"თურმე, სიკვდილი არ ყოფილა ყველაზე უარესი განაჩენი!"
28-09-2009


აფხაზეთისა და თბილისის მიწაში ცალ-ცალკე დამარხული სხეულის ნაწილები შეერთებას ითხოვს!

ომი ომია - შემზარავი, სასტიკი, დაუნდობელი. მისი თანამდევი - სისხლის ღვრა, რბევა, სიკვდილი, ცრემლი და ვაება. ამას თითქმის შევეჩვიეთ... მაგრამ რაც შვილმკვდარმა ქალბატონმა ნაირა გერგედავამ გვიამბო, შეგვძრა. ბოდიშს ვუხდით მკითხველს ამ საშინელი ფაქტების გამოქვეყნებისთვის, თუმცა შემაძრწუნებელი ამბის ყველაზე მძიმე ეპიზოდები მაინც ამოვიღეთ სტატიიდან.

- ომის დროს ისეთი ტანჯვა და წამება გამოვიარეთ, მოსასმენადაც ძნელია... სოხუმის მეორე საავადმყოფოში, სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი. ჩემი მეუღლე სამხედრო

ავტოკოლონებს ემსახურებოდა. ბოლო წუთამდე ქალაქის დატოვება არ გვიფიქრია. ჩვენი ვაჟის, ნუკრისა და ქალიშვილის, ნანას გაყვანა კი გვინდოდა სამშვიდობოს, მაგრამ ბავშვებმა არ მიგვატოვეს. სიმართლე გითხრათ, არც გვეგონა, სოხუმი თუ დაეცემოდა. შევარდნაძეც ხომ ბოლო წუთამდე გაიძახოდა, - სოხუმი არ დაეცემა, ნუ გეშინიათო. ასე რომ, საკუთარი თვალით ვუყურეთ
სოხუმის აღებას და უკანასკნელი იმედი როცა ამოგვეწურა, მხოლოდ მაშინ დავტოვეთ ქალაქი.

28 სექტემბერი იყო... მდინარე ენგურის მიმართულებით გავუდექით გზას. უკან ალმოდებული სოხუმი, ცეცხლს მიცემული მთავრობის სახლი მოჩანდა. რუსები, აფხაზები, კაზაკები, სომხები მოგვდევდნენ... არ ვიცი, რისი იმედი გვქონდა... ღამე იყო და დავიმალეთ. ვცდილობდით, მდინარე კოდორამდე მიგვეღწია. იქიდან მერხეულის მხარეს, სვანეთის გზაზე უნდა გადავსულიყავით, რაც იმ საღამოს ვერ შევძელით... მხოლოდ მეორე დღეს, 29 სექტემბერს მივუახლოვდით მდინარე კოდორს.
აფხაზები ახლომახლო მიდი-მოდიოდნენ. ვცდილობდით, არ დავნახვებოდით, მაგრამ მაინც შეგვნიშნეს, სროლა ატეხეს, დაგვედევნენ. მაინც გადმოვლახეთ მდინარე. დედაჩემი ფეხზე ვეღარ იდგა და ჩემმა 17 წლის ვაჟმა, ნუკრიმ მხარზე  შემოისვა. ნუკრი ასაკის მიუხედავად ძლიერი, მხარბეჭიანი ბიჭი იყო. მან გადმოიყვანა მწერალ მურმან ხურცილავას ხანდაზმული დედაც მდინარის მეორე მხარეს. თუმცა, მდევარმა სოფელ კინდღთან მაინც დაგვიჭირა და... ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების 18-დღიანი ტყვეობის უმძიმესი ხანა.
იმ დღეს, კინდღამდე 60-მა კაცმა მივაღწიეთ. თუმცა, გზაში ქალიშვილი დავკარგე...  ჩემს მეუღლეს მოუსწრია და ნანა ქაოსისა და არეულობის დროს მხედრიონელების ტანკში ჩაუსვამს იმ იმედით, რომ სამშვიდობოს გააღწევდა. ჩემს ქმარს ნუკრის ჩასმაც უნდოდა ტანკში, მაგრამ ნუკრის უთქვამს, - ბებო ჩემ გარეშე სიარულს ვერ შეძლებსო. მოკლედ, მე დედა ვერ მივატოვე, ჩემმა შვილმა მე ვერ მიმატოვა და ასე აღმოვჩნდით ტყვეობაში... კინდღის  ჩაის ფაბრიკასთან ისეთი სროლა ატყდა, რომ ვინ სად გარბოდა, კაცი ვერ გაიგებდა.
