"შაითან კაპიტანი" - კვირის პალიტრა

"შაითან კაპიტანი"

"ვიღაცამ კარზე დააკაკუნა.

"ენტრეზ"! გასძახა მამიდა არმადარმა.

ტანმორჩილი ჩოფურა მოხუცი შემოვიდა.

თარაშ ემხვარს გაუხარდა "შეითან კაპიტანის" მოსვლა.

"ეს კაცი ყოფილი გენერალია, მსოფლიო ომის დროს მან ერთი ბატალიონით თურქეთის მთელი კორპუსი შტაბიანად შეიპყრო", - ეუბნება თარაში კაროლინას ინგლისურად, ხმადაბლა, თანაც დასძინა: მან არც კი იცის, რომელიმე სენსაციური ამერიკული გაზეთი მილიონ დოლარს არ დაიშურებდა მისი მემუარებისათვის".

კონსტანტინე გამსახურდია.  "მთვარის მოტაცება"

ერთ-ერთი თურქული საექსკურსიო გზამკვლევი გვამცნობს: "პირველად მოგითხრობთ ყარსის შესახებ... თუ თქვენ შეხვალთ ყავახანაში, იქ მყოფი მოხუცი ყარსელი, მისთვის დამახასიათებელი თეატრალურობით, აუცილებლად მოგიყვებათ აჰმედ მუხთარ ფაშას გმირობის ან სარიყამიშთან ბრძოლისას თურქი ჯარისკაცების დაღუპვით გამოწვეული ტკივილის შესახებ".

მაშასადამე, სარიყამიშთან განცდილი მარცხისგან გამოწვეული ტკივილი დღემდე აწუხებთ აქაურებს, ჩადენილი გმირობით სიამაყით ივსებიან ქართველები და რუსები.

ჩვენ არ შევუდგებით ამ ტრაგიკული დღეების ყველა პერიპეტიის აღწერას, მხოლოდ ქართველ სამხედროთა მამაცობაზე ვისაუბრებთ.

1914 წლის ივლისში სარაევოში სერბი გავრილო პრინციპის გასროლას მსოფლიოში მანამდე არნახული მღელვარება მოჰყვა. ტახტის მემკვიდრის მოკვლით აღშფოთებულმა ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ 28 ივლისს ომი გამოუცხადა სერბეთს. 5 აგვისტოსთვის  ომში ჩაება გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი და ინგლისი.  იმდენად მოჩვენებითი იყო თურქების მოქმედება, რომ რუსებმა კავკასიიდან ჯარის დიდი ნაწილი დასავლეთის ფრონტზე ავსტრია-უნგრეთის წინააღმდეგ გადაისროლეს. შემოდგომაზე მოკავშირეთა გეგმები შეიცვალა და გერმანელებმა ოსმალეთისგან კავკასიაში ფრონტის გახსნა მოითხოვეს.

1914 წლის ოქტომბერში რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთს შორის მყიფე მშვიდობა დაირღვა და დაიწყო საბრძოლო მოქმედებები კავკასიის ფრონტზე.

დღის წესრიგში დადგა შეტევის სარიყამიშის მიმართულებით განვითარების პერსპექტივა. ენვერ ფაშამ გერმანელ მრჩეველთა დახმარებით დაგეგმა მეტად გაბედული ოპერაცია: თურქული მე-3 არმიის სამ საარმიო კორპუსს რუსული ქვედანაყოფები უნდა შეებოჭა სარიყამიშთან. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრის შემთხვევაში იმედოვნებდნენ რუსეთის მიერ 1877-78 წლების ომის შემდეგ მიერთებული ტერიტორიების (ისტორიული ტაო-კლარჯეთი) დაბრუნებას, რეგიონში მცხოვრები მაჰმადიანი მოსახლეობის აჯანყებას, სამხრეთ კავკასიის გაწმენდასა და ბორჯომი-თბილისის მიმართულებით შეტევას.

KvirisPalitra.Geამ დროს დერბენტის პოლკის მე-14 ასეულის მეთაურის, კაპიტან ტარასი ვაშაკიძის გმირობამ მთლიანად შეცვალა ბრძოლის ბედი.

ეს მოხდა 22 დეკემბერს. რუსულ საისტორიო ლიტერატურაში ამ მოვლენას "რუსულ სასწაულს" უწოდებენ. სინამდვილეში კი უფრო "ქართული სასწაულია". შეიძლება ითქვას, რომ არა ტარასი ვაშაკიძის "ქართველობა", ეს ამბავი არც მოხდებოდა. საინტერესო ის არის, რომ როდესაც ენვერ ფაშას გერმანელი მრჩევლები ოპერაციას გეგმავდნენ, განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს რუსული არმიების ხელმძღვანელობის არაოპერატიულობასა და მოუქნელობას. ტარასი ვაშაკიძის გმირობის შემდეგ კი ყველაფერი თავდაყირა დადგა - თურქული არმია ერთი ხელის მოსმით განადგურდა.

