მოსწავლეთა სასახლე 70 წლისაა - კვირის პალიტრა

მოსწავლეთა სასახლე 70 წლისაა

2011 წლის 2 მაისს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს 70 წელი შეუსრულდა. საკმაოდ სოლიდური თარიღია იმისთვის, რომ მთელმა ქვეყანამ აღნიშნოს, რადგან ამ სასახლეში იზრდებიან თაობები, რომლებიც შემდეგ საქართველოს კულტურულ და სამეცნიერო ელიტას ქმნიან.

მეფისნაცვალ ვორონცოვის დიდებული სასახლე, რომლის დარი სხვა შენობა არც იყო  XIX საუკუნის საქართველოში, ყველასათვის ღიაა. მის მარმარილოს კიბეებზე, ვინ იცის, რამდენი მშვენიერი მანდილოსნის აბრეშუმის კაბა აშრიალებულა, რამდენ ვაჟკაცს აუვლია დინჯი ნაბიჯით... ახლა ბავშვები დარბიან. მათი თვალი და გული მიჩვეულია ბრწყინვალე დარბაზებს, რომელთა დასათვალიერებლად ხშირად მოდიან უცხოეთის დელეგაციები. ბავშვები კი ისევე დიდებულად ხვდებიან მათ, როგორც ვორონცოვის დროს იღებდნენ რჩეულ სტუმრებს.

ადრე პიონერთა სასახლეს ეძახდნენ, ახლა უკვე თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეა. მისი დირექტორი გიორგი შალამბერიძე ინტერესით ათვალიერებს ძველ ოქმებს... ქალაქის საბჭოს დადგენილებით ეს შენობა 1937 წელს გადაეცა ბავშვებს. დირექტორად შალვა თევდორაძე დაუნიშნავთ. სხვათა შორის, ივანე ჯავახიშვილი მიუწვევიათ სხდომაზე, რომელზეც წყდებოდა საკითხი, ვის უნდა გადასცემოდა სასახლე - ბავშვებს თუ ხელოვნების მუზეუმს. "დიდებული საქმე გაკეთდა, შენობა ბავშვებს გადაეცა", - ჩაუწერია ივანე ჯავახიშვილს სხდომის დამთავრების შემდეგ. დღევანდელმა დირექტორმა კარგად იცის, რას გულისხმობდა დიდი მეცნიერი. მომავალ თაობაზე მნიშვნელოვანი არაფერია ქვეყნისათვის.

ლანა ღოღობერიძე, როგორც არაერთი წარმატებული ქართველი, ბავშვობაში პიონერთა სასახლეში დადიოდა. ამიტომაც შევიდა მისი მემუარების წიგნში თავი "პიონერთა სასახლე - საბჭოთა პარადოქსი".

- მართლაც პარადოქსი იყო, რომ აქ ეროვნული სულით იზრდებოდნენ ბავშვები, - მიამბობს გიორგი შალამბერიძე, - ეს სასახლე ხომ შეიქმნა, როგორც იდეოლოგიური დაწესებულება, სინამდვილეში კი გახდა ტრადიციებისა და ეროვნული სულის მატარებელი. ალბათ არ არსებობს მეორე დაწესებულება, რომელიც ამდენს გააკეთებს ამ საქმისთვის... თავის დროზე იდეოლოგიური დაუმორჩილებლობისათვის ლიტერატურის წრის პედაგოგი ქეთევან ანანიაშვილი სამსახურიდან წავიდა, პროტესტის გამო აღარსად უმუშავია, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, მისი არქივი კი ჩვენ გადმოგვცეს. პროფესორ გიორგი შალამბერიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ბიბლიოთეკაც ჩვენი სასახლის ბიბლიოთეკას გადმოეცა.

სასახლის ამერიკული კაბინეტი და  თანამედროვე ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა ამერიკის სახელმწიფო გრანტით არის შექმნილი და ამერიკის საელჩო კურირებს.

გვაქვს უნიკალური კაბინეტები...

ვამაყობთ ჩვენი თოჯინების თეატრით. ყოველ კვირას სპექტაკლებს ვმართავთ ბავშვებისთვის. საახალწლოდ უფასო ზეიმს ვმართავთ ხოლმე 1500-2000 ბავშვისთვის. ასევე ვუწყობთ ზეიმს პირველკლასელებს. ჩვენს პლანეტარიუმში სკოლის მოსწავლეებს ვმასპინძლობთ და ლექციას ვუტარებთ. სასახლის "პიონერფილმს" ხომ მთელი საქართველო იცნობს...

მოსწავლეთა სასახლეში 7000 ბავშვი დადის და 22-23 ათასი მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში. მაგალითად, 8 ათასი ბავშვია ჩართული სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციის მომზადებაში. კონფერენციისთვის 28 სექცია იმუშავებს. საუკეთესოებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიგელებით დააჯილდოებენ.