- ჩაგვბარდით! - ქართულად დაგვიძახეს აფხაზებმა.   
- ნე სტრელიატე, მი სვაი!.. - ჩემმა შვილმა რუსულად უპასუხა.
ამ დროს სხვა დევნილებთან ერთად ჩემი მეუღლე და დედაჩემი აიყვანეს.
ნუკრი მეუბნებოდა, - დედა, ჩვენც ჩავბარდეთ აფხაზებს, თორემ მამას მოკლავენო. - არა-მეთქი, ვეუბნებოდი და გულში ვიკრავდი... ამ დროს ჩემს მეუღლეს აფხაზებისთვის უთქვამს, - ყველაფერს მოგცემთ, ოქროს, ბრილიანტს, ფულს, სიცოცხლესაც კი, ოღონდ შვილს ნუ მომიკლავთო. დასთანხმებიან, ოღონდ შენს შვილს მანამდე დაუძახე, ვიდრე ჩვენ ვიპოვითო და ვალერიმაც საზარელი ხმით დაიყვირა: - ნუკრიი!..
მოულოდნელად ბიჭი ხელიდან გამისხლტა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაიძახა: - აქ ვარ, მამა! დავინახე, როგორ დაატყვევეს. ჩემმა მეუღლემ მითხრა, - რაც გაგაჩნია, ჩააბარე და ნუკრის არ მოკლავენო. მოვიხსენი ტანსაცმელში გამოკრული ოქრო, ბრილიანტი, დოლარები, რუსული რუბლი...
ბიჭს ტანზე გახადეს და ძონძები მიუგდეს. მერე სადღაც გაიყვანეს... ავტეხე კივილი, - შვილო, ნუკრი, სადა ხარ-მეთქი. ამ დროს ვიღაც თმაში მწვდა და  თავი კედელს მიმახეთქებინა. იქვე კოცონი ენთო, რომელზეც ქართველების ტანისამოსი იწვოდა, ეზო მკვდრებით იყო მოფენილი... შენობაში შემიყვანეს, დავინახე 30-მდე  ტყვე იქვე იჯდა, დედაჩემი კუთხეში მიყუჟულიყო, ჩემს მეუღლეს სახე ჰქონდა დასისხლიანებული. ნუკრი ცალკე ოთახში ჰყავდათ მიწაზე გართხმული. ეს ყველაფერი ოდნავ შეღებული კარიდან დავინახე და შესვლა დავაპირე, მაგრამ იქ მყოფმა რუსმა კარი მოკეტა და ჩემი ოთხი თითიც შიგ მოიყოლია...
ძირითადად, "დაქირავებულები" და რუსები გვისწორდებოდნენ. არ დამავიწყდება ერთი ქერა ქალის სახე, რომელიც მეუბნებოდა, - შვილი ახლახან მომიკლესო და სასოწარკვეთილი ხელს იშვერდა, სადღაც იქ უნდა იყოს მისი ცხედარიო. 17 წლის ბიჭი მოუკლეს, კობა აბულაძე... აგრესიას უფრო ახალგაზრდების მიმართ ამჟღავნებდნენ, გვეუბნებოდნენ, ქართველებს წამებაში უნდა ამოგხდეთ სულიო.
მერე ყველა ტყვე ისევ ერთად შეგვკრიბეს და მიწაზე დაგვყარეს, ჩემი შვილი გვერდით მყავდა.
