სამშობლოში დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა სახლები უსიტყვოდ დაუცალეს... - კვირის პალიტრა

სამშობლოში დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა სახლები უსიტყვოდ დაუცალეს...

"როგორც უნდა მრისხანებდნენ სატრაპები, როგორც უნდა ავიწროებდნენ და ატერორებდნენ ხალხს, მაინც ყველა ინგუშურ ოჯახში იქნება ერთი ადამიანი, რომელსაც ძველი ინგუშური (ღლიღვური) სული და წეს-ჩვეულება შემორჩა - ამიტომაც ჩვენ აღვდგებით!"

ინგუშური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იისა კოაზოი

ვაინახი ხალხის - ჩაჩნებისა და ინგუშების 1944 წლის დეპორტაცია, რომელსაც 2004 წლის ევროპის პარლამენტმა გენოციდის შეფასება მისცა, სტალინის ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელება იყო, რომელიც 20-იან წლებში დაიწყო. 1937 წლის რეპრესიებმა  ანტისაბჭოთა ელემენტების მოსასპობად14 ათასი კაცი შეიწირა. კომუნისტები სძულდათ ჩაჩნეთისა და ინგუშეთის აულებშიც, ამიტომ, როცა 1942 წელს გერმანელები შევიდნენ, მათ ვაინახი მოსახლეობა კეთილგანწყობით შეეგება, რადგან დამპყრობლად რუსეთი მიაჩნდათ და არა ჰიტლერი!

თუმცა როგორც ისტორიკოსი სულთან ხამჩიევი აღნიშნავს, გერმანელებმა ჩაჩნეთ-ინგუშეთში მხოლოდ ერთი პატარა ქალაქი - მალგობეკი დაიკავეს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენდნენ. ამდენად, ჩაჩნეთ-ინგუშეთის მოსახლეობას ფაშისტებთან თანამშრომლობის სურვილიც რომ ჰქონოდა, ამას ვერ შეძლებდა. მიუხედავად ამისა, სტალინის ხელისუფლების პოლიტიკა მოითხოვდა პრეამბულას, რომლითაც შემდგომში მთელი ერების რეპრესიებს გაამართლებდა.

კომუნისტურმა რეჟიმმა 1943 წლის სამხედრო ოპერაციების წარუმატებლობა ღალატით ახსნა და ფრონტის ხაზიდან დაუყოვნებლივ გამოიწვია ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები, რომელთა უმრავლესობა ჩაჩნები და ინგუშები იყვნენ.

1944 წლის 7 მარტს ხელი მოეწერა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებას ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ლიკვიდაციისა და მისი ტერიტორიის ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ. ოფიციალური ბრალდება იყო სოციალისტური სამშობლოს ღალატი, წითელი არმიის მიმართ ძირგამომთხრელი მოქმედება,  ბანდიტებისა და გერმანელი აგენტების აქტიური მფარველობა და დივერსიები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ბრძანებულებას მაშინვე დაედო საიდუმლო გრიფი "პრესაში არ გამოქვეყნდეს".

ოპერაცია, სახელწოდებით "ჩეჩევიცა", 23 თებერვალს დაიწყო. საბჭოთა არმიის დღესასწაულის აღნიშვნის მიზეზით რუსმა ჯარისკაცებმა ჩაჩნეთ-ინგუშეთის ქალაქებსა და აულებში ადგილობრივი მოსახლეობა შეკრიბეს, მამაკაცები  დააკავეს, ხოლო ქალები და ბავშვები პირუტყვებივით შერეკეს წინასწარ გამზადებულ სატვირთო ვაგონებში და ყაზახეთსა და შუა აზიაში  478 ათასზე მეტი უდანაშაულო ადამიანი გაამგზავრეს. ვისი გამგზავრებაც დროულად ვერ მოხერხდა, ადგილზე  დახვრიტეს.

6000-მდე კაცი კი გალანჩოჟის ტბაში ჩაძირეს. სოფელ ხაიბახის სასაკლაო ყველაზე შემზარავი იყო. 750-მდე ვაინახი (უმეტესად ქალები, მოხუცები და ჩვილები), საჯინიბოში გამოკეტეს და ცეცხლი წაუკიდეს. ვინც გარეთ გამოაღწია, ავტომატების ჯერით ჩაცხრილეს. ამ სასაკლაოს "არქიტექტორი" გახლდათ ქართველი გენერალი მიხეილ გვიშიანი. ტრაგედიის ღამეს იმ საჯინიბოში ტყუპი დაიბადა. სქესი იკითხა გენერალმა გვიშიანმა. ბიჭები აღმოჩნდნენ. - კიდევ ორი ბანდიტი გაჩნდაო!..

აზიის უკაცრიელი სტეპებისკენ სარკინიგზო ეშელონებით გადასახლებულთა მგზავრობა 20-25 დღე გრძელდებოდა. მგზავრობისას 1272 ადამიანი გარდაიცვალა. გვამებს გაქანებული მატარებლიდან ყრიდნენ ტრამალებში. ახლობლებისა და შვილების გვამების გადამალვა ლტოლვილებს სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ. დაღუპულ ჩვილებს დედები მოჩვენებითად აწოვებდნენ ძუძუს, თუ გაუგებდნენ, ფანჯრიდან უყრიდნენ...

