20 აპრილი - ასპინძის გმირთა ხსოვნის დღე - კვირის პალიტრა

20 აპრილი - ასპინძის გმირთა ხსოვნის დღე

1770 წლის 20 აპრილი საქართველოს ისტორიაში ისეთი მნიშვნელოვანი თარიღია, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. ამ დღეს ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის სარდლობით, ქართველთა მცირერიცხოვანმა ლაშქარმა, სოფელ ასპინძასთან, სასტიკად დაამარცხა თურქ-ოსმალთა და ლეკთა გაერთიანებული ჯარი. მომხდური ადრეც არაერთხელ დაგვიმიწებია, მაგრამ ასპინძის ომი იმითაც არის გამორჩეული, რომ პატარა კახმა, რომელსაც მტერი ხაფანგში მოქცევას უქადდა, სასიკვდილო მახე იქით შეუტრიალა მოწინააღმდეგეს და საოცრად გამართული სტრატეგიის წყალობით უდიდეს გამარჯვებას მიაღწია. თურქ-ლეკთა 8-ათასიანი ურდოდან მხოლოდ ათიოდე კაცი გადაურჩა სიკვდილს, დიდ უმრავლესობას კი სწორედ ასპინძასთან დაუბნელდა მზე, ნაწილი ქართველთა მახვილებს შეაწყდა, ნაწილი კი, ამ მახვილებისგან პანიკური შიშით გაქცეული და გზააბნეული, ადიდებული მტკვრის ტალღებში ჩაიხრჩო. ბრძოლის ტაქტიკა იმდენად გონივრულად იყო დაგეგმილი ერეკლე მეფის მიერ, რომ ქართველებს მხოლოდ 25(!) მეომარი დაეღუპათ, რაც ასეთი მასშტაბის შეტაკებისთვის გამაოგნებელი ფაქტი იყო. ამის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასპინძის ომი გენიალური სტრატეგიის ნიმუშია არა მარტო ჩვენი სამშობლოს, არამედ მსოფლიო ომების ისტორიაში...

მეფე ერეკლეს, წვრილ-წვრილი შეტაკებების გარდა, 70-მდე დიდი თუ მცირე მასშტაბის ომი ჰქონდა გადახდილი სიცოცხლის მანძილზე და აქედან 68 მოგებული(!), რაც უკვე თავისთავად მეტყველებს პატარა კახის გენიალურ სამხედრო ნიჭზე, მაგრამ ქართველთა ბრძოლები ოდითგან იმითაც იყო ყველასგან გამორჩეული, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, გამუდმებით თავდაცვით ომებს ეწეოდნენ ქრისტეს რჯულის და სამშობლოს დასაცავად და ასპინძის დიდებული გამარჯვებაც, უპირველესად, არის ნიმუში მამულისთვის თავგანწირვისა და ვახტანგ გორგასლის დიდებული ანდერძის შესისხლხორცებისა - "ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა!"...

ნებისმიერი თავმოყვარე ერი, წესით და რიგით, ასეთი ისტორიით უნდა ამაყობდეს და მომავალ თაობას ზრდიდეს გმირი წინაპრების მაგალითზე. წინათ (მათ შორის, "ჩარეცხილი" კომუნისტების ზეობისას), ასპინძის ომის თარიღი საქართველოში მასშტაბურად აღინიშნებოდა. ასპინძაში ნამდვილი სახალხო დღესასწაული იმართებოდა და ამ ზეიმის დროს ქართველი ხალხი პატივს მიაგებდა სულკურთხეული წინაპრების ფასდაუდებელ ღვაწლს სამშობლოსთვის. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, წლევანდელი 20 აპრილი ასპინძაში თითქმის არავის გახსენებია. იქ ასულებს მოწყენილი სიჩუმე და გულგრილი იდუმალება დაგვხვდა. ასპინძის ცენტრში, ქართველთა დიდებული გამარჯვების მემორიალთან, ვიღაც მადლიანს დილაადრიან ყვავილები მიეტანა და მორჩა... გაჭირვებისგან მოტეხილი და ქედმოხრილი, კანტი-კუნტად მოსიარულე ხალხი, "ბირჟაზე" სევდიანი თვალებით მომზირალი რამდენიმე ხანშიშესული ჭაღაროსანი ასპინძელი და ერთფეროვანი რუტინა... არც ერთი მუხლმოყრილი მოზარდი, არც ერთი ქედმოხრილი ბავშვი ასპინძის დიდების ადგილას, ვისი კეთილდღეობისთვისაც გადადეს თავი ამ სანახებში ორი საუკუნის წინ სულკურთხეულმა წინაპრებმა...

