"კოლა ქვარიანი სტენლი კუბრიკის მეგობარი ყოფილა და იგი რამდენიმე დოკუმენტურსა თუ მხატვრულ ფილმშიც გადაუღია ცნობილ რეჟისორს" - კვირის პალიტრა

"კოლა ქვარიანი სტენლი კუბრიკის მეგობარი ყოფილა და იგი რამდენიმე დოკუმენტურსა თუ მხატვრულ ფილმშიც გადაუღია ცნობილ რეჟისორს"

სახელგანთქმული ამერიკელი რეჟისორისა და პროდიუსერის, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორი კინემატოგრაფის, სტენლი კუბრიკის შემოქმედებას ჩვენი მაყურებელი კარგად იცნობს გახმაურებული ფილმებით : "სპარტაკი", "ლოლიტა", "კოსმიური ოდისეა", "მექანიკური ფორთოხალი", "ნათება", "ფართოდ დახუჭული თვალები", მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენი თანამემამულე კოლა ქვარიანი სტენლი კუბრიკის  მეგობარი ყოფილა და ცნობილ რეჟისორს რამდენიმე დოკუმენტურსა თუ მხატვრულ ფილმშიც გადაუღია...

ქალბატონი რუსუდან დაუშვილი, რომელიც ემიგრანტების ცხოვრებას იკვლევს,  მეტად საინტერესო ქართველ ემიგრანტზე, კოლა ქვარიანზე გვესაუბრა...

- ქალბატონო რუსიკო, რა ინფორმაციის მოპოვება შეძელით კოლა ქავარიანზე, რომელზეც სამწუხაროდ საქართველოში თითქმის არაფერი იციან?

- კოლა ქვარიანის ბიოგრაფიას ემიგრაციაში კარგა ხანია ვიკვლევ. კვლევაში ძალიან დამეხმარა მისი მეგობრებისა და ნაცნობების - ცნობილი მსახიობის აკაკი ვასაძის, მწერალ აკაკი ბელიშვილის, ემიგრანტების - ალექსანდრე სულხანიშვილის, გივი კობახიძის, მერაბ კვიტაშვილისა და სხვათა მოგონებები.

წარმოშობით ლეჩხუმელი კოლა ქვარიანი დაიბადა 1900 წელს ქუთაისში, ვექილ ნესტორ ქვარიანის ოჯახში. ქუთაისშივე დაამთავრა გიმნაზია. აკაკი ვასაძე იხსენებდა მოწაფეობის წლებს და წერდა, რომ ის და კოლა მილერის სისტემით ვარჯიშმა ათლეტებად ჩამოაყალიბა. კოლამ პირველმა გადალახა რიონის რთული უბანი, რომელსაც მოგვიანებით "ქვარიანის ჩქერები" უწოდეს - აბანოს სახურავიდან რიონში თავით გადახტა.

1910 წელს "დიდტანოვანს" (ასე მას სკოლის მეგობარი მერაბ კვიტაშვილი უწოდებს),  დაუწყია ჭიდაობა. მალე კლასიკურ ჭიდაობაში დაოსტატდა და რამდენიმე გამარჯვებაც მოიპოვა. 1919 წელს დაქორწინდა სილამაზით განთქმულ წმ. ნინოს სასწავლებლის (ზავედენიე) კურსდამთავრებულ მარიკო ყუფარაძეზე, მაგრამ ბავშვი დაეღუპათ და მალევე დაშორდნენ.

- საქართველოდან როდის წავიდა?

- 1927 წელს კოლა მოსკოვში ჩავიდა, ივან პოდუბნიმ კოლა ამერიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანა და სახელიც მალე გაითქვა... ლონდონში შეხვდა გიმნაზიის მეგობარი, მერაბ კვიტაშვილი, რომელიც იქ 1919 წლიდან ცხოვრობდა. როცა ლონდონში კოლა ქვარიანის წაუქცეველი ფალავანი აღარ დარჩა, კანადაში მიიწვიეს, მაგრამ კანადელ მეტოქეებსაც იგივე ბედი ეწიათ. კოლამ დაამარცხა ცნობილი ფალავანები - ჟოზეფ ტოტა, მონდი ბერვიკი, ედი ლუისი და სხვ.

KvirisPalitra.Geერთხელ ღონიერ ქართველს სპილოც კი აუწევია... უძლეველმა და დაუმარცხებელმა ფალავანმა მთელ ევროპაში გაითქვა სახელი. გაზეთი "პარი სუარი" წერდა: "ჩვენი ნაციონალური მოჭიდავე ბ. დეგლანი წააქცია დათვისმაგვარმა უხეშმა ყაზახმა, ნიკოლოზ ქვარიანმა", რაზეც კოლას პროტესტის შემდეგ გაზეთს ბოდიში მოუხდია: "ქვარიანი ქართველია და არა ყაზახიო". პარიზელი ქართველები მოხიბლული იყვნენ კოლას ღირსებებით - თავმდაბლობით, სიკეთითა თუ სტუმართმოყვარეობით.

1940-იან წლებში სარბიელს ჩამოშორდა, თუმცა ზოგჯერ მაინც გადიოდა ხალიჩაზე... ემიგრანტი გივი კობახიძე აღწერს მატჩს, რომელშიც 50 წელს მიღწეულმა კოლამ მხოლოდ ქულებით წააგო თავისსავე მოწაფესთან. 70 წლისამ კი ცხვირ-პირი დაუსისხლიანა 12 თავდამსხმელ ბანდიტს...

