მაგრამ არ დასცალდათ. ძალიან მალე, 1937 წელს ბაბუაჩემი ციმბირში გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა. გავიდა წლები... გავჩნდი მე და რამდენჯერაც ზაქარიაძის სახე გაიელვებდა ტელეეკრანზე, ბებო სულ მეუბნებოდა: აი, ბაბუაშენის მეგობარიო. უნახავი ბაბუის სიყვარული ამ კეთილ კაცზე გადავიდა და ბავშვურად გულში "ჩემი ბაბუა" დავარქვი. მერე "ჯარისკაცის მამამ" მსოფლიოს ეკრანი ტრიუმფით მოიარა და ჩემმა სკოლამაც დაპატიჟა სახელოვანი მსახიობი. დედა იმ სკოლის მასწავლებელი გახლდათ. მორიდებით მისულა სერგოსთან და უთქვამს, მე საშას რძალი ვარ, ესენი კი (ჩემს ძმაზე და ჩემზე) - მისი შვილიშვილები არიანო. უსაზღვროდ გაიხარა, ყველა გადაგვკოცნა, მერე ხელი დამტაცა, მუხლზე დამისვა და ფოტოგრაფს სურათი გადააღებინა.
მარინა ბაბუნაშვილი, მისი დედა და ძმა სერგო ზაქარიაძესთან ერთად
ასე შემომრჩა ეს ფოტო, რომელიც ძალიან მიყვარს.

წარსულიდან


13 წლის სერგომ ზესტაფონის სადგურში განცხადება წაიკითხა, რომელშიც ეწერა, თბილისის დრამატული სტუდია სტუდენტებს იღებსო. აფორიაქებული მივარდა შინ და დედას შეეხვეწა (მამა უკვე გარდაცვლილი იყო), თბილისში გამიშვიო. დედამ უარი უთხრა. გაიპარა. უმცროსი ძმის, ბუხუტის პირით დედას შეუთვალა, ჩემზე ნუ იდარდებ, არაფერი მიჭირს, მაგრამ თუ გინდა, ნახევარი ფუთი ლობიო და ერთი ფუთი სიმინდის ფქვილი გამომიგზავნე, შიმშილით რომ არ მოვკვდეო.
ახალგაზრდა სერგო ზაქარიაძე
1922 წლის აგვისტო იყო, როცა სერგომ პირველად იხილა დედაქალაქი. სწორედ, იმავე ზაფხულს, მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა სახელგანთქმული კოტე მარჯანიშვილი. იგი მაშინ 50 წლის იყო, სერგოს კი თოთხმეტი არ შესრულებოდა. ტანად დიდი იყო და სტუდიაში მისულმა განაცხადა, 17-ის ვარო. მაინც მიუხვდნენ ტყუილს - სახე ძალიან ბავშვური ჰქონდა... გამომცდელთა მაგიდასთან კორიფეები ისხდნენ: სტუდიის ხელმძღვანელი აკაკი ფაღავა, კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, მიხეილ ქორელი. გამოცდას აბარებდნენ ქართული სცენის მომავალი მოღვაწეები: აკაკი ხორავა, პავლე კანდელაკი, თამარ წულუკიძე, შოთა მანაგაძე, მალიკო მრევლიშვილი. სერგოს ჩარიცხვის იმედი გადაეწურა, მაინც არ დაიხია უკან და წარმოადგინა სცენა "გადაჭრილი მუხიდან"... - სხვა დროს მოდი, რა გეჩქარება, ჯერ პატარა ხარო, - ღიმილით უთხრეს. არა, ძალიან მინდა სწავლაო, - შეემუდარა გამომცდელებს და... თავისუფალ მსმენელად მიიღეს.

მამობილ-შვილობილი


ყველა აღიარებდა, რომ უმცროსი თაობის მსახიობებიდან ყველაზე მეტი სერგოსგან გოგი ხარაბაძემ ისწავლა და შეისისხლხორცა.

გოგი ხარაბაძე იხსენებს: "ერთხელ, ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი, როცა თეატრიდან წასვლა გადავწყვიტე. სერგომ მიხმო. ქაღალდის ნაგლეჯზე სამი პატარა წრე დამიხაზა და მითხრა: პირველი წრე - ნიჭია, მეორე - შრომისმოყვარეობა, მესამე - იღბალი. ეს სამი რამ აუცილებლად სჭირდება აქტიორს. ნიჭი შენ არ გაკლია, შრომისმოყვარეც ხარ. იღბალიც მოვა! ჩამოივლის შენი თეთრი რაშიც, მერწმუნე, მოახტები და შენს ადგილს იპოვიო. ამ სიტყვებმა რწმენა დამიბრუნა".

