უცნობი დეტალები დიდი გენერლის ცხოვრებიდან - კვირის პალიტრა

უცნობი დეტალები დიდი გენერლის ცხოვრებიდან

ნებისმიერ ქვეყანაში იბადება კაცი, ვისაც სამშობლოს ბედის შემობრუნება შეუძლია. ჩვენს ქვეყანას ასეთი არაერთი ჰყავდა. მათ შორისაა გიორგი მაზნიაშვილი, - პარადოქსული დროის გენერალი. კაცი, რომელსაც რუსეთ-იაპონიის ომში გამოჩენილი მამაცობისთვის რუსეთის იმპერატორის ასულები უხვევდნენ ჭრილობას (ქალიშვილიც იმპერატორმა მოუნათლა), ხოლო საკუთარი სამშობლოსთვის გამოჩენილი მამაცობისთვის დახვრიტეს - ასეთი იყო 1937 წელს დაპატიმრებულების სიკვდილის ფორმა...

თუმცა ეს უკვე ნაცნობი თემაა და მამაც გენერალზე ჩვენ აქამდე უცნობი დეტალები გვაქვს მოსაყოლი, რისი მოთხრობისთვის მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ მედეა მამულაშვილს, - ადამიანს, რომელიც კასპში, სოფელ სასირეთში, გენერალ მაზნიაშვილის სახელს და მის ნასახლარს (ახლა უკვე მუზეუმს) თავს დასტრიალებს.

*  *  *

- მარტო მე არა, მთელმა სოფელმა მოინდომა, მაზნიაშვილის სახელისთვის და სახლისთვის მიმეხედა, - ის ჩვენებური იყო. სასირეთელთა რძალი ვარ,  როცა აქ დავსახლდი, ერთი ლამაზი სახლი შევამჩნიე, მითხრეს, - ეგ ისეთი კაცის სახლია, ჩვენს მხარეს კი არა, ქვეყანასაც საუკუნეში ერთხელ რომ ეღირსებაო. მაშინ გავიგე პირველად მაზნიაშვილის სახელი...

ხუთი შვილის პატრონი რას ვიფიქრებდი, თუ ყველა საქმეს გვერდზე გადავდებდი და სიცოცხლეს მისი ცხოვრების ისტორიის შესწავლას შევწირავდი, მაგრამ არც სხვანაირად გამოვიდოდა - მისი გვარის ნაფუძარზე მაშინ კაცი აღარ ჩანდა. სოფელში კი მაზნიაშვილზე სიტყვას რომ ჩამოვაგდებდი, ქუდს იხდიდნენ - ხალხს მისი დიდი სიკეთე ახსოვდა. ვერც იმას ვიფიქრებდი, თუ წლების შემდეგ მისი შთამომავლებიც გამოჩნდებოდნენ და მათთვის მამაპაპეული სახლის კარის შეღებაც თავად მომიწევდა.

გენერლის ოთხი შვილიდან მხოლოდ ერთი ქალიშვილის, ანეტას შთამომავლები გადარჩნენ, თუმცა ახლა  გენერლის მემკვიდრეობაზე უკვე მაზნიაშვილის შვილობილის - შვედი  სოფიოს შთამომავლებიც ალაპარაკდნენ (?!). გენერალმა ეს ობოლი გოგონა პეტერბურგში იშვილა და 5 წლისა სასირეთში ჩამოიყვანა. სხვათა შორის, მაზნიაშვილის შვილობილის KvirisPalitra.Geშთამომავალი, არც მეტი, არც ნაკლები, კახი კალაძის მეუღლე, ანუკი არეშიძეა.

*  *  *

აზნაურ დავით გლურჯიძეს ოთხი ქალი და ერთადერთი ვაჟი ჰყავდა - ფრიდონი, რომელიც სამხედრო საქმის შესასწავლად გაგზავნა პეტერბურგს - მაშინ ეს საუკეთესო კარიერა იყო. ერთ მშვენიერ დღეს ოფიცერმა ფრიდონ გლურჯიძემ სოფელში სტუმრად ოფიცერი ივან მაზნევი ჩამოიყვანა. მაზნევს დანახვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა ფრიდონის და, ქრისტინე და მეგობარს შეევედრა, - თუ შენს დას მომათხოვებ, მზად ვარ, ყველაფერი მივატოვო და შენს სოფელში დავსახლდეო.

მოკლედ, ქრისტინემ მაზნევს სამსახური კი არა, მოსკოვთან ახლოს მდებარე მაზნევოს მამულიც დაავიწყა. მეტიც,  გაქართველდა და შვილები მაზნიაშვილად დაწერა.  გიორგი მაზნიაშვილს სამხედრო ნიჭი მამისგან გადაეცა. პატარა გიორგი დეიდებმა გაზარდეს. მათ უქციეს "ვეფხისტყაოსანი" და "ბიბლია" სამაგიდო წიგნებად...

