"24 წლის ქეთევანმა ბრძოლის მეთაურობა იკისრა და ლეკები დაამარცხა. რძლის გამარჯვება დიდი სიხარულით აღნიშნა მეფემ" - კვირის პალიტრა

"24 წლის ქეთევანმა ბრძოლის მეთაურობა იკისრა და ლეკები დაამარცხა. რძლის გამარჯვება დიდი სიხარულით აღნიშნა მეფემ"

ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი მეთორმეტის შესახებ ბევრი დაწერილა და თქმულა, თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის მისი პირველი ცოლის, ქეთევან ანდრონიკაშვილის შესახებ, რომელიც ერთობ ვაჟკაცი და უშიშარი ყოფილა და ბრძოლაც მოუგია.

ქეთევან პაპუნას ასული ანდრონიკაშვილი დაიბადა 1754 წელს. დედის შესახებ ცნობები არ მოიპოვება, ხოლო მამა ქიზიყის მოურავი იყო.

1767 წელს გიორგი მეთორმეტემ ცოლად შეირთო ქეთევან ანდრონიკაშვილი. "ქორწილი გადაიხადეს ქალაქსა ტფილისს დიდისა დღესასწაულობითა ენკენისთვის ოცს. იტყვიან ქალისა ამისათვის რომელ, ოდეს მეფის ძე მოვიდა კახეთსა და ეწვია სოფელსა ვეჯინსა ანდრონიკაშვილს რევაზსა, მაშინ მოხდა დევნა ლეკთა, რომელნიცა გამოჩნდნენ ალაზნისა გაღმა. რევაზ და სხვანი თანნადამსწრენი ომისა ლეკებთა თანა, ესრეთ მხნედ გამოჩნდნენ, რომელ მეფის- ძე თვით, მუნ დამსწრე, გაჰკვირდა ოდეს იხილა რევაზ ანდრონიკას-შვილი მუხლსა მძიმედ დაჭრილი მოვიდა რა სახლსა, მაშინ გამოაცხადა დაჭრილობა თვისი. გამკვირვებულმა მეფის-ძემან გამოუცხადა მას გმირსა რევაზს სურვილი მის დისა ქეთევანისა შერთვა ცოლად. დროსა ამას, ქალსა ამას არღარა ჰყვანდა მამა ცოცხლად. ამბავსა ამას მოუთხრობდა ხშირად ზნაური ბერო პავლიაშვილი." (პლ. იოსელიანი. "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა და საქართველოს რუსეთთან შეერთება""გვ.10.)

აზნაური ბერო პავლიაშვილი ქეთევანს მზითევში გააყოლეს და იგი ღრმა სიბერემდე ემსახურებოდა მეფესა და მის ოჯახს. ქეთევანი ძალიან გონიერი და განსწავლული ქალი ყოფილა, მას დიდი გავლენა ჰქონდა სამეფო ოჯახზე, მონაწილეობდა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და გამოირჩეოდა მეფისადმი ერთგულებით. მისი ეს თვისებები შეუმჩნეველი არ რჩებოდა მეფეს და მთელ სამეფო კარს, ქეთევანს აფასებდნენ და პატივს სცემდნენ.

"იმ ენდრონიკაანთ ქალმა თავის მარალის გონებით და კარგ კეთილობის დედაკაცობით მეფე ირაკლი, დედოფალი დარეჯან და ერთიანათ იმათი ოჯახი ასე ხელში დაიჭირა, რომ როდისაც ის იმათთან მივიდოდა, მთელი სახლი სიხარულით აიმსებოდა. ნამეტნავად დედოფალი დარეჯან. ბევრჯელ დიდის სიამოვნებით გადაეხვეოდა და კარგა ხანი თავის გულში ჩაიკრავდა ამ სიტყვითა: ჩემო არამც თუ რძალო, ჩემო შვილო ქეთევან, შენმა გაზდამ მეტი კარგი რამა ხარ შენ.

