ვანი - "ოქროს წვიმის" ქალაქი... - კვირის პალიტრა

ვანი - "ოქროს წვიმის" ქალაქი...

დღეს კოლხური საგანძური სამშობლოშია

"თუ რაოდენ სახელგანთქმული იყო ძველად ეს ქვეყანა, ამას მოწმობს მითები იაზონის ლაშქრობაზე, ხოლო მასზე ადრე - ფრიქსეს ლაშქრობაზე... ამ ქვეყნის სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლითა და რკინით იყო ნამდვილი მიზეზი ამ ლაშქრობებისა".

სტრაბონი, ძვ. წ. I ს-ის ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი

"არს ადგილი ესე უმეტესადცა ნაყოფიერი და ბარი..." - ასე აღწერდა ვახუშტი ბატონიშვილი საჩინოს, რომელსაც შემდგომ ვანი ეწოდა. XIX საუკუნის შუა ხანებში დაუჯერებელ ამბებს ყვებოდნენ იმერეთში, სოფელ საჩინოში ნაპოვნ ენით აუწერელ ოქროს ნივთებსა თუ პატიოსან თვლებზე... თვალსაჩინოებისთვის ვრცელი ნაწყვეტი მოგვყავს გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნებული ვინმე სხვიტორელის წერილიდან: "ისე წვიმა არ მოვა, რომ ახვლედიანების კარებთან არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვი, ხან ბეჭდები, ხან რა და რა ნივთეულები... ამ ახვლედიანებს (აზნაურები იყვნენ. - ნ.შ.) და რამოდენიმე გლეხს ეკუთვნის ერთი გორა, რომელიც იქნება სივრცით 15 ქცევამდე.

ამ გორის ძირში დასახლდნენ 3 კომლი ახვლედიანები. როდესაც დაუწყეს თხრა სახლის ბალავერს - ნახეს, რომ ამ გორას ჰქონია ძველად გალავანი გარშემო შემოვლებული სულ წმინდა თლილი ქვით და შემდეგში მიწას დაუფარავს. ერთ ადგილას იპოვეს სასაფლაო ქვითკირით ამოშენებული და შიგ ჯაჭვით დაბმული კაცის გვამი. ეს კაცი ნამდვილ ზღაპარ-მოთხრობითი გმირი ყოფილა. პირველ საფლავის გახსნაზე ნამდვილად სჩანდა კაცის სიმაღლე და მოყვანილობა. საშინელი საოცარი ჯაჭვი რგოლით კისერზე ეცვა და რკინის პალოზე მიბმული იყო ფეხის წვივის ძვალით, კოჭიდან კვირისთავამდე თითქმის ერთი ალაბი სიგრძე ჰქონდა.

KvirisPalitra.Geრამოდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ჰაერმა დაკრა, მტვრად წავიდა, გაჰქრა, მხოლოდ დარჩა ჯაჭვი და ერთი კბილი... ჩვენდა სამწუხაროდ, რადგანაც ის გორა ეკუთვნის ბევრს და საზიარო არის, ამისათვის, რაც უნდა იპოვნონ, ერთი მეორეს უმალამს და ჩუმად ყიდის ვაჭრებში... როგორც სჩანს, დიდი სიმდიდრე უნდა იყოს ამ გორაში. ვინ იცის, რამდენი ისტორიის მასალები არის ნაპოვნი და პატრონების უცოდინარობისაგან დაღუპული და რამდენი კიდევ იპოება ამ გორაში".

ამგვარ ამბებს მოსკოვის არქეოლოგიურ საზოგადოებამდეც მიუღწევია. შედეგმაც არ დააყოვნა და 1889 წელს რუსეთის იმპერიის შავიზღვისპირა ქვეყნის მანამდე უცნობ პატარა დაბაში არქეოლოგიურ გათხრებს იწყებს ცნობილი მხარეთმცოდნე ალექსანდრე სტოიანოვი. მის მიერ აღმოჩენილ "ძველი ბერძნული დროის საფლავებს" არაერთი ოქროს ნივთი ამოჰყოლია. წარმოშობით ბულგარელ სტოიანოვს ფრანგი იაკობი მოჰყვა, თუმცა კი ბევრი ვერაფერი უპოვია...

