უტყვი ქვების მეტყველი წარწერები - კვირის პალიტრა

უტყვი ქვების მეტყველი წარწერები

ისტორიას ფესვები ისე აქვს ლაბირინთებში გადგმული, ადამიანი ძნელად თუ გაიკვალავს სავალს, მაგრამ ისტორიას "ჩირაღდნებიც" აქვს - სადმე რაიმე ისეთს დაგახვედრებს, მთელ ეპოქაში გაგაკვლევინებს გზას. ასეთი ჩვენთვის წარწერებია - ტაძრისა, ციხისა, საფლავისა...

ისტორიკოსები ამბობენ, ისინი უფრო "სიმართლიანები" არიან, ვიდრე მემატიანის ვრცელი ფოლიანტებიო, - მემატიანეც ადამიანია. როცა წიგნს წერ, როგორ შეიძლება, სადღაც არ გაამჟღავნო, გულს რა უხარია და სწყინს!..

ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თედო დუნდუაც ამ აზრს იზიარებს, - ქვაზე შერჩენილი წარწერები მკაცრად და მოკლედ ასახავენ ეპოქის მოვლენებსო. მე კი მგონია, რომ ამ სიმკაცრეში ზოგჯერ ისეთი ემოცია და გრძნობათა სიფაქიზეა, შეიძლება სამუდამოდ დაგატყვეოს... შევეცადეთ, საქართველოს ისტორიიდან რამდენიმე ასეთი დამატყვევებელი წარწერა გაგვეხსენებინა... მე მათ "ყველაზე..." დავარქმევ.

ყველაზე სევდიანი....

1940 წელს არმაზისხევში სამარხის ქვაზე ორენოვანი წარწერა აღმოჩნდა - არამეული და ბერძნული. ამიტომაც საფლავის სტელას ბილინგვა (ბი (ორი) ლინგვა (ენა) ეწოდა. იმ დღიდან "არმაზის ბილინგვა" სევდიანი სიყვარულისა და ადრე დაფერფლილი მშვენიერების ამბად იქცა. აი, ეს ამბავიც არამეულად დაწერილი: "მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა, - ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა, ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა, ვაება ვაებისა. ის, ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად  კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა".

KvirisPalitra.Geამასვე გადმოგვცემს ბერძნული წარწერაც, - ასეთი წესი იყო მაშინ, სერაფიტის დროინდელ საქართველოში - ჭირისუფლები ორ ენაზე აწერდნენ ეპიტაფიებს საყვარელი ადამიანების საფლავის ქვაზე. რატომ? იმიტომ, რომ ქართველები გადარჩენისთვის მაშინაც იძულებული იყვნენ, დიდ ქვეყნებთან საერთო ენა გამოენახათ. იმ დროს კი ორი ქვეყანა ბატონობდა - არამეელებისა და ბერძენ-რომაელთა. მშვენიერი სერაფიტი ამ ქვეყნებთან დაახლოებული დიდებულების წრიდან იყო, - ქართლის მეფის, ფარსმანის პიტიახშის, ზევახის ასული იბერიის მეფის, ქსეფარნუგის ეზოსმოძღვარმა, იოდმანგანმა შეირთო ცოლად.

რამდენ ამბავს ჰყვება ეს წარწერა - მათ შორის იმასაც, რომ მართალია, ასეთი ქორწინებები სახელმწიფოებრივი ინტერესებით ხდებოდა, მაგრამ ამ "მკაცრ" წარწერაში ისეთი სიყვარული ჩანს, ვინ იცის, იქნებ ამ ორს ქორწინებამდეც ჰქონდა ერთმანეთის გული დატყვევებული. გარდა ქმრისა, სხვა ვინ დააწერდა ასე სევდიანად საფლავის ქვაზე, - არავინ იყო მსგავსი მისი სილამაზისაო.

ყველაზე ძუნწის დახმარება...