ამ დროს  მეზობლის გოგონები შემოიყვანეს. ერთმა მამაკაცმა უბრძანა, - ახლავე გაიხადეთო. ქართულად ლაპარაკობდა, შიგადაშიგ მეგრულს ურევდა. გოგონების მშობლებიც იქვე იყვნენ და იმ არაკაცს ეხვეწებოდნენ, ჩვენს შვილებს ხელს ნუ ახლებ, ქართულიც გცოდნია და იქნებ დაგვინდოო. - ქართული კი ვიცი, მაგრამ ქართველი  კი არა ვარო! - იუარა. ტირილ-ტირილით გაიხადა ერთ-ერთმა გოგომ, ჯერ უბრძანეს, შიშველს ეცეკვა, მერე დედ-მამის თვალწინ გააუპატიურეს. მეორესაც იგივე ბედი ეწია. ნუკრიმ მიმიხუტა და ყურში ჩამჩურჩულა, - არ უყუროო... მერე გარეთ გაგვიყვანეს. გასასვლელთან უამრავი გვამი ეყარა. ის შვილმოკლული ქერა ქალი ერთ წერტილს გაშტერებული უყურებდა და ისე მოდიოდა. გვთხოვა, - აქ სადღაც ჩემი შვილის ცხედარი უნდა იყოს და არ დამანახვოთო. მართლაც ვიცანით მისი შვილი, ცალ მხარეს ავეფარეთ საცოდავ ქალს და ისე გამოვატარეთ. ცენტრალურ გზაზე გაგვიყვანეს. დასისხლიანებულებმა, შემოკონკილებმა გავაგრძელეთ გზა. რუსი ჟურნალისტი მოგვყვებოდა ვიდეოკამერით და ყველაფერს იღებდა. მივუბრუნდი და ვთხოვე: "ია დოჩკუ პატერიალა, პამაგი ბრატ, ესლი მოჟეშ!""ტებე დვა პულია პამოჟეტ!" - მოკლედ მომიჭრა "ჟურნალისტმა".
30 სექტემბრის დასაწვავი დღეც გათენდა. ჩემი შვილი თითქოს ავმა წინათგრძნობამ შეიპყრო, მითხრა, - დედა, ტანში ისეთ სიცივეს ვგრძნობ, გული მეუბნება, აქედან ვერ გავაღწევო. ეს სიკვდილამდე 5 წუთით ადრე იყო... - რას ჰქვია, მოგკლავენ, შენ ვინ მოგკლავს, დედიკო-მეთქი! - შევუძახე... უეცრად სატვირთო მანქანა შეჩერდა, გადმოხტა აფხაზი, რომელმაც ჩემი მეუღლე იცნო: "და ტი შტო, ვალერა! ტი პროტივ ნას ვაევალ, შტო ლი?!" - ჰკითხა ჩემს მეუღლეს. იმედი მომეცა, იქნებ ამ კაცმა გვიშველოს-მეთქი. ამ დროს კი ვიღაც ჟღალწვერიანმა ნუკრის ცხვირ-პირში მუშტი ჩასცხო. ფეხებში ჩავუვარდი აფხაზს, ვუთხარი, - ძმაო, ეს ჩემი შვილია, არ მომიკლა-მეთქი, ამ დროს კი ტყვია გავარდა... ნუკრი ჩაიკეცა, იმ მხეცმა ავტომატის ჯერით 9 ტყვია კიდევ დაახალა. 40-მდე არაქართველი უყურებდა ყველაფერს, ყველა სამარისებურად დუმდა. თითოეულს მივაშტერე მზერა... რუსი ჟურნალისტი ისევ კამერით იღებდა ყველაფერს. გადმოვაბრუნე ჩემი შვილის სხეული, მომეჩვენა, რომ ისევ ცოცხალი იყო, ჩავკიოდი, - დედა, ისუნთქე! ნუკრი, ისუნთქე!