შვიდი წლის შემდეგ ვანში ქართული კულტურის მოამაგე, აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი იწყებს გათხრებს. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, იგი გახლდათ იმდროისათვის ერთადერთი ქართველი არქეოლოგი, რომელსაც მოსკოვმა "ნება დართო" ვანში ეწარმოებინა გათხრები(!). პირველმა ექვთიმე თაყაიშვილმა დაასკვნა, რომ ვანის საგანძურის უმეტესი წილი აქვე ნაკეთებია, და "არც მათი საკეთებელი ოქროა შორიდან მოტანილი. ძველი ვანის ნიადაგს ყოველგან ემჩნევა ოქროს სილა, მეტადრე ღელე საქვაბიაში, რომელიც ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით უვლის გორაკს. ქალები და ბავშვები ზოგჯერ თითო მისხალსაც აგროვებენ აქ ოქროს სილას..."

მას აქეთ, რომ იტყვიან, ბევრმა წყალმა ჩაიარა. რუსეთ-იაპონიის ომმა და რევოლუციებმა ვანის არქეოლოგიური შესწავლა უკანა პლანზე გადასწია, თუმცა კი ერთმანეთს ენაცვლებოდა ლეგენდასავით მოარული ამბები ახვლედიანების გორაზე აღმოჩენილი აურაცხელი სიმდიდრის შესახებ. 20-იან წლებში ერთ-ერთ ახვლედიანს მიწის დასამუშავებლად სვანები დაუქირავებია. მთელი ორი თვე უმუშავიათ, ერთ დილით კი დასახედად მისულ პატრონს არ დახვედრიან, გასამრჯელოც არ აუღიათ, ისე გაქცეულან, თან უამრავი ოქროს ნივთი გაუყოლებიათ...

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში კი 1929 წლიდან იწყება პირველი ნივთების შემოსვლა ვანიდან. 1936 წელს პირველ სადაზვერვო სამუშაოებს ვანში აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი წარმართავდა. არქეოლოგიური ექსპედიცია კი ვანში პირველად 1947 წელს ჩავიდა პირველი არქეოლოგი ქალის, პროფესორ ნინო ხოშტარიას ხელმძღვანელობით.

აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ჩანაწერებიდან: "ექსპედიციამ პირველი გათხრები ახვლედიანების გორის წვერზე ჩაატარა და პირველივე ნაბიჯები დიდი მეცნიერული აღმოჩენებით აღინიშნა. გაითხარა ქვის 8-საფეხურიანი საკურთხეველი, აღმოჩნდა ძვ. წ. III-I საუკუნეების საკულტო ნაგებობანი და მრავალმხრივ საინტერესო სამი სამარხი. პირველი - ქვევრში დაკრძალული ქალისა, რომელსაც ბრინჯაოსა და ვერცხლის სამკაულები აღმოაჩნდა (ხატისუღელი, სასაფეთქლეები, სამაჯურები, მინიატიურული ზანზალაკები), ვერცხლისა და თიხის ჭურჭლეული, აგრეთვე კოლხური ვერცხლის ფულები (ე.წ. კოლხური თეთრი).

მეორე სამარხი მამაკაცისა იყო. ყურადღებას იქცევდა მძლავრი ხანძრისგან გაშავებული ფენა და იქვე მრავლად ნაპოვნი ბრინჯაოს ჯავშნის ფირფიტები. ამან ნინო ხოშტარიას აფიქრებინა, რომ მიცვალებული საჭურველთან ერთად დაუწვავთ.

ამ ორ სამარხს შორის კლდეში ნაკვეთ პატარა ორმოში დაკრძალული აღმოჩნდა... რკინის კაცი! - რკინისაგან გამოჭედილი მამაკაცის რამდენადმე სქემატური ფიგურა. მას ოქროს საყურე ჰქონდა შებმული, ყელზე კი - ხატისუღელი. მუზეუმის გამოფენაზე დგას ახლა ძვ. წ. III საუკუნის ეს ვანელი რკინის კაცი და ახლაც აღელვებს მეცნიერსაც და სხვასაც: ვინაა იგი? ღვთაება თუ უცხო ქვეყანაში დაღუპული ადამიანის სიმბოლური გამოსახულება და ამიტომაც, ადამიანივით დაკრძალული".

