"მასწავლებლად მისულ ვაჟას ქალი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა" - რა ახალი ცნობა ხდება ცნობილი ვაჟა-ფშაველას პირველ მეუღლეზე? - კვირის პალიტრა

"მასწავლებლად მისულ ვაჟას ქალი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა" - რა ახალი ცნობა ხდება ცნობილი ვაჟა-ფშაველას პირველ მეუღლეზე?

"იას უთხარით, ტურფასა,/ მოვა და შეგჭამს ჭიაო./ მაგრე მოხდენით, ლამაზო,/ თავი რომ აგიღიაო!/ შენ თუ გგონია სიცოცხლე/ სამოთხის კარი ღიაო,/ ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,/ მოსვლაში არა ყრიაო./ ნუ ნახავს მზესა, ინანებს!/ განა სულ მუდამ მზეაო!/ მიწავ, შენ გებარებოდეს/ ეს ჩემი ტურფა იაო,/ შენ უპატრონე, ემშობლე,/ როგორაც შენი ზნეაო", - ვაჟა-ფშაველას ქალიშვილის, გულქანის მოგონებების მიხედვით, პოეტმა ლექსით ამ ქვეყნიდან თავისი დიდი სიყვარული, კეკე გააცილა... კეკეს, ანუ ეკატერინეს გვარად დღემდე ნებიერიძეა ცნობილი, თუმცა, პოეტის ბიოგრაფიის მკვლევარმა, არჩილ ღიბრაძემ ახლახან საარქივო მასალებზე დაყრდნობით დაამტკიცა, რომ კეკეს გვარი არა ნებიერიძე, არამედ ნებალაძე გახლავთ.

არჩილ ღიბრაძე, ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის მკვლევარი:

- საქართველოში ცოტამ თუ იცის, ვინ იყო ვაჟა-ფშაველას პირველი მეუღლე და ისინიც, ვინც ამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, ეკატერინეს გვარად ნებიერიძეს ასახელებენ. ეს გვარი არასწორად პოეტის ცნობილი მკვლევრის, სოლომონ ყუბანეიშვილის უნებლიე შეცდომის გამო გავრცელდა, ვინც თავის მხრივ, როგორც ვაჟას ბიოგრაფიის მკვლევარმა, უმნიშვნელოვანესი ეროვნული საქმე გასწია. ვაჟას ბიოგრაფიული მასალების მრავალწლიანი კვლევის შედეგად, საბოლოოდ დადგინდა, რომ ეკატერინე გვარად არა ნებიერიძე, არამედ ნებალაძე გახლდათ. როგორც ცნობილია, მისი მეუღლე ცნობილი თავადის, ოთარ ამილახვრის უკანონო შვილი იყო და დედის გვარზე იწერებოდა, რაც ცენტრალურ არქივში დაცული გორის რაიონის სოფელ ოთარაშენის, ოთარ ამილახვრის სასახლის, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის 1865 წლის საეკლესიო წიგნში დაცული ჩანაწერით დასტურდება. ეკატერინეს დედა - ანა ნებალაძე იყო. შესაბამისად, ნებალაძე გახლდათ მისი ქალიშვილის გვარიც. ამ ცნობას ადასტურებს აგრეთვე, ჩარგლის წმ. გიორგის ეკლესიის 1886 წლის ჩანაწერი ვაჟას უფროსი შვილის, თამარის დაბადების შესახებ. ჩარგლის ეკლესიის ჩანაწერში განსხვავება მხოლოდ ერთ ასოშია - ასო-ბგერა "ა" შეცვლილია ასო-ბგერა - "ე"-თი.

1885 წლის შემოდგომით, ქართლის სოფელ ოთარაშენის დიდმა ფეოდალმა, ოთარ ამილახვარმა ვაჟა-ფშაველა შინ თავისი შვილის, გიორგის მასწავლებლად მიიწვია. ამ ოჯახში გაიცნო ვაჟამ ამილახვრის უკანონო შვილი ეკატერინე (კეკე).

ნაადრევად გათხოვილმა და დაქვრივებულმა კეკემ თავი კვლავ ამილახვრების სახლს შეაფარა. მასწავლებლად მისულ ვაჟას ქალი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა.

ოჯახი ღარიბულად, თუმცა, ბედნიერად ცხოვრობდა. კეკე, რომელმაც ქვეყნად ოთხი შვილი (თამარი, მარიამი, გულქანი და ლევანი) მოავლინა, ყველას გამორჩეულად უყვარდა. ვაჟას ძმები ეთაყვანებოდნენ საყვარელ რძალს. ტანად მომცროს, თურმე, ხელში ბავშვივით აიყვანდნენ და ასე ათამაშებდნენ. ბობოქარი, ფიცხი ხასიათის ვაჟას მეუღლე ირგვლივ მყოფთ სიმშვიდით აოცებდა. როცა ლუკა გაჯავრდებოდა, ის უცებ გაიქცეოდა და ყელზე ეხვეოდა, რაც მაშინვე დამამშვიდებლად მოქმედებდა "აზვირთებულ" გენიოსზე...

1902 წლის ზამთარში დასთან, მართასთან ყვარელში მყოფ ვაჟას მეუღლის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. პოეტი ხშირად დადიოდა დასთან, სადაც ნადირობდა და სხვა პროდუქტებთან ერთად ოჯახში ნანადირევიც მიჰქონდა. კეკე მოულოდნელად, 36 წლისა გარდაიცვალა. ის მეხუთე შვილზე ნაადრევმა მშობიარობამ შეიწირა.

პოეტის ძმამ, ბაჩანამ იფიქრა, ვაჟა თავის დროზე მაინც ვერ ჩამოვაო და საყვარელი რძალი მიწას მესამე დღეს მიაბარა... უბედურების შეტყობისას ლუკა ყვარლის მთებში იყო სანადიროდ და ტყიდან მოკლულ ირემს მოათრევდა. როცა ამბის მიმტანმა დაბარებული გადასცა, ნანადირევი მიატოვა და მართასთან დაბრუნდა. ცხენი მოიკითხა, წასვლას იმ ღამესვე აპირებდა, თუმცა, მართამ გადააფიქრებინა, სთხოვა, დილამდე მოეცადა. ვაჟამ დალია (თუმცა, მოგონებების მიხედვით, მძაფრი ემოციით გაქვავებული ოდნავაც არ შეზარხოშებულა), ფანდური აიღო და სწორედ მაშინ უკარნახა გულმა და გონებამ ლექსი "იას უთხარით, ტურფასა".

იხილეთ ასევე: "რომ შემეძლოს, ვაჟასაც დავხვრეტდი!" - ვინ არიან ვაჟას ნამდვილი მემკვიდრეები...

შორენა ლაბაძე ჟურნალი "გზა"