ამბავი შავკანიანი აფხაზებისა
ამბავი შავკანიანი აფხაზებისა
"შავკანიანები  XVII  საუკუნეში აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეს უყიდია სტამბოლის მონათა ბაზარზე"

"მკვლევართა ვარაუდით, 1980 წელს აფხაზეთის მთებში ნაპოვნი გოლიათი "თოვლის ქალი" ზანა აფროაფხაზების შთამომავალი იყო"


ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა აფროაფხაზების, შავკანიანი აფხაზების თემამ. მათზე ბევრს ლაპარაკობენ ინტერნეტფორუმებზეც. თუმც ვერსად წავაწყდი ზუსტ ინფორმაციას მათი აფხაზეთში დასახლების შესახებ. არადა, რამდენიმე სოფელში ცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში.

შავკანიანი აფხაზები კომუნისტებს გასული საუკუნის 30-იან წლებში დედაწულიანად გაუსახლებიათ აფხაზეთიდან. აფროაფხაზებს ხალხი შავ კაცებს ეძახდა. მათი პატარა ჯგუფი სოფელ
აძიუბჟაში სახლობდა. მათ ნახავდით კოდორის მიმდებარე სოფლებშიც. ისტორიკოსთა ნაწილის ვარაუდით, ისინი XVII  საუკუნეში აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეს უყიდია სტამბოლის მონათა ბაზარზე ციტრუსების პლანტაციებში სამუშაოდ.    

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, აფხაზეთის საზღვაო წყლებში ჩაძირულა გემი, რომლითაც მონები მიჰყავდათ გასაყიდად. ამბობენ, რომ შავკანიანი აფხაზები ჩაძირვისას გადარჩენილი აფრიკელების შთამომავლები არიან. სხვა
ლეგენდის მიხედვით, აფხაზი ზანგები ნართებისა და აფრიკიდან წამოსული შავკანიანების ნაყოფი არიან. ნართები კავკასიაში აფრიკული მოგზაურობიდან რომ დაბრუნდნენ, მათ აფრიკელებიც ჩამოჰყვნენ. 

ჩვენი კოლეგა და ისტორიკოსი მიხეილ ლაბაძე რამდენიმე ვერსიას გვთავაზობს:
- ვენეციური ქრონიკები ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეებს XVII  საუკუნის II  ნახევარში არაბი მონათვაჭრებისაგან შავკანიანი მონები უყიდიათ როგორც ფულით, ასევე ნატურით - არაბ სოვდაგრებს ყმა გლეხებს შავკანიანებში უცვლიდნენ.

ვენეციელი ქრონიკიორი მარინო სანუდო წერს, "ამტანობის გამო შავკანიანები თეთრკანიანებზე მეტად ფასობენ. თეთრკანიან მონებს უფრო ეგვიპტელი სულთნები ყიდულობენ და მათგან სამხედრო რაზმებს ქმნიან.…შავკანიანი მონები კი უფასო მუშახელად მიჰყავთ, რადგან ადგილობრივ თავადებს ცოტა მუშახელი ჰყავთ, ამასთან, ადგილობრივები შრომას თაკილობენ და მეკობრეობას მისდევენ. ამიტომ თავადები იჭერენ მათ და მონებად ყიდიან, სანაცვლოდ კი არაბებისგან შავკანიანებს ყიდულობენ".

მონათვაჭრობის არეალი მხოლოდ ევროპითა და ამერიკით არ შემოიფარგლებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი აფხაზეთის სამთავროც იყო. სხვათა შორის, შუა საუკუნეების შავი ზღვის ზოგ რუკაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენიმე პუნქტი სპეციალური ნიშნით - ვერტიკალურად გადახაზული ლათინური ასო შ-ით არის აღნიშნული, რაც მონათა ბაზრის ადგილმდებარეობას მიანიშნებს. ეს კრიპტოგრამაა,  შ ლათინური ასოა, ვენეციურ დიალექტზე "კიავო" ლურსმანს ნიშნავს. შესაბამისად, ვერტიკალურად გადახაზული  შ იკითხება როგორც ესკიავო - მონა; შუა საუკუნეების ევროპაში ვერტიკალურად გადახაზული შ-ით მხოლოდ შავკანიან მონებს დაღავდნენ.

