დინოზავრის ნაკვალევი მარტვილში - კვირის პალიტრა

დინოზავრის ნაკვალევი მარტვილში

65 მილიონი წლის წინ დინოზავრებმა"საზღვრები" არ იცოდნენ...

ინტერნეტი გამოჭედილია გაჭედილით...

აგვისტოს შემდეგ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ინტერესი აბაშისწყლის ხეობაში მდებარე პატარა სოფელ გაჭედილისკენაა მიმართული. თუმცა აქ აღმოჩენილ დინოზავრის ნაკვალევს მარტვილის რაიონის კიდევ ერთი სოფლის, ბალდის მკვიდრნიც იჩემებენ - ის ადგილი, სადაც ეს ნაკვალევი აღმოჩნდა, გაჭედილს კი არა, ბალდას ეკუთვნისო... მთავარი კი ის არის, რომ სათაფლიის უძველეს ქვეწარმავალთა ადგილსაპოვებელს ახალი"მეზობელი" საქართველოშივე გამოუჩნდა.

KvirisPalitra.Geგვესაუბრება პალეონტოლოგი, პროფესორი ვიაჩესლავ ჩხიკვაძე: - ამ აღმოჩენის შესახებ დღეს ბევრს ლაპარაკობენ. საქართველო, ეს უკვე მერამდენედ, მსოფლიო პალეონტოლოგთა ყურადღების ცენტრში მოექცა. გამუდმებით მირეკავენ უცხოელი კოლეგები, უძველეს ქვეწარმავლთა ადგილსაპოვებლებზე"მონადირე" მეცნიერები, რომლებიც ამგვარ აღმოჩენებზე მთელი სიცოცხლე ოცნებობენ.

შეიძლება ითქვას, მარტვილში საუკუნის ადგილსაპოვებელი აღმოჩნდა, რომელიც ბუნებრივია, შემდგომ ინტენსიურ გათხრებსა და შესწავლას მოითხოვს.

ახლა კი უფრო დაწვრილებით იმის შესახებ, რაც უკვე"მოვიპოვეთ": ამ ზაფხულს, ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ექსპედიცია მუშაობდა მარტვილში. პალეონტოლოგი ვასო გაბუნია შემთხვევით გადასწყდომია დინოზავრის ნაკვალევს.

სულ მალე კი ამ უნივერსიტეტის დაზვერვითი ექსპედიცია გაემგზავრა მარტვილში. ექსპედიციაში, ვასოს თხოვნით, მეც ჩავერთე, რათა დამედასტურებინა, რომ ეს ნაკვალევი დინოზავრისა იყო. ჩვენთან ერთად სპელეოლოგი ამირან ჯამრიშვილი და კინორეჟისორი დავით გოგუაძეც მუშაობდნენ.

KvirisPalitra.Geდინოზავრების ნაკვალევი და... მოზაზავრის ხერხემლის მალები...

როგორც პალეონტოლოგი, პროფესორი ვასო გაბუნია აღნიშნავს, მის მიერ ნაპოვნ მცირე ზომის მტაცებელი დინოზავრის ნაკვალევს იქვე, სულ რამდენიმე მეტრში მეორეც მოჰყვა. უმშვენიერესი ჩანჩქერის კიდეს"ამშვენებდა" ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი.

ეს ნაკვალევი პირველზე გაცილებით კარგად შემონახულა. იგი დაახლოებით ინდაურისხელა პრეისტორიულ ფრინველს ეკუთვნის ან მცირე ზომის ორფეხა დინოზავრს. აქვე აღმოჩნდა ზედა ცარცული პერიოდის ზღვის ზღარბების ნიჟარებიც, რომელთა ასაკი ჩვენს ერამდე 65-70 მლნ წელს ითვლის.

ვიაჩესლავ ჩხიკვაძე: - ბუნებრივია, დინოზავრის ნატერფალის სიახლოვეს პალეონტოლოგი ყოველთვის მოელის სიურპრიზს. ახალაღმოჩენილ ნაკვალევთან, ულამაზესი კანიონის კედელმა თითქოს მომნუსხა. არ დავიტრაბახებ, მაგრამ ამგვარ სიტუაციებში თვალი დაგეშილი მაქვს. ამ კანიონში პატარა, ულამაზესი მდინარის მეორე ნაპირზე კირქვოვან კედელში დავინახე პრეისტორიული ქვეწარმავლის ხერხემლის მალა.

სხვათა შორის, რამდენიმე ათეული წელია საქართველოში უძველესი ქვეწარმავლის ნაშთებს ვეძებ და ვიკლევ. და აგერ, ერთბაშად ვასო გაბუნიას მიერ ნაპოვნ დინოზავრის ნაკვალევთან ერთად მეზოზოური ეპოქის ქვეწარმავლის ხერხემლის მალას ვხედავ!.. თავიდან ვასო არც მიჯერებდა, სად ხედავ აქ ძვალსო. მართლაც ადვილი როდია კირქვადქცეული ძვლის დანახვა. მე კი, როგორც კოლეგები მეუბნებიან,"მეძებრის" თვალი მაქვს. ისე, სიმართლე გითხრათ, არც კირქვადქცეული ძვლის ამოღებაა იოლი. მთელი ოთხი საათი ვმუშაობდით.

