სცენაზეა - მუთაქა - კვირის პალიტრა

სცენაზეა - მუთაქა

გასული საუკუნის დასაწყისში, ქუთაისის ლიტერატურულ წრეებში ყველასაგან გამოირჩეოდა ერთი მოხუცი, როგორც გარეგნული იერით, ისე - ქცევით. წელში საგრძნობლად მოხრილი, ცალი ხელით შავ, დაკეცილ ქოლგას ეყრდნობოდა.

გრძელი, თეთრი თმით დაფარულ  თავზე შავი შლაპა ეხურა, ტანზეც ერთიანად შავით იყო მოსილი, მხოლოდ ყელზე შეამჩნევდით თეთრ, გახამებულ საყელოს, ამასაც იმ შემთხვევაში, ნიავი მკერდზე დაფენილ წვერს თუ აუფრიალებდა. ეს გახლდათ კირილე ლორთქიფანიძე - ცნობილი საზოგადო მოღვაწე. სამოციანელთა თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.

ბატონი კირილე განსაკუთრებული თავმდაბლობით გამოირჩეოდა, თანაც ისეთ დონემდე, რომ ხშირად საქმე კომიკურ ელფერს იღებდა.

ერთხელ საქველმოქმედო მიზნით გამართულ წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა. ილია ჭავჭავაძის პიესაში "გლეხთა განთავისუფლების პირველდროების სცენები" შუამავლის როლი შეასრულა. მეორე დღეს გაზეთ "დროებაში" დაიბეჭდა რეცენზია, სადაც ქებით იყო მოხსენიებული წარმოდგენის ყველა მონაწილე, გარდა ერთისა.

კირილე ლორთქიფანიძე ასრულებდა "პოსრედნიკის" როლს და ამას ისე აკეთებდა, მის ნაცვლად სცენაზე მუთაქა რომ დაედოთ, უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდაო - წერდა რეცენზიის ავტორი. საინტერესო აქ ის იყო, რომ სტატია დაიბეჭდა გაზეთში, რომლის რედაქტორიც კირილე ლორთქიფანიძე გახლდათ, რეცენზიის ავტორიც თავად იყო.

KvirisPalitra.Geფოტოგრაფის მსხვერპლი

მისი სურათის გადასაღებად დაყოლიება თითქმის შეუძლებელი იყო. აკაკის თხოვნაც კი არ ჭრიდა. თუმცა, რამდენიმე ფოტოს გადაღება მაინც მოხერხდა.

კირილე ლორთქიფანიძეს ქუთაისის ბულვარში გაზეთის საკითხავად სკამი ჰქონდა ამოჩემებული. იმ სკამს ქუთაისელები "კირილეს სკამს" ეძახდნენ. ჟურნალის კორესპონდენტი ოსკარ შმერლინგი სწორედ იქ დაუდარაჯდა და აპარატმომარჯვებული შორიახლოს ხეს ამოეფარა. გაშალა ბატონმა კირილემ გაზეთი და აპარატმაც გაიჩხაკუნა. მეორე სურათის გადაღებაც სცადა ფოტოგრაფმა, მაგრამ უკვე "დამწვარი" იყო, "მსხვერპლმა" მოასწრო და სახეზე ქოლგა აიფარა. სამწუხაროდ, ეს ფოტოები  არ შემორჩა ისტორიას.

კირილემ თვით აკაკისაც აჯობა

სიტყვამოსწრებულმა  ერთხელ თვით აკაკისაც კი აჯობა: რაკი წელში მოხრილი იყო და თავი დახრილი დაჰქონდა, მუდამ წელში გაშლილი და თავაწეული აკაკი გაეხუმრა, -ბიჭო კირილე, მიწაზე რა დაგეკარგა, რას ეძებო. - მე მიწაზე დავკარგე და ვეძებ იმას, რასაც შენ ცაში დაეძებ და ვერ გიპოვიაო, - უპასუხა კირილემ.

KvirisPalitra.Ge"ვეფხისა და მოყმის" სათავეებთან

პირაქეთა ხევსურეთის მკვიდრს, ბარისახოელ თათარას, პირიქითა ხევსურეთში, გუროელი ბათაკათ თორელი მოუკლავს. იმ დღიდან მოყოლებული მკვლელს ბევრი უტრიალეს თორელის სახლიკაცებმა სისხლის საზღვევად, მაგრამ ვერსად მოიხელთეს, თათარა ფრთხილობდა და ბევრჯერ გადაურჩა სიკვდილს.

ერთხელაც, თორელის სისხლით ნათესავმა საქორწინოდ გამზადებულმა, ბათაკათ იმედამ,  იფიქრა: საქორწინო ლუდი მოვხარშე, მაგრამ სირცხვილით ნეფედ როგორ დავჯდე, როცა ძმის სისხლი არ ამიღიაო. აიყოლია ასაკით მასზე უფროსი, პირიქითა ხევსურეთში ნავალი კაცი სანათაისძე და თორელის სისხლის ასაღებად ბარისახოში გადავიდა, თან მთელ ხევსურეთში განთქმული ბუჩასეული თოფი გაიყოლა. ბუჩასეულში ხირიმთან შედარებით, ორჯერ მეტი წამალი ეყრებოდა და ტყვიაც ორჯერ უფრო შორს მიჰქონდა.