ვდგავარ გმირთა მემორიალთან... გონების თვალით წარსულის გაცოცხლებას ვცდილობ. ნეტავ რას ფიქრობდა ტოტლებენის ღალატის გამო მიტოვებული და  გულდადარდიანებული ერეკლე მეფე, როცა აქედან გასცქეროდა მომავალი ბრძოლის ადგილს? ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა ასწლეულები და მათ თავგანწირვას უფრო ნაკლები დამფასებელი ეყოლებოდა, ვიდრე "ოთუზბირად" ჩამოყვანილი უცხოელი მომღერლების შოუ-კონცერტებს. არც იმ დროს გვაკლდა პატარა მოღალატე და გულგრილი ქართველები, მაგრამ რამდენიმე ათასი კაცი მაინც ედგა საბრძოლო დროშის ქვეშ, რომელთა შემართებაზე და სამშობლოსთვის სიცოცხლის უანგაროდ მიტანის უნარზე იდგა საქართველოს ყოფნა-არყოფნის ბედი. იმ დროს პირტიტველა ან ახლადულვაშშეღინღლული ჭაბუკები იწევდნენ მეფის წინაშე ვაჟკაცობის დასამტკიცებლად და მტერთან შესაკვდომად, რადგან თავგანწირვის ცოცხალი მაგალითები ჰყავდათ ქვეყნის ბედზე უანგაროდ მოფიქრალი მეფის და მის თანამდგომთა სახით...

ახლა?! ბრძოლის ველზე თავგანწირვას ვინ ჩივის, მათი ღვაწლის გასახსენებლად და დასაფასებლად მემორიალთან მისვლა გაგვჭირვებია და ნეტა რა უნდა ისწავლონ ჩვენმა შვილებმა ჩვენი გულგრილობის გადამკიდე?!

აგერ, ჭაბუკები მოდიან... ვეკითხები:

- ბიჭებო,დღეს რა დღეა?.. პასუხად მორცხვი ღიმილი და გაუბედავად ნათქვამი:

- ოთხშაბათი...

- და რა მოხდა, 20 აპრილს ასპინძაში, ორი საუკუნის წინათ? _ ისევ არაფრისმთქმელი ღიმილი და გულისამატირებელი მოკლე პასუხი:

- რავი...

დარწმუნებული ვარ, ახლა რომ ვკითხო, "თუფაქი" ან "ემინემი" როდის და სად დაიბადნენ, ან ცხვირში საყურე როდის გაიყარეს-მეთქი, სხაპასუპით მეტყვიან, მაგრამ როგორი საკითხავია 20 აპრილს, ასპინძაში, ქართველი გმირების უმაგალითო გმირობის ადგილას ასეთი რამ?!

ჩემთან ერთად ასპინძის გმირებისთვის პატივის მისაგებად ჩამოსულია მესხეთის გვარიშვილთა კავშირის თავმჯდომარე გოგიტა მელიქიძე. თავადაც ამ კურთხეული კუთხის შვილს ვერ წარმოუდგენია, რომ აქ შესაძლოა ვინმეს არ ახსოვდეს ისტორიული თარიღი. უხსნის ჭაბუკ მესხებს ასპინძის ომისა და ჩვენი წინაპრების თავგანწირვის მნიშვნელობას. ცოტა გაკვირვებულნი უსმენენ ბიჭები, მაგრამ უსმენენ კი?!

