"ძუნწი" მოძღვარი - კვირის პალიტრა

"ძუნწი" მოძღვარი

ანტიკური ხანის  ისტორიკოსი პლუტარქე ალექსანდრე მაკედონელზე გვიამბობს: სიმდიდრისაკენ ლტოლვა არასოდეს ჰქონია.

მისი ოცნება საგმირო საქმეთა ჩადენა იყო. უფლისწულს დიადი საქმეებისთვის სიყრმიდანვე ამზადებდნენ.  უამრავი აღმზრდელი ეხვია გარს, მათ შორის ალექსანდრეს დედის,  ოლიმპიადას ნათესავი ლეონიდა. პედაგოგობა მაღალი წრის კაცისათვის სათაკილოდ ითვლებოდა,  ამ მოვალეობას ძველ საბერძნეთში მონები ასრულებდნენ, ამიტომ ლეონიდას სასახლის კარზე მას წინამძღოლს უწოდებდნენ.

მოძღვარი ასკეტურად ზრდიდა უფლისწულს. სასახლის ფუფუნებას განარიდებდა, იცოდნენ რა აღმზრდელის ასეთი ხასიათი,  მშობლები ალექსანდრეს მალულად უგზავნიდნენ  ათასგვარ ნუგბარს, მაგრამ ამაოდ - ლეონიდა ყოველდღე გულდასმით ჩხრეკდა აღსაზრდელის ტანსაცმლის სკივრსა და ქვეშაგებს.  ერთხელ, მსხვერპლშეწირვის რიტუალის შესრულების დროს, პატარა ალექსანდრემ ორივე ხელით აიღო გუნდრუკი და ცეცხლში ჩაყარა. მოძღვარმა საქციელი დაუწუნა დიდებაზე მეოცნებე ბიჭს და უთხრა: - როცა ნელსაცხებლებით სავსე ქვეყანას დაიპყრობ, მაშინ აკმიე ასე ხელგაშლით გუნდრუკი, ჯერჯერობით კი დაზოგვა აჯობებსო.

მოგვიანებით ალექსანდრემ მთელი სამყარო გააოცა არა მხოლოდ საარაკო სიმამაცითა და სტრატეგის ნიჭით, არამედ თავდაჭერილობითა და ტაქტითაც. თუმცა,  მსოფლიოს უდიდესი ნაწილის მბრძანებელმა ბავშვობაში განცდილი წყენა მაინც გაუხსენა თავის აღმზრდელს. სირიაში ლაშქრობისას ალექსანდრემ ნელსაცხებლებით მდიდარი ქალაქი აიღო. უამრავი - ხუთასი ტალანტის (დაახლოებით დღევანდელი 600.000 ევრო) გუნდრუკი ლეონიდას გამოუგზავნა, თან წერილიც მიაყოლა:–აი, სამყოფად გიგზავნი გუნდრუკს, რათა ღმერთთა წინაშე აღარ იძუნწოო.

KvirisPalitra.Geმართლაც სახალხო

არც ერთ ქართველ პოეტს არ ღირსებია ხალხის ისეთი  სიყვარული, როგორიც აკაკი წერეთელს. აკაკის  არასდროს  უმსახურია და მხოლოდ ნაწარმოებებიდან მიღებული ჰონორარით ცხოვრობდა; არც რაიმე ქონების პატრონი ყოფილა, სხვიტორში არსებული მამაპაპისეული სახლ-კარის გარდა; ფულის ფლანგვაც პოეტის "საკადრისი" იცოდა.  ხშირად ერთობოდა ბანქოს თამაშით და  ყოველთვის აგებდა.  პოეტის მუდმივი უიღბლობის მიზეზი ის იყო, რომ ამ ანგარებიან თამაშსაც, როგორც სხვა ყველაფერს, სრულიად უანგაროდ უდგებოდა -მისთვის სულერთი იყო, რა კარტი ეჭირა ხელში, ყოველთვის ბოლომდე თამაშობდა.

სწორედ ამიტომ მუდმივად განიცდიდა ხელმოკლეობას. ქართველი საზოგადოება ცდილობდა, დახმარებოდა პოეტს, რომელიც, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა, "სააპეკო“ კაცი" იყო. ამ მიზნით ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკმა  ყოველთვიური პენსია დაუნიშნა, მაგრამ –აკაკი მოითხოვდა ერთბაშად ბევრს, ბანკი კი გამოზოგილად აძლევდა. ამის გამო ენამწარე პოეტს რამდენიმე ადამიანი შემოელანძღა. აღარავის სურდა აკაკის ხაზინადრად ყოფნა და მის ყბაში ჩავარდნა. ბოლოს ეს მძიმე მისია ისევ იაკობ გოგებაშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა იკისრეს.

დასაწყისში პოეტის მიმართ ხალხის საყოველთაო სიყვარული ვახსენეთ. ამ სიყვარულის ერთ-ერთი დადასტურებაა  აკაკის ცნობილი მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. თუმცა, პოეტს რაჭველებზე ნაკლებ არც კახელები აფასებდნენ: 1908 წელს აკაკი წერეთელი  ყვარელს ესტუმრა. მისი მასპინძელი იური ჭავჭავაძე გახლდათ. ილიას სახლიკაცმა ათი დესეტინა (10,9 ჰექტარი) მიწა გაყიდა, რათა საყვარელ პოეტს ღირსეულად დახვედროდა.