აბესალომ ვეკუა: ქარბუქივით კაცი ვიყავი!.. - კვირის პალიტრა

აბესალომ ვეკუა: ქარბუქივით კაცი ვიყავი!..

დმანისელი ჰომინიდების "მზიასა და ზეზვას" სახელებზე უცხოელი მეცნიერები ენას უკვე აღარ იტეხენ...

"პალეონტოლოგია, რომელიც პრეისტორიულ, მილიონობით წლების წინ გადაშენებულ ცხოველებსა და მცენარეებს შეისწავლის, აზარტული სპეციალობაა, თუმცა მე არა ვარ მაინცდამაინც აზარტული. ნარდში ხუთ ხელს ვერ მათამაშებ მიყოლებით. ჩემს მასწავლებელს, აკადემიკოს ლეო გაბუნიას უთქვამს, აბესალომი პალეონტოლოგადაა დაბადებულიო და ამით ვამაყობ კიდეც. ხეირიანი შედარება არ არის, მაგრამ ნაცემი ძაღლებივით ვიყავით, თუ ველზე მუშაობისას რამეს ვერ ვიპოვიდით. ძვალზე ფიქრი გამუდმებით თან მდევს. ახლაც, მელიისხელა პრეისტორიული ცხოველის ქვედა ყბა გვაქვს დმანისიდან და თავს ვიმტვრევთ...

მთელი ჩემი ხანგრძლივი საველე და სამეცნიერო მუშაობის პერიოდში ყოველთვის მღრღნიდა და ხელს მიშლიდა ერთი რამ - უცხო ენა სათანადოდ არ ვიცი (რუსულს არ ვგულისხმობ, რუსულად არაერთი სამეცნიერო ნაშრომი დამიწერია). ამიტომ ახალგაზრდა მეცნიერებს ყოველთვის ჩავჩიჩინებ, სპეციალობასთან ერთად უცხო ენაც კარგად უნდა ისწავლოთ-მეთქი".

გულახდილად საუბრობს ბატონი აბესალომ ვეკუა - გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორი, ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პალეობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი... ეს სრული ჩამონათვალი როდია. ეროვნულ მუზეუმშიც მუშაობს, დმანისის პალეონტოლოგიური გათხრების ხელმძღვანელიცაა. თუმცა, უმჯობესია, ყველაფერს თავიდან მივყვეთ.

KvirisPalitra.Geგზის დასაწყისი

ფოთში დაიბადა. მამა პორტში მუშაობდა. 1937 წელს კარელია-ფინეთში რომ გადაუსახლეს კომუნისტებმა, 12 წლისა იყო. და-ძმასთან ერთად ცდილობდა დედას დახმარებოდა და სახერხ ქარხანაშიც კი მუშაობდა. დიდი გატაცება ჰქონდა - თვითმფრინავის მოდელებს ამზადებდა და მფრინავობაზე ოცნებობდა. გადასახლებულ მამას რომ გაუგია, რაღა მაინცდამაინც ამ სახიფათო პროფესიას ირჩევო, მოსწერა. ეს მამის ბოლო წერილი აღმოჩნდა.

თბილისის საავიაციო სპეცსკოლა დაამთავრა, მაშინდელ პლეხანოვზე იყო ეს სკოლა, გმირი მფრინავის, ჭიჭიკო ბენდელიანის სახელს ატარებდა. ფრენა ნაფარეულის ესკადრილიაში ისწავლა. ფრენა ტუ-2-ით ისწავლა, მერე კი ტამბოვში ილ-2-ით დაფრინავდა. გერმანელები ამ ავიამოიერიშეს "შავ ჭირს" ეძახდნენ. არ უომია, ასაკი არ უწყობდა ხელს.

დემობილიზებული 47-ში დაბრუნდა თბილისში და მიხვდა, რომ მფრინავობა აღარ უნდოდა. იურიდიულ ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა. ორი წლის შემდეგ სასწავლებელი მოსკოვში გადაიტანეს. დედამ, გეყოფა რუსეთში ხეტიალიო და... მომდევნო წელს უნივერსიტეტში ჩაირიცხა გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტზე.

KvirisPalitra.Ge"აფთარი-აბესალომი"

"Crocuta-აბესალომი" ანუ "აფთარი-აბესალომი" მსოფლიო პალეონტოლოგიაში კარგა ხანია ცნობილია. საქართველოში კი ბევრმა როდი იცის, რომ ეს 17 მლნ წლის წინანდელი მტაცებლის სახელია, რომლის ქვედა ყბაც მესამეკურსელმა აბესალომ ვეკუამ აღმოაჩინა ჩრდილოკავკასიაში ექსპედიციისას. სახელი კი იმ დროისთვის უკვე მსოფლიოში ცნობილმა პალეონტოლოგმა, ექსპედიციის ხელმძღვანლმა ლეო გაბუნიამ შეურჩია.