მის ტუჩებს ტუჩები შევახე, ვიგრძენი, უკანასკნელად როგორ ამოისუნთქა და... თავის ქალა ჰქონდა ახდილი და რომ გადმოვაბრუნე, ცხვირის ხრტილები დაუცვივდა. აღარ მახსოვს, საიდან მოვიგლიჯე მარლის ნაჭერი, ხრტილები ავკრიფე და სასწრაფოდ გავახვიე... მერე ჩემი შვილის მკვლელს შევევედრე, - სტრელიაი ვ მენია ტოჟე, ბრატ, სტრელიაი! ჩემი შვილის მკვლელს "ბრატ" დავუძახე. მანაც დამიმიზნა ავტომატი და წამიერად ჩამიქროლა ტყვიამ წუილით. "არა, არ მოგკლავ, ბოლო წუთამდე სული ამ ტანჯვით უნდა ამოგხდეს!" - მკვლელი ამ სიტყვებით მომიახლოვდა, ჩემი შვილის თავის ქალაზე თავი დამადებინა, "ბატინკიანი" ფეხი დამაჭირა და პირი გამაღებინა, ცხედრის თავიდან ავტომატის "შტიკ-ნოჟით" თვალი ამოიღო და პირში ჩამიდო, - გადაყლაპეო! მერე აღარაფერი მახსოვს... ნახევრად შეშლილი დედა ვარ! ჩემი შვილის სიკვდილიდან ათიოდე წუთში ბედნიერიც კი ვიყავი იმით, რომ ჩემი ნუკრი ცოცხალი აღარ იყო! ის იქ დატრიალებულ უბედურებას აღარ უყურებდა! თურმე, სიკვდილი არ ყოფილა ყველაზე უარესი განაჩენი! გონს რომ მოვედი, ჩემი ქმარიც ნაცემი და გონებადაკარგული, ნუკრის ცხედრის გვერდით ეგდო.
მე  ისევ შვილს დავტრიალებდი. ჭკუიდან სანახევროდ შეშლილი სხეულიდან სისხლს ვწმენდდი და სახეზე ვისვამდი... ამ დროს თვალწინ მარიამ ღვთისმშობელი მედგა, რომელიც  თავისი ნატანჯი შვილის სხეულს ასუფთავებდა... ჩემივე ხელით გავთხარე სამარე 15-ოდე სანტიმეტრის სიღრმეზე. შვილის ცხედარი ჩავფალი, მაგრამ იმხელა სხეული მიწით ბოლომდე ვეღარ დავფარე. ჭადრის ფოთლები დავაყარე და საიდანღაც მოთრეული მანქანის დისკი დავადე. მერე იქვე, შუა გზაზე გავწექი, გამვლელ-გამომვლელს ვთხოვდი, მომკალით, ამ ტანჯვისგან გამათავისუფლეთ-მეთქი, მაგრამ საშველი არ იყო. პირიქით, ხელი დამავლეს და გზის პირას ჭასთან მიმათრიეს, წყალში ჩამახედეს, სადაც საკუთარი სახის ანარეკლი დავინახე... მითხრეს, ახლა ნახავ, ქართველები რა აკრობატულ ნომრებს შეასრულებენო... ჩემ თვალწინ დაახლოებით შვიდი ახალგაზრდა, ერთი კი მოხუცებული ჩააგდეს ამ ჭაში, მათი შეკივლების ხმა მესმოდა... ჩააგდებდნენ და ჩამახედებდნენ... მერე კი რაღაც ტანკი თუ ბე-ტე-ერი დააჯახეს ამ ჭას და ნანგრევებმა წყლის ზედაპირი გადაფარა. მე, სიკვდილმონატრებული კი ისევ იქვე მიმაგდეს.
მერე გადარჩენილი ტყვეები რომელიღაც შენობაში შეგვყარეს ერთად, სადაც დიდხანს ვიყავით გამოკეტილები. შვილის სიკვდილი არ მაკმარეს და ფიზიკურად დამიწყეს წამება. მავთულით ჭერზე რაღაც რკინის ღერძზე ჩამომკიდეს, ფეხებში ცეცხლი შემინთეს... ის იყო ფეხები დამეტრუსა, დაძონძილ ტანსაცმელზე ცეცხლი მომედო და ცოცხლად უნდა დავმწვარიყავი, ვიღაცამ თქვა, - იქნებ ვინმემ მასში ფული გადაიხადოსო და... ესროლეს ტყვია იმ რკინის ღერძს, სადაც მავთულით ვიყავი მიბმული. ბოლოს წყვდიადით მოცულ ოთახში სხვა ნაწამებ ტყვეებთან ერთად შემაგდეს და  განაცხადეს, ხვალ ამათში ფულს თუ არავინ გადაიხდის, ყველანი ერთად გამოვწვათო. იმ ღამით ჩემმა მეუღლემ თქვა, როგორღაც აქედან უნდა გავაღწიოთო.
