ქართველთა "გალამაზებული" გენერალი - კვირის პალიტრა

ქართველთა "გალამაზებული" გენერალი

1878 წელს, სამასწლიანი განშორების შემდეგ, აჭარა საბოლოოდ დაუბრუნდა დედასაქართველოს.

თუმცა, ქართველ მამულიშვილებს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში უხდებოდათ ბრძოლა ათასი ჯურის თურქოფილი და რუსოფილი ავისმზრახველის წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ, თავგზა აებნიათ ჩვენი მაჰმადიანი ძმებისთვის. ამ ბრძოლაში განსაკუთრებულია  ღვაწლი მემედ აბაშიძისა, რომელსაც არა მხოლოდ სიტყვით, ხშირად მკლავითაც უწევდა მტრის მოგერიება. მკლავი კი მართლაც დევისა ჰქონია. როგორც თანამედროვენი იხსენებენ, იოლად შეეძლო არათუ შაურიანის, არამედ ცხენის ნალის დაგრეხა-გადაღუნვაც.

შემთხვევა, რომელსაც ახლა გიამბობთ, 1898 წელს ბათუმში, ე.წ. "რკინის თეატრში" მომხდარა, სადაც ხშირად იმართებოდა ჭიდაობა. იმ დღეს მემედ აბაშიძის აჭარელ ფალავანს ბათუმის ოლქის უფროსის, შავრაზმელი გენერლის, სლოვოჩინსკის რუსი ფალავანი დაუპირისპირდა. აჭარელმა სძლია და გენერლის ფალავანი ბეჭებზე დასცა. გამწარებულმა სლოვოჩინსკიმ რომ დაინახა გახარებული აბაშიძე, რომელიც ტაშს უკრავდა, წონასწორობა დაკარგა და ქარქაშში ჩაგებული ხმალი გინებით ზურგზე გადაუჭირა  მემედ ბეგს. აბაშიძე ასეთ შეურაცხყოფას ვერავის აპატიებდა და გენერალს სილა გააწნა. ხალხი აირია, იქაურობა  ჟანდარმებით გაივსო, მემედ აბაშიძეს დაპატიმრება დაუპირეს, მაგრამ ბოლოს უკან დაიხიეს - დარბაზში მყოფი შეიარაღებული ქართველებისა მოერიდათ, რომლებიც თავიანთ გმირს გარს შემოერტყნენ.

სულ მალე სლოვოჩინსკი ბათუმს მოაცილეს და ქუთაისში გაამწესეს გუბერნატორად. ქუთაისელები იცინოდნენ - გუბერნატ\ორად მემედ აბაშიძის ნაცემი კაცი გვყავსო.

KvirisPalitra.Ge"დაჯექ, მხოლოდ სარკმლისკენ არა"

ვაჟა-ფშაველას წესად ჰქონდა, წელიწადში ორჯერ - ახალი წლის წინა დღეებში და აღდგომის წინა კვირას, ფშავიდან თბილისში ჩამოსულიყო.

ამ დროს ჩამოჰქონდა და საზოგადოებას აცნობდა მოქარგულ ხურჯინში გამოკრულ თავის შედევრებს.

ეს ყველამ იცოდა, ამიტომ  ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში  მოუთმენლად ელოდნენ პოეტის გამოჩენას. ტრადიცია არც თავისთვის უკანასკნელ, 1915 წელს დაურღვევია. გაზაფხულდა, აღდგომა მოახლოვდა და ვაჟაც გამოჩნდა. ავადმყოფობა და მუდმივი გაჭირვება მომეტებულად დამჩნეოდა, თუმცა, ჩვეულებისამებრ, სულიერ მხნეობას არ კარგავდა.

ამ ჯერზე არაფერი ჩამოუტანია. თბილისელ დურგალს ხის ოთხშუშიანი ფანჯარა შეუკვეთა. ასე ამბობდა: ავალ თუ არა ჩარგალში, გამოვანგრევ ოთახის კედელს, ჩავსვამ შიგ ფანჯარას. ახლა მაინც იდენს ჩემს ბინაში მზის სითბო და შუქი. თუ მიშველის, სწორედ ეს ფანჯარა მიშველისო.

ფანჯარა მართლაც გააკეთებინა და გაგზავნა ჩარგალში. თავად კი ვეღარ ეღირსა იქაურობის ხილვას. თბილისში დალია სული. ლოგინად ჩავარდნილს ბოლომდე სჯეროდა, რომ მთაში დაბრუნება გამოაჯანმრთელებდა,  ყველა მნახველს კი სთხოვდა, დაჯექ, მხოლოდ სარკმლისკენ არა, ნიავი უნდა მომივიდეს და ცას უნდა ვუყუროო...

ლადო გოგუაძე