ხშირად ჩვენთან საპატიო სტუმრები მოდიან, ცოტა ხნის წინ ვმასპინძლობდით ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სტუმრებს სპეციალური პროგრამით ვეგებებით. მაგალითად, ხორვატებთან შეხვედრაზე "მზიურმა" ხორვატიული სიმღერა შეასრულა. სტუმრები სიხარულით ატირდნენ და ქართველი ბავშვები შიბანიკის ფესტივალზე მიიწვიეს.

- დაბადების დღეს როგორ ხვდებით?

- 70 წლისთავის აღსანიშნავად ორი ღონისძიება დაინიშნა - თანამშრომელთა საზეიმო სხდომა და 28 მაისს საზეიმო მიღება. დავპატიჟებთ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, ჩვენს აღზრდილებს... 15 ქვეყნიდან გვეწვევიან სტუმრები. 27 მაისს ასოციაციის სხდომაც ჩატარდება.

"პიონერფილმის" ვარსკვლავი მოსწავლეთა სასახლის წინ უკვე გახსნილია. ოქტომბერში გადაწყდება და ალბათ გაიხსნება ჩვენი ქორეოგრაფიული ჯგუფის ვარსკვლავიც...

KvirisPalitra.Geმეფისნაცვლის სასახლე (მიხეილის სასახლე)

საქართველოს მთავარმართებლის რეზიდენციისათვის შეირჩა ქალაქგარეთ მდებარე თავად ორბელიანების ყოფილი ბაღი. პირველი შენობა 1802 წელს ქართველმა ქვითხუროებმა ააგეს. ის რამდენჯერმე გადაკეთდა. 1816 წელს არქიტექტორ ბრაუნმილერის პროექტით მთავარმართებლის ახალი სასახლე აშენდა.

1845 წელს, კავკასიაში მეფისნაცვლის თანამდებობის შემოღების შემდეგ, სასახლე ვეღარ აკმაყოფილებდა მეფის თვითმპყრობელობის წარმომადგენელთა მაღალ  მოთხოვნებს. რაც მაღალ წრეს ეკუთვნოდა იგი (კავკასიის მეფისნაცვლები ხშირად იმპერატორის ოჯახის წევრები იყვნენ), მით მეტი ბრწყინვალება უნდა ჰქონოდა რეზიდენციასაც.

1845-1847 წლებში პეტერბურგელმა არქიტექტორმა, აკადემიკოსმა ნიკოლაი სემიონოვმა სასახლის იერ-სახე სრულიად შეცვალა. მისი ხედი ოფიციალური კლასიციზმის სულისკვეთებისთვის სრულიად შესაფერისი გახდა, მეორე სართულის გვერდით ნიშებში - ჰერკულესის და მინერვას სკულპტურული ფიგურები ახალი ხელისუფლების ძალასა და სიბრძნეს გამოხატავდა. ამავე პერიოდში გაშენდა ბაღი ხეივნებით, ფანჩატურით, აიგო შადრევნებიანი აუზი. ბაღს სასახლის ბაღი ეწოდა. იქ შესვლის უფლება მხოლოდ ვიწრო წრეს ჰქონდა: დიდ დღესასწაულებზეც კი მხოლოდ უმაღლესი წოდების, ჩინისა და შეძლების მოქალაქეებს იწვევდნენ.

1856-59 წლებში თბილისში მოღვაწე შვედმა ხუროთმოძღვარმა ოტო იაკობ სიმონსონმა შენობა ნაწილობრივ გადააკეთა. მან გაზარდა სასახლე და ახლებური იერი მიანიჭა: კლასიცისტური ფასადი რენესანსული ელემენტებით შეიცვალა. მეორე სართულზე გაჩნდა დარბაზი საზეიმო მიღებისათვის.

1917 წლიდან სასახლეში ამიერკავკასიის სეიმი იყო განთავსებული, 1916 წელს საქართველოს დელეგაციამ ამიერკავკასიის სეიმის სხდომა დატოვა, გამოვიდა თეთრ დარბაზში და ნოე ჟორდანიას მთავრობამ ქვეყნის თავისუფლება გამოაცხადა.

1918 წლის 26 მაისს მეფისნაცვლის ყოფილი სასახლის თავზე საქართველოს ეროვნული დროშა აფრიალდა. ამიერკავკასიის სეიმი დაიშალა. ორი დღის შემდეგ, 28 მაისს, ამავე შენობაში გამოცხადდა სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობაც.

1921 წლის თებერვლიდან სასახლეში მუშაობდა საბჭოთა საქართველოს მთავრობა. 18 თებერვალს საქართველოს კონსტიტუციაც ამ შენობაში მიიღეს.