სამშობლოსათვის შეფიცულები - კვირის პალიტრა

სამშობლოსათვის შეფიცულები

ლომების დარი ბიჭის "ანდერძი"

ჩოლოყაშვილების კურთხეულ გვარს მრავალი ღირსეული ვაჟკაცი აღუზრდია მამულისთვის. თუნდაც ბახტრიონის აჯანყების მოთავე ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელი რად ღირს, რომელიც ასო-ასო აკუწეს, მაგრამ რწმენა ვერ შეურყიეს, სამშობლო ვერ დაავიწყეს... მისი პირდაპირი შთამომავალი გახლდათ ქაიხოსრო ან, როგორც მოფერებით ეძახდნენ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, დიდებული ადამიანი, რომლის ცხოვრება და ღვაწლი ყველა დროის ქართველებისთვის სამაგალითოა.

ქაქუცა 1888 წლის 14 ივლისს სოფელ მატანში, იოსებ და დარია ჩოლოყაშვილების ოჯახში დაიბადა. განათლება ტფილისის თავად-აზნაურთა გიმნაზიაში მიიღო. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი, რომელთანაც ორი ასული - თამარი (ციცნა) და ქეთევანი - შეეძინა.

დაიწყო თუ არა პირველი მსოფლიო ომი, ქაქუცა ჯარში გაიწვიეს.

"ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო განსახიერება ქართველი რაინდისა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, - წერს ალექსანდრე სულხანიშვილი, - დინჯი, დარბაისელი, უაღრესად კეთილი გულის პატრონი... როგორი მხდალიც უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა ქაქუცას ხელში."

KvirisPalitra.Ge1914 წელს ქაქუცა დაიჭრა და ავსტრიიდან კავკასიის ფრონტზე გადმოიყვანეს. სწორედ ამ დროს დაიწყო ოსმალეთის ჯარის იერიში სარაყამიშზე. ოსმალები რიცხობრივად სჭარბობდნენ და ნელ-ნელა ალყაში აქცევდნენ მეომრებს. ქაქუცამ ბრძანება მიიღო, თავის ხალხს იარაღი დაურიგა და ოსმალებს სტრატეგიული მნიშვნელობის მთა - “"არწივის ბუდე"” გამოსტაცა. ოსმალებმა სიმაღლის დაბრუნება სცადეს. იერიშის დროს ქაქუცა ფეხში დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიუტოვებია. ცოტა ხნის შემდეგ მძიმედ დაიჭრა მკერდში, მაგრამ  ჭრილობა ვის ახსოვდა -“"არწივის ბუდე" ხომ ისევ მათ ხელში იყო! ამ ბრძოლისთვის ქაქუცა ოქროს ხმლით დააჯილდოეს. ჭრილობები თბილისში მოიშუშა და ახალშექმნილ ქართულ ცხენოსან რაზმში შევიდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას ის ქართულ ჯარში მსახურობდა. წითლების შემოსვლისას სამეგრელოში იმყოფებოდა - მთავრობის დავალებით ცხენოსანთა ნაწილებს ქმნიდა... მენშევიკურმა მთავრობამ დიდხანს ვერ გაუძლო იერიშს. 1921 წლის 17 მარტს ბათუმიდან გავიდა იტალიური გემი, რომელმაც ნოე ჟორდანია უცხოეთში წაიყვანა.

მაშინ ქაქუცამ უარი თქვა სამშობლოს დატოვებაზე - კახეთში გაემგზავრა და შექმნა შეფიცულთა” მცირე რაზმი, რომელსაც პარტიზანული ბრძოლები უნდა დაეწყო. 1922 წლის 12 მარტს თავისი შეფიცულებით ალვანის ტყეში დაიდო ბინა. მის გვერდით იყო მისი ძმა სვიმონიც. ბოლშევიკებმა ქაქუცას გადაბირება სცადეს და მოციქულად უფროსი ძმა შაქრო მიუგზავნეს, - მთავრობა გთავაზობს, შენი რაზმით საზღვარგარეთ გახვიდე და ფულს რამდენსაც მოითხოვ, მიიღებო. ქაქუცას უთქვამს, ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და თუ ვერ შევძლებთ მიზნის მიღწევას, მომავალი თაობა გააგრძელებს ჩვენს დაწყებულ საქმეს, იმათ ასე გადაეციო.

დიაკვან მიხა ხელაშვილს ეთქვა მასზე:

“ქაქუცა ჩოლოყაშვილი

მოჰქროლავს, როგორც ქარია,

თან ახლავს ქართველთ შვილები,

თითო ლომების დარია...

აი, ამ ლომების დარმა ბიჭებმა მოაწყვეს 1922 წელს ხევსურეთის ამბოხება, რომელიც რუსმა და ქართველმა კომუნისტებმა სისხლში ჩაახშეს.

1923 წლის 20 მაისს ბოლშევიკებმა შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს გენერალი კოტე აფხაზი და 18 ქართველი სამხედრო. ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპა სვიმონიც. ქაქუცამ ძმა ტყეში დამარხა და ბრძოლა განაგრძო.