გოგი ხარაბაძე აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი "ჟურნალისტი", რომელმაც ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა თავის "მამობილს". ეს ინტერვიუ ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა;
სერგო ზაქარიაძე
ამონარიდი ინტერვიუდან:
- განვლილი ცხოვრებიდან რაზე გწყდებათ ყველაზე მეტად გული?
- უნაყოფოდ დაკარგულ დროზე.

- რას უსურვებდით ჩვენს ახალგაზრდობას?
- ერის სიყვარულს, შრომას, ნებისყოფას, პროფესიონალობას.

- ცხოვრების გზაზე გყავდათ თუ არა თეატრის გარეთ ვინმე, მეგობარი ან მრჩეველი, ვინც გარკვეული წვლილი შეიტანა თქვენს შემოქმედებაში?

- ჩემი მეუღლე მერი ქორელი, უშანგი ჩხეიძე, სიმონ ჩიქოვანი, ლევან გოთუა, მიშა კვესელავა.

- რას თვლით თქვენს ნაკლად?
ცხოვრებაში - სიფიცხეს, სცენაზე - სიჭარბეს.

- თქვენი ყველაზე საყვარელი როლი?
- ყველა როლი, რომელიც ოდესმე მითამაშია, მიუხედავად მისი ავკარგიანობისა... არც ერთი როლი არ მითამაშია ხელაღებით და თავშეუწუხებლად, ყველაზე მიწვალია და მიშრომია. ამიტომ ის შემდეგ ჩემი სულისა და ხორცის ნაწილად ქცეულა.

ზღაპარი ბავშვობიდან


ნინო ზაქარიაძე, შვილიშვილი:
- ბაბუა 1971 წელს გარდაიცვალა, აპრილში. სწორედ მაშინ, 16 აპრილს შემისრულდა 14 წელი. ძალიან განვიცადე. ჩემმა ბავშვობამ (ისევე როგორც ჩემი უმცროსი დის, თამრიკოს) თეატრის კულისებში გაიარა... ბაბუასთან სულ დადიოდნენ ახალგაზრდა მსახიობები. შეიყვანდა თავის ოთახში და საათობით ესაუბრებოდა. რუს მსახიობს, ოლეგ ეფრემოვს ჰკითხეს: - რატომ "ჩაქრა" 70-იან წლებში რუსული თეატრი, ქართული კი აღორძინდაო. ეფრემოვმა უპასუხა: ქართული თეატრის აღმასვლა ბრძენი და ნიჭიერი სერგო ზაქარიაძის დამსახურებაა, რომელმაც ყველაფერი, რაც იცოდა, გასცა და ახალგაზრდებს გზა დაულოცა, ჩვენთან კი ამისათვის ძველებმა არ იზრუნესო.

განსაკუთრებულად უყვარდა მარტო სეირნობა. წაიყვანდა თავის ძაღლს და სად აღარ დადიოდა. გასაოცარ დღესასწაულებს გვიმართავდა. ახალი წლის ღამე მიყვარდა, რადგან ვიცოდი, მეორე დღეს სასწაული დაგვხვდებოდა. ნაძვის ხეს მორთავდა, თავის გაკეთებულ სათამაშოებს დაჰკიდებდა, გაანათებდა, გარშემო რკინიგზის ლიანდაგს მოაწყობდა, ზედ მატარებელს "დასვამდა", რომელიც ჩვენი სურვილით სადღაც, ზღაპრულ მხარეს მიდიოდა...

საუზმე სოფისთან


სერგო ზაქარიაძე და სოფი ლორენი
სერგო ზაქარიაძემ სამსახიობო კარიერის მწვერვალს 60-იან წლებში მიაღწია. ერთმანეთს ენაცვლებოდა სასცენო და კინოროლები. იმ დროისათვის ყველა ჯილდო, წოდება და მედალი ჰქონდა მიღებული. იმ დროს, მოსკოვში ჩატარდა მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი. სახელოვან ქართველ მსახიობთან მსოფლიოში უცნობილესმა და ულამაზესმა ქალმა, სოფი ლორენმა მოისურვა ფოტოს გადაღება, ასევე გავრცელდა ფოტოები მათი ერთობლივი საუზმის და მოსკოვის ქუჩებში გასეირნებისაც. მოგვიანებით, როცა სერგო ზაქარიაძე დაბრუნდა თბილისს, ტელევიზიაში შეხვედრა მოუწყვეს და კინოფესტივალის შთაბეჭდილებებზე აამბობინეს.