ტარასი ვაშაკიძე დაიბადა 1873 წლის 8 ივნისს  ქუთაისის გუბერნიაში, ხონის უბნის სოფელ დიდ გუბში. მოგვიანებით მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქუთაისში. ტარასი  1892 წელს თბილისის იუნკერთა სასწავლებელში ჩაირიცხა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ დარუბანდის 154-ე ათასეულის მე-14 ასეულში გაამწესეს.

ტარასი ვაშაკიძე, მიუხედავად იმისა, რომ პოლკის უფროსმა სასტიკად აუკრძალა დამოუკიდებელი მანევრირება, საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა. დერბენტის 154-ე პოლკის მეთაურის, პოლკოვნიკ ნიჟარაძის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ "წინა საღამოს, 11-12 საათის შუალედში კაპიტანი ვაშაკიძე, საკუთარი ინიციატივით პრაპორშჩიკ ლებედევისა და პოდპრაპორშჩიკ სოროკინის თანხლებით დაზვერვაზე იმყოფებოდა.".

22 დეკემბერს დანიშნული იყო რუსების ერთიანი შეტევა. კაპიტანმა ვაშაკიძემ, რომელიც შეტევის ოპერატიულ გეგმას უნდა დამორჩილებოდა, ვითარებაში სწრაფი ორიენტირების უნარი გამოამჟღავნა. მოცემულ მომენტში მისი მოქმედება ეწინააღმდეგებოდა  საერთო გეგმას, მაგრამ მიღებულმა შედეგმა რისკი სრულად გაამართლა.

იერიშის დროს ვაშაკიძემ ასეული წინა ღამით ჩატარებული დაზვერვის მიმართულებით წაიყვანა. მან და მისმა მებრძოლებმა ტყიან ზოლში ხელთ იგდეს თურქთა ოთხი ზარბაზანი და არტილერისტები.  ამის შემდეგ ვაშაკიძემ განკარგულება მიიღო, ადგილზე დარჩენილიყო,  მაგრამ  ბრძანებას არ დაემორჩილა და იერიშით გაიჭრა წინ, სადაც მტრის ძირითადი ძალები ეგულებოდა. ვაშაკიძის მანევრი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მოწინააღმდეგისთვის.

1915 წლის 22 ივლისს დარუბანდის 154-ე ათასეულის მე-14 ასეულის მეთაური, კაპიტანი ტარასი ვაშაკიძე პოლკოვნიკ სპირიდონ ესაძეს წერდა: "1914 წლის 22 დეკემბერს ასეული ათეულებად დავყავი და თურქების ბანაკისკენ დავძარი, ვუბრძანე, სროლა არ აეტეხათ, რათა თურქები ცეცხლის მიხედვით ჩვენს რიცხობრივ სიმცირეს არ მიმხვდარიყვნენ. მე კი მარტო გავემართე მტრის პოზიციებისკენ. როდესაც მათგან ორასიოდე ნაბიჯიღა მაშორებდა, დამტვრეული თურქულით შევძახე: "დაგვნებდით, დაყარეთ იარაღი, თორემ ყველას ამოგხოცავთ". ცოტა ხნის შემდეგ ჩემთან თურქი ოფიცერი მოვიდა და დამტვრეული რუსულით მითხრა: "ბატონო ოფიცერო, ყველაფერი გადაწყვეტილია. კორპუსის მეთაური გთხოვთ, რომ სისხლი არ დაიღვაროს, გნებდებით".

ვხედავთ, ისინი ძალზე ბევრნი არიან, ყველა შეიარაღებულია. საჭიროა მათი განიარაღება, მე კი საკმარისი რაოდენობის ხალხი არ მყავს. მიხვდებიან, ცოტანი რომ ვართ. გამოსავალს ეშმაკობაში ვხედავ, ვუახლოვდები გენერალ ისხან ფაშას და ხმამაღლა ვეუბნები: - ბატონო ოფიცერო, იარაღი შეგიძლიათ დაიტოვოთ.

გენერალი ფრანგულად მეკითხება. ვპასუხობ, რომ ვარ რუსეთის არმიის კაპიტანი, რომელსაც მათი დატყვევება აქვს დავალებული და რუსეთის არმიის ნაწილები პასუხს დაუყოვნებლივ ელიან.

- რა ძალები გყავთ? – მეკითხება გენერალი.

- აქეთ დივიზია დგას, იქით მზვერავთა ბრიგადა, აქვე კი ორი ბატალიონია ჩასაფრებული.

ამის შემდეგ მკითხა, - საიდან ბრძანდებიო.

მეც ვუპასუხე: - ქართველი ვარ, ქუთაისიდან.

- ვიცი, ვიცი ქუთაისიო, - და ისევ მკითხა:

- სად არიან თქვენი ოფიცრები?

- გორაკს მიღმა! – გულში კი ვფიქრობ, რომ ასეულში სულ ორი პრაპორშჩიკი მყავს.