გავა საუკუნეები და ქართველებს მტერი ისევ გვეყოლება (ასეთია ერების და ქვეყნების ბედი!), ჩვენც ალბათ ქარიშხლების გასაძლებად ხან აქეთ გადავიხრებით, ხან იქით, გააჩნია, რომელი მტერი მოგვინდომებს ჩაყლაპვას. და მათ ისე, როგორც საუკუნეების წინათ, ჭკუითა და მარიფათით უნდა ვაჯობოთ. ასე იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე და ჩვენი წელთაღრიცხვითაც... აი, "ჩვენებური" მოხერხებულობის ცოცხალი მაგალითიც: - მცხეთას, ახ. წ. 75 წელს რომის იმპერატორის სახელით შემორჩა წარწერა: "მე, ტიტუს ფლავიუს ვესპასიანემ, ჩემი შვილების: ტიტუსისა და დომიციანეს სახელით მეფე მითრიდატეს (ფარსმან მეფისა და დედოფალ ჰამასასპუხის ძეს), კეისრის მეგობარსა და რომაელთა მეგობარს გავუმაგრე ქალაქის ზღუდეები."

ეს ის ცნობილი ვესპასიანეა, რომელსაც მიეწერება ცნობილი ლეგენდა ფულის შესახებ. როგორც ამბობენ, ეს უმდიდრესი იმპერატორი ქონების მოსაპოვებლად რწყილსაც კი გაატყავებდა, სწორედ მან დააწესა გადასახადი ტუალეტებით სარგებლობაზე, რისთვისაც აღშფოთებულმა ვაჟმა უსაყვედურა. ვესპასიანემ კი ფული ამოიღო და შვილს ცხვირთან მიუტანა, - აბა, დაყნოსე, სუნი აქვს თუ არაო. როცა ვაჟმა თავი გააქნია, იმპერატორმა ჩაიცინა, - ხომ ხედავ, ფული არ ყარსო! და აი, ასეთმა ძუნწმა იმპერატორმაც კი გაიმეტა ფული, რათა ალანთა შემოსევისაგან დასაცავად არაგვის ხეობიდან გაემაგრებინა ქართლის შემოსასვლელები.

ქართველთა მოხერხებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ იმ დროისათვის მტრად მოკიდებული რომაელებიც დაიმეგობრეს და ყველაზე ძუნწ კეისარს ქალაქის ზღუდე ააშენებინეს.

ყველაზე ამაყი...

საქართველოს არანაკლებ მრისხანე მტრებიც ჰყავდა, მაგრამ ჩვენმა მეფეებმა დაახლოებით IX საუკუნიდან XII საუკუნემდე  მტრის მოგერიება და კიდევ უფრო დიდი სასწაული - დაქუცმაცებული ქვეყნის გაერთიანება შეძლეს. მათგან ერთ-ერთი უპირველესი იყო ბაგრატ III. მან მეფობის (975-1014წ.) დასაწყისიდანვე ქვეყნის გაერთიანების უპირობო საქმედ გათავხედებულ ფეოდალთა ალაგმვა დასახა და ერთ-ერთი პირველი ბაღვაშები შეავიწროვა. მას შემდეგ, რაც ბაგრატ მეფემ კაცხიდან რატი ბაღვაში განდევნა,  შეუდგა კაცხის სამონასტრო კომპლექსის გაფართოებასა და დასრულებას.

მალე ბაღვაშების ძვალთშესალაგი - კაცხის მონასტერი გაძლიერებული ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს კულტურულ კერად იქცა. სწორედ მის კედლებზეა დაწერილი ერთი ყველაზე ამაყი ქართული  წარწერა: "წმინდაო სამებაო, ადიდე შენს მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფე, ტაოსა და რანთა, კახთა და ყოვლისა აღმოსავლეთისა დიდი კუროპალატი"...

P.S. გავა საუკუნეები, მოვა ახალი შთამომავლობა, გადახედავს დღევანდელ ისტორიასაც და და ჩვენი თანამედროვეების დატოვებულ წარწერებშიც აღმოაჩენს სულისშემძვრელსაც და საამაყოსაც. ჯერჯერობით არაფერი ჩანს? მერე რა, წლებს ჩვენთვის აქვს მნიშვნელობა, ისტორიისთვის კი არა. დღეს არა, მაგრამ ხვალ მაინც ასეთი დროც უეჭველად დადგება!