მეფე ირაკლიც ხომ რასაკვირველია და ამის გარდა ბევრ რჩევასაც ჰკითხამდა იმას. ის ქეთევან ასეთი თავ შეწირული ერთგული ყოფილა მეფის ირაკლისა, რომ თავდადებული მსხვერპლი იქამდისინ, რომ მეფის ირაკლის მშვიდობისთვის არავის არ დაინდობდა არა თავის მახლობელსა." (ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანი. "მეფე ირაკლი მეორის მეუღლე დარია ანუ დარეჯან". გვ. 117)

ქეთევანის თვისებებიდან აღსანიშნავია განსაკუთრებული სიფრთხილე გადაწყვეტილებების მიღებაში, რასაც აღნიშნავს კიდეც ჯამბაკურ ორბელიანი თავის მოგონებებში.

"ის ბატოიშვილის ცოლი ქეთევან, დაი რევაზისა, როგორიც დიდი გონების ქალი იყო, ასევე ფრთხილი იყო ყოველ საქმეში. (ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანი. "მეფე ირაკლი მეორის მეუღლე დარია ანუ დარეჯან". გვ, 118)

ქეთევანზე საუბრისას შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მისი ბოგრაფიიდან, სადაც ჩანს, რომ ქეთევანი ასევე ყოფილა კარგი სტრატეგი და შესანიშნავი მებრძოლი. ეს უშიშარი და მამაცი ქალი ნამდვილად იმსახურებდა იმ დიდ სიყვარულს და ნდობას, რასაც მეფისგან და მთელი ოჯახისგან იღებდა.

1878 წლის ოქტომბერში თბილისისკენ მიმავალ ქეთევანს ღართისკართან ხუთასამდე შეიარაღებული ლეკი დაუხვდა. ქეთევანი ამ დროს დაახლოებით სამასი ცხენოსანი ახლდა. მან თავად იკისრა ამ ბრძოლის მეთაურობა და ლეკები დაამარცხა. რძლის გამარჯვება დიდი სიხარულით აღნიშნა მეფემ და თბილისში შემოსულ ქეთევანს აღლუმით შეხვდა. ამ დროს ქეთევან ანდრონიკაშვილი 24 წლის იყო.

"ვიტყვი კვალად ქეთევანისათვის. ესე ქეთევან იყო თვით იგი, რომელიცა მიმავალმან ქართლად სამასი ცხენოსნითა ღართის კარისა ვიწროებაში, ჰქმნა სახელოვანი ძლევა ლეკთა ზედა, რომელნიცა იყვნენ ხუთასნი. თვით მიუძღვა ჯარსა და გატეხა სამგზის გამაგრებული ლეკნი. უკუ-ქცეული, შემდგომად თვისა ერთისა, მუხრანითა, მიიღო ირაკლიმან გმირი რძალი თვისი, ქალაქ თბილისს დიდისა დღესასწაულობითა, ზარბაზნითა ციხითა სროლითა და ჩირაღითა. ესე იყო 1778 წელსა." (პლ. იოსელიანი. "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა და საქართველოს რუსეთთან შეერთება""გვ. 12.)

სამწუხაროდ, ქეთევან ანდრონიკაშვილის სიცოცხლე ნაადრევად დასრულდა. 1782 წლის 3 ივნისს 28 წლის ასაკში იგი თეიმურაზ ბატონიშვილზე მშობიარობას გადაყვა. პლატონ იოსელიანის თქმით, დიდად განუცდია მეფის ოჯახს მისი სიკვდილი. "მეფემან ირაკლი, მწუხარემან სიკვდილისა გამო რძლისა თვისისა წარსთქვა ოხვრითა შემდეგი სიტყვა " ახლა დაიღუპა ჩემი ოჯახიო".

ქეთევან ანდრონიკაშვილი დაკრძალეს მეფური პატივით გარეჯის მონასტერში, ალექსანდრე მეფის გვერდით. 1000 ცხენოსანი და 500 ქვეითი მიუძღოდა სამგლოვიარო მსვლელობას. გზად მიმავალ პროცესიას მასპინძლობდნენ სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები საკლავით, პურით, თევზითა და ღვინით. ათ დღეს გრძელდებოდა გლოვა გარეჯის უდაბნოში. "შემდეგ ათისა დღისა დადუმდა ხმა სოფლისა მეშფოთისა, უდაბნოსა ზედა დაწყნარებულსა. ყოველნივე უკუ-იქცნენ თვისითა სადგურითა და დაშთა მუნ მხოლოდ ნეშტი მეფის რძლისა სახსენელად საუკუნოდ".

ქეთევან პაპუნაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)