ასე უყვარდათ საქართველოში - კვირის პალიტრა

ასე უყვარდათ საქართველოში

სიცოცხლე იმდენად მშვენიერია, რომ შეიძლება თუნდაც რამდენიმე წუთზე თქვა, - აი, ამისთვის ღირდა მოსვლაც და ბრძოლაცო, თუნდაც წამი იყოს: განა ერთ წამში ვინმეს ისე არ შემოუფეთებია თვალები, რომ გიფიქრიათ, თუნდაც მთელ სამყაროს გადავატრიალებ და ამ თვალების პატრონს ფერხთით დავუფენო...

დაუფენ კიდეც: როცა გიყვარს... ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც! საუკუნის წინაც ამიტომ დაიწერა ეს წერილები. ვაჟი სწერს ქალს. ვაჟი უკვე ცნობილი ჟურნალისტი და მთარგმნელია (სანდრო გრძელიშვილი, ქართულ პრესაში წერილებს აქვეყნებდა სანგანიძის ფსევდონიმით, - ავტ.), ქალი (ელენე ციცქიშვილი) მხოლოდ ახლა შესდგომია ცხოვრების გზას, მან ჯერ კიდევ ბევრი არაფერი იცის ცხოვრებისა. და მერე რა? თუ გიყვარს, უკურნებლის განკურნებასაც მოინდომებ\, - საუკუნის წინ ჭლექი არ რჩებოდა.

გავა დრო, ქალი ვაჟის გამოგზავნილ წერილებს წიგნად აკინძავს, ყდაზე "მეგობრის წერილებს" დააწერს და შთამომავლობას დაუტოვებს, რათა მათ იცოდნენ, რომ სიყვარულით სიკვდილის დამარცხებაც შეიძლება, მართალია, ხანმოკლე დროით, მაგრამ ზოგჯერ ერთი წუთი ხომ მთელ ცხოვრებას გადაწონის.

ჩემო ელენე...

ამ დღეებში ერთი მოთხრობა ვთარგმნე... შენ მოგიძღვენი და გიგზავნი. თუ გინდა შთაბეჭდილება მოახდინოს, იპოვე ვინმე კარგი წამკითხველი და წააკითხე გრძნობით... შენ თავი ჩაღუნე და... დაუგდე ყური... მე უფრო კარგად წაგიკითხავდი, მაგრამ...

შენ შესახებ სულ ყველაფერი მომწერე, უკლებლივ ყველაფერი, რაც შენი გულის იდუმალი კითხვებია დასმული. მომწერე და ჩემი აზრიც გაიზიარე. ეგებ წამალი ვიცოდე რამე... როგორ ხარ პირობაზე, მშობლებს მივწერ ჩვენს ამბავსო, სწერ თუ არა სწერ? დაე, ისინი ნუ იფიქრებენ, როგორც ჩვენ, დაე, ისე ნუ იგრძნობენ, როგორც გრძნობს ჩვენი გული, დაე, ნუ ეტკინებათ ისე, როგორც ჩვენ, მაინც მისწერე, რომ წმინდაა ჩვენი სიყვარული, ვითარცა ლოცვა აღვლენილი, ვით დილის ცვარი, ვარდზე დაპკურებული მადლი... ჭირში თუ ლხინში... ძილისა თუ ფხიზლობის დროს იგი სიყვარული მჭირს... მალე, მალე, მალე! მოექანება შენკენ ჩემი გული და გევლება, გევლება, გევლება თავს... ახ! ნუთუ ვერა გრძნობ?!

7 იანვარი, 1915წ.

ჩემო კეთილო ელენე!

შენ არ იცი, როგორი შეპყრობილი ვარ შენზე ფიქრებით. აგერ უკვე მეხუთე ბარათს გწერ ამ ორ დღეში. ჩემზედ ნაწყენი ხომ არ ხარ? ბევრი ამბავი მაქვს მოსაწერი. უწინარეს ყოვლისა, იმით დავიწყებ, რაც შენთვის უინტერესო არ იქნება. აკაკის ცხედრის ჩამოსვენებაზე მოგახსენებ... დიდის ამბით მარხავენ. არცაა გასაკვირი - ქართველები თავის ერთგულ შვილს ასაფლავებენ და ქართველებს ხომ ამაში ვერავინ შეედრება, არ ვიცით ცოცხლის პატივი, თორემ ფართიფურთით დამარხვაში ევროპელებსაც გავაწითლებთ. კარგი პანაშვიდები, ლამაზი სიტყვები, ოხვრა და ვიში, დებატები, გვირგვინები... მაგრამ გვირგვინები თვითონ აკაკიმ იუარა სიკვდილის წინ, ანდერძი დატოვა... დეპუტატებს და წარმომადგენლებს კი ვერ დათვლიდი, პირველობდა მწერალთა გუნდი... მეც ვიდექი იმ ადამიანის ნეშტის წინაშე, რომელმაც 55 წლის განმავლობაში ასე ტკბილად უმღერა ქართულ ენაზე ჩემს პატარა საქართველოს, შესვა მრავალი შხამ-ნაღველი. იგი მშვიდად იწვა.

