ჯავშნოსნის მეთაური, რომელმაც თურქებისგან იხსნა საქართველო - კვირის პალიტრა

ჯავშნოსნის მეთაური, რომელმაც თურქებისგან იხსნა საქართველო

27 დეკემბრის "კვირის პალიტრაში" 1918 წლის 8 აპრილს მომხდარი ჩოლოქის ბრძოლის შესახებ ვწერდით და იქვე დაგპირდით, რომ გაგრძელებაც იქნებოდა.

სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, მხოლოდ დღეს ვასრულებთ დანაპირებს. სტატიამ მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია - ჩვენი გაზეთის საიტზეც (www.kvirispalitra.ge) გამოჩნდა კომენტარები და ბევრმა მკითხველმა, მათ შორის ვალოდია გოგუაძის შთამომავალმაც დამირეკა და გმირი წინაპრების შესახებ ოჯახებში შემორჩენილი მოგონებები გამაცნეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ წერილში ერთი კონკრეტული ბრძოლის - თურქებთან მდინარე ჩოლოქის ნაპირთან მომხდარი შეტაკების, მასში მონაწილე ჯავშნოსანი მატარებლის ეკიპაჟისა და მათი ლეგენდარული მეთაურის - ვალოდია გოგუაძის გმირობის ამბავი გიამბეთ; დღეს კი, სანამ ამ საოცარი კაცის ცხოვრების გზას გაგაცნობთ, არ შემიძლია "კვირის პალიტრის" საიტზე მოსულ კომენტართაგან ორი არ გაგაცნოთ:

"ბესიკ, 05 იანვარი 2011: შენს ძვლებს ვენაცვალე, გოგუაძე!" და "## 11 იანვარი 2011: ვკითხულობ და თან ვტირი. ღმერთო, ჩვენს დროშიც მოგვივლინე ისეთი გონიერი და სამშობლოსათვის თავდადებული გმირები, როგორებიც იყვნენ გენერალი მაზნიაშვილი და გოგუაძე..." (იმედი გვაქვს, მომავალში გენერალ მაზნიაშვილის საბრძოლო გზაზეც ვისაუბრებთ).

მაინც ვინ იყო კაცი, რომლის ამბავიც ასეთ აღფრთოვანებას იწვევს დღევანდელ ქართველებშიც, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და რომლის შესახებაც, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მხოლოდ ჩურჩულით უამბობდნენ შვილებს მისი გმირობის მომსწრე ადამიანები?

მოდი, ქრონოლოგია დავარღვიოთ და იმ ამბით დავიწყოთ, რითაც წინა წერილი დავასრულეთ: სახელოვნად დასრულებული ბრძოლის შემდეგ დაჭრილი გოგუაძე ადგილობრივმა მცხოვრებმა, ვინმე ნაკაშიძემ წაიყვანა შინ, ჭრილობა გადაუხვია და მოუარა. მაგრამ გოგუაძემ ოზურგეთში წასვლა გადაწყვიტა, რადგან ჯერ კიდევ იყო მტრის მიერ შემოვლითი გზით ქალაქის აღების საშიშროება (საბედნიეროდ, ეს შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა).

გენერალ მაზნიაშვილს გოგუაძისთვის ავტომობილი უთხოვებია და ვალოდია თავისი 18 წლის ძმის - მელენტის, კიდევ ერთი თანამებრძოლის - მჟავანაძისა და მძღოლის თანხლებით ქალაქისკენ წასულა.

პირადი იარაღის გარდა ორი ტყვიამფრქვევი და ერთი ყუთი ხელყუმბარებიც წაუღიათ. ოზურგეთის შესასვლელთან ჩასაფრებულ თურქებს გადააწყდნენ; მტრის ტყვიამ მანქანაც დააზიანა და მძღოლიც დაიჭრა. ქართველები მანქანიდან შორსაც ვერ წავიდოდნენ - ჯერ ერთი, გოგუაძე დაჭრილი იყო და სიარული უჭირდა, თანაც ტყვიამფრქვევები საკმაოდ მძიმე იყო და გადატანას ვერ მოახერხებდნენ. ამიტომ, უიმედო გადაწყვეტილება მიიღეს: მძღოლი მანქანის იატაკზე გაწვა, გოგუაძემ თავისი "ბორხატი" მოიმარჯვა (ამ თოფის ისტორიაზე ქვემოთ ვისაუბრებთ), ხოლო ორნი ტყვიამფრქვევებს მიუსხდნენ.