- ლეო ჩემზე მხოლოდ 5 წლით იყო უფროსი, ჩემი ლექტორიც იყო, - იხსენებს ბატონი აბესალომი, - თავიდანვე მითხრა, მთელი წლები ერთად უნდა ვიყოთ, ბატონობა და თქვენობით მიმართვა არ გვჭირდებაო. მართლაც ასე გავლიეთ ერთად ათწლეულები. ლეო წელს 90 წლისა გახდებოდა. არც მე ვარ ჯეელი, 1-ელ ნოემბერს 85-ს გადავაბიჯე...

- გილოცავთ, ბატონო აბესალომ, საიუბილეო თარიღია...

- იუბილეები არ მიყვარს... მთხოვეს ახლაც, მაგრამ არ დავთანხმდი...

- მითხრეს, თავს ქუდბედიანად თვლისო...

- მართლა ქუდბედიანი გამოვდექი. სადაც კი მივიდოდი, ყველგან ახალ აღმოჩენას ვაწყდებოდი. პირველივე ექსპედიციაში ნაპოვნ აფთრის ნაშთებს იმავე ადგილსაპოვებელში რქიანი ღორის თავის ქალა მოჰყვა. მეცნიერებაში მანამდე ცნობილი არც ყოფილა მსგავსი ცხოველის ნაშთები. ეს იმდენად გასაკვირი იყო, რომ პუბლიკაციები მსოფლიოს მოედო. შეიძლება იცით, ძველები ამბობდნენ, ღმერთს რომ ღორისთვის რქა მიეცა, ქვეყნიერებას გადაჩიჩქნიდაო. არადა, თურმე მიუცია - ერთი შუბლზე და ორიც გვერდზე!

- თქვენს სახელს არაერთი აღმოჩენა უკავშირდება.

- ჰო, ასეა. დღეს მსოფლიო პალეონტოლოგიაში ათამდე ცხოველს ჩემი სახელი ან გვარი დაერქვა. ოღონდ ყველა მე არ მომინათლავს. ლენინგრადელმა მეცნიერმა ირინა კუზმინამ პრეისტორიული ცხენების ახალი გვარი გამოყო, გერმანელმა პალეონტოლოგმა ჰანს დიტრიხ კალკემ დმანისში ნაპოვნ ირემს აბესალომის ირემი დაარქვა. საქართველოში ნაპოვნ ერთი მილიონი წლის ბეჰემოთს კი სახელი მე დავარქვი.

ქარბუქივით კაცი ვიყავიო, წამოსცდა... არა, არა, მე კი არ ვამბობ ასე, მეგობრებმა შემაცდინესო, დაუმატა. ახლაც ჩქარა დადის, ხელჯოხით, მაგრამ მაინც სწრაფი ნაბიჯით. დროს არ უნდა ჩამორჩეო, მეუბნება და ლაბადის ჩაცმაშიც მეხმარება. მასთან მივდივართ, შინ, გოთუას ქუჩაზე. ფოტოები უნდა ამირჩიოს და მეუღლეც გამაცნოს.

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პალეონტოლოგი სამსახურში ყვითელი ავტობუსით დადის. ამჯერად ტაქსის აჩერებს და კარის გაღებსაც მასწრებს. ვერაფერს იტყვი, 85 წლის ასაკშიც ნამდვილი ჯენტლმენია!..

- ექსპედიციასა და მუზეუმში მის გვერდით გოგონები ყოველთვის იმედიანად ვგრძნობთ თავს, - მეტყვის მოგვიანებით ახალგაზრდა რესტავრატორი სოფო კილაძე, - თუ რამეზე დავიწუწუნეთ და ყური მოჰკრა, გვისაყვედურებს, დროზე რატომ არ მითხარით, მე აქ რისთვის ვარო...

ოჯახში...

ქალბატონი იზოლდა ენუქიძე სპეციალობით სამთო ინჟინერია.

