"დაჩეხილი" ბერტოლუჩი - კვირის პალიტრა

"დაჩეხილი" ბერტოლუჩი

1917 წელს პეტროგრადში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ (მოგვიანებით "დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია"რომ დაერქვა) ხელისუფლებაში მოსული ბოლშევიკების უპირველესი ოცნება დანარჩენი მსოფლიოს "გაწითლება"იყო და ამ "დიადი" საქმისათვის არაფერს იშურებდნენ - არც ტყვიას, არც ფულს.

კაპიტალისტურ ქვეყნებში, მათ შორის - იტალიაშიც, მილიონები მიედინებოდა იქაური კომპარტიების შესანახად და გასაძლიერებლად. უნდა ითქვას, რომ იტალიის კომუნისტური პარტია ერთ-ერთი უძლიერესი იყო დასავლეთ ევროპის კომპარტიებს შორის.  მრავალი საქვეყნოდ ცნობილი იტალიელი მეცნიერი თუ ხელოვანი იყო პარტიის წევრი, მათ შორის - დიდი იტალიელი კინორეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩიც.

ბერტოლუჩიმ თავისი სახელგანთქმული "კონფორმისტი"1970 წელს გადაიღო. სურათში გაბედულადაა ნაჩვენები, რამ შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება ფაშიზმამდე. კინოფილმი საბჭოთა ეკრანებზეც აჩვენეს, ავტორი კი მოსკოვს ესტუმრა. საბჭოეთში ბრეჟნევის ხანა იდგა. სპეციალურად მისთვის დაგეგმილ ღონისძიებათა“რიგს ბოლო არ უჩანდა. ხელოვანის გამოცდილმა თვალმა შეამჩნია ის ცრუ რეალობა, რომელსაც სპეციალურად მისთვის ქმნიდნენ "მოსიყვარულე“ მასპინძლები" და ერთ დღეს სასტუმროდან გაიპარა "ნატურალური კომუნიზმის"სანახავად.

მოსკოვის ერთ კინოთეატრშიც შეიარა, სადაც მის "კონფორმისტს" აჩვენებდნენ და იხილა თავისი ქმნილების დაჩეხილ-დასახიჩრებული ვარიანტი  - საბჭოთა ცენზურისათვის მხოლოდ ამგვარი ბერტოლუჩი იყო მისაღები.

ნანახით აღშფოთებულმა რეჟისორმა  სამშობლოში დაბრუნებისთანავე დატოვა კომუნისტური პარტია.

KvirisPalitra.Geვერც შეაშინეს, ვერც დააბნიეს

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი, სამგზის ევროპის  ჩემპიონი, მსოფლიოს თასის მფლობელი თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში - ეს ქართველი ფალავნის, ლევან თედიაშვილის მიერ მოპოვებული ტიტულების არასრული ნუსხა გახლავთ. ყველა ქართველმა იცის, ვინ არის ლევან თედიაშვილი,  ამიტომ ამჯერად მკითხველის ყურადღებას მის მრავალრიცხოვან, სახელოვან ორთაბრძოლათა შორის ერთ-ერთ გამორჩეულ შერკინებას მივაპყრობთ, რომელიც, როგორც ყოველთვის, თედიაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

1973 წელს თეირანში გამართულ ასპარეზობაზე ქართველმა ფალავანმა სამუდამოდ დაამახსოვრა სპარსელებს თავი. ჯერ თავისუფალ ჭიდაობაში მოიპოვა  ჩემპიონის ტიტული, შემდეგ კი იმავე არენაზე მსოფლიოს ჩემპიონის მეორე ოქროს მედალი დაისაკუთრა სამბოში. რომ აღარავინ გამოჩნდა მისი მომრევი, მასპინძლებმა ოინი მოიფიქრეს:–ტატამზე უკანა თათებზე ატოტილი, გაწვრთნილი დათვი გამოუგდეს.

თედიაშვილი საქმეს მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმით მიუდგა - დაელოდა, სანამ დათვი მიუახლოვდებოდა და როდესაც ნადირმა მის მხრებზე ტორების ჩამოდება დააპირა, უცებ გამოეცალა. დათვმა თავი ვეღარ შეიკავა და ოთხზე დადგა. ლევანმა ამ ფანდით  "მოწინააღმდეგეს" ქულა აართვა და გამარჯვებაც მას დარჩა.

ლადო გოგუაძე