საკვირველი არ არის, სახე ისევ მშვიდი ჰქონდა, როგორც ჩვეულებრივ... იქნებ იმიტომ, რომ დამშვიდებული იყო, ჩემი ვალი მოვიხადეო. ხალხს კი უზომო სევდა და მწუხარება აღბეჭდოდა სახეზე, გულის მომკვლელი იყო გამოთხოვება ნიკო ლომოურისა - რა გინდა აქ, შენი ჭირიმე, ჩემო მასწავლებელო, ამ ოთხ ფიცარს შორის, ვინ მოუვლის შენსავით დაჩაგრულს სამშობლოსო... აი, ეს იყო ეს დღე, ჩემო ელენე... შენ როგორღა ხარ, ჩემო ელენე... შენზე ვდარდობ. აი, მეხუთე წერილს გწერ და არ ვიცი, მოდის თუ არა დანიშნულებისამებრ. გთხოვ, მიპასუხო...

7 თებერვალი, 1915წ.

ჩემო ელენე!

გული მიგრძნობდა, რომ შენს ბარათს მივიღებდი. ჩემი გული სუსტია, მაგრამ ერთგული. წავედი ფოსტაში გაზეთებზე და პირველი მომაწოდეს შენი წერილი. იმან გამაგებინა შენი ამბავი, ჩემო მეგობარო. სულ ამას გწერ და ახლაც იმას მოგწერ: გეთაყვა, კარგად იყავი, შენი კარგად ყოფნა ჩემი კარგად ყოფნაც არის, შენი ურვა ჩემი ურვაც არის, შენი სიხარული - ჩემი სიხარულია.

მე კი წავალ წაღვერში მატარებლით, კვირას. იმედია, სურამში თქვენი სახლის ოთახებიდან თვალით შეეგებები მატარებელს და ლოცვა-კურთხევას გამოუგზავნი შენს მეგობარს, რომელიც მყუდროებისთვის მთებს მიეშურება. დაულოცავ გზას და ეტყვი, - ნუ იურვებ, მეგობარო და ნუ შეგაკრთობს ცხოვრების მუხანათობა. და მეც, განშორებული, ბუნების ძალას შევავედრებ შენს თავს, შევევედრები მზეს, არ დაიშუროს შენთვის სხივები, შევევედრები ცელქ ნიავს, შენს სულს გრილ საბურველად შემოევლოს ხოლმე. შევევედრები დილის ცვარს, მარგალიტების ცრემლი დააფრქვიოს, შევევედრები ბულბულს, დაატიროს ხოლმე ჰანგი განქარვების და სიამის.

ელენე, შენი ამბავი მუდამ დაწვრილებით შემატყობინე ხოლმე, ძალზე დაწვრილებით!

2 ივლისი, 1915წ.

ჩემო კარგო მეგობარო!

ელენე, შენი წერილი მესიამოვნა. ვგონებ, არც ერთი წამალი ისე არა მოქმედებს ჩემზე, როგორც შენი ერთი შემოხედვა. მწერ, ნუ იჯიუტებო. არა, ჩემო, ელო, 23 აგვისტოს სიჯიუტე სადღაც განმიქრა და შენი სიტყვის მონა-მორჩილი შევიქმენი. შენი სახელით ვიწყებ წამლობას და თუ გული კვლავ სისხლად დაიჟურება, როდი მადარდებს, იმ სისხლში შენდამი გრძნობა ერევა. და ამ კვალზე უფრო ადვილი იქნება ჩემსკენ გამოშურება და უკანასკნელად ჩემი სულის ჩაბარება შენ სადარაჯოდ და დასაცავად...

სანდრო

...მაგრამ განგება განა ამას დაუშვებდა! ამ ორის სიყვარულმა მაინც აჯობა სიკვდილს და დაქორწინდნენ. და მერე რა, რომ ეს ქორწინება არც ისე ხანგრძლივი იყო. თქვენ მითხარით, განა ვინმეს ხანგრძლივი სიცოცხლე გროშის ფასი არ არის, ვისაც ასეთი ძლიერი სიყვარული არ განუცდია?

მოამზადა ეთერ ერაძემ

"ილაპარაკეთ სახელმწიფო ენაზე!"

ელენე ციცქიშვილი-გრძელიშვილი შემდგომში ივანე ჯავახიშვილისა და უნივერსიტეტის ერთგული და გაბედული თანამშრომელი გახდა. სწორედ მას ეკუთვნის უნივერსიტეტში მოარული გამოთქმა: "ილაპარაკეთ სახელმწიფო ენაზე!" - ასე უპასუხა მან მაღალი თანამდებობის რუსს, რომელმაც უნივერსიტეტში დარეკა და რუსულად დაუწყო ლაპარაკი.

ქალბატონი ელენეს დაუღალავი ბრძოლის შედეგია, რომ ქალაქის ცენტრში, ახალგაუქმებულ სასაფლაოზე, დღევანდელ "ვერის" (ყოფილ "კიროვის"), პარკში საბჭოთა ჩინოვნიკებისთვის აღარ აშენდა სამკურნალო დაწესებულება ("ლეჩკომბინატი")... იმ პარკში, ეულად მდგარი კვიპაროსის ქვეშ დღემდე განისვენებს სანდრო გრძელიშვილის ნეშტი. იქიდან აყრილი საფლავების ქვებით კი "იმელის" სარდაფების საძირკველია მოპირკეთებული...