- ერთი მარკშეიდერი ხომ გვჭირდება ოჯახშიო, - "აღიარა" ბატონმა აბესალომმა და დასძინა, - არ მინდოდა, ჩემი პროფესიის მთელი სირთულე სცოდნოდა. მაგრამ წლების წინ საერთაშორისო სიმპოზიუმი მოეწყო ივრისპირეთის ქვაბების ფაუნასთან დაკავშირებით. მაშინ ნახა, რას ვაკეთებდი, როგორ მკაცრ პირობებში "მიმუშავია" მრავალი წელი: უდაბურ, ლამის ფეხდაუდგამ ადგილას, კარავს რომ ხან ქარი დაგაფხრეწს თავზე, ხან თავსხმა ჩაგრეცხავს და ხანაც შხამიანი გიურზა ჩაისრიალებს ზედ შენი კარვის წინ. ხომ იცით, ივრისპირზე დღევანდელი აფრიკის სავანის წინაპარი ფაუნა დასტურდება...

- მინდოდა მეთქვა, ამ გადაშენებული ცხოველების ძებნას თავი დაანებე-მეთქი, მაგრამ ისე უყვარს თავისი საქმე, ხმას როგორ ამოვიღებდი. ახალგაზრდობაში ხანდახან კი ვსაყვედურობდი, ბავშვების გაზრდაში არ მეხმარები-მეთქი, მაგრამ... - საუბარში ქალბატონი იზოლდა ჩაგვერთო. - მდიდრები არასოდეს ვყოფილვართ, თუმცა არც ბედს ვუჩიოდით, - მეუღლეს სიტყვა ჩამოართვა ბატონმა აბესალომმა, - რა დამავიწყებს იმ სიხარულს, მარელისის საავეჯო ფაბრიკის 6 ცალი სკამის ჩეკი რომ მივიტანე შინ... თუმცა კი მაშინ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით.

- შარშან ჯვარი დავიწერეთ წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ტაძარში. როდის იყო, აბესალომ? - გამომცდელად გადახედა მეუღლეს ქალბატონმა იზოლდამ.

- 12 სექტემბერს, ქორწინებიდან 50 წლისთავზე! მეჯვარეებად შვილიშვილები გვყავდა, სამივენი: ელენე და სანდრო ვეკუები და გიგი ჯგუშია. "ქორწილი" შვილებმა - ზაზამ და ლალიმ გადაგვიხადეს, საგურამოში, აგარაკზე. მთელი ჩვენი ნათესაობა იყო. ასე დიდი სუფრა ჩვენს ცხოვრებაში პირველად გვქონდა. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს პომპეზური ქეიფები, მაგრამ ოქროს ქორწილი ხომ ოქროს ქორწილი უნდა იყოს!..

KvirisPalitra.Geპირველი "დიაგნოზი"!

ახლა დმანისში გადავინაცვლოთ.

1982 წელს, დმანისის შუა საუკუნეების არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელებმა ვახტანგ ჯაფარიძემ და ჯუმბერ კოპალიანმა პალეობიოლოგიის ინსტიტუტს აცნობეს, რომ ნაქალაქარის ტერიტორიაზე, ორმოში "საეჭვო" ძვლები აღმოჩნდა.

აბესალომ ვეკუა: - რამდენიმე საათში უკვე ნაქალაქარზე ვიყავი, ორმოშიც ჩავძვერი და "დიაგნოზიც" მაშინვე დავსვი: - აღმოჩენილია მილიონ წელზე ადრინდელი ხერხემლიანთა ფაუნა, რომლის გათხრა და შესწავლა საშური საქმეა.

ასე შემოვიდა მის ცხოვრებაში დმანისი. ასე გროვდებოდა ათასობით ნამარხი ძვალი პრეისტორიული სპილოს, ჟირაფის, ადრეული ცხენის, ხმალკბილა ვეფხვის, აფთრის, გიგანტური სირაქლემის...

მოგვიანებით ნოვოსიბირსკში ჩატარდა არქეოლოგთა და პალეონტოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელსაც საქართველოდან დავით ლორთქიფანიძე ესწრებოდა. დათო იქ დაუმეგობრდა მსოფლიოში სახელგანთქმულ ქვედა პალეოლითის სპეციალისტს, გერმანელ პროფესორს გერჰარდ ბოსინსკის, რომელსაც მოუყვა დმანისის აღმოჩენების შესახებ. ისიც დაამატა, რომ პრეისტორიული ცხოველების ძვლებთან ერთად ნაპოვნია პირველყოფილ ადამიანთა ქვის იარაღებიც. ბოსინსკი სულ მალე თვითონვე ჩამოვიდა თბილისში.

KvirisPalitra.Ge- როცა გერმანელმა მეცნიერმა ჩვენი აღმოჩენები დაათვალიერა, - იხსენებს ბატონი აბესალომი, - აღტაცება ვერ დაფარა. არქეოლოგიური ცენტრის მაშინდელ დირექტორს, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძეს სთხოვა, დმანისის ქვის ხანის გათხრებში ჩამრთეთო. "ქრთამიც" შეაძლია - გათხრებს მთლიანად გერმანული მხარე დააფინანსებსო. რაღა თქმა უნდა, ამ "ქრთამმა" გაჭრა - სამეცნიერო ექსპედიციებისთვის მოგეხსენებათ, იმხანად ქვეყანაში არავის ეცალა. თითქმის ათი წელი გერმანელთა "ხარჯზე" ვთხრიდით და ვიკვლევდით დმანისს.

