რატომ ვერ იხსნა "ტიტანიკი" ზუსტმა წინასწარმეტყველებამ?! - კვირის პალიტრა

რატომ ვერ იხსნა "ტიტანიკი" ზუსტმა წინასწარმეტყველებამ?!

1898 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ დროისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილმა მწერალმა მორგან ენდრიუ რობერტსონმა, რომელიც მცირე პროზით იყო გატაცებული (სავარაუდოდ, მასვე მიეწერება პერისკოპის გამოგონება), გამოსცა ნოველა „ამაოება“. მასში აღწერილი იყო უზარმაზარი ლაინერის პირველი და უკანასკნელი რეისი. გემს ერქვა „ტიტანი".

ნოველის მიხედვით ეს იყო ყველაზე დიდი ლაინერი, რომელიც კი აქამდე აშენებულა ადამიანთა ხელით. რობერტსონის „ტიტანი" წარმოადგენდა გემთმშენებლობის შედევრს უზარმაზარი გემბანებით, უმაღლესი კლასის კაიუტებით, ჩაუძირავსა და დაუმარცხებელს, თუმცა...

აპრილის ერთ ცივ საღამოს ატლანტის ოკეანეში ძალიან დიდი სიჩქარით, 25 კვანძით, მიცურავდა „ტიტანი". ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. გემის 3000 მგზავრიდან კატასტროფაზე არავინ ეჭვობდა. უეცრად ლაინერის პირდაპირ ნისლიდან აისბერგის კონტურები გამოიკვეთა. რამდენიმე წამიც და 45 000-ტონიანი „ტიტანი" ყინულის მთას შეეჯახა. სულ მალე ლაინერი ფსკერისკენ წავიდა.

მორგან რობერტსონის ეს ნოველა პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა და დავიწყებას მიეცა. თუმცა 14 წლის შემდეგ „ამაოება“ ერთგვარ მსოფლიო ბესტსელერად იქცა.

1911 წელს ბრიტანეთში კომპანია „უაით სთარმა“ დაასრულა ლაინერ „ტიტანიკის" მშენებლობა. იმ დროისთვის ეს იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი, უმაღლესი კლასის მდიდრული გემი. „ტიტანიკის" მშენებლობა 3 წელიწადს გრძელდებოდა. მისი სიგრძე 268 მეტრი იყო, მაქსიმალური სიჩქარე შეადგენდა 23 კვანძს. გემს ჰქონდა 3 მასიური სანავე ხრახნი. „ტიტანიკის" საერთო ხედიდან განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო 4 კვამლსადენი მილი (საინტერესოა, რომ მათგან მხოლოდ სამს ჰქონდა ფუნქციური დატვირთვა, მეოთხე ვიზუალური ეფექტის მოხდენის მიზნით დამონტაჟდა). ლაინერის 9 გემბანზე განლაგებული იყო 840 კაიუტა, მათგან 416 – I, 162 – II, 262 კი – III კლასის. მგზავრთა და ეკიპაჟის მაქსიმალური ტევადობა შეადგენდა 3547 კაცს.

უსაფრთხოებისათვის პროექტით გათვალისწინებული იყო გემზე 32 სამაშველო ნავის განთავსება, თუმცა „უაით სთარის"  ხელმძღვანელობის აზრით, ეს ზედმეტად გადატვირთავდა გემს. საბოლოო ჯამში კომპანიამ 20 სამაშველო ნავი განათავსა „ტიტანიკზე". საჭიროების შემთხვევაში მათ მხოლოდ 1178 კაცის გადარჩენა შეეძლო. გემის მშენებლობა დაჯდა 7,5 მლნ დოლარი. ამ ტიპის ლაინერის აგება დღესდღეობით დაახლოებით ნახევარი მილიარდი დაჯდებოდა. „ტიტანიკის“ პირველი კლასის ბილეთი ღირდა 870 გირვანქა სტერლინგი (თანამედროვე კურსით თითქმის 80 ათასი დოლარი).

1912 წლის 10 აპრილს, სამხრეთ ინგლისის საპორტო ქალაქ საუთჰემპტონიდან ისტორიულ რეისზე უნდა გასულიყო „ტიტანიკი“. ლაინერის გასაცილებლად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. გემთმშენებლობის შედევრით გაოცებული მნახველები ემოციებს ვერ მალავდნენ. თითოეული მათგანი ოცნებობდა ამ გემის მგზავრი ყოფილიყო. საზეიმო განწყობა სუფევდა თვით ლაინერზე. მგზავრები დაუვიწყარი ზღაპრული მოგზაურობის მოლოდინით ემშვიდობებოდნენ გამცილებლებს. საუთჰემპტონიდან გამოსული გემი ორჯერ შეჩერდა. შემდეგ კი ატლანტის ოკეანის უკიდეგანო სივრცეში გავიდა.