- ჩვენს სიცოცხლეს რა აზრი აქვს-მეთქი, - ამოვიკვნესე...
- იქნებ ჩვენი გოგო მაინც იყოს ცოცხალიო! - მიპასუხა...  
არ ვიცი, რა ძალა მიეცა ამ ნაწამებ კაცს, რომ ფანჯრის გისოსების გადაგრეხა დაიწყო... მოკლედ, გამოპარვა შევძელით...
ტყვეობიდან თავდახსნილები ისევ გზაზე მივდიოდით. არ ვიცი, ძალა გვემატებოდა თუ რა იყო... ნახევრად დამწვარი, შიშველი ფეხებით წინ მივიწევდით და ჩავაღწიეთ ოჩამჩირემდე. იქ ადგილობრივმა მოსახლეობამ დაგვიჭირა, ქალებმაც კი გვცემეს. სამხედრო  შტაბთან მივედი, დამწვარი ტანკი დავინახე. ვთქვი, - შეიძლება ჩემი გოგო რომ იჯდა, ეს ის ტანკია-მეთქი! დავუწყე თავის ხეთქება. მიცნეს აფხაზებმა და დამცინეს, - ახლა მოვა სოხუმი-თბილისის "იკარუსი" და ინგირამდე მიგიყვანსო... ერთ-ერთმა მათგანმა  დამიცვა, - ცოცხალ-მკვდარია ქალი და რა ეხუმრებაო. მოკლედ, იჩხუბეს. გზა გადავჭერით და თაგილონამდე მივაღწიეთ. გალში წყალსა და ტალახში ძლივს მიმათრევდა ჩემი მეუღლე. რამ გადამარჩინა, არ ვიცი! თაგილონში აფხაზებმა ისევ დაგვიჭირეს. ერთ-ერთმა მიცნო, რადგანაც ის აღმოჩნდა, ვისაც თავიდან ფული, ოქრო და ბრილიანტი მივეცი. - სად არის შენი შვილიო? - მკითხა. დახვრიტეს-მეთქი, ვუპასუხე გამწარებულმა. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, ცხვირ-პირში ისევ ჩაარტყა იმ აფხაზმა  ჩემს მეუღლეს და მიაძახა, - მეტიც გეკუთვნითო. მოულოდნელად მეორე აფხაზმა შეაჩერა, - ამათ თავი დაანებე, აქ შენი "უჩასტკა" არ არისო. რომელიღაც ფარდულში ჩაგვკეტეს.
ღამით ერთი აფხაზი შემოვიდა, იკითხა, - საჭმელს ვინ გაგვიკეთებსო? - მე გაგიკეთებთო! - უთხრა დედაჩემმა და მათ გაჰყვა. ვიფიქრე, ცოცხალი აღარ დაბრუნდება-მეთქი, მაგრამ დაბრუნდა, თანაც საჭმელი ჩვენც შემოგვთავაზეს. აფხაზმა ჩემს ქმარს არაყი მიაწოდა და უთხრა, 30 სექტემბერს (ე.ი. ჩემი შვილის მკვლელობის დღეს) არძინბას დაბადების დღე იყო და მისი სადღეგრძელო დალიეო. ვალერიმ არ დალია. - ჭრილობებზე დაისხი მაინც! - ურჩია აფხაზმა და გავიდა... ცოტა ხანში  მეორე აფხაზიც შემოვიდა, თურმე ვიღაცებს ვალერი უცნიათ და სიგარეტი შემოუგზავნეს. აკანკალებული ხელით უკუღმა ჩაიდო პირში ანთებული სიგარეტი... 15-20 წუთის შემდეგ კარი კვლავ გაიღო და გვიბრძანეს, გამოდითო. - მოსაკლავად მიგყავართ? - იკითხა ვალერიმ. პასუხი არავის გაუცია. გარეთ რომ გავედით, აფხაზები დაქირავებულებთან და რუსებთან ფეხბურთს თამაშობდნენ, წამით შეჩერდნენ, გამოგვხედეს და არხეინად იკითხეს: "ეი, ნა რასტრელ შტო ლი?" ვინც გაგვიყვანა, მას არაფერი უპასუხია, ჩვენ კი ჩუმად გვითხრა, - აფხაზი ვარ, მაგრამ დედა ქართველი მყავს. იარაღი კი მიჭირავს, მაგრამ არავინ მომიკლავს. ახლა ინგირის ხიდზე გადაგიყვანთ, მდინარის გადალახვა მოგიწევთ, აქედან ტყვიებს გავისვრი იმის ნიშნად, რომ მეორე მხრიდან არ გესროლონ.