პირველი ევროპელის წინაპრის კვალი დმანისში პირველად ევროპელმა ქალმა შენიშნა...

1991 წლის სექტემბერი. ექსპედიცია უკვე ამთავრებს მუშაობას. ბოსინსკის თანაშემწე, ახალგაზრდა არქეოლოგი ანთია იუსტუსი ვერ შელევია გათხრების "პოლიგონს" და...

აბესალომ ვეკუა: - ის-ის იყო თბილისში დავბრუნდი, რომ ანთია მირეკავს, - ჰერ, აბესალომ, მგონი ძალიან უცნაურ ძვალს მივაკვლიეო. საღამო ხანი იყო, მაგრამ თბილისში რა გაგვაჩერებდა. დმანისში ჩასულს, შემოგვაღამდა კიდეც. თითქოს გრძნობდნენ, რომ სენსაციური აღმოჩენა გველოდა და იქ მყოფთ კოცონი დაენთოთ... ინათა თუ არა, გათხრები დავიწყეთ, მთელი ორი დღე მოვუნდით. მოსალოდნელი სერიოზული აღმოჩენის შესახებ ყველას ვაცნობეთ, ტელეოპერატორებიც "გვდარაჯობდნენ". და აი, ხელთ მქონდა მსოფლიოს ყველა პალეონტოლოგის ოცნების საგანი - 1 მლნ 800 ათასი წლის წინანდელი 22-25 წლის ადამიანის ქვედა ყბა!

ეს იცი, რას ნიშნავდა? შემოტრიალებას მსოფლიო პალეოანთროპოლოგიაში. მანამდე ითვლებოდა, რომ აფრიკაში 2,5 მლნ წლის წინ წარმოშობილმა ადამიანმა 1 მლნ ან 600 ათასი წლის წინ ჩამოაღწია ევროპაში. ჩვენ კი ერთ მშვენიერ დღეს ვასკვნით, რომ 1 მლნ 800 ათასი წლის წინ საქართველოში უკვე ბინადრობდა იმ უძველესი აფრიკელის მსგავსი ადამიანი. და რომ პირველი ევროპელის წინაპარიც სწორედ ის იყო. ბევრი როდი გვიჯერებდა და აკადემიკოსმა ლეო გაბუნიამ და დავით ლორთქიფანიძემ ფრანკფურტში წაიღეს "ქართველი" ჰომინიდის ქვედა ყბა, სამეცნიერო კონფერენციაზე. ზოგიერთმა ბოლომდე არც მაშინ დაგვიჯერა.

ამის შემდეგ მთელი ექვსი წელი გავიდა და ხელშესახები არაფერი აღმოჩენილა. ერთ დღესაც ისევ ანთია მივიდა ქართველ შეფთან და ყუთში მოთავსებული ძვლის ნამტვრევები აჩვენა: - ჰერ აბესალომ, ეს ძვლები შევინახოთ თუ გადავყაროო. მეცნიერის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია ადამიანის ტერფის ძვლის ფრაგმენტი...

KvirisPalitra.Geზეზვა და მზია

თუმცა პირველ თავის ქალამდე "მისვლას" კიდევ ორი წელი დასჭირდა.

- იმ სეზონზე, - იხსენებს ბატონი აბესალომი, - გათხრები ადრე დავიწყეთ, მაგრამ მაისში ისეთი წვიმები დაიწყო, დროებით გავჩერდით. ერთ დღესაც, ჩემს უმცროს კოლეგებს გოჩა კილაძესა და დავით ჟვანიას უცხოელი მოსწავლეები წაუყვანიათ ექსკურსიაზე დმანისში საგანმანათლებლო პროგრამით და ყურადღება მიუქცევიათ წვიმისგან ჩამოშლილი განათხარის ჭრილისთვის. გოჩამ ძვლის შაურიანისხელა ნატეხი ჩამომიტანა... ადამიანის თავის ქალისა იყო. მეორე დილითაც თავსხმა იყო, მაგრამ მე, ჯუმბერ კოპალიანი და კახა კახაძე მაინც წავედით. ადგილზე მუშაობა შეუძლებელი იყო.

