სვანეთი ვერ შეელია მაჰარბის... - კვირის პალიტრა

სვანეთი ვერ შეელია მაჰარბის...

1966 წელს სვანეთის გზაზე ტრაგედია დატრიალდა, - სამეგრელოში მიმავალი ცნობილი ლოტბარი და ლეგენდარული მოცეკვავე მაჰარბი გურგულიანი ავტომობილით ენგურში გადავარდა. ცხედარი ვერ იპოვეს, მხოლოდ ფეხი...

გახუნებულ შავ-თეთრ ფოტოზე აღბეჭდილია კადრი, სადაც ლოტბარის ხსოვნას მისი დაარსებული ანსამბლი საფლავთან მიაგებს პატივს. საფლავში მხოლოდ ფეხი ასვენია.

მაჰარბი 38 წლისა დაიღუპა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე  უბის წიგნაკში ჩაუწერია:  "ბევრს ეწყინება, ბევრი მიტირებს, და ეს იქნება ჩემი ნუგეში, ჩემი სახელი მოსაგონარი, დიდხანს იქნება ხალხის უბეში".

მისმა სიკვდილმა შეძრა სრულიად საქართველო და განსაკუთრებით ხელოვნების სამყარო, სადაც მაჰარბი გურგულიანს იცნობდნენ არა მარტო  როგორც დიდებულ მომღერალსა და მოცეკვავეს, არამედ როგორც უძველესი სვანური სიმღერებისა და ცეკვების გადამრჩენელს.

ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი დავით ცინცაძე: "მაჰარბიზე ცნობების შესაკრებად 2007 წლის ზაფხულში ეთნოლოგ მადონა ჩამგელიანთან ერთად ზემო სვანეთში, ლატალის თემში ექსპედიცია მოვაწყვეთ.

KvirisPalitra.Ge1937 წელს მოსკოვში საქართველოს კულტურის დეკადაზე ცხრა წლის ბიჭს მაყურებელი აღუფრთოვანებია, როცა მომღერალ-მოცეკვავის, გრამიტონ ივეჩიანის მხრებზე დამდგარს უცეკვია ცერული. სვანეთში დღესაც იხსენებენ, რომ მაჰარბის დედის მხარეს, გირგვლიანების ოჯახში ისეთი ფერხული იცოდნენ, როგორსაც სცენაზე ვერ ნახავდითო.

14 წლის  მაჰარბი გურგულიანი გუნდის ხელმძღვანელ პლატონ დადვანს თავის ანსამბლში მიუწვევია. მალე მაჰარბი თვითონ გამხდარა სარაიონო ანსამბლის ლოტბარი და ქორეოგრაფი. ერთ-ერთ ფესტივალზე  გურგულიანის ცეკვით აღფრთოვანებულ ილიკო სუხიშვილს პლატონ დადვანისთვის უთხოვია, იქნებ მაჰარბი  თბილისში წავიყვანოო, მაგრამ  დადვანი არ დათანხმებულა, სვანეთი ვერ შეელევა მაჰარბისო.

1960 წელს 60 ლატალელის მონაწილეობით დააარსა ანსამბლი "ლატალი", რომელიც საქართველოში ჩატარებულ თითქმის ყველა ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილს იკავებდა. მომღერლები იხსენებენ, რეპეტიციის დროს ხმის ამოღებისაც გვეშინოდაო. მაჰარბის დაწესებული ჰქონია ორიგინალური ჯარიმებიც - ვინც რეპეტიციას გააცდენდა, მას მთელი ანსამბლი სახლში ესტუმრებოდა, თავად კი რომელიმე გაჭირვებულ ოჯახს უნდა დახმარებოდა.

ერთხელ, ანსამბლის თბილისში ყოფნისას, კონცერტის შემდეგ სხვადასხვა კოლექტივს ვაკის პარკში უნდა გადაეღო საერთო ფოტოსურათი. კამათი დაუწყიათ, ვინ უკეთ ასრულებდა ცერულს. მაშინდელი "პიშჩევიკების" (ლოკომოტივი) სტადიონზე წასულან და შეჯიბრებიან ერთმანეთს. პირველობის მსურველი ათი კაცი ყოფილა და მათგან სამი მესტიის გუნდიდან, ერთ-ერთი - მაჰარბი, რომელსაც ცერებზე შემდგარს სტადიონისთვის წრე დაურტყამს და გაუმარჯვია.

შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავის აღსანიშნავად მესტიაში კონცერტი გაიმართა. ლატალის მომღერალთა გუნდის გამოსვლის შემდეგ მაჰარბიმ იმღერა შაირი "ბიმურზელა მესტიაში", რომელიც ცეკვით დაამთავრა. თურმე ტაში არ ცხრებოდა და ხალხი გამეორებას ითხოვდა. იმ დღეს მაჰარბის ერთი და იგივე ცეკვა ხუთჯერ შეუსრულებია.

მაჰარბის დეიდაშვილს ოთხი ქალიშვილის შემდეგ ვაჟი რომ შეეძინა, გახარებულ მაჰარბის მეორე სოფლამდე ცერებზე შემდგარს უვლია.

დადიოდა სოფლებში, კრებდა და სწავლობდა ძველ სიმღერებს. ერთ-ერთ რეპეტიციაზე დანანებით უთქვამს, ძველი სვანური ცეკვა, ქალთა "ქუსლური" დაიკარგაო. ჩემმა მეზობელმა იცის ეს ცეკვაო, - უთქვამს ანსამბლის ერთ-ერთ წევრს. მაჰარბის სასწრაფოდ მოუძებნია ის მოხუცი ქალი. მთელი დღე ცეკვავდა თურმე მასთან ერთად და სწავლობდა ამ უძველეს ცეკვას, მაგრამ მისი დადგმა ვეღარ მოუსწრია და "ქუსლურიც" დაკარგულა.

ტრაგიკულად დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, ზუგდიდში "ლატალის" კონცერტი უნდა ჩატარებულიყო. სვან მომღერლებს კოკისპირული წვიმის გამო დარბაზი ცარიელი დახვდათ. მაჰარბი დამდგარა წვიმაში და "ოო ლილე ოო!" დაუწყია სიმღერა, ცოტა ხანში მთელი ანსამბლი ამოსდგომია გვერდში და იქაურობაც ხალხით გავსებულა.

"ლატალმა" მაჰარბის ხელმძღვანელობის პერიოდში ყველაზე დიდი ჯილდო - სახალხო ანსამბლის წოდება მიიღო.

ლექსებსაც წერდა, უმეტესად სიყვარულზე. ილიკო სუხიშვილს მეორედაც რომ უცდია მისი თბილისში გადაყვანა, ამჯერად მაჰარბის უთქვამს უარი - თავისი ანსამბლის წევრი, სონია ფარჯიანი უყვარდა, რომელთანაც იქორწინა და ორი შვილი შეეძინა. მეორე შვილის დაბადებას მაჰარბი ვერ მოესწრო - მამის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთ კვირაში დაიბადა მერაბ გურგულიანი. სვანეთში დღემდე იხსენებენ მაჰარბის და უამრავ სიმღერასა და ლექსს უძღვნიან. მისი ანსამბლიც დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას.