"არ იტიროთ. დღეს ჩემი ვაჟის ქორწილია, სამშობლოს შევწირე შვილი" - პირველი იუნკერი, რომელიც ბოლშევიკებს შეაკვდა
"არ იტიროთ. დღეს ჩემი ვაჟის ქორწილია, სამშობლოს შევწირე შვილი" - პირველი იუნკერი, რომელიც ბოლშევიკებს შეაკვდა
ღირსება მაყაშვილებისათვის უზენაესი იყო...

"არ იტიროთ. დღეს ჩემი ვაჟის ქორწილია, სამშობლოს შევწირე შვილი"

მიხეილ მაყაშვილი იუნკერთა სასწავლებელში სწავლობდა. 19 წლისას საქართველო-სომხეთის ომში მამაცობისათვის მიღებული ჰქონდა წმინდა გიორგის ჯვარი. ისეთი ვაჟკაცი იყო, მისი დანახვა თვალსაც უხაროდა და გულსაც... ცოტაც და სასწავლებელს დაამთავრებდა, ოფიცრის ჩინით ამაყად გაივლიდა თბილისის ქუჩებში... მერე ალბათ მამამისის - გენერალ-მაიორ სოლომონ მაყაშვილის წინაშე წარდგებოდა და მშობლის დარიგებას კიდევ ერთხელ მოისმენდა: მთავარია, ღირსეულად იცხოვროო.
ღირსება მაყაშვილებისათვის უზენაესი იყო, ამ
ჭრილში ხედავდნენ ყველაფერს - სამსახურებრივ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ოჯახურ ურთიერთობას...

სოლომონი ძალიან ცნობილი სამხედრო პირი იყო მეფის რუსეთში. მიღებული ჰქონდა წმ. სტანისლავის III ხარისხის, წმ. ანას III და II ხარისხის მედლები, იმპერატორ ალექსანდრე  III-ის ვერცხლის მედალი, ბრინჯაოს მედალი 1877-78 წლების ომში მონაწილეობისათვის.  ექვსი შვილი ჰყავდა:
ანა, მიხეილი, ბეჟანი (ბორისი), ბარბარე, ნინო და თამარი. მიხეილი და ბორისი იუნკერთა სასწავლებელში სწავლობდნენ.

ბოლო წლებში ძალიან ცუდად გრძნობდა თავს გენერალ-მაიორი სოლომონ მაყაშვილი. საქართველოში დაბრუნებულს, ეტლით მიმავალს ბოლშევიკების ბრბო შემოეხვია და მოკვლა დაუპირა. ჯერ სამხრეების აყრა მოუნდომეს. თავადი მაყაშვილი ფეხზე წამოიმართა ეტლიდან: თქვენ არ მოგიციათ ეს სამხრეები და თქვენ ვერ ამყრითო... მერე კი შეურაცხყოფისაგან აკანკალებულს მეეტლისათვის დაუძახია: - წინ გასწიეო და წასულა.

მას შემდეგ გარეთ გასვლა აღარ უნდოდა. აღარც გადიოდა... გული ცუდს ეუბნებოდა. იმასაც ხვდებოდა, იუნკერ შვილებს რთულ და განსაცდელით სავსე ცხოვრებას უმზადებდა. მაინც ჯიუტად იდგა თავისაზე: ღირსება და სამშობლოს სამსახური არ უნდა დაეკარგათ.

KvirisPalitra.Geსაბედნიეროდ, ვერ მოესწრო იმ უბედურებას, რაც მისი გარდაცვალებიდან სულ მოკლე ხანში დაატყდა მაყაშვილების ოჯახს... მიხეილი 21 წლისა იყო. 1920 წლის 2 მაისის ღამეს ბოლშევიკთა ერთი ჯგუფი იუნკერთა სასწავლებლის გალავანზე გადაძვრა და მძინარე, უიარაღო იუნკრებს დაესხა თავს. ატყდა ხმაური. ბოლშევიკებმა იუნკრებს შესთავაზეს, მათ მხარეს გადასულიყვნენ და ყველაფერი მშვიდობიანად დაესრულებინათ.

იუნკრებმა ფიცი არ გატეხეს. მერე რაც მოხდა, გენერალმა კვინიტაძემ აღწერა კიდეც... კარაბინით ხელში გამოვარდა პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე... იუნკრების ოთახისკენ გაიქცა. გზად ორი თავდამსხმელი მოკლა, მოახერხა და ალყაშემორტყმულ ახალგაზრდებს სამი თოფი გადასცა. იუნკრებმა შეძლეს და ბოლშევიკთა თავდასხმა მოიგერიეს. სასწავლებლის შენობიდან ყველა თავდამსხმელი გაიქცა... თუმცა გარეთ გასვლას ვერავინ ბედავდა. იცოდნენ, ასე იოლად არ წავიდოდნენ წითლები... ალბათ ჩასაფრებულებიც იყვნენ ახლომახლო ხეებთან.