ისევე, როგორც წინადღეს - ჯავშნოსანს შემოხვეული თურქები რომ ყვიროდნენ, ახლაც გაისმა: "თაალიმ გოგვაძე!" (დაგვნებდი, გოგუაძე!) და გოგუაძის პირველმა ტყვიამაც ადგილზე გაათავა თურქული რაზმის მეთაური. გოგუაძემ, როგორც ყოველთვის, ახლაც ერთი შეხედვით აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო: ისედაც ცოტანი იყვნენ, მტრისკენ ნასროლი ყოველი ტყვია ძვირად უღირდათ, მან კი მჟავანაძეს უბრძანა, მანქანიდან გადამხტარიყო, უკან - ნატანებში გაქცეულიყო და მაშველი ეხმო. თვითონ ტყვიამფრქვევს მიუჯდა - ძმებმა ტყვიამფრქვევების ცეცხლით 13(!) ასკერი გაისტუმრეს იმ ქვეყნად  და საფრისკენ გადაადგილებაც მოახერხეს, მაგრამ სწორედ ამ დროს მეორედ დაიჭრა გოგუაძე, თანაც საკმაოდ უცნაური "ჭურვით" - მის გვერდით ტყვიამ ქვა გახეთქა და ქვის ნატეხი ფერდში მოხვდა. ძალღონეგამოლეულმა, ძმას სთხოვა, დაეტოვებინა, მაგრამ მან ზურგზე მოიკიდა ვალოდია და სამშვიდობოს გავიდნენ...

როდესაც ამ კაცის ფათერაკიანი ცხოვრების ამბებს კითხულობ, არ შეიძლება არ გაიფიქრო, რომ ეს რაღაც სათავგადასავლო ფილმის, ე.წ. "ბოევიკის" შინაარსია (სხვათა შორის, უკვე თითქმის დასრულებულია კინოსცენარი გოგუაძის შესახებ და იმედია, ქართველი პროდიუსერები იაქტიურებენ), თუმც, ეს ყველაფერი სიმართლეა...

აი, როგორ აღწერს გოგუაძე თავის მემუარებში სოფელში შესვლას: "ნატანებში ბევრი ხალხი შეკრებილიყო.

ჩვენი გამარჯვება გაეგოთ. ნიშნად პატივისცემისა, ხელში ამიყვანეს და მაღლა ამწიეს. მე ჭრილობები მტკიოდა და ვყვიროდი... 8 აპრილს ბრძოლაში ტყვიამ ოქროს ჯვარი მომგლიჯა; გვარდიელებს ეპოვათ და მომიტანეს.

მტრის ტყვიას ჩემი წმინდა გიორგის სურათი გაეგლიჯა..." ხედავთ? ტყვიის გულსაკიდზე მოხვედრის წყალობით გადარჩენილი გმირი - ესეც ხომ არაერთი "ვესტერნის" ეპიზოდია, მაგრამ აქ ამ ფაქტის რეალობას მთელი სოფელი ადასტურებდა და მეც არაერთი მოხუცისაგან მომისმენია ეს ამბავი.

11 აპრილს ვალოდია გოგუაძე თბილისში ჩამოვიდა სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად. მეორე დღეს ამიერკავკასიის საოლქო დელეგატების ყრილობა იყო და ნოე ჟორდანიამ კაცი გამოუგზავნა. გოგუაძე საღამოს შვიდ საათზე სასახლის თეთრ დარბაზში აღმოჩნდა. ჟორდანიამ დელეგატებს მიმართა: კამათს ვწყვეტ და გთხოვთ, ამხანაგ გოგუაძეს მივესალმოთ, რომლის გმირობამაც გადაგვარჩინაო. ჯავშნოსნის მეთაურს ოვაციით შეხვდნენ; ირაკლი წერეთელმა (ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე,  საქართველოს წარმომადგენელი ვერსალის კონფერენციაზე) და ევგენი გეგეჭკორმა (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი) მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს და ყრილობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება - გოგუაძისთვის "რევოლუციის პირველი გმირის" წოდების მინიჭების შესახებ.

ასეთ ამბებს უჩვევი ვალოდია კი იდგა და: "ამდენი ცერემონიისა და პატივისცემის გამო სირცხვილით ვიწვოდი. საზოგადოებას მადლობა გადავუხადე და შინ წავედიო..." - წერდა.