ასეც მოხდა. შევედით მდინარეში, რომელიც სამ შტოდ იყოფოდა. სროლა დაიწყეს, თუმცა  ჩვენმა გამცილებელმაც გაისროლა ნიშნად იმისა, რომ მეორე მხრიდან სროლა შეწყვეტილიყო. საკმაოდ ღრმა წყალი იყო, მუჭით მარლის ნაჭერში გახვეული შვილის ცხვირის ხრტილები მომქონდა და წყალს რომ არ წაერთმია, ხელი მაღლა მქონდა აწეული. თითქოს რაღაც ძალამ ამომაგდო წყლის ზედაპირზე და ბოლოს, მდინარის მეორე მხარეს ქვიშიან ნაპირზე აღმოვჩნდი. ასე გადავედით ზუგდიდის ტერიტორიაზე. მარლაში გამოკრული "უკანასკნელი სახსოვარი" 9 წელი მქონდა სახლში შენახული. რამდენჯერმე ვიფიქრე, - გავხსნი, დავხედავ, დავიტირებ-მეთქი... ერთხელაც, ოდნავ რომ შევხსენი, პაწია ბალახი დავინახე. ეტყობა, როცა მიწიდან ავკრიფე, ბალახიც მაშინ აჰყვა... ამის შემხედვარე ცუდად გავხდი. არ გავაფრინო-მეთქი, - გავიფიქრე და ცხვირსახოცი ისევ შევკარი. აფხაზეთის ომიდან 9 წლის შემდეგ ჩემი მეუღლეც გარდაიცვალა. თამაზ ნადარეიშვილი მოვიდა და მთხოვა, ეს ნაწილები საფლავში მეუღლისთვის ჩამეყოლებინა. მან დამიყოლია და დაკრძალვამდე მეუღლის პიჯაკის ჯიბეში ჩავდე ამდენი ხნის სათუთად შენახული ცხვირსახოცი...

- ახლა რა მდგომარეობაშია თქვენი შვილის საფლავი?
- როგორც უკვე გითხარით, ის კინდღში იყო დასაფლავებული. ისიც ხომ ვთქვი, ჩემს წამებას რუსი ჟურნალისტი იღებდა-მეთქი... რაღაც კადრები უჩვენებიათ რუსული არხებით შემდეგი კომენტარით: "ვოტ შტო ნატვორილი გრუზინი..." ე.ი. სიუჟეტი ისე "გააკეთეს", ვითომ მე აფხაზი დედა ვიყავი და ქართველებმა შვილი მომიკლეს. მოკლედ, ამ კადრების ნახვის შემდეგ ჩვენი სოხუმელი მეზობლები, აფხაზი მეგობრები ჩვენ შუამავლების მეშვეობით დაგვიკავშირდნენ.
გვირეკავდნენ და თავადაც ტიროდნენ, - ამ ბიჭს ხელი როგორ ახლესო?! ნუკრი სოხუმის რუსულენოვან, 134-ე საშუალო სკოლაში სწავლობდა. ჩემი თხოვნით მისმა აფხაზმა მეგობრებმა კინდღიდან გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეს სასაფლაოზე გადაასვენეს. 2005 წელს, ახლობელ აფხაზს თბილისიდან სოხუმში საფლავის ქვაც გავატანე. მანვე წაიღო ჩემი გამომცხვარი ხაჭაპურები, ნაკურთხი ღვინო, სიგარეტი "ქემელი" და "სნიკერსი", ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც ჩემს შვილს უყვარდა. აფხაზებმა ნუკრის საფლავზე გადაღებული კადრები მოგვაწოდეს, სადაც ისიც ჩანს, სიგარეტს როგორ უნთებენ, მისი ხსოვნის სადღეგრძელოს როგორ სვამენ, როგორ უვლიან საფლავს... ამ კადრებმა გული ამომიქაჩა... ეს არის ის, რაც დღეს მაცოცხლებს.