...თელავში ბიცოლა სოფიოს, რომელიც არალეგალური პარტიის წევრი იყო, უთქვამს მიხეილისთვის - მგონი, რაღაც მზადდება და სოფელში დარჩი, თბილისში ნუ წახვალო. რაღაც რომ მზადდებოდა, ისედაც ცხადი იყო. პოლიტიკურ ცხოვრებაში ტემპერატურა დღითი დღე იზრდებოდა. შინ ჯდომა ვერაფერს გვიშველისო, - ფიქრობდა სულით ხორცამდე მეომარი, აკი არ გაჩერდა და გავარდა გარეთ. პირველივე ტყვია მას მოხვდა...
მეორე დღეს გარდაიცვალა სამხედრო ჰოსპიტალში. ამ ტრაგედიამ შეძრა თბილისი. გმირულად დაღუპული მაყაშვილის ცხედარი ქაშუეთის ტაძრიდან დიდი პატივით გადაასვენეს თელავში. პროცესიას მიუძღვებოდა გენერალი კვინიტაძე.

ცნობილია, რომ მწუხარებით გაოგნებულმა დედამ ქალიშვილებს გადასძახა: - ნინო, ბარბარე, თამარ! არ იტიროთ. დღეს ჩემი ვაჟის ქორწილია, სამშობლოს შევწირე შვილიო. იმ ღამეს თელავის ეკლესიის ეზოში დაუსვენებიათ, მეორე დღეს კი იყალთოში გადაასვენეს, საგვარეულო სასაფლაოზე.
4 მაისს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ფეხზე ადგომით მიაგო პატივი მიხეილ მაყაშვილის ხსოვნას.

ის პირველი იუნკერი იყო, რომელმაც სიცოცხლე მიიტანა სამსხვერპლოზე... მალე გაცილებით დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ  ბრძოლას. დაიღუპებოდა მარო მაყაშვილი - მიხეილის ბიძაშვილი... მსხვერპლის სიდიდე დროებით მიავიწყებდა კიდეც ხალხს ადრე გაღებულ სიცოცხლეთა ტკივილს... ეს მერე იქნებოდა... 1921 წლის თებერვალში.

და კიდევ: როცა მენშევიკების მთავრობა გაიქცა, გემზე ბეჟან მაყაშვილიც ავიდა. ვიდრე პორტს დატოვებდა, ვიღაცას უთქვამს: - რა დრო დადგა, უმწეო ქალებს შეურაცხყოფენ და ყველაფერ ძვირფასს ამცირებენო. ამის გამგონე დაუფიქრებლად გადმოხტა თურმე გემიდან - ვისთვის დაეტოვებინა დედა, ოთხი და...
სიკვდილთან შესახვედრად დაბრუნდა.  რამდენიმეჯერ დაიბარეს შინსახკომში. ერთ-ერთი დაკითხვისას რუსმა ჩეკისტმა საქართველო და ქართველები აუგად მოიხსენია. ბეჟანმა სამელნე ესროლა, სწორედ მაშინ, კონდახებით ჩაუჩეჩქვეს თავი. მძიმედ დაავადებულმა  მცირე ხანს იცოცხლა.

ასე ტრაგიკული იყო მაყაშვილების ოჯახის მეომარი ვაჟკაცების ბედი... თუმცა ამ ოჯახის ყველა წევრისათვის სამშობლოსათვის შეწირვა ქორწილად დარობდა. იქნებ ძნელი წარმოსადგენი იყოს დღევანდელი საქართველოსათვის სიცოცხლის გაწირვით მიღწეული სულის ზეიმი, მაგრამ ასე იყო...

აკი, დამტკიცდა კიდეც 1921 წელს. ღალატითა და უგერგილობით მიტოვებულმა პირტიტველა ბიჭებმა ღირსეულად თქვეს უარი ხორციელ ცხოვრებაზე და სულის ზეიმს მიეცნენ...

გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივი
ფიქრია
29 მარტი 2021 21:47
"სამშობლო თქვენს ხსოვნას სანთლებად აინთებს!"
მანანა
09 ივნისი 2017 13:48
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები.
nuca
09 აპრილი 2011 16:27
ეჰ რა ხალხი გაგვიწყვიტეს რუსებმა.:(

რუბრიკის სხვა სიახლეები