ახლა ერთ ამონარიდს შემოგთავაზებთ ნოე ჟორდანიას ვაჟის - რეჯებ ჟორდანიას მოგონებებიდან. იგი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა და იმ წლებზე საუბრობს, როდესაც ლევილში,  უკვე ემიგრანტ და "პენსიონერ", "დაწყნარებულ" ვალოდია გოგუაძესა და მის მეუღლეს სტუმრობდა ხოლმე: "გოგუაძეებმა ეს არემარე ფერმად აქციეს და ააყვავეს. ჰყავდათ ყველანაირი ფრინველი, კურდღელი, ღორები და ძროხები... ვალოდიას მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიღებული და ცალი ფეხი გაშეშებოდა. ართრიტი სტანჯავდა; ზოგჯერ ჭინჭრით ისუსხავდა ფეხს, ტკივილი რომ შეემსუბუქებინა; ბავშვები შეძრწუნებულები ვიყავით... რა სასიამოვნო სუნი იდგა ხოლმე გოგუაძეების დიდ ოთახში... ნახშირის უზარმაზარი ქურა მუდამ ენთო და იქ გემრიელი კერძები თუხთუხებდა... იშვიათი იყო შემთხვევა, მათ სუფრასთან ხუთი-ექვსი ან მეტი ადამიანი არ მჯდარიყო, ბავშვებს თუ არ ჩავთვლით, მუდმივად იქ რომ ვიყავით რაიმე გემრიელის მოლოდინში..."

ასეთი მშვიდობიანი იყო სიბერე კაცისა, რომელმაც ფათერაკებით აღსავსე ახალგაზრდობა და ჭარმაგობის წლები გაატარა, მაგრამ ბავშვი - რეჯებ ჟორდანია, ვერ დაინახავდა ამ "ფერმერში" იმას, რასაც დიდი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე ხედავდა. აი, რას წერს იგი მის ქვრივს სამძიმრის წერილში, სადაც გოგუაძეებთან სტუმრობას იხსენებს: "...ლოგინს იყო მიკრული... ლხინი თანისთან ხალისდებოდა. ვეღარ მოითმინა ავადმყოფმა. მოვიდა სუფრასთან. შესვა ამხიარულებულმა სხარტი სმური. სმურს სიმღერა მიაყოლა და სიმღერას ეპიური შაირი. ლოვილი მაშინაც და ახლაც საქართველოს ერთ-ერთ დამატყვევებელ კუთხედ გადამეშალა".

დიახ, ლევილი მართლაც "საქართველოს ერთ-ერთი კუთხე" გახდა და ამაში ყველაზე დიდი წვლილი ვალოდია გოგუაძემ და მისმა მეუღლემ - ნამეტია (ნამო) ბერძენიშვილმა შეიტანეს: მათ იქაურობა "გურიის ფილიალად" აქციეს, ჩვენებური საღორეებით, ბოსლებითა და საქათმეებით, ყვავილებით მოჩითული ეზოთი და აივნიანი (გურიაში "პარმაღს" რომ ეძახიან) სახლით. სიმინდისთვის "ნალიაც" კი დაუდგამთ... რაც მთავარია, ქალბატონი ნამეტია, რომელსაც "ლევილის დიასახლისს" ეძახდნენ (მან 97 წლამდე იცოცხლა და 1988 წელს გარდაიცვალა) იყო ინიციატორი ლევილის სასაფლაოსთვის მიწის შეძენისა, სადაც ევროპის სხვადასხვა ქალაქში დაკრძალული ქართველი ემიგრანტები გადაასვენეს; ასე შეიქმნა ეს ნამდვილი პანთეონი ქართველი მოღვაწეებისა, სადაც წელიწადში ერთხელ მაინც, აღდგომა დღეს, იკრიბებიან ძველი და ახალი თაობის ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ვალოდია გოგუაძე გურიაში, სოფელ ჭანჭათში დაიბადა, ხელმოკლე გლეხის ოჯახში, 1880 წელს. ხუთ ძმასა და ორ დას შორის (გოგუაძეების კიდევ ოთხი შვილი ყვავილმა იმსხვერპლა) იგი ყველაზე უფროსი იყო და მშობლებს რომ მხარში ამოსდგომოდა, ბავშვობიდანვე შეუდგა მძიმე შრომას: 7 წლისა სკოლაში კი შეიყვანეს, მაგრამ 11 წლისა იძულებული გახდა, მოჯამაგირედ დამდგარიყო. ერთ წელიწადში ბათუმში წავიდა სამუშაოს საძებნელად და ციებ-ცხელებით დაავადებული, სამი თვის შემდეგ შინ დაბრუნდა, თუმცა ჯიუტი ბიჭი არ შეეპუა გაჭირვებას და განკურნებული მაინც გაემგზავრა ბათუმს, სამუშაოც იშოვა და ოჯახსაც დაეხმარა. სწორედ ამ ასაკიდან - 12 წლიდან(!) იწყება მისი დამოუკიდებელი, საოცარი თავგადასავლებითა და უმაგალითო გმირობებით სავსე ცხოვრება. 18 წლამდე იყო ბათუმში, მერე გურიაში დაბრუნდა და ხეტყის დამზადებაზე მუშაობდა. 20 წლისა ჯარში გაიწვიეს.