მალე დააპატიმრეს ქაქუცას ცოლ-შვილიც და მეამბოხეს შეუთვალეს, დაგვნებდი, თორემ მთელ შენს სანათესავოს ამოვწყვეტთო. უფროსი გოგონა მაშინ შვიდი წლისა იყო, უმცროსი - სამის.

ერთი წლის შემდეგ "ლმობიერმა" ბოლშევიკებმა ბავშვები გაათავისუფლეს. ისინი ბაბუამ წაიყვანა, მაგრამ 1924 წლის აგვისტოში ისიც დახვრიტეს და ორი პატარა ბედის ანაბარა დარჩა. კახეთის სოფლებში ბრძანება გამოაკრეს - ვინც ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბავშვებს შეიკედლებდა, დაჭერა ელოდა.

მაგრამ ქვეყნად კეთილ ხალხს რა დალევს -  ქაქუცას ყოფილი მოურავის ქალიშვილი მიდიოდა ღამღამობით, ბავშვებს პურს უცხობდა, კერძს უმზადებდა...

ქაქუცა საქართველოდან რომ გაემგზავრა, ჩოლოყაშვილის მეუღლე ნინო და მისი ნათესავები მაშინღა გამოუშვეს ციხიდან. მაგრამ განსაცდელი ამით არ დასრულებულა - მისი ქალიშვილის,  თამარის მეუღლე, ინჟინერი იოსებ გელოვანი, 1937 წელს დააპატიმრეს და ათი წელი მიუსაჯეს. 1942 წელს დააპატიმრეს ნინოც და თამარიც. თამარი დახვრეტას როგორღაც გადაურჩა, თუმცა 1947 წლამდე გადასახლებაში იმყოფებოდა...

მაგრამ ისევ პირვანდელ სათქმელს დავუბრუნდეთ...

მუქარამ ვერ შეაჩერა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი; მან დიდი აჯანყებისთვის დაიწყო მზადება. მართალია, შინაგამცემების გამო შეთქმულება  ჩაიშალა, მაგრამ ქაქუცამ  მაინც სცადა აჯანყება - 1924 წლის 29 აგვისტოს, ღამით, თავს დაესხა მანგლისის სამხედრო ყაზარმებს და ქართლში გადავიდა. 3 სექტემბერს ერწოში, სვიმონიანთხევში, წითლებს დაეცა. გამარჯვების სასწორი ერთხანს ქაქუცას მხარეს გადაიხარა, მაგრამ ქართველ ბოლშევიკებს რუსული ჯარი მიეშველა...

სიმონიანთხევში შეიტყვეს შეფიცულებმა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა გამოსცა პროკლამაცია, რომელშიც აჯანყებას დამარცხებულად აცხადებდა. ქაქუცამ კახეთში წასვლა გადაწყვიტა. ხევგრძელაზე, ერწოსა და თიანეთის მიჯნაზე, დასასვენებლად შეჩერებულ შეფიცულებს თავს წითელარმიელები დაესხნენ, მაგრამ ქაქუცამ ალყიდან  ოსტატურად გაიყვანა თავისი ბიჭები, მომხდურებმა კი ერთმანეთი ამოხოცეს...

თუმცა ბოლოს ქაქუცაც დარწმუნდა, რომ მისი ძალისხმევა ამაო იყო და შეფიცულებითურთ საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა. იგი პარიზში დაბინავდა. მოგვიანებით პარიზის მახლობლად, ვირფლეიში, მოზრდილი სახლი იქირავა და შეფიცულები  ერთად დაასახლა.

მერე კი... ძველი ჭრილობა გაეხსნა და გაუმიზეზდა, პარიზის ჰავამ აწყინა, ცუდმა კვებამაც თავისი ქნა...

ჩოლოყაშვილის ცხედარი პარიზის ახლოს, სენტ-ანტუანის სასაფლაოზე დაკრძალეს, ერთი წლის შემდეგ კი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს.

2005 წლის 23 ნოემბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის წმინდა განსასვენებელი მთაწმინდაზე ქართველთა სათაყვანებელ   საფლავებს შეუერთდა...

ძნელია სიკვდილი უცხო მხარეში. სამშობლოდან წაღებულმა მიწამ მხოლოდ იარა თუ დაუფარა ქაქუცა ჩოლოყაშვილს, მაგრამ ნეტარია იგი, რამეთუ მამულის თავისუფლებისთვის მოიწყლა და ამ წყლულებითვე აღესრულა.

"ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრება"

ქაქუცას ძველი ჭრილობა გაუმიზეზდა. ოთხი წელიწადი ებრძოდა სენს, ერთხელ ალექსანდრე სულხანიშვილი სწვევია. ქაქუცას სასოებით ჩაუბარებია გულსაკიდი ჯვარი და სამი ხატი და უთხოვია, მისი შვილებისთვის გადაეცა. თურმე სიზმრად ენახა უფროსი ქალიშვილი, თავისი ჯვარი მოეთხოვა. ავად ენიშნა ეს ქაქუცას -"ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრებაო." 1936 წლის 27 ივნისი იდგა, როცა ქაქუცამ სული თვისი შეჰვედრა უფალს და თავის მფარველ ანგელოზს - 1616 წელს ხატთა თაყვანისცემისთვის წამებულ წმინდა ქაიხოსრო ქართველს - რომლის ხსენების დღეც სწორედ 27 ივნისია.