აფხაზეთის სამთავროში უცხო ელემენტების მომძლავრება XVII  საუკუნეში დაიწყო. სამეგრელოს მთავრებთან დაპირისპირების გამო, შარვაშიძეებმა ლაშქრის გასაძლიერებლად აფხაზეთში ჩრდილოკავკასიელი მთიელები ჩამოასახლეს. აფხაზეთ-სამეგრელოს საზღვარი მაშინ მდინარე კოდორზე გადიოდა და მის აღმოსავლეთით დადიანის სამფლობელო იყო. როგორც ჩანს, შარვაშიძეთა საგვარეულომ სამეგრელოსთვის წართმეულ მიწებზე ჩრდილოკავკასიელთა დასახლება იმიტომ დაიწყო, რომ შავკანიანი მონების შესაძენად საკმარისი არც ფული მოეძევებოდა და არც ყმა-გლეხები.

ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართებოდა აფხაზეთის ისტორია, შარვაშიძეებს ჩრდილოკავკასიელთა ნაცვლად ზანგები რომ დაესახლებინათ. ალბათ, ამ უძველეს ქართულ მხარეში "კავკასიურ ვესტინდოეთს" მივიღებდით. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ შარვაშიძეთა საგვარეულო სახლმა სამთავროს გასაძლიერებლად შავკანიანი მონების გამოყენებაც სცადა. არაფების დასახლება კოდორის შესართავთან მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ ამ ხალხის ერთ-ერთ მოვალეობას სამეგრელოსთან საზღვრის დაცვაც შეადგენდა.

ამის თქმის საფუძველს იძლევა ისიც, რომ XIX  საუკუნეში უკვე გააფხაზებულნი იყვნენ და კანის ფერის გარდა, აფხაზებისგან აღარაფრით განსხვავდებოდნენ. აფხაზური ენა და კულტურა ძალდაუტანებლად, საუკუნეთა განმავლობაში შეითვისეს. ასე რომ, შარვაშიძეები შავკანიან მონებს, როგორც ჩანს, თეთრკანიანი ყმა გლეხებისგან არც კი ასხვავებდნენ. თეთრ” და “შავ” აფხაზთა შორის შერეული ქორწინებებიც ხშირი უნდა ყოფილიყო. მშობლიური ენა და კულტურა“არაფებმა, ალბათ, სწორედ ამის გამო დაკარგეს.

შავი ზღვისპირეთში შავკანიანი მონებით ვაჭრობის თაობაზე არაბული წყაროებიც მოგვითხრობს. ძალზე საინტერესოა ეგვიპტეში მამლუქების მმართველობის პერიოდში შექმნილი ერთი ანონიმური ხელნაწერი, რომელიც  XVIII საუკუნის ბოლოდან პარიზში ინახება. ხელნაწერში აღწერილია, როგორ დალაშქრეს მამლუქებმა ეთიოპია. სწორედ ამ დროს წამოუსხამთ ტყვედ ფალაშები - ეთიოპიელი ებრაელები, რომელთა ერთი ნაწილიც სულთანს ოსმალთა იმპერიისთვის უჩუქებია.

ეთიოპიელი ებრაელები ანთროპოლოგიურად შავკანიანები არიან და რწმენის გარდა, ებრაელებთან საერთო არაფერი აქვთ. არაბულ ხელნაწერში მოხსენიებულ ფაქტს ეხმაურებიან რუსული ქრონიკებიც. პეტრე  I-ის ზეობისას შექმნილ ერთ-ერთ მატიანეში ნათქვამია, რომ შავ ზღვაში ჩაიძირა ხომალდი, სადაც ოსმალეთის იმპერატორის მიერ ყირიმის ხანისთვის გაგზავნილი ეთიოპიელი მონები”იყვნენ. უმრავლესობა დაიხრჩო, მცირე ნაწილმა კი კასოგებისა”(ჩერქეზების) და ობეზების (ქართველების) სანაპიროებს შეაფარა თავი. იქ ადგილობრივმა“ტუზემცებმა”დაატყვევეს და ისევ მონებად გაყიდესო. ერთ-ერთი ეთიოპიელი, სახელად, აბრაამი პეტრე პირველის კარზეც მოხვედრილა. მას ჰანიბალი”უწოდეს. სწორედ ის გახლდათ ალექსანდრე პუშკინის წინაპარი.

