ქეთოს შუბა...…თაროზე - კვირის პალიტრა

ქეთოს შუბა...…თაროზე

ძველი თბილისის ტრფიალი, თბილისელთა უსაყვარლესი პოეტი იოსებ გრიშაშვილი, გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე ლექსებს წერდა, თავგადაკლული ბიბლიოგრაფიც გახლდათ.

ქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში - ხარფუხში მდებარე მისი ბინა ულამაზესი აღმოსავლური ხალიჩებითა და იარაღით იყო მორთული და რაც მთავარია, აქ იყო უმდიდრესი ბიბლიოთეკა,  სადაც წიგნის მოყვარული კაცი უამრავ განძს აღმოაჩენდა (მაგალითად, ლევ ტოლსტოის თხზულებას ავტორის ავტოგრაფით და ა.შ.). მათ შეგროვებას პოეტმა ათწლეულები შეალია. პირადად იცნობდა  ყველა თბილისელ ბუკინისტს. რუსეთის ქალაქებში მისი სტუმრობაც უამრავი ახალი შენაძენით დამძიმებული ჩემოდნების თბილისში ჩამოტანით სრულდებოდა. სასურველი ეგზემპლარის ხელში ჩასაგდებად სახელმოხვეჭილი პოეტი უხერხულ სიტუაციაში ბევრჯერ აღმოჩენილა. მის თაროზე შემოდებულ თითოეულ წიგნს თავისი თავგადასავალი ჰქონდა.

ასე, მაგალითად, მასთან სტუმრობისას სიამაყით მიგითითებდა თაროზე შემოდებულ რამდენიმე არაჩვეულებრივ გამოცემაზე, თანაც დააყოლებდა - აქედან აქამდე სულ ქეთოს შუბააო (ქეთო, იგივე ქეთო ჯაფარიძე, მისი მეუღლე, გამოჩენილი მომღერალი გახლდათ). თურმე, ლენინგრადში სტუმრობისას მეუღლეს პოეტისთვის ქურქის საყიდლად ფული გაუტანებია. იოსებ გრიშაშვილი ისე როგორ მოითმენდა, რომ გზად რამდენიმე ბუკინისტთან არ შეევლო. შესაბამისად, ქურქით არა, მაგრამ პოლიგრაფიული შედევრებით ხელდამშვენებული დაბრუნდა შინ.

უკიდურეს შემთხვევაში წიგნის გატაცებასაც არ ერიდებოდა.

ქალბატონი ციალა ქაროსანიძე, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი გამომცემლობის თანამშრომელი გახლდათ, ასეთ ამბავს იგონებს: "სამსახურში იოსებ გრიშაშვილის "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემის" პირველი გამოცემა მივიტანე. დაზიანებული იყო და მინდოდა, სტამბაში ხელმეორედ ამეკინძა. ოთახში იოსებ გრიშაშვილი შემოვიდა. ამ დროს ვიღაცამ დამიძახა, წიგნი მაგიდის უჯრაში ჩავდე და ოთახიდან გავედი.

დაბრუნებულს წიგნი ადგილზე აღარ დამხვდა, აღარც მისი ავტორი ჩანდა. ბატონ სოსოს ეზოში სირბილით დავეწიე. გაეცინა და მითხრა: - ჰო, კაცო, ეს წიგნი იშვიათობაა და მინდა მაჩუქოო. მამის ნაქონი წიგნი იყო, მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა. ასეც ვუთხარი. სწორედ ამიტომ წამოვიღე, ვიცი, ნებით არ მაჩუქებდიო, - მითხრა და წიგნი დამიბრუნა."

იოსებ გრიშაშვილმა თავისი ბიბლიოთეკა სიცოცხლეშივე სახელმწიფოს უანდერძა, თავისი გადაწყვეტილება კი მეუღლეს ასე აუხსნა: ქეთო, არ გეწყინოს და მე როცა სიკვდილის პირას ვიქნები, ჩემს წიგნებს სახელმწიფოს ჩავაბარებ. რატომღაც ქვრივები წიგნებს ემტერებიან და ყიდიან, არც შენ იქნები გამონაკლისიო.

KvirisPalitra.Geმთელი გურია კარდენახის სანაცვლოდ

შესანიშნავი ქართველი პოეტი იოსებ ნონეშვილი ხალხს გამორჩეულად უყვარდა. ის მართლაც "სახალხო პოეტი" გახლდათ. თბილისის ქუჩებში გამოსული ბატონი იოსები ესალმებოდა განურჩევლად ყველას - ნაცნობსაც და უცნობსაც. სიამოვნებით ჩერდებოდა გამვლელებთან, ეცნობოდა მათ, ბავშვებსაც კი ხელს ართმევდა (ბავშვობაში მეც "გავეცანი" ამგვარად პოეტს).

განსაკუთრებით კარდენახელები ამაყობდნენ თავიანთ წიაღში აღზრდილი შვილით,  შეძლებისდაგვარად, ყურადღებასა და სითბოს არ აკლებდნენ მას და ამას ნამდვილი კახური უბრალოებითა და სიალალით აკეთებდნენ. პოეტი კი, თავის მხრივ, ლექსებით ეფერებოდა მშობლიურ კუთხეს.

მის სახლში ხშირად ირეკებოდა ზარი, ახალგაზრდა კახელი მასპინძელს ფეხებთან უდებდა ძღვენს, დააყოლებდა: - აეს, მამაჩემმა გამამატანაო და კიბეებზე ჩარბოდა. ამაოდ მისძახოდნენ - სახელი გვითხარი, ვისი ხარ, ვინ გამოგგზავნაო.

ასეთი ამბების შემსწრე ნოდარ დუმბაძე პოეტს გარიგებას სთავაზობდა - მთელ გურიას ჩამოვალ და გამიცვალე შენს კარდენახშიო.

გიორგი ლეონიძე განსაკუთრებულად აფასებდა - თავის ფალავანს, ჯილას ეძახდა.  იოსებ ნონეშვილის ოჯახში გაშლილ ბარაქიან სუფრაზე თამადობას არავის უთმობდა.

ერთხელ მისვლა  შეაგვიანდა. სტუმრები ელოდნენ და რომ აღარ გამოჩნდა, სხვა, ასევე ცნობილი პოეტი დანიშნეს თამადად. კაი ხნის შემდეგ მოვიდა. შესვლისთანავე იკითხა: - პატარძალო (ოჯახის დიასახლისს ყოველთვის ასე მიმართავდა), თამადა ვინ არისო? უპასუხეს. აუ, რა პროვიანტი გაგიფუჭებიათო! - დანანებით ჩაილაპარაკა და სტუმრებს შეუერთდა. ცოტა ხანში თამადობა  გადაიბარა და ჩვეული ლაზათით გაუძღვა სუფრას.

ლადო გოგუაძე