მოსისხლეს სათიბებში ჩაუსაფრდნენ. იმ დროისთვის თათარაც ახალდაქორწინებული ყოფილა. თავადაც საქორწინოდ გამზადებულ იმედას ბოლო წუთებში შესცოდებია მოსისხლე, რისთვისაც სანათაისძეს შეურცხვენია ("კაცი ხარ ჯილაგიანი, მამკლავი ვერ მახკალია?!"). გაბრაზებულ იმედას დაუკრავს თოფი თათარასთვის და უკან გამობრუნებულა. სანათაისძეს კი ხევსურთა უძველესი წესი შეუსრულებია - მოკლულისთვის ხმლით სახე დაუსერავს.

ბარისახოელებს ბუჩასეულის გავარდნის ხმა რომ გაუგონიათ, მდევარი დაუწევიათ. ერთ-ერთს, აპარეკას იმედა სასიკვდილოდ დაუჭრია. სანათაისძეს  კი გამოუსწრია.

აქედან იწყება ამბავი, რომელსაც მხოლოდ ის დაიჯერებს, ვისაც სწამს, რომ ფოლკლორი ერის სულის ამოძახილია და მისი ცხოვრების ყველაზე პირუთვნელი მემატიანე.

ბარისახოელებს ორივე მკვდარი (დაჭრილ იმედას მალევე დაულევია სული) სოფელში ჩაუტანიათ და მოკლული თათარას კერაზე დაუსვენებიათ, სადაც თათარას ერთ-ერთმა დამ თავის ძმასთან ერთად მკვლელი იმედაც დაიტირა და მისი ვაჟკაცობა შეაქო, ხოლო სანათაისძე, რომელმაც მიცვალებული დაასახიჩრა, დაწყევლა.

შემდეგ იმედა ჭირისუფლებს გუროში წაუსვენებიათ. გუროელები ისე მოხიბლულან თათარას დის საქციელით, რომ, იმედას ქუდი გაუგზავნიათ ბარისახოში თათარას დისთვის, შეხვეწნით: იმედას ქუდით გეხვეწებით, გადმოდი და როგორც მანდ დაიტირე იმედა, ახლა აქ, გუროში დაიტირეო. თათარას და მართლაც ჩასულა გუროში.

მოგვიანებით, ხევსურებს წესი მაინც შეუსრულებიათ და მოუკლავთ იმედას მკვლელი აპარეკა, მრავალი წლის შემდეგ, უკვე ხანში შესული.

KvirisPalitra.Geამბავი შინმოუსვლელი ასმანეთიანისა

გამოჩენილი სომეხი პოეტი, ქართველი პოეტების დიდი მეგობარი, ოვანეს თუმანიანი რუსთაველის გამზირზე ტიციან ტაბიძეს შეხვედრია. ტიციანს შეწუხებული სახე ჰქონია. თუმანიანს უკითხავს - რა იყო, რამ დაგაღონა, თუ ფული გჭირდება, წამოდი ჩემთან, გასესხებო. გახარებული ტიციანი გაჰყოლია. შინ მისულ მასპინძელს გამოუღია ასმანეთიანებით სავსე მაგიდის უჯრა, აუღია ერთი ასმანეთიანი და მიუცია მეგობრისათვის, თანაც დაუყოლებია - იცოდე, მალე დამიბრუნეო.

ამ ამბის შემდეგ გასულა რამდენიმე თვე. მოვალე არ გამოჩენილა. ერთ დღესაც, იგივე სცენა განმეორდა რუსთაველზე - მოწყენილი ტიციანი და ხელგაშლილი თუმანიანი. ისევ გაჰყვა გუნებაზე მოსული პოეტი თავის მეგობარს შინ მორიგი ასმანეთიანის მისაღებად. ძველი ვალი არც უხსენებიათ. მივიდნენ. გამოაღო ოვანეს თუმანიანმა ნაცნობი მაგიდის უჯრა, გამოანათა ასმანეთიანებმა. შეყო შიგ ხელი  და დიდხანს აფათურა.

ბოლოს გამოაცხადა - არ არის ფულიო. როგორ თუ არ არის, უჯრა ასმანეთიანებითაა  სავსეო - აღმოხდა გაოცებულ ტიციანს. ეგ მართალია, მაგრამ იმ ასმანეთიანს ვეღარ ვპოულობ, ადრე რომ წაიღე, ჯერ არ დაბრუნებულა და რაც არ არის, რა უნდა მოგცეო.  ასე უწვალებია კარგა ხანს. ბოლოს, მაინც "ხასიათზე მოსული" ტიციანი გაუსტუმრებია შინ.

ლადო გოგუაძე