როგორ იძირებოდა თბომავალი "გრუზია" - რას იხსენებს გადარჩენილი მედდა? - კვირის პალიტრა

როგორ იძირებოდა თბომავალი "გრუზია" - რას იხსენებს გადარჩენილი მედდა?

რუსეთის ტელეარხ "როსსია-1"-ის («Россия-1») ეთერით 7 ივნისს გადაიცა სიუჟეტი შავ ზღვაზე ოდესღაც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ხომალდის - თბომავალ "გრუზიას" შესახებ.

გთავაზობთ ვიდეომასალის ტექსტურ ვერსიას მცირე შემოკლებით:

"თბომავალი "გრუზია"... შავი ზღვის საბჭოთა სამგზავრო ტურისტული ფლოტის სიამაყე - 1930-იან წლების დასაწყისში გერმანიის ქალაქ კილის გემთსაშენში აგებული და იმ დროისთვის სუპერთანამედროვე ხომალდი, მოგვიანებით კი სანიტარულ გემად გადაკეთებული - გერმანიისავე "ლიუფტვაფემ" 1942 წლის 13 ივნისს ყირიმში, სევასტოპოლის ახლოს ჩაძირა. მის ბორტზე 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. გემის კაპიტანი იყო ვლადიმერ გაბუნია.

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ამ საზარელი კატასტროფის შედეგად პრაქტიკულად ყველა ადამიანი დაიღუპა... მაგრამ ყირიმის ტელეარხის რედაქციაში მიღებული წერილის წყალობით გაირკვა, რომ იმ მოვლენების ერთადერთი მოწმე ჯერ კიდევ ცოცხალია - 97 წლის  გალინა დიაჩინა, სევასტოპოლის დაცვის მონაწილე, რომელიც გემზე მედდად მუშაობდა. ამჟამად იგი ევპატორიაში ცხოვრობს.

გალინა დიაჩინა ფონტზე 1941 წელს მოხვდა: 18 წლის გოგონამ მედდების დაჩქარებული სწავლების კურსი დაასრულა და ევპატორიიდან სევავსტოპოლში გაგზავნეს. შემოდგომით გერმანელთა ძლიერი შეტევა დაიწყო - ფაშისტებმა მთავარი ძალები ქალაქის დამცველების წინააღმდეგ მიმართეს. უდიდესი მსხვერპლის მიუხედავად, ფაშისტებმა სევასტოპოლის დაკვება იმ მომენტში მაინც ვერ შეძლეს.

ნახევარი წლის შემდეგ მედდა სანიტარულ გემ "გრუზიას" ბორტზე გადაიყვანეს. "გრუზია" ნოვოროსიისკსა და სევასტოპოლს შორის მიმოდიოდა: ნოვოროსიისკში დაჭრილები გადაჰყავდა, იქიდან კი სევასტოპოლში საბრძოლო მასალები ჩაჰქონდა. ბოლო რეისში გემზე 700-მდე ადამიანი იყო და დაახლოებით 500 ტონამდე ასაფეთქებელი მასალები. საზღვაო ქარავანი, რომელშიც "გრუზიაც" შედიოდა, ფაშისტების საჰაერო დაზვერვამ აღმოაჩინა, ცოტა ხნის შემდეგ კი, სევასტოპოლთან ახლოს, 1942 წლის 12 ივნისს, "გრუზიას" გერმანელების ბომბდამშენები და ტორპედმზიდები დააცხრნენ. ეკიპაჟი თავს ბოლომდე იცავდა. დაზიანებული ხომალდი მეტრალეებმა სამხრეთის უბისაკენ ბუქსირით წაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბომბდამშენთა მეორე ტალღა წამოვიდა... ერთ-ერთი ბომბი ტრიუმში ჩავარდა და იქ არსებული საბრძოლო მასალების დეტონაცია გამოიწვია. ძლიერი აფეთქებისაგან კორპუსი შუაზე გაიგლიჯა და გემი სწრაფად ჩაიძირა. წყალში მყოფ დაჭრილებს კი გერმანიის ავიაცია ჰაერიდან ესროდა და ხოცავდა.

"მე როგორღაც მოვახერხე და ნაპირამდე გავცურე, მიწაზე ავხოხდი და ვუყურებდი, როგორ იღუპებოდნენ ჩემი მეგობრები. ვყვიროდი, ვტიროდი, მაგრამ რას ვუშველიდი... გადარჩა დაახლოებით 10-15 ადამიანი", - იხსენებს გალინა დიაჩინა, სევასტოპოლის დაცვის მონაწილე. იგი შედეგ ისევ მოქმედ არმიას დაუბრუნდა, 1945 წლის 9 მაისმა კი აღმოსავლეთ პრუსიაში მოუსწრო. ომის შემდეგ ევპატორიის ერთ-ერთ სანატორიუმში მუშაობდა. გალინა დიაჩინა

საინტერესოა თბომავალ "გრუზიას" შემდგომი ისტორია. 1948 წელს სამხრეთის უბის ფსკერის გაწმენდის დროს გემის განაღმვა დაიწყეს, ტრიუმიდან 40 ტონაზე მეტი ასაფეთქებელი მასალა ამოიღეს, მაგრამ რადგანაც სამუშაოების შესრულებისას გაურკვეველი მიზეზით რამდენიმე მყვინთავი დაიღუპა, განაღმვა შეაჩერეს, ჩაძირული გემის ორივე ნაწილს ბუქსირები ჩაუბეს, პონტონებით გაათრიეს და მოშორებით "კაზაკთა უბეში" 8 მეტრის სიღრმეზე ჩაძირეს. "სევასტოპოლელი ახალგაზრდებისათვის ღირსებისა და სიამაყის საკითხი იყო 8 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთვა და იქიდან ტროფეის სახით "გრუზიას" რაიმე დეტალი ამოეტანა. ყველაზე გაბედულები ნაღმის და ჭურვის ამოტანასაც არ ერიდებოდნენ. ასეთი "გმირობები" ხშირად უბედურ შემთხვევებს იწვევდა", - ამბობს შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-ისტორიული მუზეუმის დირექტორი ვლადიმერ კლიუევი.

1960 წელს, უსაფრთხოების წესების უმკაცრესი დაცვით, "გრუზიას" ქიმი (ცხვირის ნაწილი) ისევ ამოსწიეს, საბრძოლო მასალებისგან შეძლებისდაგვარად გაწმინდეს და ისევ ჩაძირეს. სულ ბოლოს ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის დროს, 2015 წელს, სევასტოპოლის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მყვინთავებმა კიდევ 2500 ტონა საბრძოლო მასალა ამოიღეს და გაანადგურეს. ფსკერიდან ამოღებული იქნა აგრეთვე კიჩოს ნაწილიც.

ფაშისტურ გერმანიასთან ომში გამარჯვების 70-ე წლისთვისათვის "გრუზიას" კიჩოს ნაწილზე მემორიალური წარწერა გააკეთეს, ხოლო "კაზაკთა უბეში", სადაც გემის ნამსხვრევთა სამუდამო განსასვენებელია, წყალში სამგლოვიარო გვირგვინი ჩაუშვეს".  წყარო

იხილეთ ასევე: სამჯერ ჩაძირული "გრუზიას" საიდუმლო ტვირთი - რა სთხოვა იოსებ სტალინმა უინსტონ ჩერჩილს და რა ჩაიტანა გემმა სევასტოპოლში?

მოამზადა სიმონ კილაძემ