- ქართულ მხარეს თუ აქვს თქვენი წამების კადრები, სადაც თქვენი შვილის მკვლელობაცაა ასახული?

- თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ანზორ ბალუაშვილმა ეს კადრები ხელთ ანატოლი სობჩაკის მეშვეობით  ჩაიგდო, თუმცა მასალა გაასაიდუმლოეს. ბალუაშვილს ჩემზე უთქვამს, ეს რომ იმ ქალს აჩვენოთ, ჩათვალეთ, ხელში ჩაგაკვდებათო. სხვათა შორის, ჩვენივე თხოვნით, აფხაზებმა კიდევ ერთი ვიდეოკასეტა გამოგვიგზავნეს, სადაც ჩანს, ჩემი შვილი როგორი გახარებული გარბის მეზობლის ქორწილში... ჩემს ქმარს სწორედ ამ კადრების ნახვის შემდეგ გაუსკდა გული...

- რამდენადაც ვიცი, თქვენს ტრაგედიაზე ანდრეი ნეკრასოვი ფილმს ამზადებდა... იყო თუ არა ამ ფილმის პრეზენტაცია?
- ჯერ არ ყოფილა. ნეკრასოვი შარშან, 5 აგვისტოს მესტუმრა და ჩამწერა. 3 საათის განმავლობაში ვლაპარაკობდი. ჟურნალისტმა გამაფრთხილა, - მე მიყურე და ისე ილაპარაკეო. თვითონ მხოლოდ მისმენდა. ჩაწერა როცა დასრულდა, მითხრა, - სად არ ვყოფილვარ და მსგავსი ტრაგედია არსად მომისმენიაო. ოპერატორმა კი შესჩივლა, ამ გადაღებიდან ერთი კვირა ვერ ვიმუშავებ, კაცად აღარ ვვარგივარო... შესანიშნავი პიროვნება ანდრეი ნეკრასოვი დამპირდა, სულ მემახსოვრებით და არასდროს დაგკარგავთო... შარშან, 30 სექტემბერს, ჩემი შვილის სულის ხსენების დღეს, დამირეკა კიდეც და მომიკითხა... 2008 წლის აგვისტოში კი მისი ჩამოსვლიდან ორიოდე დღეში, ახალი ომი დაიწყო და ნეკრასოვი ახალი მასალების შეგროვებას შეუდგა...
რამდენადაც ვიცი, მან სააკაშვილს ვიდეოკასეტა გადასცა და ძალიან მაინტერესებს, იქ ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებული კადრები თუ არის. ნეკრასოვის განსაკუთრებული ინტერესი კი იმან გამოიწვია, რომ აფხაზები ჩემი შვილის საფლავს ასე უვლიან... რამდენადაც ვიცი, ფილმი რამდენიმე ენაზე უნდა იყოს ნათარგმნი.

- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აფხაზებისა და ოსებისთვის კარი ღია დატოვეთო... თქვენ კი ამხელა ტრაგედია გადაიტანეთ და როგორც ვხედავ, კარი მაინც ღია გაქვთ დატოვებული...
- როგორ შეიძლება, ჩემი შვილის მეგობრები არ მიყვარდეს... თანაც, ჩვენ იქ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთთან ნათესაობა გვაკავშირებდა, ერთმანეთის ნათელ-მირონები, რძლები ვიყავით... დედამთილი აფხაზი მყავდა! ერთმანეთს ჭირ-ვარამში გვერდით ვედექით. ახლაც, როცა ჩემი აფხაზი მეგობრებისა და ახლობლების ოჯახებში ვრეკავ, მეუბნებიან: "ტიოტია ნაირა, ეტა ტი? პოჟალუსტა ნე ლაჟი ტრუპკუ!" ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთისთვის კარი ღია გვაქვს დატოვებული...