ამით ჩვენი მოლაპარაკება დასრულდა. ყველას ცხენებზე შესხდომა შევთავაზე. მე კი ფეხით გავეშურე. გენერალმა თავისი სამარქაფო ცხენი შემომთავაზა. გზაში სულ ვფიქრობდი, ეშმაკობა არ შემიტყონ, თორემ სულ ჯოხებით გაგვრეკავენ-მეთქი. ბედმა გამიღიმა. როგორც კი ხეობიდან გამოვედით, რუსეთის არმიის ჩამორჩენილი ნაწილები დავინახე. როდესაც ჩვენს შტაბს მივუახლოვდით, ისხან ფაშასთან მივედი და ვუთხარი:

- გენერალო, მე თქვენი კორპუსი ერთი ასეულით დავატყვევე.

ისხან ფაშა შეცბა, გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, ხელი შუბლზე მიირტყა და წამოიძახა: - შაითან კაპიტან, შაითან კაპიტან!

ამ სიტყვების მნიშვნელობას ვერ მივხვდი და იქვე მდგომ სომეხს ვკითხე, - რას ამბობს-მეთქი და მანაც მითარგმნა: - "შაითანი" ეშმაკს ნიშნავსო.

ამ ოპერაციის შედეგად ტარასი ვაშაკიძის ასეულმა დაატყვევა თურქეთის არმიის სარდალი ისხან ფაშა, სამი დივიზიის მეთაური, ორი დივიზიის მეთაურის თანაშემწე შტაბებითურთ, 107 ოფიცერი და 1306 ჯარისკაცი; ხელთ იგდო 8 ზარბაზანი, 24 ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ცხენები, ტყვია-წამალი...

1917 წლის თებერვალში რუსეთში რევოლუცია მოხდა, ნიკოლოზ II ტახტიდან გადააგდეს, ხელისუფლებაში დროებითი მთავრობა მოვიდა... იმავე წლის მარტში ტარასი ვაშაკიძე დერბენტის 154-ე პოლკის მეთაურად დაინიშნა, მალე პირველი ქართული მსროლელთა პოლკი შეიქმნა და ტარასი უკვე მისი მეთაურის რანგში გვევლინება. 1917 წლის ნოემბრამდე იგი კავკასიის ფრონტზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ რუსეთის ჯარმა დაშლა დაიწყო. ამჯერად უკვე ამიერკავკასიის კომისარიატი განაგრძობდა თურქებთან ომს.

1918 წლის პირველ აპრილს ოსმალებმა ბათუმი აიღეს. მათ ბევრი სამხედრო პირი, მათ შორის პოლკოვნიკი ვაშაკიძეც დაატყვევეს. რამდენიმე დღის შემდეგ თურქებმა ტყვეები ხოფას მიმართულებით წაიყვანეს.

კინი გეგეჭკორის "მოგონებებიდან": "ტარასი ვაშაკიძე იცნო ერთ-ერთმა მებადრაგემ. ხმლის ქარქაში ზურგში ჩაჰკრა და შეუძახა ისხან ფაშას სიტყვები: "შაითან კაპიტან". გავიარეთ 5-6 კილომეტრი. ცხენოსანი მდევარი დაგვედევნა და უცბად უკან დაგვაბრუნეს. ბათუმში რომ ჩავედით, კომენდანტმა ყველა გაგვათავისუფლა".

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, 1918 წლის აგვისტოში, ტარასი პირველი ქართული დივიზიის მეთაურის თანაშემწედ დაინიშნა.  საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ (1921 წ.) ვაშაკიძე გადადგა სამხედრო სამსახურიდან, თუმცა ქვეყანა არ დაუტოვებია და მუშაობდა ფინანსთა სახალხო კომისარიატში (1922-1932 წწ.). გარდაიცვალა 1937 წელს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ტარასი ვაშაკიძე

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაიმონ პუანკარეს ბრძანებით ტარას ვაშაკიძეს მიენიჭა საფრანგეთის სამხედრო მედალი მედაილლე მილიტაირე (ჯილდოს მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამ მედლის კავალერი თვით იმპერატორი ნიკოლოზ II იყო). ასევე, დაჯილდოვდა წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით, ხმლითა და ბაფთით; წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით; წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით, ხმლითა და ბაფთით.

1915 წლის 18 ნოემბერს ტარასი ვაშაკიძე გიორგობის დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ მოგილიოვში გაგზავნეს, სადაც ნიკოლოზ მეორეც იმყოფებოდა. 26 ნოემბერს ამ უკანასკნელმა ქართველი კაპიტანი პირადად მიიღო და გამოჩენილი მამაცობისთვის პოდპოლკოვნიკის ჩინი უბოძა.

გიორგი ჟუჟუნაშვილი

(იბეჭდება შემოკლებით)

ჟურნალი "ისტორიანი" #5