ცენტრში გამოკრულ აფიშაზე ვკითხულობთ, რომ 14 საათზე, ცენტრალურ სტადიონზე სარაგბო ასპარეზობა ყოფილა, ასპინძელი მოზარდები სენაკელ თანატოლებს მასპინძლობენ. ალბათ, აქაური ახალგაზრდობის უმეტესობა იქ იქნება. სტადიონზე მივდივართ და თამაშის ბოლო წუთებს ვესწრებით. მაგარი ბიჭები ჩანან ორივე გუნდის მხრიდან, როგორც ქართველ რაგბისტებს სჩვევიათ - მუხლმაგარნი, წელგამართულნი, ნამდვილი მეომარნი... მალე მთავრდება ბრძოლა. გამარჯვებული მასპინძლები, როგორც ვაჟკაცებს სჩვევიათ, დამარცხებულ სენაკელებს საპატიო მწკრივში აპლოდისმენტებით აცილებენ და დასასვენებლად მოედნის კიდესთან სხდებიან. გამარჯვებას და ასპინძის ომის თარიღს ერთდროულად ვულოცავთ. პატარა კახის ბრძოლისწინა შემართებას ვახსენებთ, ქართველ მეომრებს რომ გაუკაჟა გული და მკლავი სულისშემძვრელი სიტყვით: "გულოვანნო, მხნენო ქართველნო, ჩემო განუყრელნო ყოველსა საშინელებაში, ჩემო გულის ძმანო! ეს ამისთანა გაჭირვებული ომი ჩვენს თავზედ პირველი არ არის. კარგად გაარჩიეთ, რა სიკვდილის ლხინია დღესა! ვიომოთ სიკვდილამდის, რომ მტერმა ჩვენი ზურგი ვერ იხილოს... დღეს ან უნდა გავიმარჯვოთ, ან უნდა გამოვესალმოთ სიცოცხლეს და აქ უნდა გავწყდეთ. ჩვენს ცოლ-შვილში ხომ სირცხვილია დამარცხებით მისვლა. მერე რა პირს დაგვინახავენ ის ჩვენი კარგნი დედაკაცნი? KvirisPalitra.Geშავსა, დამარცხებულსა პირსა... მინამ იმათ წინ ამ სირცხვილით წარვდგებოდეთ, გვიჯობს ჩვენს წმინდა სიკვდილზე თმები ვაწეწინოთ იმათ, ჩვენს დაქცეულ სისხლზედა, ჩვენი მამულისათვინ! მაშ, ან გავიმარჯვოთ, ან გავწყდეთ, ქართველებო, მეც თქვენთანა ვარ, თქვენ გენაცვალოთ თქვენი ერეკლე!.."

სულისშემძვრელი სიტყვებია... ზუსტად ისეთი, ძარღვებში ფეთქვა რომ აუვარდება ქართველს!.. წამოიმართნენ პატარა მორაგბეები - თვალებგაბრწყინებულნი, გულანთებულნი, მაჯისა და გულის ძარღვში ფეთქვაავარდნილები... ამის ეშინოდა ყველაზე უფრო მტერს ოდითგან!

P.S. ასპინძის გამგეობასთან მრავლისმეტყველი წარწერაა- "კიდევაც დაიზრდებიან”...

რა თქმა უნდა, წამოვა ჯიშიანი, ნაღდქართული თაობა, ამაში ეჭვიც არ გვეპარება... უარესი დროება უნახავს ჩვენს სამშობლოს და ლამის ბოლო კაცზე დასული, მაინც, ფენიქსივით წამომართულა ფერფლიდან...

უბრალოდ, გვინდა ვისურვოთ, რომ საქართველოში, "ძლიერთა ამა ქვეყნისათა", მხოლოდ ლოზუნგების დონეზე კი არ ესმოდეთ მამულის გასაჭირი, არამედ საქმით დაანახვონ მომავალ თაობას ის სულისკვეთება, როგორიც ჩვენს სულკურთხეულ წინაპრებს გააჩნდათ და როგორიც მათ ხსოვნას ეკადრება.

 (სპეციალურად საიტისთვის)