14 აპრილს გემი თითქმის მაქსიმალური სიჩქარით მიცურავდა. ნიუ-იორკამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. წყნარი და ცივი ღამე ჩამოწვა. ამ დღეს გემის კაპიტანმა ედვარდ სმიტმა გამაფრთხილებელი შეტყობინება მიიღო აისბერგების შესახებ. ლაინერზე სიმშვიდე სუფევდა. ნავახშმი მგზავრები რესტორნებს ტოვებდნენ, ზოგიც გემბანზე გამოსულიყო სასეირნოდ. 23:40 – ჰორიზონტის მაკონტროლებელ სპეციალურ კოშკურაზე მორიგეობდნენ ფრედ ფლიტი და რეჯინალდ ლი. ცვლა 20 წუთში მთავრდებოდა. საუთჰემპტონში დაშვებული შეცდომის გამო  მათ არ ჰქონდათ ჭოგრიტი. ფლიტი ჰორიზონტს არ წყვეტდა თვალს.

KvirisPalitra.Geუეცრად მან ზუსტად გემის პირდაპირ რაღაც სილუეტი შენიშნა. ობიექტი თანდათან იზრდებოდა. ღამის სიბნელიდან აისბერგის კონტურები გამოიკვეთა. უფრო ადრე მისი შემჩნევა ძალიან რთული იყო. ფლიტმა უმალვე სამჯერ დარეკა განგაშის ზარი და ტელეფონით შეატყობინა მართვის ცენტრს. პირველმა ოფიცერმა უილიამ მერდოკმა გადაწყვიტა აისბერგის გვერდის ავლის მანევრის დაწყება. ხრახნები გააჩერეს და უკანა სვლაზე გადაიყვანეს. ერთი შეხედვით მანევრი შედეგს იძლეოდა, თუმცა უკვე გვიანი იყო, აისბერგი ძალიან ახლოს იმყოფებოდა. რამდენიმე წამიც და „ტიტანიკი“ ყინულის მთას შეეჯახა.

აისბერგმა შეამტვრია გემის მარჯვენა კორპუსის წინა ნაწილი. წყალმა ლაინერში სწრაფი შედინება დაიწყო. მერდოკმა სასწრაფოდ დალუქა ყველა წყალგაუმტარი განყოფილება. ნელ-ნელა გემი გაჩერდა. „ტიტანიკის" არქიტექტორის თომას ენდრიუსის პროგნოზი საზარელი იყო: ლაინერს დაუზიანდა 5 წყალგაუმტარი განყოფილება. გემი წყლის ზედაპირზე დარჩებოდა იმ შემთხვევაში თუ 4 წყალგაუმტარი განყოფილება იქნებოდა დაზიანებული. ამ მომენტიდან, რაც უნდა მოემოქმედა კაპიტანს, „ტიტანიკი“ მაინც აუცილებლად ჩაიძირებოდა.

თავზარდაცემული ედვარდ სმიტი და ეკიპაჟის წევრები ხვდებოდნენ, რომ სულ მალე დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა. „ტიტანიკი“ ერთ საათში, მაქსიმუმ საათ-ნახევარში, ფსკერისკენ წავიდოდა. დროის სიმცირე, ოკეანის ყინულივით ცივი წყალი, არასაკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავები – ყოველივე ეს უმძიმეს სიტუაციას ქმნიდა. ვერც სპეციალური ტუმბოები გაუმკლავდებოდნენ კორპუსში შემომავალი წყლის დიდ ნაკადს. ტუმბოების ამუშავებას მხოლოდ უმნიშვნელო დროის მოგება თუ შეეძლო. რადისტებმა შOშ შეტყობინება გაგზავნეს, 5 წუთის ინტერვალებით ჰაერში უბედურების სასიგნალო რაკეტებს უშვებდნენ. ეს სიგნალები მრავალმა ხომალდმა დააფიქსირა, მაგრამ „ტიტანიკის“ ადგილსამყოფელის სიახლოვეს (დაახლოებით 93 კილომეტრში) მხოლოდ ლაინერი „კარპატია“ იმყოფებოდა.

„კარპატიამ" მაქსიმალური სიჩქარით აიღო კურსი „ტიტანიკისკენ", თუმცა ვეღარ ასწრებდა დროულად მისვლას (დაახლოებით 2 საათის დაგვიანებით მივიდა უბედურების ადგილზე). აღსანიშნავია, რომ „ტიტანიკის“ რეალური დახმარება, ყველა მგზავრის გადარჩენა, შეეძლო ლაინერ „კალიფორნიანს“, მაგრამ ერთადერთი რადისტი სირილ ევანსი, „ტიტანიკის“ აისბერგთან შეჯახებამდე 10 წუთით ადრე დასაძინებლად წავიდა, ამიტომ მას შOშ სიგნალი არ დაუფიქსირებია.

