იქ, ახალგორში, ერისთავების გული ფეთქავდა... - კვირის პალიტრა

იქ, ახალგორში, ერისთავების გული ფეთქავდა...

ახალგორი - იქ, სადაც ეს ფოტოა გადაღებული - დღეს ოკუპირებულია. არადა, ახალგორში, ერისთავების სასახლეში, საქართველოს გული ფეთქავდა, საქართველოს სული ყალიბდებოდა.

მართა ვაჩნაძე (ერისთავების ბიძაშვილი), შალვა და ნინა ერისთავები და ტასო ციციშვილი-ერისთავისა ახალგორის სასახლის დიდ კაბინეტში ფოტოს იღებენ... შალვა ერისთავი ჯერ სულ ყმაწვილია... თუმცა დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია... სადაცაა, ჩამორეკავს  განგაშის ზარი და გენერალ კვინიტაძის დავალების შესასრულებლად შალვაცა და მისი კბილა სხვა იუნკრებიც სიცოცხლეს დატოვებენ ტაბახმელაზე.

შალვა ერისთავი - იუნკერი, რომელმაც ეს გმირობა ჩაიდინა, 22 წლისა იყო. ახალგორელი კოლა ერისთავის ვაჟი თბილისელებისათვის კარგად ცნობილი პირველი ფეხბურთის მოთამაშე და მორბენალი გახლდათ. ლამაზ სხეულში ლამაზი სული ედგა. სულაც არ იყო გასაკვირი, რომ შალვა ერისთავი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. ოჯახში ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ, ამზადებდნენ, რომ სამშობლოსთვის სიცოცხლე ლაღად, დაუზარებლად დაეთმო.

ტაბახმელასთან დატრიალებული ტრაგედია მალევე გაუგია კოლა ერისთავს, ერთადერთი ვაჟის (მეორე ვაჟი დიდი ხნის გარდაცვლილი ჰყავდა) დაკარგვით თავზარდაცემულ მამას ბიჭები დასდგომიან გვერდით და დიდი გმირობისა და გამბედაობის ფასად წასულან ცხედრის გადმოსასვენებლად. ყველაფერი საიდუმლოდ ხდებოდა. კაცებს გაჰყოლია შალვა ერისთავის გულმოკლული და - თამარიც: ნება მომეცით, ჩემი ძმისთვის ეს მაინც გავაკეთოო. ცხედარი ტომრით გამოუპარებიათ.

შალვას დას, ნინას თავდავიწყებით უყვარდა აფხაზი სიმონ აშხაცავა. სწორედ ის სიმონი, რომელიც მომაკვდავი ნახა კოლა ერისთავმა, შინ წაიყვანა და გადაარჩინა. სიმონ აშხაცავას სახელი დღევანდელ ოკუპირებულ აფხაზეთში ერთ-ერთ მთავარ ქუჩას ჰქვია.

სიმონ აშხაცავა და ნინა ერისთავი დაქორწინდნენ და საცხოვრებლად წავიდნენ აფხაზეთში. სათუთად ნაზარდი ერისთავის ასული ჭლექით დაავადდა და 31 წლისა გარდაიცვალა.

ნინას ერთადერთი ვაჟი დარჩა, რომელსაც გმირულად დაღუპული იუნკერი ბიძის პატივსაცემად შალვა დაარქვეს.

ახალგორელი ერისთავების ოჯახში შეიძლება საქართველოს ბედის წაკითხვა... თუმცა ამჯერად ერისთავების ამბებზე აღარაფერს ვიტყვი და ისევ ფოტოს მივუბრუნდები.

ამ ფოტოზე ერთი საინტერესო დეტალია - თეჯირზე (შირმა), გადასაჭიმავ ტილოს ქართველი ქალები გულმოდგინედ ქარგავდნენ ხოლმე. თეჯირი ერისთავებს საგანგებოდ დაუდგამთ ისე, რომ ფოტოზე მცირე ნაწილი მაინც აღბეჭდილიყო იმისა, რაც ტილოზე იყო ამოქარგული: "იცოცხლე დიდხანს, ჩვენო ილია, შენით აქვს ქართველს დიდი გულია".

დედას, სავარაუდოდ, დიდი ილია  ჭავჭავაძის წიგნი უჭირავს ხელში.

იუნკერ შალვა ერისთავის ძმის, პატარაობაშივე გარდაცვლილი გიგუშას ნათლია ილია ჭავჭავაძე გახლდათ. როგორ ჰყვარებია ილიას მათთან სტუმრობა, კოლას მეუღლის - ტასო ციციშვილის ნახელავ სადილს ხშირად ნატრულობდა თურმე ერის მამა. მისი ნათელ-მირონიც ხომ გაუნათებდა სულს ერისთავების ოჯახში აღზრდილ ქალსა თუ ვაჟს.

ილიას ფასი კარგად იცოდნენ ერისთავებმა. მის სიტყვას უსმენდნენ და მისდევდნენ. კოლა ერისთავი ფულს ქართულ თეატრში დიდი სიამოვნებით აბანდებდა, იყო ქართული თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე. აკი ილია ამბობდა, ქართული თეატრის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანიაო... ილიაობაზეც ყველაფრის ორგანიზატორი ის გახლდათ.

ვინ იცის, კოლას ოჯახის ულამაზეს ქალებს რა რუდუნებით გამოჰყავდათ ყოველი ასო: "იცოცხლე დიდხანს, ჩვენო ილია"... შეიძლება ამაზე არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ იცოდნენ,  სანამ ილიას აზრი იცოცხლებდა, სანამ საქართველოს ჭირისუფლად ეყოლებოდნენ ისინი ან მათი შვილები და შვილიშვილები, ილია იცოცხლებდა.

ფოტო დაცულია თამარ აშხაცავას არქივში.