ერთმანეთის მიყოლებით იხსნებოდა ახალი სამარხები. ვანი არქეოლოგთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ნინო ხოშტარიას გარდაცვალების შემდეგ ექსპედიციას მთელი 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე. სწორედ ამ პერიოდში მოიპოვა ვანის აღმოჩენებმა მსოფლიო აღიარება. ვანში ხშირად იმართებოდა საერთაშორისო კონგრესები, აქვე შეიქმნა თანამედროვე ტიპის მუზეუმი.

ვანის ნაქალაქარზე უწყვეტი ცხოვრება დადგენილია ძვ. წ. VIII-I საუკუნეებში. არქეოლოგიურ აღმოჩენათა შესწავლამ ცხადყო, რომ ვანი კოლხეთის მნიშვნელოვანი რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი იყო განუმეორებელი არქიტექტურით, მრავალდარგიანი ხელოსნური წარმოებით. უტყუარია ისიც, რომ ვანში უნდა არსებულიყო პროფესიონალ ხელოსანთა ძლიერი სკოლა, სადაც იქმნებოდა უნიკალური კოლხური სტილის ოქრომჭედლობის განუმეორებელი ნიმუშები.

1969 წელს კი ახვლედიანების გორაზე, ქსენია გიორგაძის ნავენახარში წარჩინებული კოლხი ქალის სამარხის აღმოჩენამ რომ იტყვიან, ერთბაშად გადატრიალება მოახდინა ქართულ არქეოლოგიაში.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო 2003-2004 წლების აღმოჩენები, რომელთა შესახებ გვესაუბრება ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ქალბატონი დარეჯან კაჭარავა:

- ამ აღმოჩენებს თავის დროზე მივუძღვენით ექსპოზიცია, რომელსაც სახელწოდებაც შესაფერისი ჰქონდა: "ოქრომრავალი კოლხეთი - მითი და რეალობა"... ეს გახლდათ პირველი ცდა, ახლებურად წარმოგვედგინა ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, ექსპოზიციაში ჩაგვერთო თანამედროვე მხატვრული ხერხები და ტექნოლოგიები. ამაში სცენოგრაფი გურამ მელივა დაგვეხმარა. დამთვალიერებელი დარბაზში ისე შემოდიოდა, როგორც თეატრში. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ სპექტაკლის "მთავარი გმირები" ჩვენი უძველესი წინაპრის უმდიდრესი და უნიკალური ნაკეთობებია. 2003 წლის მდიდრული სამარხი ძვ. წ. IV საუკუნეს განეკუთვნება და მასში ნაპოვნი ოქროს ნივთები კვლავ ადასტურებენ ოქრომრავალი კოლხეთის რეალობას.

ამავე საუკუნის 30-იანი წლებით თარიღდება 2004 წელს აღმოჩენილი დიდგვაროვნის (სავარაუდოდ, ქალის) სამარხი. გარდა ინვენტარისა, მიცვალებულისთვის ჩაუტანებიათ ოთხი მსახური და ცხენი. აღმოჩენილია როგორც ადგილობრივი ნაკეთობანი, ასევე ათენში დამზადებული მოხატული თიხის ჭურჭელი, ჰერაკლეის ამფორები. ეს მიანიშნებს, რომ ვანი წარმოადგენდა ანტიკური ხანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონს, სადაც თავს იყრიდა ბერძნული სამყაროდან შემოტანილი საუკეთესო ნაწარმი. სავარაუდოა ისიც, რომ შეიძლება ამ ნივთთა ერთი ნაწილი უცხო ქვეყნის დიდებულთა ძღვენიც იყოს...

- ამ აღმოჩენებმა ალბათ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რაც დრო გადის, მითი ოქრომრავალი კოლხეთის შესახებ სულ უფრო რეალური ხდება...

- კოლხეთი რომ ოქრომრავალია, ეს მართლაც რეალობაა. მაგრამ რაც დრო გადის, ასევე რეალური ხდება არგონავტიკის ისტორიაც. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ თვით არისტოტელე ასე მოიხსენიებდა ეპიტაფიაში კოლხეთში დაკრძალულ აიეტს: "ოქროთი მდიდარი კოლხების მეფე აიეტი ღმერთების ყოვლისმძლე სვემ გააპატიოსნა".