00:45 (შეჯახებიდან 65 წუთის შემდეგ) - „ტიტანიკიდან“ პირველი სამაშველო ნავი გაუშვეს. მასში 27 კაცი იჯდა (თუმცა 65-ზე იყო გათვლილი). პირველ რიგში ბავშვებისა და ქალების ევაკუაცია დაიწყო. იმ მომენტისთვის მგზავრთა უმრავლესობა არ ეჭვობდა მოსალოდნელ კატასტროფას.

KvirisPalitra.Geვერც კი წარმოედგინათ, თუ „ჩაუძირავ“ ლაინერს რაიმე სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა. თანდათან სიტუაცია მძიმდებოდა. „ტიტანიკის“ წინა ნაწილი სულ უფრო ღრმად ჩადიოდა წყალში. მცირე ხანში პანიკის პირველი ნიშნები გამოაშკარავდა. თანდათან ყველა მიხვდა, რომ გემი ჩაძირვას იწყებდა. 02:18 - „ტიტანიკის“ წინა ნაწილი მთლიანად წყალში მოექცა. ამან გამოიწვია გემის უკანა ნაწილის ჰაერში ამოსვლა, ლაინერი პრაქტიკულად ვერტიკალურად გაჩერდა. კონსტრუქციამ დისბალანსს ვერ გაუძლო და „ტიტანიკი“ შუაზე გადატყდა. ლაინერის წინა ნაწილი ფსკერისკენ წავიდა. დარჩენილი გემის ნახევარი ცოტა ხანს კიდევ გაჩერდა წყლის ზედაპირზე, შემდეგ კი ნელ-ნელა დაიწყო ჩაძირვა. კატასტროფის ბოლო წუთამდე „ტიტანიკის“ ორკესტრი ულამაზეს კომპოზიციებს ასრულებდა, თუმცა საშინელ პანიკაში მათი მუსიკა პრაქტიკულად აღარავის ესმოდა. ორკესტრის ბოლო კომპოზიცია იყო „შონგე დ‘აუტუმე“.

„ტიტანიკის“ 2228 მგზავრიდან 1523 დაიღუპა, მხოლოდ 705 კაცის გადარჩენა მოხერხდა. I კლასის მგზავრთა 60%, II კლასის  44%, III კლასის 25% და ეკიპაჟის 24% გადარჩა.

„ტიტანიკის“ ჩაძირვამ მთელი მსოფლიო შეძრა. თავზარდაცემული ხალხი მიუბრუნდა მორგან რობერტსონის 14 წლის წინ დავიწყებულ ნოველას. „ამაოების" თითოეული გვერდი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა...

„ტიტანიკის“ დაღუპვის ერთგვარი წინასწარმეტყველებანი უკავშირდება უილიამ თომას სტედსაც (ბრიტანელი ჟურნალისტი, მწერალი და პუბლიცისტი, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი). 1886 წელს „პელ-მელ გაზეთში“ მან გამოაქვეყნა ერთი შეხედვით უცნაური სტატია. სტედი აღწერდა ატლანტის ოკეანეში აისბერგთან შეჯახების შედეგად მეგალაინერის ჩაძირვას. ავტორის მიზანი იყო გემთმშენებლების გაფრთხილება. სტედის თქმით, აუცილებელი იყო გემზე უსაფრთხოების ყველა ზომის მიღება. ავტორი ხაზს უსვამდა, რომ კატასტროფა შეიძლება მომხდარიყო და ლაინერებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ საკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავები. 1892 წელს სტედმა დაახლოებით მსგავსი სტატია გამოაქვეყნა ჟურნალ „რევიუ ოფ რევიუში“. ამ პუბლიკაციაშიც მან აღწერა გემის აისბერგთან შეჯახება და დაღუპვა ატლანტის ოკეანეში. კატასტროფას ერთადერთი კაცი გადაურჩა. იგი იხსნა ლაინერმა „მაჯესტიკმა“ (საინტერესოა, რომ იმ დროს ამ სახელწოდების გემი მართლაც არსებობდა, მისი კაპიტანი იყო ედვარდ სმიტი, მომავალში „ტიტანიკის‘‘ კაპიტანი).