ამოვჭერით მოზრდილი ბლოკი განათხარი ორმოდან და თბილისში წამოვიღეთ. რა დამაძინებდა, მთელი ღამე დიდი სიფრთხილით ვწმენდდი იმ ბლოკს (ოღონდ მუშაობაში ხელს ჯუმბერის ზარები მიშლიდა, - ჰა, რას შვრები, აბესალომ, მართლა პრეისტორიული თავის ქალააო?). დილით უკვე აღარც ძილი მახსოვდა და აღარც დაღლა! დმანისელი ჰომინიდის თავის ქალა უკვე თამამად მაძლევდა იმის თქმის უფლებას, რომ საქართველო არა მხოლოდ ჩვენი, არამედ პირველევროპელთა "სამშობლოა".

ერთ თვეში ჩემი უმცროსი კოლეგა გიორგი ნიორაძე წააწყდა მეორე თავის ქალას. ხელი არ უხლია, ჩვენ დაგველოდა... ამის შემდეგ დაიწყო და დაიწყო მსოფლიო მეცნიერთა გამოხმაურებები.

მოგვიანებით კონკურსი გამოვაცხადეთ და დმანისელი ჰომინიდებიც "მოვნათლეთ". ახლა ყველა იცნობს "მზიასა და ზეზვას". ქართულ სახელებზე უცხოელი მეცნიერები ენას უკვე აღარ იტეხენ.

KvirisPalitra.Geაღმოჩენათა სერია ფრანგული შამპანურის თანხლებით...

ცნობილმა ამერიკულმა სამეცნიერო ჟურნალმა "საიენსმა" 2000 წლის მსოფლიო საოცრებათა ათეულში მესამე აღმოჩენად დმანისის ახალი პალეოანთროპოლოგიური მონაპოვარი დაასახელა. მაშინ იმ ორ თავის ქალას არც სახელები ერქვა და არც ხორცშესხმულნი იყვნენ. ჰომინიდების თავის ქალები ფრანგმა მოქანდაკე ელიზაბეტ დენმა გააცოცხლა.

აბესალომ ვეკუა: - სხვადასხვა დროს კიდევ ერთი მამაკაცისა და ქალის თავის ქალები აღმოვაჩინეთ, ასევე მოზარდი გოგონასი, პრეისტორიულ ოთხ ქვედა ყბასაც მივაკვლიეთ... სხვათა შორის, მშვენიერი ტრადიცია გვაქვს. ახალ აღმოჩენას აუცილებლად ფრანგული შამპანურით "ვასველებთ", თუმცა არცთუ იშვიათად შამპანურის წვიმაში მეც მოვყვები ხოლმე, როგორც ერთ-ერთი მთავარი "დამნაშავე". რომ იცოდეთ, საფრანგეთის ყოფილი ელჩი მირეი მიუსო დმანისის ექსპედიციის ხშირი სტუმარი იყო და ნამდილი შამპანურითაც ხშირად გვაჯილდოებდა.

- ბატონო აბესალომ, ფოტოებზე თქვენ გვერდით ხშირად ვხედავთ დავით ლორთქიფანიძეს, მსოფლიოს არაერთი უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს...

- არა მხოლოდ ფოტოებზე... დათო ძალიან მიზანსწრაფულია. უცხოელებთან კონტაქტის არაჩვეულებრივი ალღო აქვს, კარგი ორგანიზატორია და ახალგაზრდებს მხარში უდგას...

- თქვენ როგორი დირექტორი ხართ?

- იცი, რა ცუდია დირექტორობა? ველზე მთელი წლის მუშაობა მირჩევნია სამსახურში თუნდაც ერთი თანამშრომლის "შემცირებას"...

- რას ეტყვის "ისტორიანის" მკითხველს აკადემიკოსი აბესალომ ვეკუა?

- აუცილებლად გამოვიწერ. მინდა ისეთი პოპულარული გახდეს, როგორიც "საიანსი" ან თუნდაც "ლიბერასიონია".

- დასასრულ, ფიქრობთ, რომ მართლა ქუდბედიანი ხართ?

- ბედნიერი ვარ იმით, რომ შევქმენი ტრადიციული ქართული ოჯახი, ხოლო პალეონტოლოგიასა და გეოლოგიაში დავსაქმდი ისე, რომ მუდამ მაქვს მიზანი, რომლის მიღწევაში ძალიან ხშირად ბედიც მწყალობს. მიმაჩნია, რომ მე ჩემს ადგილზე ვარ. ჩემი სურვილი და ნატვრა ჩემი ხალხის კეთილდღეობა და საქართველოს ერთიანობაა. პირადად მე კი თითქმის ყველაფერს მივაღწიე...

ელენე სალარიძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”