"სუფრას ხორავა თამადობდეს და ფულს სხვა იხდიდეს?" - კვირის პალიტრა

"სუფრას ხორავა თამადობდეს და ფულს სხვა იხდიდეს?"

მსახიობმა ელენე საყვარელიძემ თავისი შემოქმედებით ერთი დიდი ფურცელი ჩაწერა ქართული თეატრის ისტორიაში. წლების მანძილზე მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში, სადაც არაერთ კორიფეს უწევდა პარტნიორობას. როგორც თეატრმცოდნემ, მან სითბოთი და სიყვარულით სავსე წერილები მიუძღვნა კოლეგებსა თუ კულტურის მოღვაწეებს. გთავაზობთ მის რამდენიმე მოგონებას.

"სუფრას ხორავა თამადობდეს და ფულს სხვა იხდიდეს?"

- თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი და დირექტორად აკაკი ხორავა იყო. ხორავამ ბრძანაო, - იტყოდნენ და საქმეს წინ არაფერი დაუდგებოდა. ხორავა მოდისო და, ყველა "ფორმაში" ჩადგებოდა. ხორავა გაბრაზებულიაო და, ინსტიტუტი ფეხისწვერებზე დადიოდა. ხორავა გიბარებსო ხომ, მეხის გავარდნას უდრიდა. ჰოდა, პირველკურსელი ვიყავი, როცა ეს "მეხი" დამეცა. შეშინებულმა შევაღე მისი კაბინეტის კარი. - დედ-მამა არა გყავს? მკითხა. - არა! - ვუპასუხე და ქაღალდი გამომიწოდა, დამიწერე ყველაფერიო. დავუწერე, რატომ არ მყავდა დედ-მამა 1937 წლიდან და გამოვედი. მაშინ სწავლის ქირა ხუთასი მანეთი იყო წელიწადში. მე საიდან მექნებოდა ეს თანხა? ბატონმა აკაკიმ სწავლის ქირისგან გამათავისუფლა - ასე მჯეროდა დიდხანს და გვიან გავიგე, თვითონ იხდიდა ამ ფულს...

მაშინ მაინც მცოდნოდა ეს ამბავი, უკვე კოლეგები რომ ვიყავით და ერთად ვიმოგზაურეთ ჩეხოსლოვაკია-უნგრეთში. ამ მოგზაურობისას, ერთი დღით კიევში შევყოვნდით. გამახსენდა, ერთი წლით ადრე, ამ ქალაქში ჩვენი გასტროლებისას როგორ იქუხა ხორავას ოტელომ და ოიდიპოს მეფემ. გაიგეს თუ არა, ხორავა კიევშიაო, მთელმა თეატრალურმა კიევმა საზეიმო წვეულება გაუმართა. ბატონი აკაკის მეუღლე ცოტა შეუძლოდ იყო. მარტო ხომ არ წავალო, თქვა აკაკიმ და მე წამიყვანა. წვეულება დნეპრზე, ტივტივა რესტორანში მოეწყოთ. მასპინძლები სახეში შესციცინებდნენ ბატონ აკაკის, თავს იწონებდნენ მის გვერდით ყოფნით და სიამოვნებით ეპატიჟებოდნენ სუფრასთან ყველას. მაგიდას ემატებოდა და ემატებოდა ხალხი, იზრდებოდა ბატონი აკაკის თაყვანისმცემელთა რიცხვი. შალვა დადიანი და აკაკი ხორავა სირჩა ასწია მწერალმა ვანდა ვასილევსკაიამ - სუფრასთან ხორავა იყოს და სხვა თამადობდეს, გაგონილაო? ყველანი ფეხზე წამოდგნენ და თამადობა მიულოცეს საპატიო სტუმარს. აკაკი ბრწყინავდა იმ საღამოს, მასპინძლებს ეპაექრებოდა, გონებამახვილობდა, მღეროდა. მეც ბედი მწყალობდა, ქართულ სიმღერას იქ ჩემს მეტი ვინ აჰყვებოდა? ძალიან მოსწონდათ ჩვენი ქართული სიმღერები. საბუთიც მაქვს, პოეტმა მიკოლა ბაჟანმა ლექსი რომ ექსპრომტად მომიძღვნა. დაუვიწყარი საღამო იყო. უკვე ვიშლებოდით, როცა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, დმიტრო მილიუტენკო შეშფოთებული შემოვიდა, მთელი დანახარჯი აკაკი ხორავას გადაუხდიაო. უხერხული მდგომარეობა შეიქნა, ყველა შეწუხდა. ეს როგორ იქნებაო? მაშინ აკაკიმ ვანდა ვასილევსკაიას ნათქვამი გადაასხვაფერა - სუფრას ხორავა თამადობდეს და ფულს სხვა იხდიდეს, გაგონილაო?

მეორე დილით, გამგზავრებამდე მეუღლემ რაღაც წვრილმანის ყიდვა დაავალა ბატონ აკაკის და მაღაზიაში შევიარეთ. ხორავამ განზე გამიხმო და ჩუმად მითხრა: გუშინ სულ დავხარჯე, რაც ფული მქონდა და თუ გაქვს, ცოტა ხნით მასესხე, მაგრამ ნინკასთან არ წამოგცდეს, იცოდეო! მეც ვასესხე ოციოდე მანეთი, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, ჩემდა სამარცხვინოდ, გამოვართვი კიდეც "ვალი". გაგარძელება