იქნებ ჩვენმა ხელისუფლებამ ჩემისთანა გამწარებული დედები აფხაზებთან სალაპარაკოდ გამოიყენოს... განა ჩვენ, შვილმკვდარი დედები ერთმანეთს უკეთ არ გავუგებთ?! ეს იყო ომი... ომები კი სხვისი ქონების, მიწის, სიმდიდრის, გავლენისა და ძალაუფლების მომხვეჭელებს სჭირდებათ... ასეთ ომებს უბრალო ხალხი ეწირება. ქვეყნად სამართლიანობა ყოველთვის რომ იმარჯვებდეს, ომები საერთოდ აღარ იქნებოდა. პუტინი როცა ჩავიდა სოხუმში და აფხაზთა ხსოვნის მემორიალს პატივი მიაგო, იქ დაღუპული შვილების დედები ამაყად იდგნენ. მათ მინდა მივმართო, თუ თქვენი შვილები არიან გმირები, ჩემმა რა დააშავა?! ის რისთვის მომიკლეს?!  ნუკრი გერგედავას სხეულის ნაწილი აფხაზეთში დარჩა, ნაწილი მამასთან ერთად არის დაკრძალული და თითქოს შეერთებას ითხოვს. იქნებ ჩემი ტკივილი აფხაზეთის შვილმკვდარმა დედებმაც გაიზიარონ ისევე, როგორც მე - მათი... აი, ეს არის კარი, რომელიც ღია დავტოვეთ...
p.s. "ვეფხისა და მოყმის" ქვეყანაში დედები სხვების მკვდარ შვილებსაც დასტირიან... 2005 წლის 6 აპრილს, აღდგომის წინადღეს, ნუკრი გერგედავას ცხედარი აფხაზებმა სოფელ ვარჩეში გადაასვენეს... სადაც ალბათ კიდევ უამრავი ქართველისა და აფხაზის სისხლია დანთხეული... ამ შემთხვევაში ეროვნებას მართლაც არა აქვს მნიშვნელობა... მით უმეტეს, თუ სამართლიანობისა და ძმობის კარი ღია გვაქვს!..
tiko
12 თებერვალი 2010 13:44
სიტყვები არ მყოფნის. არ ვიცი რა ვთქვა (აქვს კი აზრი). ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ამ სტატიას რომ ვკითხულობდი ძალიან შემრცხვა საკუთარი თავის. მეც დავკარგე ახლობელი ადამიანი და საშინელ დღეში ვიყავი. სიცოცხლე არ მინდოდა. მაგრამ სიკვდილიცაა და სიკვდილიც... ეს შემაძრწუნებელი ფაქტია.
ძალიან ვწუხვარ. ღმერთმა გაგაძლიეროთ.
aleko
10 თებერვალი 2010 19:22
ძნელია ასეთი ისტორიის წაკითხვის შემდეგ ცრემლები შეიკავო. ახლა ამ კომენტარს ვწერ და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდის.თურმე სანამდე შეიძლება ადამიანის სისასტიკე და სიბოროტე მივიდეს. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე ქალბატონო ნაირა. ბევრი ვერ შეძლებდა ასეთი ტკივილს გადატანას, ამას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. ღმერთს ვთხოვ, რომ ქართველები და აფხაზები ისევ შეგაერთოს და შეგვარიგოს. ღმერთმა ქნას,რომ მალე თქვენი შვილის საფლავზე მიხვიდეთ და სანთელი დაუნთოთ. უფალმა აცხოვნოს ნუკრი და ის ვაჟკაცები, რომლებიც საქართველოს ერთიანობისა და სიყვარულისთვის დაიყუპნენ.
shorena
30 იანვარი 2010 17:57
ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო. დედა შენ კი დაკარგე ვაჟკაცი და გამოიტირე ,ჩვენ ემიგრანტები კი ცოცხლათ დაგვტირიან და დავტირივართ და ვინ იცის ქართული მიწაც კი არგვეგირსოს .

რედაქტორის რჩევით