*  *  *

სასირეთის წმინდა გიორგის ეკლესია გენერლის, გიორგი მაზნიაშვილის აშენებულია. ამ ადგილზე შარვაშიძეების ძვალთშესალაგი პატარა ბაზილიკა მდგარა... რუსეთ-იაპონიის ომში დაჭრილ გენერალს დაუჩოქია და უფლისთვის უთხოვია, ოღონდ ჩემი სამშობლოსთვის თვალი ერთხელ შემავლებინე, შენს სადიდებლად ტაძარს ავაგებო. ამ ომში მაზნიაშვილივით მამაცურად არავის უბრძოლია. "გადაეცით მადლიერების ნიშნად ოქროს ხმალი", - უბრძანებია რუსეთის იმპერატორს და მაზნიაშვილთან, ლაზარეთში ქალიშვილები გაუგზავნია. მოგვიანებით წმინდა გიორგის ჯვარი თავადვე მიუბნევია მკერდზე. როცა დაჭრილი ფეხზე დადგა, სოფელში ჩამოვიდა, ტაძარი ააგო და მრავალშვილიან გლეხებს სამოსახლო ადგილი და საშენი მასალაც მისცა.

ობლებსა და ავადმყოფების ხომ პატრონობდა და თავს ევლებოდა. ერთი ადიუტანტი ჰყავდა, გვარად ბაინდურაშვილი - დედისერთა ყოფილა და მსოფლიო ომის დაწყებისას დედამისი ფეხებში ჩავარდნია მაზნიაშვილის ახლობელს, - შვილს ომში მომიკლავენ, მიშუამდგომლე გენერალთან, ადიუტანტად მიიღოსო. გენერალს ადიუტანტების მეტი რა ჰყავდა, მაგრამ ბიჭი შეეცოდა და  შინ წაიყვანა. სწორედ ამ ბიჭმა მოიყვანა ცოლად გენერლის შვილობილი, შვედი გოგონა, სოფიო, რომელიც ხუთი წლისა ხელში ატატებული ჩაიყვანა ჯერაც უცოლშვილო გენერალმა სასირეთში.

მერე კი სულიც არ ენანებოდა მისთვის, მაშინაც კი, როცა დაოჯახდა და 4 შვილიც შეეძIნა. როცა 13 წლის სოფიო ადიუტანტთან ერთად გაიპარა, გული ეტკინა,  გაებუტა კიდეც, მაგრამ მალე გული მოუბრუნდა და  მზითვიც მიუტანა. სწორედ ამ სოფიოზე ამბობს  ანუკა არეშიძე, - ჩემი დიდი ბებია მაზნიაშვილის შვილობილი კი არა, ნამდვილი შვილი იყოო. თურმე ოჯახში დღემდე აქვთ მისი ნამზითვი შემონახული. ასეა თუ ისე, ეს ამბავი ახლა არც ისე ძნელი გასარკვევია, მით უფრო, რომ გამოჩნდნენ მაზნიაშვილის ნამდვილი მემკვიდრეებიც - მისი ქალიშვილის, ანეტას შთამომავლები.

KvirisPalitra.Ge*  *  *

ანეტას ორი შვილი ჰყოლია - თეიმურაზი და გიორგი.  მამისა და ძმის დახვრეტის შემდეგ ანეტა შვილების წარმომავლობას საგულდაგულოდ მალავდა.

KvirisPalitra.Geმერე გავიდა დრო, თეიმურაზსა და გიორგის ბიჭები შეეძინათ, ამ ბიჭებს კიდევ, - ბიჭები - მირიანი, თეიმურაზი, ლუკა და დავით დეგელაძეები.

ყველა მათგანი სკოლებში გამორჩეული მოსწავლეა.

KvirisPalitra.Geთეიმურაზს სკოლაში თავისუფალი თემაც დაუწერია, - მინდა საქართველო იყოს ისეთი ძლიერი და ერთიანი, როგორიც ჩემს დიდ პაპას, გიორგი მაზნიაშვილს უნდოდაო.

მათ ძარღვებში ხომ იმ კაცის სისხლი ჩქეფს, ვინც მშიერ-ტიტველი ჯარისკაცებითა და შიშველი ხელებით თურქებს გურია და აჭარა გამოჰგლიჯა.

P.S. სიტუაციაში გასარკვევად ანუკი არეშიძის დედას, ნინო ჭუმბურიძეს დავუკავშირდით: - სოფიო მაზნიაშვილი ჩემი მეუღლის, მიხეილის დიდი ბებია იყო დედის მხრიდან. ხოლო ჩემი დედამთილი, ლარისა - სოფიოს შვილიშვილი. ლარისა რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ხშირად გვიყვებოდა დიდი გენერლის ამბებს. ისიც კი ახსოვდა, მალულად როგორ მოდიოდა საბჭოთა წყობილების მიერ დევნილი მაზნიაშვილი შვილის (სოფიოს) მოსანახულებლად. სოფიო კი, - მამა მოვიდაო და სიხარულით ეგებებოდა.

ძალიან გაგვიჭირდება იმის დამტკიცება, რომ სოფიო მაზნიაშვილის შვილობილი კი არა, შესაძლოა გენერლის ღვიძლი შვილი ყოფილიყო. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ჩემი მეუღლე და ანუკიც მის შთამომავლებად თვლიან თავს და ამით ამაყობენ.