1948 წლისთვის ჩაჩნებისა და ინგუშების რაოდენობა 42 ათასი კაცით შემცირდა. ჩაჩნები და ინგუშები გაქრნენ საბჭოთა ენციკლოპედიიდან და სასკოლო წიგნებიდან.

ინგუშ მკვლევართა მტკიცებით, 1944-1946 წლებში დაცარიელებული ინგუშეთის გეგმაზომიერი ათვისება მეზობელი რესპუბლიკებიდან ჩასახლებულთა ხარჯზე მიმდინარეობდა.

მართლაც, 1945-1956 წლებში გამოცემულ რუკებს თუ დახედავთ, კავკასიის ქედს იქით, არღუნისა და ასას დინების ზემო წელში (დღევანდელი ინგუშეთის რესპუბლიკის ერთი ნაწილი) ითუმ-ყალეს რაიონი არსებული საზღვრებით, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი, გალანჩოჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონის სამხრეთი ნაწილი საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებად არის სახელდებული ახალი ტოპონიმით - "ახალხევი". საქართველოს ტერიტორიის ფართობმა მოიმატა თითქმის 76,4 ათას კვკმ-მდე.

იქ ჩასახლებულ ქართველებსა და ოსებს გადასახადებზე მნიშვნელოვანი შეღავათებიც კი დაუწესდათ.

1957 წლის 9 იანვარს, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ვაინახების რეაბილიტაცია მოახდინა. გადმოცემების თანახმად, სამშობლოში დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა უსიტყვოდ დაუცალეს სახლები, დაუტოვეს მეცხოველეობის ფერმები, ბინები, ბაღები, ხუთი კოლმეურნეობა თავისი ინფრასტრუქტურით, სამი საშუალო და ცხრა დაწყებითი სკოლა, ოთხი კლუბი, ექვსი ბიბლიოთეკა, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი, რაც ლარსისა და დარიალის ტერიტორიაზე ამ 13 წლის განმავლობაში შექმნილიყო. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, როგორ ტიროდნენ ვაინახები, როდესაც ქართველები მათ სოფელს ტოვებდნენ.

უფრო რთული აღმოჩნდა დაღესტნის ტერიტორიიდან დეპორტირებული ჩაჩნების ბედი. მათ დაბრუნების უფლება არ მისცეს. კიდევ უფრო გართულდა საქმე ინგუშურ მიწაზე დასახლებული ოსების მხრიდან, რომლებმაც პრიგოროდნის რაიონი არ დათმეს. ხოლო ვინც "დათმო", სახლ-კარი პატრონებს გადამწვარი დაუტოვა. ტერიტორიულმა დავამ მთელი ძალით 80-იანი წლების ბოლოს იფეთქა.

1992 წლის პრიგოროდნის ომის შედეგია განადგურებული და მიწასთან გასწორებული 13 ისტორიული ინგუშური სოფელი, 70 ათასამდე ინგუში ლტოლვილი და 600-მდე დაღუპული. ამ კონფლიქტს დღესაც არაკორექტულად ეძლევა ერთა შორის შუღლის შეფასება, კონფლიქტის სიღრმისეული მიზეზი რომ 1944 წლის ისტორიული დანაშაულია, ამას დღესაც არ აღიარებს კრემლი...

ინგუშეთის მთებში მიჯაჭვული პრომეთე

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, XVII საუკუნეში ანგუშტი (სწორედ აქედან მომდინარეობს ეთნონიმი ინგუში) უკვე ცნობილია როგორც ინგუშთა დიდი დასახლება. 1656 წელს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ინგუშების აჯანყებას მოჰყვა მათი გასახლება ისტორიული საცხოვრისიდან (დიდი ნაწილი ოსმალეთში გადაასახლეს), ხოლო ანგუშტი კაზაკებს გადაეცა... ამ მიწასთან მიჯაჭვულობის მისტიკური რწმენა დღესაც მძაფრად მსჭვალავთ ინგუშებს. აქ ის მთაა, რომელსაც ლეგენდის თანახმად, პრომეთე მიაჯაჭვეს. დღემდეა შემორჩენილი მითი, თითქოს საღამოობით პრომეთეს ჯაჭვების ხმა ისმის, რომელთაგან გათავისუფლებას იგი ამაოდ ცდილობს.

1905 წელს თავისუფლებისთვის მებრძოლმა მთიელებმა მაინც მიაღწიეს  დროებით დამოუკიდებლობას და თერგის ოლქში შევიდნენ როგორც ნაზრანის მხარე. მთიელთა ასსრ-ის დაშლის შემდეგ, 1924 წელს შეიქმნა ინგუშეთის ადმინისტრაციული ცენტრით ვლადიკავკაზი. 1938 წელს კი მიენიჭა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი.

მარიამ ბეჟიტაშვილი

ჟურნალი "ისტორიანი",

მარტის ნომერი