"უსიამოვნო სუბიექტი" ლამაზ ჭაბუკად იქცა - კვირის პალიტრა

"უსიამოვნო სუბიექტი" ლამაზ ჭაბუკად იქცა

თუ მსახიობს შეიძლება გენიალური ვუწოდოთ, მაშინ გენიალურ ქართველ მსახიობთა შორის ერთ-ერთი უპირველესი სერგო ზაქარიაძეა, თუმცა, მიუხედავად ამ საოცარი ხელოვანის მაგიური ნიჭიერებისა, მისი აქტიორული ცხოვრების დასაწყისი ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა.

იგი პირველად დიდ სცენაზე თბილისში გამოჩნდა, 1928 წელს. კოტე მარჯანიშვილი დგამდა პიესას ,,ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!"  დამწყები მსახიობი სპექტაკლში ეპიზოდურ როლს ასრულებდა. მარჯანიშვილმა დანახვისთანავე აითვალწუნა გარუჯული, მოკლედ თმაშეჭრილი, ვიწრო, გახუნებულ შარვალსა  და გაცვეთილ ბუცებში გამოწყობილი ახალგაზრდა (სერგო ძალზე კარგად თამაშობდა ფეხბურთს, ჯერ ზესტაფონში, შემდეგ - თბილისის ,,დინამოში". "დინამოს" კაპიტანი შოთა შავგულიძე საყვედურობდა კიდეც,– რად გინდა პროფესიის გამოცვლა, ამ ქვეყანაზე ვინ იცის, რამდენი მსახიობია, კარგი ფეხბურთელი კი თითო-ოროლააო).

მაგის სახე არ მომწონსო, - განაცხადა მარჯანიშვილმა და მერე აღარც გახსენებია. თუმცა, მოგვიანებით, როგორც თავად უწოდა,–ამ ,,უსიამოვნო სუბიექტის",კინოფირზე აღბეჭდვა მაინც გადაწყვიტა (მაშინ  კინემატოგრაფით იყო გატაცებული). სიუჟეტი ასეთი იყო: მიწაზე პირქვე დამხობილ პატიმრებს, რომლებსაც თოფიანი ,,სალდათები" ადგანან თავზე, რიგრიგობით აყენებენ ფეხზე.

კამერა თითოეული მათგანის სახეს ახლო ხედით აჩვენებს. ჯერი მეექვსე პატიმარზე მიდგა. რეჟისორმა ზაქარიაძისთვის ფეხზე წამოყენება ზედმეტ პატივად ჩათვალა და ოპერატორს მიწაზე დამხობილი პატიმრის ზემოდან გადაღება უბრძანა, მსახიობს კი შესძახა,–თავი მოაბრუნეო. მსახიობი ჯერ კეფაზე მიბჯენილ ხიშტს მიაჩერდა, შემდეგ კი მზერა "სალდათზე" გადაიტანა, მარჯანიშვილმა ზაქარიაძის მზერა "დაიჭირა" და გაოცდა. ,,უსიამოვნო სუბიექტი"“ უმალ გადაიქცა ცეცხლოვანი ტემპერამენტისა და გამჭოლი მზერის მქონე ,,ლამაზ" ჭაბუკად.

ამ დღის შემდეგ ახალგაზრდა ზაქარიაძეს ბუცები აღარ ჩაუცვამს...

KvirisPalitra.Geერთი ბარათის ისტორია

1980 წელს ნიუ-იორკში, საკუთარი სახლის შესასვლელთან, მანიაკმა სიცოცხლეს გამოასალმა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი, ჯგუფ ,,ბითლზის" ლიდერი ჯონ ლენონი.

,,ბითლზს" მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავდა მსოფლიოს ყველა კუთხეში. ნიუ-იორკში მომხდარ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ლენონს ერთ-ერთმა მათგანმა წერილი მისწერა, რომელშიც ცამდე აჰყავდა თავისი კერპი, ბოლოს კი მოკრძალებით სთხოვდა რამდენიმე ასეულ დოლარს. მუსიკოსს თხოვნა უყურადღებოდ არ დაუტოვებია, თუმცა, ფულის მიცემაზე უარი უთხრა, სამაგიეროდ, მისწერა საპასუხო წერილი, რომელშიც უხსნიდა, რომ მისი ამგვარი ქცევის მიზეზი არც სიძუნწე იყო და არც ხელმოკლეობა, არამედ მიიჩნევდა, რომ მათხოვრობა არ იყო ის გზა, რომელიც ახალგაზრდა კაცს თვითდამკვიდრებაში დაეხმარებოდა.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, იდეალისტს, რომელიც მთელი ცხოვრება სიყვარულს უმღეროდა, ბედმა დასცინა - ჯონ ლენონის მკვლელი მისი თავგადაკლული თაყვანისმცემელი აღმოჩნდა, იმ მეორემ კი, ფულს რომ სთხოვდა, მკვლელობის შემდეგ (ლენონის ნივთებზე კოლექციონერებმა "ნადირობა" რომ გააჩაღეს), მუსიკოსის დაწერილი და მისივე ავტოგრაფით დამშვენებული ბარათი რამდენიმე ათეულ ათას დოლარად გაყიდა.

ლადო გოგუაძე