ბოლო წლებში მსოფლიო კულტურული საზოგადოება "ოქრომრავალი კოლხეთის" საგანძურზე ისევ ალაპარაკდა. ეს ერთგვარი გამოძახილია იმ ტრიუმფალური ტურნესი, რომლის შესახებაც გვესაუბრება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, რამდენიმე ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი, პალეოანთროპოლოგი დავით ლორთქიფანიძე:

- ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით დაიხურა. სწორედ მაშინ შემუშავდა რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ამ სამუშაოების დასრულებამდე კოლექციების საზღვარგარეთ წარდგენას. 2007 წელს დაიწყო ვანის საგანძურის ტრიუმფალური ტურნე. "ოქრომრავალი კოლხეთის" საგანძურმა მოიარა მსოფლიოს 12 წამყვანი მუზეუმი, მათ შორის ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ალტეს მუზეუმი; აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმი ნიცაში; ფულის მუზეუმი პარიზში;

ბენაკის მუზეუმი ათენში; არტურ მ. საკლერის გალერეა ვაშინგტონში; ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ანტიკური სამყაროს კვლევის ინსტიტუტი; ჰიუსტონის ხელოვნების მუზეუმი; გეტი ვილა ლოს-ანჯელესში და ფიცვილიამის მუზეუმი კემბრიჯში. აღსანიშნავია სტოკჰოლმის, ხმელთაშუა ზღვისა და წინა აზიის კულტურების მუზეუმსა და სევილიის არქეოლოგიურ მუზეუმში გამართული გამოფენები, რომლებიც ამ ქვეყნების ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა პროგრამაში ჩაერთო და ამით ძალზე შეუწყო ხელი საქართველოს პოპულარიზაციას.

- იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვითხროთ ამერიკის ტურნეს შესახებ...

- ამერიკის ტურნედან გამოვყოფდი ლოს-ანჯელესის გეტი ვილაში გამართულ გამოფენას. მოგეხსენებათ, პოლ გეტის მუზეუმი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კულტურული ცენტრია და ორ ცალკეულ ინსტიტუციას აერთიანებს. გეტის ცენტრი ორიენტირებულია ევროპულ და ამერიკულ სახვით და გამოყენებით ხელოვნებაზე. გეტი ვილა 2006 წელს გაიხსნა, როგორც მუზეუმი და საგანმანათლებლო ცენტრი. გეტი ვილას ლაბორატორიაში მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები მუშაობენ უძველესი ნივთების გაწმენდა-კონსერვაციაზე.

სწორედ აქ, ქართველმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ერთობლივად გაწმინდეს და აღადგინეს 2007 წელს ვანში აღმოჩენილი ბრინჯაოს უნიკალური ჭრაქები. ვანში მოპოვებული ამ არაჩვეულებრივი ნიმუშების წყალობით კულტურული ხიდი გაიდო საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ამერიკის ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციებს შორის, როგორიცაა სმითსონიანის ინსტიტუტი თუ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ანტიკური სამყაროს კვლევის ინსტიტუტი.

- ამ "მოგზაურობებისას" როგორაა დაცული ჩვენი საგანძური?

- საგანძურის თითოეული გადაადგილება უსაფრთხოების ნორმების უზადო დაცვითა და სიფრთხილით ხდებოდა. ყოველ მასპინძელ მუზეუმში, საგანგებოდ ქართული საგანძურის წარმოსადგენად, საგამოფენო დარბაზებს ისე ამზადებდნენ, რომ ფაქტობრივად ამ უნიკალური ნივთების დაზიანების თეორიული შანსიც კი არ არსებობდა. მაგალითისათვის, გარდა იმისა, რომ საგამოფენო დარბაზებში მუდმივად კონტროლდებოდა ჰაერის ტემპერატურა, გეტი ვილაში სპეციალურად კოლხური საგანძურის გამოსაფენად მომზადებული ვიტრინები ისე დამონტაჟდა, რომ უძლიერესი მიწისძვრის შემთხვევაშიც კი ნივთები სავსებით უვნებლად გადარჩებოდნენ, რადგან კვარცხლბეკები მიწისძვრის ბიძგების სიმეტრიულად იმოძრავებდა.