ძალზე საინტერესოდ აღწერს მეფის არმიაში გატარებულ დროს - სამხედრო სასწავლებელსა და გემით მოგზაურობას ოდესიდან შორეულ აღმოსავლეთში, ინდოეთის ოკეანისა და ცეილონის გავლით, რუსეთ-იაპონიის ომის ფრონტამდე.

ახალგაზრდობაშივე გამოვლენილი მისი "უცნაური პატიოსნებისა" და "გულჩვილობის" რამდენიმე ეპიზოდს გთავაზობთ: ყაზარმაში საკმარისი რაოდენობის თეფშები არ იყო და ათი კაცი ერთი თეფშიდან ჭამდა, მე კი სახლში სულ მასწავლიდნენ, ნელა უნდა ჭამოო, ასე ვიყავი მიჩვეული და რუსებს ვერ ვასწრებდი, უცებ მოასუფთავებდნენ თეფშს და მშიერი ვრჩებოდიო.

ამის გამო ისე გამხდარა, ექიმს მიზეზი უკითხავს. პასუხი რომ მოუსმენია, ბევრი უცინია, ცალკე თეფშიც მიუცია და ღორის ქონის ჭამაც "მიუსჯია" მოსასუქებლად. არადა, ღორის ხორცს ვერ ჭამდა - ბავშვობაში ოჯახს ღორი დაუკლავს და მისი გოჭები ისე შესცოდებია, ვერანაირი ხვეწნითა და მუქარით მისთვის ღორის  ხორცი ვეღარ უჭმევიათ.

თითქოს არაფერია ამ ამბებში უცნაური, მაგრამ როდესაც ვალოდია გოგუაძის თავგადასავალს გაეცნობი, გაოცებას ვერ დამალავ - როგორ მეტამორფოზას განიცდის ეს გულჩვილი კაცი, როდესაც უსამართლობის, ან სამშობლოს მტრის წინააღმდეგ აღმოჩნდება ხოლმე!

ერთი ქართველი ოფიცერი, რომლის მემუარებიც პარიზში გამოიცა 60-იან წლებში, წერს, ასეთი სასტიკი და ცივსისხლიანი მკვლელი ცხოვრებაში არ შემხვედრია, ჩემი თვალით ვნახე, როგორ მოკლა ბათუმში 1918 წლის აპრილში ორი უდანაშაულო კაციო. არადა, ეს ორი მოკლული (ხალვაში და სირაძე) ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც ორი წლით ადრე ბაქოში დაჭრეს გოგუაძე და ახლაც მის მოსაკლავად იყვნენ ბათუმში ჩამოსულები.

მკვლელობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მტერთან სასტიკი და ბრძოლაში თავზე ხელაღებული ნამდვილად იყო - მართალი გითხრათ, როდესაც საგაზეთო პუბლიკაციებს და განსაკუთრებით მის მოგონებებს გავეცანი, სათვალავი ამერია - რამდენი მოწინააღმდეგე ჰყავს მოკლული უშუალო შეტაკებაში (ომში მოკლულებს არ ვგულისხმობ) ბაქოში, თბილისსა თუ გურიაში და რამდენჯერ არის დაჭრილი.

ჯარში უნტეროფიცრობას მიღწია, თანაც ყველა საბრძოლო-სასწავლო გამოცდა უმაღლესი ჯილდოებით ჩააბარა და საქართველოში დაბრუნებული ბაქო-ბათუმის რკინიგზაზე მოეწყო სამუშაოდ. სწორედ მაშინ შეეყარა იმდროინდელი "გურული ავადმყოფობა" - სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა, ხოლო ამ პარტიის ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ - მენშევიკი. თუმცა კი, იმ იშვიათ მენშევიკთაგანი იყო, ვისთვისაც ეროვნული იდეა  იყო უმთავრესი.