სერგო ზაქარიაძე და სოფი ლორენი
რა თქმა უნდა, არც სოფი ლორენი დავიწყებიათ - ალბათ სიამოვნებით ითამაშებდით ამ ლამაზ ქალთან ერთადო. მე მსახიობი ვარ და ყველა ჩემს კოლეგასთან, ქართველთან, რუსთან თუ ფრანგთან სიამოვნებით ვიმუშავებ. თუმცა, სოფისთან თამაშზე არ ვიოცნებებ, რადგან მე ისეთ მსახიობებთან მითამაშია, როგორებიც ნატო ვაჩნაძე და თამარ ციციშვილია. ისინი ტოლს არ უდებენ არც სილამაზით, არც ნიჭიერებით იტალიელ მსახიობსო.

"მე აქა ვარ!"


თავის დროზე რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ მიამბო:
კადრი ფილმიდან: 'ჯარისკაცის მამა'
- ვიღებდი ფილმს "ზღვის ბილიკი". სერგო მოხუცი კაპიტნის როლს თამაშობდა. წინა დღეს სულიკო ჟღენტის ახალი სცენარი წავიკითხე და იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ვერ მოვითმინე და გადაღებაზე ორი საათით ადრე მივედი. საგრიმიოროში დამხვდა. ჩამოვჯექი მის გვერდით და მორიდებით დავიწყე: - ბატონო სერგო, გუშინ სცენარი წავიკითხე, თითქოს თქვენთვისაა დაწერილი, ვიცი, კახელი გლეხის როლს კარგად ითამაშებთ-მეთქი. შევატყვე, არ ესიამოვნა ჩემი "შეჭრა", არც მოუხედავს. გავაგრძელე შინაარსის მოყოლა. იქამდე მივედი, როცა ცოლი ფრონტზე ისტუმრებს ქმარს დაჭრილი შვილის სანახავად. ცერად გამომხედა და თქვა: "ჰმ". მივხვდი, დავაინტერესე. აღარ ვჩერდები: მივიდა ჰოსპიტალში და შვილი აღარ დახვდა იქ... "ააა?" - მთლიანად შემოტრიალდა ჩემკენ. ვაგრძელებ: აღარ ბრუნდება უკან, გადაწყვიტა, იბრძოლოს და რადაც უნდა დაუჯდეს, შვილი იპოვოს. ასე ჩავა ბერლინამდე. იქ კი, ერთ დანგრეულ შენობაში, სროლების შუალედში უცებ შემოესმება ქართული სიმღერა... "ვინ იყო, ბოშო, ვინ მღეროდა?" - მკითხა ხმამაღლა, ათრთოლებული ხმით. უკვე მახარაშვილის როლში იყო შესული...

მერე, ბატონო სერგო, თურმე მისი შვილი, გოდერძი მღეროდა. ცოტა ხანში ისევ ატყდება სროლა და... "ე, ბოშო, მითხარი, ნახა შვილი თუ არა?" - მკითხა და ცრემლები გადმოსცვივდა. ნახა, მაგრამ მძიმედ დაჭრილი იყო და ხელში ჩააკვდა მამას-მეთქი. ცრემლები მოიწმინდა, გასწორდა და მითხრა: "მე აქა ვარ!" ეს იმას ნიშნავდა, რომ თანახმა იყო. სერგოს განსახიერებული როლით კი ფილმს დიდი წარმატება ელოდა. ასეც მოხდა.

ბოლოთქმა


სხვანაირად რომ ეცხოვრა, ცოტა ნაკლებემოციურად, რა დალევდა მის გულს? მეოთხედ დაემართა ინფარქტი და ვეღარც გაუძლო. მთელი საქართველო გლოვობდა სერგო ზაქარიაძეს. ტიროდა ქალი და კაცი, ხნიერი, ახალგაზრდა თუ ბავშვი. კინოთეატრებსა და ტელეეკრანებზე უჩვენებდნენ მისი მონაწილეობით შექმნილ სურათებს... რუსთაველის პროსპექტზე დამონტაჟებული რეპროდუქტორიდან ისმოდა მისი ხმა - ხან იდუმალი, ხან მჭექარე, ხან საწყალობელი, ხან მთრთოლვარე...

იგი მარადიულობამ გადაიბარა.




თემური
01 ივნისი 2020 13:44
ბუმბერაზი მსახიობი და ადამიანი. ერთეულებშია
დამკვირვებელი
01 ივნისი 2020 13:37
უდიდესი მსახიობი! მართლაც დაიხარჯა თავის ემოცებსა და ნიჭში!
ინკვიზიტორი
01 ივნისი 2020 10:14
ფილმში კარგად თამაშობს იმერელი გლეხის როლს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები