სიკვდილზე გამარჯვებულები... - კვირის პალიტრა

სიკვდილზე გამარჯვებულები...

ამ ბიჭებით თბილისი თბილისობდა

ძველ ამბებს უმეტესად ასე იწყებენ: ეს ის დრო იყო, როცა... ზუსტად ვერ გეტყვით, რა დრო იყო, როცა ამ სურათს იღებდნენ, მაგრამ ერთი რამ ვიცი, - ასტრონომიულ დროს ყოველთვის არ აქვს მნიშვნელობა.

ამ ადამიანებისათვის მუდმივად იდგა სიყვარულის, მეგობრობის დრო. მიუხედავად იმ პოლიტიკური გარემოსი, რომელშიც მოუწიათ ცხოვრებამ, მიუხედავად ბევრი უსიამოვნებისა, ურომლისოდ არ არსებობს ადამიანის წარსული, მათ უყვარდათ ერთმანეთთან მისვლა, ერთმანეთის მოსმენა. ეს ერთგვარი რიტუალი იყო: მნიშვნელობას კარგავდა ყველაფერი: სუფრის სიმწირე-ბარაქიანობა, ამინდი, დღე-ღამის მონაკვეთი...

ასე იყო იმ დღესაც. საკმაოდ ცხელოდა. ბაქარ ყაზაიშვილი, ზურა ჯაფარიძე, თამაზ მელიავა, თემიკო ჩირგაძე, შალვა კვინტრაძე და ოთარ კორძახია ჩაცივებულ შამპანურს სვამდნენ. აქ იყო ცოცხალი იუმორი, რომელზეც მერე ფილმებს იღებდენ. ცოცხლები იყვნენ ბიჭები, რომლებითაც თბილისი თბილისობდა.

მერე ნელ-ნელა გაიკრიფნენ... ყველას თავისი ბედი ეწია. სულ ბოლოს შალვა კვინტრაძე გარდაიცვალა. ეს ის შალვა კვინტრაძეა, რომლის შვილიც (ნიკა კვინტრაძე) 26 მაისის მოვლენებს ემსხვერპლა. მამამ დიდ ტკივილს ვერ გაუძლო... ათეული წლების წინ კი ყველაფერს უძლებდნენ და სუფრასთან თავშეყრილებს თავისუფლად შეეძლოთ ეთქვათ სიმართლე. თითოეული მათგანი საუკეთესო თამადა იყო. სუფრა - "საპროტესტო აქცია" - ყველაზე ძლიერი საპროტესტო აქცია უსიყვარულობისა და უსინდისობის წინააღმდეგ. ეს იყო ხელოვნება - ისე ეთქვათ სათქმელი, რომ არაფერი ეთქვათ...

ზოგჯერ სახუმარო სპექტაკლს დგამდნენ რომელიმე რესტორნის გაკრიალებულ დარბაზში. მაგალითად, ორ მანეთად და ორმოცდაათ კაპიკად თამაზ მელიავას ფეშენებელურ რესტორანში ფაქტობრივად პარტიის ხარჯზე შეეძლო ქეიფი...

გია დანელიას მოგონებიდან:

"იმ დროისთვის  რესტორან "არარატში" ბამბუკის ფარდები ეკიდა, ხოლო სარკის კედელი მთელ დარბაზს ირეკლავდა. რასაკვირველია, ორ მანეთად და ორმოცდაათ კაპიკად ლუდხანაში წასვლა უფრო მიზანშეწონილი იყო, მაგრამ თამაზი, ისევე, როგორც მისი მასწავლებელი სერგეი იუტკევიჩი, ესთეტი გახლდათ (მაგალითად, ის არასოდეს ხსნიდა ლუდის ხუფს კბილებით).

თამაზი დიდხანს და დინჯად არკვევდა ოფიციანტთან, რა სახეობის კონიაკები ჰქონდათ, რომელ ცხელ კერძს შესთავაზებდათ, ვინ არის შეფ-მზარეული. ბოლოს თქვა: "კონიაკი "სამი ვარსკვლავი" ას ორმოცდაათი გრამი, კექსი - ორი ნაჭერი, ლიმონი და პატარა ჭიქები". ოფიციანტმა მოწიწებით დაუკრა თავი და შეკვეთის შესასრულებლად წავიდა.

- გაიცანი, - მეუბნება თამაზი, - ჩვენი მეგობრები გდრ-დან.

გერმანელებმა წამოიწიეს, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, მერე გერმანელები მენიუს ჩაუღრმავდნენ. ოფიციანტმა მოიტანა ჩვენი შეკვეთა: გრაფინით კონიაკი, ორი ნაჭერი კექსი და ლიმონი.

- კიდევ ორი ჭიქა! - ბრძანა თამაზმა.

ოფიციანტი ჭიქების მოსატანად გაიქცა. თამაზი ადგა, კონიაკი ჩამოასხა და დიდი გერმანელის, ერნსტ ტელმანის სადღეგრძელო შემოგვთავაზა. ყველანი წამოვდექით. თამაზმა ჩამოთვალა ტელმანის დამსახურება სრულიად კაცობრიობის წინაშე. დავლიეთ. იქვე თამაზმა ტელმანის თანამებრძოლის, ერთგული ლენინელის ვილჰელმ პიკის სადღეგრძელო თქვა. დაიწყო ჩამოსხმა, ერთ ჭიქას დააკლდა... თამაზმა გრაფინი მაგიდაზე დადო და ჩაფიქრდა. გერმანელები აჩურჩულდნენ და ას ორმოცდაათი გრამი კონიაკი შეუკვეთეს. ოფიციანტმა მოიტანა. და თამაზმა განაგრძო ვილჰელმ პიკის სადღეგრძელო. ისეთი ენთუზიაზმით აქებდა, თითქოს სკოლის მერხიდან იცნობდა. ჩვენ ვადღეგრძელეთ ვილჰელმ პიკი და თამაზმა კომუნისტური პარტიის გამოჩენილი მოღვაწის, ნიკიტა ხრუშჩოვის სადღეგრძელო წამოიწყო. კონიაკი ჩამოასხა. ისევ ერთ ჭიქას დააკლდა. თამაზმა ისევ დადო გრაფინი, გერმანელები ისევ აჩურჩულდნენ...

როცა შეისვა ნადეჟდა კრუპსკაიას, როზა ლუქსემბურგის, კლარა ცეტკინის და ეკატერინა ფურცევას სადღეგრძელოები, გერმანელებმა ანგარიში მოითხოვეს, გადაიხადეს თავიანთი შეკვეთა, გამოგვემშვიდობნენ და გასასვლელისკენ წაბარბაცდნენ, მაგრამ მიმართულება შეეშალათ და პირდაპირ სარკეს შეასკდნენ იმ ადგილას, რომელიც კარებს ირეკლავდა".

ვინ იცის, რა შიშით ცლიდნენ კონიაკის სირჩებს აღმოსავლეთ გერმანიიდან ჩამოსული სტუმრები და როგორ ეცინებოდათ ამ შიშზე ქართველ ბიჭებს - აი, ასეთ ქეიფებს რომ იყვნენ შეჩვეულნი - ზოგჯერ შავ პურსა და ნიორზე, ზოგჯერ - ხიზილალასა და ხბოს მწვადებზე, ზოგჯერ კი შამპანურითა და ცარიელი ხილის ვაზებით.

ვისაც მოსკოვში გაუტარებია სტუდენტობა, კარგად ემახსოვრება საერთო საცხოვრებელი, სადაც ქართველი ბიჭები ცხოვრობდნენ, ემახსოვრებათ თამაზ მელიავას ერთი ციდა ოთახი, იქ გაშლილი პურმარილები...

გოგი და ირაკლი ოჩიაურებს ციმბირში, გადასახლებაში მყოფი ბიძა გარდაეცვალათ. ნეშტი უნდა წაესვენებინათ. უთხრეს, კუბო მოსკოვში იყიდეთ, თორემ ციმბირში ვერ იშოვითო. იყიდეს. სად დადებდნენ თუთიის კუბოს? - თამაზ მელიავას ოთახში. ერთადერთს მას ჰქონდა ოთახი, რომელიც იმ კუბოზე ცოტა დიდი იყო. ოჩიაურების გამგზავრება გაჯანჯლდა. ამასობაში, ისე შეეჩვივნენ ბიჭები კუბოს, ზედ სუფრას შლიდნენ.

ახლაც, როცა ამ ფოტოს ვუყურებ, მახსენდება ის ძველი მოსკოვური ამბავი, სიმბოლურად - სიკვდილზე გამარჯვების ღიმილიანი ისტორია.

P.S. შალვა კვინტრაძეს "კვირის პალიტრისთვის" არაერთი ინტერვიუ მიუცია. ეს ფოტოც მისი არქივიდან არის.