1912 წელს უილიამ სტედმა ამერიკაში გამგზავრება გადაწყვიტა. მან „ტიტანიკის“ ბილეთი იყიდა. გამგზავრებამდე რამდენიმე ხნით ადრე ირლანდიელი გრაფი, ასტროლოგი,  ლეის ჰამონი (ნამდვილი სახელი: უილიამ ჯონ უორნერი) აფრთხილებდა სტედს, არ გამგზავრებულიყო იმ წლის აპრილში. პარაფსიქოლოგი დე კერლორი ასევე არ ურჩევდა გამგზავრებას სტედს. რამდენიმე თვეში პასტორი სტოქტონიდან, არქიდიაკონი კოლიც ურჩევდა სტედს თავი შეეკავებინა მგზავრობისგან. მან არ გაითვალისწინა გაფრთხილებები და „ტიტანიკის“ კატასტროფის მსხვერპლთა შორის აღმოჩნდა.

კატასტროფის შემდეგ სამეცნიერო საზოგადოებამ სერიოზულად დაიწყო „ტიტანიკის“ ჩაძირვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა. ერთ-ერთი ფუნდამენტური გამოკვლევა აწარმოვა იან სტივენსონმა, ვირჯინიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის განყოფილებიდან. მეცნიერმა დეტალებში წარმოაჩინა მსგავსება მორგან რობერტსონის „ტიტანსა‘‘ და „ტიტანიკს“ შორის.

საინტერესოა, რომ „ტიტანიკის“ გამგზავრებას თავის პირველ და უკანასკნელ რეისში წინ უძღოდა მრავალი ადამიანის წინათგრძნობა მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ. ათეულობით პიროვნებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახით იწინასწარმეტყველა ლაინერის დაღუპვა. მიუხედავად ამისა, ტრაგედიის აცილება ვერ მოხერხდა.

დღეისათვის დადგენილია, რომ „ტიტანიკის“ კატასტროფა სამმა ფაქტორმა განაპირობა: 1. კონსტრუქციის მშენებლობის დროს დაშვებული იყო შეცდომა გემის კორპუსის მოქლონვისას. ლაინერის წინა ნაწილში ჭანჭიკები ჯეროვნად არ იყო დამაგრებული, რაც ამცირებდა კონსტრუქციის გამძლეობას. ექსტრემალურ სიტუაციაში ასეთი მოქლონვა ვერ გაუძლებდა დიდ დატვირთვას. 2. შეცდომა ეკიპაჟის მხრიდან – მიუხედავად გაფრთხილებებისა აისბერგების შესახებ, საბედისწერო ღამეს „ტიტანიკი“ პრაქტიკულად მაქსიმალური სიჩქარით მიცურავდა. 3. ტრაგედია დაამძიმა არასაკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავებმა. „ტიტანიკის“ მგზავრთა გადარჩენის ყველაზე რეალური შანსი ჰქონდა ლაინერ „კალიფორნიანს“, მაგრამ ეს არ მოხდა.

მართალია რადისტს ეძინა და SOS სიგნალი არ მიუღია, მაგრამ დაახლოებით 00:30-ზე მეორე ოფიცერმა სტოუნმა სამხრეთით შენიშნა სასიგნალო რაკეტები. გემი „კალიფორნიანი“ შეეცადა მორზეს ანბანით დაკავშირებოდა უცნობ ხომალდს, თუმცა უშედეგოდ. გააღვიძეს კაპიტანი სტენლი ლორდი. მან ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოითხოვა, თუ უცნობი გემი უფრო ახლოს მოვიდოდა. სტოუნი ახალბედა მეზღვაურ გიბსონთან ერთად აგრძელებდა სასიგნალო რაკეტების ყურებას. ცხადია „ტიტანიკი“ უფრო ახლოს ვერ მივიდოდა. 02:00-ზე გემი თითქოს უფრო დაშორდა „კალიფორნიანს“, 20 წუთის შემდეგ კი სტოუნი და გიბსონი ჰორიზონტზე ვეღარაფერს ამჩნევდნენ.

საყურადღებოა, რომ ატლანტის ოკეანის დაახლოებით იმ რაიონში, სადაც ჩაიძირა გამოგონილი „ტიტანი“, შემდეგ კი რეალური „ტიტანიკი“, 1932 წელს გემი „ტიტანიანი“ სასწაულებრივად გადაურჩა აისბერგთან შეჯახებას.

1985 წელს „ტიტანიკის“ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. ფრანგულ-ამერიკულმა სამეცნიერო ექსპედიციამ ატლანტის ოკეანის ფსკერზე ჩაძირული „ტიტანიკი“ აღმოაჩინა. გემი მდებარეობდა ნიუფაუნდლენდის სამხრეთ-აღმოსავლეთით 800 კილომეტრის დაშორებით, 3810 მეტრის სიღრმეზე.

2012 წელს 15 აპრილს, „ტიტანიკის“ ჩაძირვიდან 100 წელი შესრულდება.

მიხეილ ბარნოვი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”