სად უნდა გამოეყენებინა პარტიას თავისი ასეთი, "ტყვიის ტყვიაში ჩამსმელი" წევრი? ცხადია, შეიარაღებულ რაზმებში, რომლებიც მაშინ ყოველ პარტიას საკუთარი ჰყავდა.A ამასთან  ერთად გოგუაძემ "რობინ ჰუდობაც" შეითავსა და "არსენა ოძელაშვილობაც" - თუკი ვინმეს დაჩაგრავდნენ და შეავიწროებდნენ, ყველა მასთან მირბოდა და შველას სთხოვდა. სტატიის დასაწყისში ნახსენები "ბორხატის" ფირმის ძვირფასი თოფიც ამ ამბების ნაწილია: 1908 წელს ავაზაკებმა ცნობილი ნავთის მრეწველი, მუსა ნაგიევი გაიტაცეს და ნათესავებს მილიონი მანეთი მოსთხოვეს! ბაქოში ხმა გავრცელდა, ქართველებმა მოიტაცესო და ამას ქართველების მიმართ იქაურების დიდი აგრესია გამოუწვევია. გოგუაძეს გადაუწყვეტია, ამ ხმების გასაქარწყლებლად თვითონ გაეთავისუფლებინა ტყვე და ეს გადაწყვეტილება პარტიის სამხედრო შტაბს გააცნო. ამბავი გამჟღავნდა და გამტაცებლებმა სახიფათო მტრის მოცილება გადაწყვიტეს: მისი ნაცნობი გადაიბირეს და ათქმევინეს - გურიიდან შენი მეზობელი წულაძეა ჩამოსული, მამაშენის წერილი უნდა გადმოგცესო. როგორც ყოველთვის, "ტანმა უგრძნო" გოგუაძეს და მარტო წავიდა დანიშნულ ადგილას - ამხანაგების მსხვერპლს მოერიდა. შესულა იქ და ხუთი შეიარაღებული ყაჩაღი დახვედრია! ყასიდად გაუძახია კარს უკან - მზად იყავითო (ვითომ ვინმე ახლდა), ყაჩაღებს კი უთხრა, - სახლი ჩემი ხალხით არის გარშემორტყმული და იარაღი დაყარეთო. ასე გაათავისუფლა ბაქოელი მოხუცი მილიონერი (უშვილო ყოფილა და ნათესავებს ერთი სული ჰქონიათ, როდის მოკლავდნენ ყაჩაღები, რომ მემკვიდრეობა დარჩენოდათ. ქართველების მიერ გატაცების ვერსიაც მათი შეთხზული ყოფილა).

ფულით დასაჩუქრებაზე უარი უთქვამს - მე ისიც მეყოფა, თათრებსა და ქართველებს სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტა რომ ავაშორეო. შეწუხებულ ნაგიევს ისიც უთქვამს, ამ მხეცებს თავს რად აკვლევინებ, შვეიცარიაში მივდივარ, იქ ბანკში შენს სახელზე ფულს შევიტან, ჩამოდი და იცხოვრე შენს გემოზეო. ცხადია, ამაზეც უარი თქვა გოგუაძემ.

ისევ გოგუაძეს მოვუსმინოთ: "ნაგიევმა საზღვარგარეთიდან საჩუქრად გამომიგზავნა ძვირფასი ავტომატ-იარაღები, მათ შორის თოფი "ბორხატი", რომელსაც მე 1921 წლამდე ვატარებდი". დავამატებთ, რომ ამ "ბორხატის" ტყვიამ არაერთი მკვლელი და ყაჩაღი, შემდეგ კი სამშობლოს მტერიც გაუყენა მოუსავლეთის გზას...

ვალოდია გოგუაძის მიერ გადახდილი  ბრძოლების კონკრეტულ ეპიზოდებს მომავალ სტატიებში დავუბრუნდებით, ახლა კი ისევ გრიგოლ რობაქიძის სიტყვებით დავასრულებთ: "ვალოდია ამოზრდილი იყო ქართული ეპოსითგან, ფესვმაგარი, მტკიცე, ურყევი, უდრეკი, უტეხი, უშიშარი - როგორც თავგამოდებული მებრძოლი თავისუფლებისათვის სამშობლოისა. თვითონ ჯავშანი - საარაკო ბელადი შემმართებელი "ჯავშნოსანისა". არავითარი სიძნელის წინაშე უკან არდამხევი - ძალაყრით, მოშვილდული, ყოველი დაბრკოლების გადამლახავი."