"მაწანწალას" დაბადება - კვირის პალიტრა

"მაწანწალას" დაბადება

დიდი ჩარლი ჩაპლინი ხუთი წლისა იყო, პირველად სცენაზე რომ აღმოჩნდა. ეს ერთმა დრამატულმა შემთხვევამ განაპირობა.

დედამისს, ასევე მსახიობს, ერთ პროვინციულ თეატრში გამოსვლისას  ხმა ჩაუწყდა და იძულებული გახდა, სტვენისა და შეურაცხმყოფელი შეძახილების თანხლებით სცენა დაეტოვებინა. თეატრის დირექტორმა  კულისებში მყოფ ჩარლის, რომელიც დედას მუდამ თან დაჰყავდა, ხელი წაავლო და ახმაურებული პუბლიკის დასაშოშმინებლად ძალით გაიყვანა სცენაზე. მას ნანახი ჰქონდა, ერთხელ როგორ  ოინბაზობდა ბიჭუნა დედამისის ახლობლების წინაშე. -სცენაზე მარტოდმარტო დარჩენილი ჩარლი გონს მალე მოეგო, რამპის შუქებს თვალი გაუსწორა და იმ დროისთვის პოპულარული სიმღერა შემოსძახა.

მაყურებელი აღტაცებაში მოიყვანა პატარა ბიჭის სითამამემ - სცენაზე მონეტების წვიმა წამოვიდა. ჩარლიმ სიმღერა შეწყვიტა და მონეტების შეგროვება დაიწყო, მაყურებელს კი მიმართა–ფულს ავკრებ და მერე გავაგრძელებო, ამას საყოველთაო მხიარულება და  ტაში მოჰყვა.  თეატრის დირექტორმა  ხელსახოცი გაშალა და  მონეტების შეგროვება დაიწყო, აქაოდა, ვუშველიო. უფროსის ამ საქციელს ბიჭუნას ეჭვიანი მზერა მოჰყვა, რაც პუბლიკას არ გამოჰპარვია. მხიარულება მატულობდა და ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, როდესაც ჩარლიმ კულისებისკენ წასულ დირექტორს კალთაში ხელი ჩაავლო და მანამ არ გაუშვა, სანამ არ დარწმუნდა, რომ ხელსახოცში გამოკრული თანხა დედამისმა ჩაიბარა.

შემდეგ სცენაზე დაბრუნდა და სიმღერა განაგრძო. ეს იყო შვილის პირველი, ხოლო  დედის უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე.

KvirisPalitra.Geამბავი ორი დაჯილდოებისა

ნაპოლეონ ბონაპარტს რიგითი ჯარისკაცები აღმერთებდნენ. ისინი მზად იყვნენ, თუნდაც ჯოჯოხეთში ჩაჰყოლოდნენ სათაყვანებელ იმპერატორს.

ბრძოლაში გამორჩეული მეომრებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ პატივად ითვლებოდა მთავარსარდლის ხელიდან  ჯილდოს მიღება. ასე იყო ნაპოლეონის არმიაშიც, თუმცა, იქ ეს რიტუალი განსაკუთრებული პომპეზურობით ტარდებოდა:

ადიუტანტის მიერ მიწოდებულ ჯილდოს ნაპოლეონი მკერდზე მიადებდა მებრძოლს, ეს "ომის ღმერთის" მიერ გაღებულ უდიდეს წყალობად უნდა აღქმულიყო. შემდეგ  საქმეს ადიუტანტი  აგრძელებდა. ის ამაგრებდა ჯარისკაცის მუნდირზე ორდენს.

KvirisPalitra.Geსხვათა შორის, მსგავს "რიტუალში" მონაწილეობის მიღებამ თავის დროზე გამოჩენილ ქართველ მსახიობს რამაზ ჩხიკვაძესაც მოუწია. იგი, უაღრესად წარმატებული სამსახიობო მოღვაწეობის გამო, მოსკოვში მიიწვიეს სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავის მისაღებად. ჯილდო თავად ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევს უნდა გადაეცა. ასეც მოხდა. წლების შემდეგ მსახიობი ამ ამბავს  სიცილით იგონებდა.

საქმე ისაა, რომ ლეონიდ ილიჩს "ადიუტანტები" საქმეს უადვილებდნენ და დასაჯილდოებლების პიჯაკებს შესაფერის ადგილას სპეციალური სადგისით წინასწარ  ხვრეტდნენ.

სამწუხაროდ, საზეიმო ღონისძიების ეს წვრილმანი ბატონმა რამაზმა არ იცოდა და კრემლში  სპეციალურად ამ ღირსშესანიშნავი დღისთვის შეძენილი ძვირფასი კოსტუმით გაემართა. უკან კი ვარსკვლავით (რომელიც, იმ დღის შემდეგ არასოდეს დაუბნევია) და გამობრდღვნილი (მისი სიტყვებია) პიჯაკით დაბრუნდა. ის პიჯაკიც, ბუნებრივია, იმ დღის შემდეგ, აღარ ჩაუცვამს.

KvirisPalitra.Geარავის ერიდებოდა

დიდი ქართველი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი საოცრად წააგავდა თავისივე მოთხრობებისა და რომანების გმირებს. არაჩვეულებრივად გულუბრყვილო, მიმნდობი ბუნების პატრონი, ცეცხლივით აბრიალდებოდა, თუ სადმე უსამართლობას გადაეყრებოდა. ამ დროს მის სიფიცხეს საზღვარი არ ჰქონდა, არავის  და არაფერს ერიდებოდა, თვით ილიასაც კი, რომელსაც უდიდეს პატივს სცემდა და მწერლობაში თავის მფარველად მიაჩნდა.  მწერლის საფიცარი ხატი კი, რაღა თქმა უნდა, სამშობლო იყო.

1886 წელს 20 წლის  სემინარიელმა იოსებ ლაღიაშვილმა ქართველების  სიძულვილით  ცნობილი, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი მოკლა.

მკვლელობიდან მეორე დღეს "ივერიაში" დაიბეჭდა წერილი, სადაც საზოგადოებას აუწყებდნენ  მომხდარის შესახებ, თანაც იქვე აღნიშნავდნენ - ეს ლაღიაშვილი წარმოშობით ოსი ყოფილაო.

წერა-კითხვის  გამავრცელებელი საზოგადოების მაშინდელი თანამშრომლები იგონებდნენ: ოთახში გიჟივით შემოვარდა სანდრო, გაჯავრებული იძახდა - გადაეცით თქვენს ილიას ("დროების"რედაქტორს),  რომ მაგის დაწერა  მეორედ აღარ გაბედოს. რად უარყოფთ ლაღიაშვილის ქართველობას, პირიქით, თავი უნდა მოგვქონდეს, რომ ჩვენში აღმოჩნდა გამბედავი ახალგაზრდა, რომელმაც კისერი მოუგრიხა იმას, ვინც ჩვენს ეროვნულ ღირსებას ფეხქვეშ თელავდა და აფურთხებდაო.

ლადო გოგუაძე