KvirisPalitra.Geცოტა რამ პირველ"ქართველ" დინოზავრებზე

მათი ნაკვალევი გასული საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინა ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა სათაფლიაში. სათაფლიის ადგილსაპოვებლის შესწავლით დაიწყო თავისი მოღვაწეობა სახელგანთქმულმა პალეონტოლოგმა, აწ განსვენებულმა ლეო გაბუნიამ, რომლის 90 წლის იუბილეს ახლახან მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან გამოეხმაურნენ.

სათაფლიაში ცარცული პერიოდის დინოზავრთა მრავალი გაქვავებული ნაკვალევია შემორჩენილი. როგორც ჩანს, იქ ორი სახეობის დინოზავრი ბინადრობდა - მტაცებელი და ბალახისმჭამელი.

KvirisPalitra.Geვიაჩესლავ ჩხიკვაძე: - 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოში პალეონტოლოგიურ ექსპედიციაში მუშაობა შემომთავაზა ილო კვანტალიანმა. ილო ამონიტების ცნობილი მკვლევარია (ამონიტები თავფეხიანი მოლუსკებია, რომლებიც დინოზავრებთან ერთად ამოწყდნენ).

ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში არაერთი საყურადღებო ადგილსაპოვებელია, რომელთა შესასწავლად მეცნიერები ყოველთვის ვართ მზად...

ცოტა მეტი ყურადღება და მალე მსოფლიოს ისევ საქართველოზე ავალაპარაკებთ. ამას ხომ მარტვილის ახლანდელი აღმოჩენაც ადასტურებს.

KvirisPalitra.Ge"გვყავს" თუ არა ქართველებს მეგალოზავრიდი?

1988 წელს გეოლოგმა შალვა ჩალაურმა გუდაუთის რაიონში, მდინარე ააფსტას სათავესთან იპოვა დინოზავრის ხერხემლის ერთი ძალიან დიდი მალა. როგორც გაირკვა, ეს იყო მტაცებელი დინოზავრის (მეგალოზავრიდების ოჯახი) კუდის მეორე ან მესამე მალა. დინოზავრის ეს მალა ნაპოვნია ზედა იურულ ნალექებში. ფაქტობრივად ეს იყო დინოზავრის პირველი ძვლოვანი ნაშთის უტყუარი, დასაბუთებული მასალა, რომლის შესახებაც მომზადებული მასალა (ავტორები: აკადემიკოსები ლეო გაბუნია და გურამ მჭედლიძე, პროფესორი ვიაჩესლავ ჩხიკვაძე, ამერიკელი პროფესორი სპენსერ ლუკასი) 1998 წელს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდი რეზონანსი მოჰყვა მსოფლიოს პალეონტოლოგთა შორის. აღნიშნული მალა დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

ვიაჩესლავ ჩხიკვაძე: - საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს ფოსტამ სწორედ იმ პერიოდში გამოაქვეყნა საფოსტო მარკები სხვადასხვა დინოზავრის გამოსახულებით. მხატვრობა ჩემს მეგობარსა და შეგირდს, შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში სახელგანთქმულ მხატვარ-ანიმალისტ ლაშა ცხონდიას ეკუთვნის. ამ საფოსტო მარკებმა კიდევ ერთხელ აუწყეს მსოფლიოს, რომ საქართველო დინოზავრების სამშობლოცაა.

პატრონობა დინოზავრის ნაკვალევსაც სჭირდება!..

როგორც მარტვილის ექსპედიციის წევრები მიიჩნევენ, მათ არა მხოლოდ დინოზავრის ნაკვალევსა და მოზაზავრის ხერხემლის მალას მიაკვლიეს, არამედ აღმოაჩინეს მთელ კავკასიაში მეზოზოური პერიოდის პირველი უმნიშვნელოვანესი ადგილსაპოვებელი. ამ ადგილსაპოვებელს კი შემდგომი შესწავლა და პატრონობა სჭირდება. ქართველ მეცნიერებს თავიანთი უცხოელი კოლეგების დახმარების იმედიც აქვთ. 70 მილიონი წლის წინათ ხომ დინოზავრებმა"საზღვრები" არ იცოდნენ...

P.S. სანამ ჩვენი ჟურნალი დაიბეჭდებოდა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაზვერვითი ექსპედიცია (პალეონტოლოგები ვიაჩესლავ ჩხიკვაძე, გიორგი მეგრელიშვილი, ენტომოლოგი ვალერი პეტროვი) წყალტუბოს ზემოთ მდებარე სოფელ ყუმისთავში იმყოფებოდა. აქ"თვალის ერთი გადავლებით" აღმოჩენილმა სხვადასხვა ჯგუფის დინოზავრის ნაკვალევთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ასე რომ, ჟურნალის მომდევნო ნომერში წყალტუბოელ დინოზავრებს"გაგაცნობთ".

ნინო ჯაფარიძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”