საქართველოს სხვა კუთხეებში შავკანიან მონათა არსებობა ისტორიულად არ დასტურდება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 1878 წელს ქალაქ ბათუმში შესულ რუსულ ჯარს სანჯაყ-ბეგის ყოფილ რეზიდენციასთან ახლოს, ამჟამინდელი ბულვარის ტერიტორიაზე, არაბულად მოლაპარაკე ზანგების სამიოდე ოჯახი უნახავს. ისინი სანჯაყ-ბეგის მონები იყვნენ და ოსმალური ადმინისტრაციის პერსონალთან ერთად ბათუმი იმავე წელს დატოვეს. თითო-ოროლა შავკანიანი მონა, ალბათ, ქართველ გვირგვინოსნებსაც ეყოლებოდათ, მაგრამ აძიუბჟელი“არაფების მსგავსი შემთხვევა ქართულ სინამდვილეში არ დაფიქსირებულა.

შავკანიანი აფხაზების ისტორიის კვლევა მეტად მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არც აძიუბჟასა და არც სხვა სოფლებში აღარ არიან.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც, ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, 1980 წელს აფხაზეთის მთებში ნაპოვნი გოლიათი "თოვლის ქალი" ზანა სწორედ აფროაფხაზების შთამომავალი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ზანას შთამომავლები დარჩა. როგორც ცნობილია, ღრმად მოხუცი ზანა 1989 წელს გარდაიცვალა.
სვანი
22 ივნისი 2017 17:23
აფხაზეთში და საქართველოს შავ ზღვისპირეტში ციტრუსი სტალინმა შემოატანინა და ეს უტყუარი ფაქტია! რაც შეეხება ქართველების გააფხაზებას, მათთვის არავის არაფერი არ დაუძალებიათ, უბრალოდ აფხაზებს მეტი პრივილეგია ჰქონდათ და ამის საფუძველზე ზოგიერთი ქართველი აფხაზ ეროვნებას ღებულობდა! ეს არის და ეს!
მედეა
09 თებერვალი 2016 11:04
არაფერს შევეხები გარდა იმისა, სადაც აღნიშნულია, რომ შავკანიანი მონები მე-17 საუკუნეში ციტრუსის პლანტაციებში სამუშაოდ უყიდია შარვაშიძეს. მე-17 საუკუნეში აფხაზეთის ტერიტორიაზე ციტრუსი არ ხარობდა. ასეთი დეტალები როცა დამახინჯებულად არის წარმოდგენილი, კარგს ვერაფერს გეტყვით.ეს ზყაპრები ამის დამწერმა თავის წრეში მოყვეს და ხალხი ნუ შეყავს შეცდომაში. ხოლო რაც შეეხება აფხაზეთში მცხოვრებ შავკანიანებს, ამაში არის სიმართლე. რაოდენობას ვერ გეტყვით, რამდენი კომლი ცხოვრობდა აფხაზეთში, მაგრამ დედაჩემის გაკვირვება მახსოვს( ეს არის 80-იანი წლები) როცა სახლში დაბრუნებულმა თქვა, რომ დღეს ბაზარში მეგრულად მოლაპარაკე მულტი ნახა.
saxeli gvari
04 მაისი 2011 17:48
პ.ს. და კიდევ, თქვენ თუ ფიქრობთ რომ ეს მწარე სიმართლე მე სიამოვნებას მგვრის, ძალიან ცდებით. ეს ისეთივე მტკივნეული და ფაქიზი თემაა ჩემთვის, როგორც ყველა რიგითი ქართველისათვის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები