"მცოდნიას" ნაამბობი - კვირის პალიტრა

"მცოდნიას" ნაამბობი

თუშის ოინი ქისტისთვის სამაგიეროს გადასახდელად

ხალხურ ზეპირსიტყვიერებას უამრავი გმირის თავგადასავალი შემოუნახავს. მათ შორის განსაკუთრებით შთამბეჭდავია ამბავი ბარმა ბახტურზე. თუში გმირის თავგადასავალი 2003 წლის ზაფხულში ხალხური ლექსის მიხედვით ჩაუწერია ჩემს კოლეგასა და ისტორიკოსს, მიხეილ ლაბაძეს:

სამუხა, მეტსახელად "მცოდნია" მთაში გავიცანი მეცხვარეებთან. უცნაური კაცია, თავის  ცხვარს შორიდანვე ცნობს, ამიტომაც შეურქმევიათ მისთვის ეს სახელი. უყვარს ლექსი და ქალი. ამბობს, ამ ორი დიდებული ქმნილების გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვსო. უამრავი ლექსი იცის, ხალხურიც და კლასიკური პოეზიიდანაც. მგონი, თვითონაც წერს და ხალხურად ასაღებს. მშვენივრადაც მღერის. მოკლედ, მცოდნიამ წამიკითხა ლექსი ბარმა (ბრმა) ბახტურზე, რომელიც, სავარაუდოდ, ერეკლე მეფის დროის  გმირი უნდა იყოს.

ილიურთელი კაი ყმა ყოფილა ბახტური - ლეკი მისი შიშით ძრწოდა, ჩეჩენი (ქისტი) მის ვაჟკაცობას სცემდა პატივსო. ობოლსა და ღატაკს ბალღობაში ბევრი ჩაგრავდა. სახლიდან ხან რას ჰპარავდნენ, ხან - რას. ერთხელ ქისტებს შუაცეცხლზე დასაკიდი ჯაჭვიც კი მოუპარავთ. გულში ჩაუდვია წყენა ობოლ ბიჭს. რომ დავაჟკაცდა, ჩეჩნებს თავისი კაიყმობით აგრძნობინებდა, რომ პატივი უნდა ეცათო. თუშურ ლექსებში ასეა - ლეკები დაუძინებელი მტრები არიან, ქურდები და უღირსები, ჩეჩნები კი - ვაჟკაცები, რადგან ჩეჩნები ქალებსა და ბავშვებს არ ერჩოდნენ, ლეკები კი იტაცებდნენ და ყიდდნენ. ჩეჩნები არა და, ლეკები თუშ კაცებს გაურბოდნენ, ესეც იმიტომ, რომ სისხლით ვერ ძღებოდნენ, ჩეჩნები კი მხოლოდ მათ ხოცავდნენ, ვისი სისხლიც ემართათ. შესანიშნავ მეომარს, ბახტურს, ბრძოლაში დაუკარგავს ცალი თვალი.

მოკლედ, ბალღობაში ჩეჩნისგან მიყენებული წყენა სიბერეში გაუხსენებია ვაჟკაც თუშს და სამაგიეროს გადასახდელად ერთი ოინი მოუფიქრებია.

თუშეთის იქით, ქისტეთში რომ გადახვალ, სოფელ ხულანდში მოხვდები. იქაური ყოფილა ჩეჩენი, სახელად ფარჩოთ მაჰამი (ეს - თუშური წყაროს მიხედვით, ისე, ალბათ, "მოჰამად ფარჩოი" ერქმეოდა), რომელიც ბახტურის შუაცეცხლის ჯაჭვის ქურდს (იმხანად უკვე გარდაცვლილს)  ნათესავად ერგებოდა. მაჰამს ბევრი ცხვარი ჰყოლია და თუშეთში ხშირად დადიოდა, თან დასცინოდა ბახტურს: "დაღბერდი, თვალნი წაგერთვა და ჯაჭვ-საკიდელას ქურდმაც საიქიოს გაგასწროო".

ერთხელაც ბახტური სათიბად ყოფილა ქერიგოს თავში (ჩეჩნეთის საზღვარზე), ჩეჩნეთის მხრიდან კი მაჰამის ცხვარი ძოვდა.

დღისით ბახტურმა და მაჰამმა ჩვეულებრივ მოიკითხეს ერთმანეთი, ღამით კი ბახტურმა მას ყველაზე დიდი ყოჩი "მოჰპარა", "დაკლა" და აფეშხოებული, ცეცხლზე შემოდგა. მერე ყოჩის ტყავი დაგლიჯა, სისხლში ამოავლო თავ-შიგნეულობა-ჩლიქებიანად  და მაჰამის ძაღლების ხუხულასთან დაყარა. დილით მაჰამი რომ ადგა, იფიქრა, ამის ჩამდენი ძაღლები გაცოფდნენო და ყველა დახოცა. მერე ფარა სხვას ჩააბარა და საქართველოში გადმოვიდა, ნაგაზი რომ ეყიდა. დაინახა გზაზე მომავალი ჩეჩენი ბახტურმა და სახლში შეიპატიჟა: - ჯიხვის გულ-ღვიძლს გაჭმევო.

შევიდა მაჰამი  ბახტურის სახლში და მიაძღა თავისი ყოჩის ხორცს. მიხვდა, რომ ჯიხვის არ იყო და მასპინძელს აგდებით უთხრა:

"კოჭლ ცხვარს ვაფერე, ბახტურო, ეგ შენი კერძის ხორცია!

წი'ღე-დ ნურა'სა იკვეხნი - ჯიხვები დამიხოცნია".

"ბახტურმა გაუცინა და უპასუხა:

"არას ვიკვეხნი, მაჰამო, არც არა დამიხოცნია,

დაღბერებულხარ შენაცა, ვერ გიცნავ შენი ყოჩია!"

აი, ასეთი კაცი იყო ბახტური.

ბახტურის ვაჟკაცობის ამბავს მოგვითხრობს  ხალხური ლექსი "გამაროს ციხეზე". ლეკები  თუშების სოფელს დასცემიან, ციხის აკლება და ლამაზი ქალების გატაცება მოუნდომებიათ. თუშების ასაკლებად გადმოსულ ლეკთა მეთაური ბახტურს მოუკლავს და ციხე გადაურჩენია.

"ხუფრის ორწყალში ჩამოდგა სამის ნაიბის ჯარიო, ჩამოდგებოდეს ლაყაში, რაგვერც მარილზე ცხვარიო რომელ სოფელში ჩავიდეთ, რომელს მოავლოთ თვალიო? უფრ ხისო გვემარჯვებისა, სარომად არსავ მალიო, ხისოში გამაროს ციხეს თუა გაუხსნეთ კარიო, შიგითა გამოიყვანოთ ჭოქის ლამაზი ქალიო! ხისოში გამაროს ციხევ, გათენებამდე გამაგრდივ, საგათენებლოდ მოგივა ბარმა ბახტურის საღარივ!!! შუამთას ბარმა ბახტურმა ლაგაზი წაძრა ჩქარია, საკარგყმოდ არის მოსრული, გან ცოლის მოძებარია! ცოკალთას ბარმა ბახტურმა მიღრიჯ-მოღრიჯა საღარი... შენ აქ უნდ დარჩე დიდოო, აქ უნდა ღლიო ზამთარივ!"

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ამერიკელ მეგობარს ვუამბობდი ხალხურ თქმულებებს ჩვენი გმირების შესახებ; აღფრთოვანებული მისმენდა და გულწრფელად გაიკვირვა, ეროვნული გმირების საოცარი გალერეა გაქვთ და უცნაურია, მათ შესახებ ფილმებს რატომ არ იღებთო.

www.kvirispalitra.ge

ძვირფასო მკითხველო, იქნებ გსმენიათ მამა-პაპათაგან ხალხური თქმულებები ვაჟკაცობით გამორჩეულ ქართველებზე. გამოგვიგზავნეთ საინტერესო ამბები.