ორი დიდებული კაცის ნათელი სხივი - კვირის პალიტრა

ორი დიდებული კაცის ნათელი სხივი

არ სჭირდებოდათ გატკეცილი პიჯაკები და ყელთან პრიალა ბაფთები თავიანთი განსაკუთრებულობის წარმოსაჩენად...

რუტინული შრომით კი არა, თავისთავად ქმნიდნენ უკვდავ ხელოვნებას, თითქოს ხელოვნება მათი არსებობის ფორმა იყო. როგორც ვერ იტყვი ადამიანზე, რა დიდ ჯაფად უჯდება, რომ სუნთქავსო, ისე ვერ იტყვი რეზო ლაღიძესა და ბიძინა კვერნაძეზე, ტიტანური შრომის ფასად დაგვიტოვეს შემოქმედებითი მემკვიდრეობაო... არა იმიტომ, რომ შემოქმედებითი შრომა უცხო იყო მათთვის... იმიტომ, რომ ცხოვრობდნენ სისხლსავსე ცხოვრებით, არ აკლდებოდნენ მეგობრებს, მხიარულებას... ბუნებაში გასვლასა და ხეტიალს... არ სჭირდებოდათ გატკეცილი პიჯაკები და ყელთან პრიალა ბაფთები თავიანთი განსაკუთრებულობის წარმოსაჩენად... რომ გეთქვა, განუმეორებელი ბრძანდებითო, მოსწრებულად იხუმრებდნენ, გაიღიმებდნენ, გაგაცინებდნენ. იყვნენ ისეთები, როგორსაც იცნობდნენ.

იმ დროს ქალაქში ჯერ კიდევ დადიოდა ტრამვაი და ტროლეიბუსი. თავადაც ბევრჯერ უმგზავრიათ ამ ტრანსპორტით... ვოლგებით დიდად არ დაბრძანდებოდნენ. ეს ახლაა, საზოგადო ტრანსპორტში, სასწაული უნდა მოხდეს, რომ დიდი ხელოვანი კი არა, ასე თუ ისე წარმატებული შემსრულებელი ნახო. გამორიცხული არც ის არის, ახლაც გაჩერებასთან მდგარიყვნენ. რეზო ლაღიძე უფროსი მეგობარი იყო... ბიძინა კვერნაძე - ასაკით უმცროსი. უფროსმა დიდმა კომპოზიტორმა იცოდა ახალგაზრდა, ხალასი კომპოზიტორის ფასი... უმცროსმა ხომ იცოდა და იცოდა, რეზო ლაღიძე რომ ლეგენდა იყო...

რეზო ლაღიძეს ჰკითხეს ერთხელ, ყოველდღე ბევრს თუ მუშაობთო... ყოველდღე მე ვცხოვრობო, - უპასუხა.

მართლაც, ყოველდღე ცხოვრობდნენ. ლაღიძის თევზაობაზე ლეგენდები დადიოდა. ერთადაც ყოფილან სათევზაოდ. მერე ჰყვებოდა ბიძინა კვერნაძე: - ეგეთი არაფერი მინახავს, ბადეს კბილებით იჭერდა ხოლმე... არადა, იმსიმძიმე ბადის დაჭერა კაცს ორივე ხელით გაუჭირდებოდაო...

ნადირობა სულ სხვა იყო: რეზო ლაღიძე ამბობდა: - ირემს, დათვს ან შველს როგორ ვესვრიო... მწყერზე ინადირებდა.

ბიძინა კვერნაძე ჰყვებოდა: - სანადიროდ კი ვყოფილვარ, მაგრამ არასოდეს არაფერი მომიკლავსო...

ერთხელ ტახი გამოვარდა, ესროლეო, - იაშა ბობოხიძემ. ბიჭო, როგორ ვესროლო, ტირის-მეთქი... ესროლეს სხვებმა და მოკლეს... იმისი ხორცი არ მიჭამია. რა მაჭმევდა...

სხვა დროს კი დათვი შემოგვეფეთა. კაცივით მოდიოდა. ან იმას როგორ ვესროდი! სხვებმა ესროლეს. რომ დაიჭრა, თათი ისე მიიდო ნატყვიარზე, როგორც ადამიანმა. ის ჟაკანი შინ მაქვს შენახულიო.

ირაკლი აბაშიძის მოსწრებული თქმა ხომ მთელმა თბილისმა იცის. ერთხელ რესტორანში იყვნენ ერთად. რეზო ლაღიძე ამბობდა: ისეთი აზარტული ვარ, ტყეში მამაჩემი რომ შემხვდეს, შეიძლება იმას ვესროლოო... ირაკლი აბაშიძეს უთქვამს ბიძინა კვერნაძისათვის, - შენ ამას ტყეში არ გაჰყვე, ისეთი გვარი გაქვს, ნამდვილად გესვრისო...

დაუმორჩილებელი იყო ერთიცა და მეორეც. რეზო ლაღიძეს მკაცრად უნდა დაეცვა რეჟიმი... არას დაგიდევდათ. მისი არსებობა მხოლოდ ასე - ლაღად იყო არსებობა. ათასგვარი შეზღუდვით, ეგონა, მთავარს დაკარგავდა... არადა, ის მთავარი იყო, რომ მელოდიად ჟღერდა და ნოტებით იწერებოდა...

ურჩობდა ბიძინა კვერნაძეც. ვინ იცის, რამდენი საათი, დღე და ღამე გაუტარებია სუფრასთან, მეგობრებთან, საქართველოს ბუნებაში... სიბერემაც კი ვერ დაჩაგრა, სახლს ვერ მიაჯაჭვა. მძიმედ სნეულიც ვერ დაწვებოდა... თავისი მშვენიერი ძველი სახლის მეოთხე სართულზე მძიმედ ადიოდა და ჩამოდიოდა... მაინც არ ჩერდებოდა.

კარიერა თავის საქმედ არ მიაჩნდათ და განსაკუთრებულ პატივს არ ითხოვდნენ. მთავრობის მაამებლობა არც შეეძლოთ, არც სჭირდებოდათ. მათი მუსიკითა და სიტყვებით ადამიანები თავის სათქმელს ამბობდნენ და გრძნობას გამოხატავდნენ.

რეზო ლაღიძის დაკრძალვაზე მთავრობა რომ გამოცხადდა შავი ვოლგებით, ბიძინა კვერნაძემ წყნარად იხუმრა: - მოშავდნენო...

ბევრი რამ არის შავი ამქვეყნად. ბევრი რამ "მოშავდება" და "მიშავდება" - კვალი ნათელი კი არ ქრება. ფოტოსაც კი აქვს შერჩენილი ამ ორი დიდებული კაცის ნათელი სხივი...