არჩილ გურიელისთვის 23-წლიანი სხვაობა არ გამხდარა წინაღობა, საყვარელ ქალზე ექორწინა - ქართველი თავადისა და "კოსმეტიკის დედოფლის" სიყვარულის ისტორია - კვირის პალიტრა

არჩილ გურიელისთვის 23-წლიანი სხვაობა არ გამხდარა წინაღობა, საყვარელ ქალზე ექორწინა - ქართველი თავადისა და "კოსმეტიკის დედოფლის" სიყვარულის ისტორია

თვალის ტუში, მზისგან დამცავი, დამატენიანებელი და ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები - ყველა ქალისთვის საჭირო კოსმეტიკას ელენა რუბინშტაინს უნდა ვუმადლოდეთ. კრაკოველი გოგონას ისტორია შთამბეჭდავია, თუმცა, სანამ ბრენდ "ელენა რუბინშტაინამდე" მივალთ, თავიდან დავიწყოთ.

1870 წელს კრაკოვის ებრაულ კვარტალში, რუბინშტაინების ოჯახში გოგო დაიბადა. ოჯახი შეძლებული იყო, ამიტომ ელენა შვეიცარიის სამედიცინო უნივერსიტეტში გაემგზავრა სასწავლებლად. უნივერსიტეტის დამთავრებას არ დაელოდა და გადაწყვიტა, დედის ნათესავებთან, ავსტრალიაში წასულიყო. სწორედ აქედან იწყება ელენას კოსმეტიკით დაინტერესება.

მწველი მზე და მისგან გამოწვეული დამწვრობა გახდა საწყისი ბრენდის დაარსებისა. 1890-იან წლებში ავსტრალიის მშრალი კლიმტისა და მწველი მზისგან შეწუხებულ ქალებს ელენა რუბინშტაინმა მსოფლიოში პირველი მზისგან დამცავი კრემი, სახელად "ვალაზე" შესთავაზა. ახალი პროდუქტი მალე გახდა პოპულარული. ბიზნესის სწრაფმა ზრდამ მის მფლობელს საშუალება მისცა, მელბურნში, კოლინზ-სტრიტზე, სილამაზის სალონი გაეხსნა. მზისგან დამცავი საშუალებების გარდა, ელენამ საპნის, სხეულის ლოსიონისა და სახის კრემების გაყიდვა დაიწყო.

გავიდა ხანი და ახალი სალონის გასახსნელად 100.000 დოლარის დანაზოგით ლონდონში ჩავიდა. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, ამერიკელი ჟურნალისტი ედვარდ ტიტუსი, რომელთანაც მოგვიანებით ორი ვაჟი ეყოლა.

ოჯახური ცხოვრება და "ჩხუბების" კოლექციონერი

ელენასთან რამდენიმეწლიანი ვნებიანი სიყვარულის შემდეგ ედვარდ ტიტუსი უარს არ ამბობდა მსუბუქ გართობაზე. თავდაპირველად, ელენასთვის ქმრის ღალატი ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ ერთი სასარგებლო ჩვევა გამოიმუშავა - ედვარდის ყოველი ღალატის შემდეგ, თავისთვის ძვირფას სამკაულს ყიდულობდა. ასე გახდა ის "ჩხუბების" კოლექციონერი, რომელშიც შედიოდა Harry Winston - ისა და Cartier - ს ბრილიანტები, საფირონები, ტოპაზები და ყველაზე მთავარი - მარგალიტები, რომელიც ელენას იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ლონდონის შემდეგ, პოლონელი ებრაელი პარიზს იპყრობს. სალვადორ დალი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ელენას კოსმეტიკური საშუალებების დიზაინზე იზრუნა. პირველი საპუდრეს დიზაინი სწორედ სალვადორ დალის ეკუთვნის. მოგვიანებით დალიმ ელენას სახლისა და სალონების ინტერიერი გააფორმა და პარფიუმერიის დედოფლად წოდებული ელენა თავის ფერწერულ ტილოზე ქალი-პრომეთეს სახით დახატა. პარიზულმა ნაღებმა საზოგადოებამ ემიგრანტი გოგო მალე მიიღო. მხატვრობის სიყვარულმა კი ქალი რენუართან, დეგასა და პიკასოსთან დაამეგობრა. 1915 წელს ელენა ქმარსა და ორ ბავშვთან ერთად ამერიკაში ჩავიდა და მალე

მეხუთე ავენიუზე გამოჩნდა სალონი "კოსმეტიკის სასახლე". მომხმარებლები სპეციალური ბილეთის შეძენის შემდეგ შედიოდნენ სალონში და შეეძლოთ 8 საათი თავის მოვლისთვის დაეთმოთ. მათ ემსახურებოდნენ ექიმები, კოსმეტოლოგები, მასაჟისტები, ვიზაჟისტები. ერთი სეანსი 100 დოლარი ღირდა, თუმცა ამერიკელები თავის მოვლისთვის ამ თანხას არ იშურებდნენ. (იხილეთ სრულად)