ტრანსპორტირებისას ნივთებს მუდამ თან ახლდნენ როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპერტები, ისე მასპინძელი მხარისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. ნივთები დაცული იყო მასპინძელი სახელმწიფოების მიერ გაცემული სახელმწიფო გარანტიით. ექსპონატების გადაზიდვას კი ახორციელებდნენ მსოფლიოს ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა "მუვ არტი", "მასტერპისი" და "ჰაზენკამპი".

- არანაკლებ საინტერესოა გამოხმაურება, რომელიც ტურნეს მოჰყვა...

- ისეთი ჟურნალ-გაზეთების, როგორიც არის "ეკონომისტი", "ნიუ-იორკ ტაიმსი" თუ "ვაშინგტონ პოსტი", წამყვან გვერდებზე იბეჭდებოდა სტატიები "გასაოცარი ქართული საგანძურის" შესახებ, ტელევიზიები კი სიუჟეტებს უძღვნიდნენ მათთვის აქამდე უცნობ, ეგზოტიკურ ნივთებს მედეას ქვეყნიდან. ტურნეს მსვლელობისას რვა ენაზე გამოიცა უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული კატალოგი. ექსპოზიციას თან ახლდა სამეცნიერო კონფერენციები (მომხსენებლებად მიწვეული იყვნენ ქართველი, ევროპელი, ამერიკელი არქეოლოგები) და საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ადგილობრივი სკოლებისთვის, ფართო საზოგადოებისა და უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის იყო განკუთვნილი.

- ბუნებრივია, დამთვალიერებელთა რიცხვიც "სარეკორდო" იქნებოდა...

- ტურნეს განმავლობაში ექსპოზიცია მილიონზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა, ზოგიერთ მუზეუმში რეკორდულ მაჩვენებელსაც გადააჭარბა. გეტი ვილას მონაცემებზე დაყრდნობით, გამოფენის გახსნაზე დასასწრებად წინასწარ 700 კაცი დარეგისტრირდა, როდესაც საშუალო რიცხვი 400-ს არ აღემატება. სმითსონიანის ინსტიტუციის მოწყობილ კვლევას კი ამერიკელმა სპეციალისტებმა "საქართველოთი მოწამვლა" უწოდეს...

- როგორ შეაფასებდით ამ ხანგრძლივ ტურნეს?

- ტურნემ შეძლო უცხოელი დამთვალიერებლისთვის გაეცნო საქართველო, როგორც უძველესი კულტურის ქვეყანა - ოქროს საწმისის ქვეყანა. ტრიუმფალური ტურნე 2010 წელს დასრულდა. დღეს კოლხური საგანძური სამშობლოშია. მისი ნაწილი წარმოდგენილი იქნება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის განახლებულ საგამოფენო სივრცეში, რომლის გახსნა გაზაფხულზე იგეგმება. ამდენად, სულ მალე იგი კვლავ მზად იქნება, თავი მოიწონოს როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამთვალიერებლის წინაშე.

* * *

მიმოხილვას ოქრომრავალი ვანის შესახებ აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის სტრიქონებით დავასრულებთ, რომელიც 36 წლის წინ დაიწერა და დღევანდელ დღესაც ისევე მიესადაგება, როგორც მაშინდელს:

"ვანის ნაქალაქარის მხოლოდ მცირეოდენი ნაწილია ჯერ შესწავლილი. ექსპედიციის სამუშაო ოთახში კედელზე დახაზულ გენერალურ გეგმას რომ შეხედოთ, დარწმუნდებით, რა დიდი და შრომატევადი სამუშაო მოგველის კიდევ წინ... არქეოლოგიური გათხრები ვანში გრძელდება... ვინ იცის, ჩვენი ეროვნული ისტორიის კიდევ რამდენ საიდუმლოსა და უცნობ ფურცლებს ინახავს ეს მადლიანი მიწა!"

ამ უცნობი ფურცლებიდან არაერთი გამომზეურდა... თუმცა კი, როგორც იტყვიან, წინ ახალი აღმოჩენებია!..

ნოდარ შოშიტაშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”