აკაკის "სამადლობელი" - კვირის პალიტრა

აკაკის "სამადლობელი"

1908 წლის 7 დეკემბერს ქართველმა საზოგადოებამ აკაკის შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავი აღნიშნა. საიუბილეო საღამო თბილისში გაიმართა. მგოსანს ეს მნიშვნელოვანი თარიღი თბილისელმა სომხებმაც მიულოცეს.

აკაკის თანამემამულეთა სახელით რუსეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა არამაის ერზიკიანმა მიმართა სიტყვით და თანაც კრაველით გაწყობილი, ძვირფასი ტყავის ქურქი გადასცა.

ერზიკიანმა ქურქი საკუთარი ხელით მოასხა ახოვან მხრებზე იუბილარს. აკაკიმ ხელი მოჰხვია და შუბლზე აკოცა ახალგაზრდა კაცს, თანაც რაღაც ჩასჩურჩულა ყურში, რაზეც ორივეს სიცილი წასკდა.

საღამოს დასრულების შემდეგ  ერზიკიანს საშველი არ მისცეს და მანაც გაამხილა აკაკის ნათქვამი: რაც ამდენ ხანს სომხებმა ქართველებს ტყავი აძვრეს და ოთხში ამოიღეს, ახლა ჩვენი გულის მოგებას ამ გაცვეთილი ტყაპუჭით აპირებთო? - ასე მითხრა, რა ენა ჰქონია ამ დალოცვილსო, - გაიძახოდა ერზიკიანი.

KvirisPalitra.Geნირწამხდარი ბატონიშვილი

1841 წლის გურიის აჯანყების ერთ-ერთი მიზეზი ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის ფულადი გადასახადების დაკისრება გახდა. ეს მაშინ, როდესაც მთელ მხარეში ერთადერთი, ვინც იმ დროს ჯამაგირს რუსული ფულით იღებდა, გურიის დროებითი მმართველობის თავმჯდომარე იყო. სწორედ მისი წლიური ჯამაგირით - 600 მანეთით განისაზღვრებოდა რუსული ფულის "ბრუნვა" მაშინდელ გურიაში. ბუნებრივია, მოსახლეობამ ვერ შეძლო გადასახადების გადახდა, რასაც გლეხების დაწიოკება მოჰყვა.

აჯანყების ერთ-ერთი მეთაური გახლდათ აზნაური ერასტი ჭყონია, რომელმაც მოგვიანებით გურიაში შემოსულ თურქებთან ბრძოლაში ისახელა თავი - გადაჯიშებულ ჰასან-ბეგ თავდგირიძეს თავი მოაჭრა ("ხასანბეგურაში" სწორედ ამ ამბავზე მღერიან).

1865 წლის გაზაფხულზე ბევრად მცირე მასშტაბის, მაგრამ მსგავსი ამბები დატრიალდა თბილისშიც. მომხდარი  "თბილისელი ამქრების აჯანყების" სახელით შევიდა ისტორიაში.

ქალაქში დაიკეტა ყველა დუქანი და  სახელოსნო. ამის მიზეზი მთავრობის მიერ საბაჟო გადასახადების გაზრდა იყო, რამაც საქონლის არნახული გაძვირება გამოიწვია. გამწარებული ხალხი ქალაქისთავთან, ბაჟბეუქ მელიქოვთან შეხვედრას მოითხოვდა, რადგან ყველაფრის მიზეზად მას მიიჩნევდნენ (ფქვილი გადამალა და პური იმიტომ გაძვირდაო). შეშინებულ  მელიქოვს კუკიაზე, საკუთარი სახლის სხვენში დამალულს  მიაგნეს და მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

აჯანყებულებმა მეტეხის ხიდი გადაკეტეს.  გაისმა მოწოდებები რუსული მმართველობის დამხობის შესახებაც. ხელისუფლებამ  ხალხის დასაშოშმინებლად  ერეკლე მეორის შთამომავალი ირაკლი ბაგრატიონი (გრუზინსკი) გაგზავნა, იგი ხშირად დადიოდა ევროპაში დაავადებული ღვიძლის სამკურნალოდ. ხელისუფლებამ გოგირდის აბანოები უბოძა და მკურნალობის ხარჯებს იმით ფარავდა (თბილისელები ამ ადგილს "ერეკლეს აბანოებს" ეძახიან).

ხალხმა, როგორც კი თვალი მოჰკრა ცხენზე ამხედრებულ ბაგრატიონს, შეძახილები გაისმა:  მეფე ერეკლეს გაუმარჯოსო! ამის გამგონე ნირწამხდარმა ბატონიშვილმა  ცხენი შეაბრუნა. ასეთ დახვედრას, როგორც ჩანს, ხელისუფლების მიერ დანიშნული შუამავალი არ ელოდა, ასე  ხომ  შეიძლებოდა აბანოებიც დაეკარგა. სწორედ მაშინ თქვეს მწარე ღიმილით თბილისელებმა: "კაცს მეფობას სთავაზობდნენ და აბანოებზე ჰფიქრობდაო".

ამქართა აჯანყება მალევე ჩაახშვეს.

ლადო გოგუაძე