კოლა ქვარიანი შესანიშნავი მოჭადრაკეც ყოფილა. ვიქტორ ინაშვილის იხსენებს: "მე თავი კარგი მოჭადრაკე მეგონა, მაგრამ არ იქნა და არა მისი დამარცხება. KvirisPalitra.Geერთხელ კაფე "დე ლა რეჟანსშიც" წამიყვანა. მოგეხსენებათ, აქ ნაპოლეონიც დადიოდა ჭადრაკის სათამაშოდ". ეს ეპიზოდი გადაღებულია კუბრიკის ფილმში - "მკვლელობა".

- ამერიკაში ჭიდაობით გამდიდრდა?

- ჭიდაობით დიდ ფულს შოულობდა, მხოლოდ ლუისსთან გამარჯვებისას 200.000 დოლარი მიიღო, თუმცა ქონების დაგროვებაზე არასოდეს უფიქრია - ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა, არა მარტო ქართველებს, არამედ კავკასიელებსა და ამერიკელებსაც. თვითონაც არაერთხელ ჩავარდნილა გასაჭირში, მაგრამ არავინ შეუწუხებია. დახმარებას უწევდა ქართულ სათვისტომოს, ქართულ-ამერიკულ ლიგას. აქტიურად მონაწილეობდა ამერიკაში 1931 წელს დაარსებული ქართული სათვისტომოს საქმიანობაში, არასოდეს აკლდებოდა ქართულ შეკრებებსა და ღონისძიებებს. მეგობრობდა კავკასიელებთან, როცა სიკო და კონსტანტინე სიდამონ-ერისთავების აშენებულ დასასვენებელ სახლში - "ალავერდში" კავკასიელები იკრიბებოდნენ, ყოველთვის ჩოხას იცვამდა და ჩრდილო კავკასიელთა მიერ ჯერ კიდევ სამშობლოში ნაჩუქარ ვერცხლის ქამარს იკეთებდა.

ალექსანდრე სულხანიშვილი იხსენებდა: "როცა ქუთაისზე ვლაპარაკობდით, სახე უბრწყინავდა. უნდოდა, მისი ფერფლი ქუთაისის ქუჩებში მიმოებნიათო. ასევე ქუთაისისთვის უნდოდა ძვირფასი ბიბლიოთეკისა და მხატვრული ტილოების შესანიშნავი კოლექციის გადაცემა”.

- საქართველოდან ჩასული ქართველები თუ ახერხებდნენ მის ნახვას?

- მწერალმა აკაკი ბელიაშვილმა და რეჟისორმა ნიკოლოზ პაპინაშვილმა 1960 წელს, ამერიკაში მოგზაურობისას მოინახულეს მათი ბავშვობის მეგობარი. იმხანად კოლა ნიუ-იორკში, სასტუმრო "შოტლანდიაში" მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. კედლები სავსე იყო ნახატებით, თაროები - წიგნებით. "მასპინძელმა ქუთაისის გახსენება რომ დაიწყო, უცბად ეს სამოცი წლის მოხუცებული გადაიქცა თვრამეტი წლის ახალგაზრდად, თითქოს გუშინ ჩამოვიდა ქუთაისიდან, თითქოს არც კი გაევლოს იმ ათეულ წელს, რომელიც მან უცხოეთში ხეტიალში გაატარა... ახლა იგი კვლავ დაქროდა თავისი ოცნებით ქუთაისში, ახლგაზრდა გოლიათს ბავშვები გუნდ-გუნდად რომ დასდევდნენ და თვალებში შესციცინებდნენ...", - იხსენებენ მეგობრები.  როცა სტუმრებმა ამერიკაში სახელგანთქმული მწერალისა და ბესტსელერის ავტორის, გიორგი პაპაშვილის ნახვა მოინდომეს, რომლის წიგნის - "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" მიხედვით ჰოლივუდში ფილმი გადაიღეს, კოლამ მაშინვე დაპატიჟა და პაპაშვილიც  პენსილვანიიდან ნიუ-იორკში მეუღლესთან ერთად სასწრაფოდ გაეშურა. საერთო მხიარულებაში საქართველოდან ჩასულმა სტუმრებმა ერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს - კოლას და გიორგის ცოლები - არიადნა და ელენი ლამის გაქართველებულები იყვნენ. "აბა, რა ვქნათ, ქმრები ვერ გავაამერიკელეთ და ისევ ჩვენ გავქართველდითო".

კოლას შვილი არ ჰყოლია, 1973 წელს არიადნა გარდაიცვალა, მარტო დარჩენილს ხანძარი გასჩენია და მთელი არქივიც დასწვია. არავის შეწუხება არ უნდოდა, ამიტომ უპოვართა თავშესაფარს მიაშურა, სადაც დიდი ხნის ძებნის მერე მიაკვლია ისიდორე გაჟონიამ, მაგრამ შეთავაზებულ დახმარებაზე უარი მიიღო: "თუ მაინც და მაინც, სანთელი დამინთეთ, ჩემს სულს ნუგეშად ესეც ეყოფაო". იქვე გარდაიცვალა 1980 წლის 17 თებერვალს 79 წლისა.

ნაწილობრივ აღსრულდა კოლა ქვარიანის ოცნება. მართალია, მისი ფერფლი საყვარელი ქალაქის ქუჩებს არ მობნევია, მაგრამ მისი ხსოვნა სხვაგვარად არის  უკვდავყოფილი - 1990-იან წლებში, ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა და მემორიალური დაფაც გაკეთდა.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)