"მე უკვდავებისთვის კი არა, ჩემი ხალხისთვის ვიცხოვრე"
პირველი შვილი ოცდათოთხმეტი წლისას შეეძინა. ბავშვო­ბიდანვე ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი შინ მოსმენილი ქართული - დედის ალერსი და მამის დარიგება. მამამისი საოცრად მღეროდა - თუკი რამ ქართულ სიმღე­რას შეუნახავს და თაობებისათვის გადაუცია, მის ძარღვებშიც ჩქეფდა. და როცა პირმშო ვაჟი მოევლინა ქვეყანას, გადაწყვიტა, ყველაფერი ეთქვა, რაც გულში ჰქონდა და ყელთან ბურთივით ებჯინებოდა: სიყვარულიც გამოეხატა და სიამაყეც, მონა­ტრებაც და სინანულიც, საბრძოლო მზად­ყო­ფნაც და თავგანწირვაც... და შვილს იბერია დაარქვა! იცოდა, იბერია ქვეყანა იყო
- ის ქვეყანა, სადაც გულიც დარჩენოდათ მისიანებს და სიყვარულიც... და ის, რომ XX საუკუნის ერთ-ერთი დიდი ქართველი, თურქეთში მოღვაწე აჰმედ მელაშვილი (1922-1980 წწ.), ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალი შვილს იბერიას არქმევდა, უკვე იყო თავგანწირვა. მერე გოგონა გაჩნდა. თამარი დაარქვეს. ამითაც ის თქვა, რაც კარგა ხანია აწვალებდა. თამარს
უნდა ეთამარა!

XIX საუკუნის 80-იან წლებში ქართველთა ნაწილი იძულებული გახდა, საცხოვრებლად ოსმალეთის იმპერიაში გადასულიყო, მათ შორის აჰმედ მელაშვილის წინაპრებიც იყვნენ. დაატოვებინეს მშობლიური ადგილები აჭარაში, მაჭახე­ლაში, ისტორიულ ნიგალში, ლაზეთში, შავშეთსა და ტაოში... სამშობლო იქნებ არასოდეს დაეტოვებინათ, მაგრამ დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალიო, - ხომ გსმენიათ... მათი ქართულ მიწაზე ყოფნა არც რუსეთს აძლევდა ხელს, არც - ოსმალეთს. ასე ერჩიათ: ერთი თავისუფალ მიწას მიიღებდა, მეორე - იაფ მეომარსა და მიწათმოქმედებით განთქმულ "გურჯებს" შუა თურქეთში.

დრო ყველაფრის მკურნალიაო... იქნებ განკურნება უადგილო სიტყვაც იყოს, რადგან დრომ უფრო მტვრის წაყრა იცის და იმით ფარავს სატკივარს. როგორც კი გაჩნდა საშიშროება, გურჯებს დავიწყებოდათ თავისი მიწა და სამშობლო, აჰმედმა ყველაფერი იღონა, რომ მტვრის ღრუბლები გაეფანტა. 

სტამბოლში ყოფნისას  ქართველთა სავანეს დაუახლოვდა. აქ მოღვაწე ქართველი მღვდლის დახმა­რებით კარგად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, საქართველოს ისტორია და კულტურა. და­წერა და გამოსცა "საქართველოს ისტორია", ჟურნა­ლი "ჩვენებურები", გააგებინა მუჰაჯირებს, რომ ისინი ქართველები იყვნენ ტომით. 1962 წელს მუჰაჯირთა ქართველთა სოფელ ჰაირიეში, აჰმედმა ქართული ხალხუ­რი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი დააარსა. იცოდა, იმას, რასაც სიტყვით ვერ მიიტანდა მოყვასამდე, სიმღერით ეტყოდა, რასაც ინფორმაციის მიწო­დებით ვერ აგრძნობინებდა, ცეკვით გადასცემდა... თანაც უფრო თავისუფლად და ალალად... იმდენი გააკეთა, რომ თურქეთის ქართველებმა ილია დაარქვეს... და ისიც ისევე მოკლეს, როგორც ილია...  აჰმედ მელაშვილ-ო­სქანს 1980 წლის 5 ივლისს ბურსაში ესროლეს. თავდასხმისას მძიმედ დაჭრეს მისი ვაჟიც - იბერია.

რახანია, აჰმედ მელაშვილი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ვიდრე ქართულად მღერიან მუჰაჯირთა შთამომავლები, ვიდრე კითხულობენ და ლაპარაკობენ დედაენაზე, ისიც ცოცხლობს...

KvirisPalitra.Geანსამბლი "კაფდაღი" - "კავკასიის მთა" სტამბოლში მოქმედი ერთადერთი ქართული ჯგუფია, ის 2004 წელს განახლდა. ანსამბლს იბერია მელაშვილი და მისი მეუღლე - ეკა ირემაძე ხელმძღვანელობენ. 25 ივნისს ჯანსუღ კახიძის სახე­ლობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ფოლკლორული ანსამ­ბლის, "კაფდაღის" კონ­ცერტი ჩატარდა. კონცერტი სტამბოლში მოქმედი "ქართული ხელოვნების სახლის" თაოსნო­ბით, საქარ­თველოს საპატრიარქოს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და კომპანია "ნიკორას" ფინანსური დახმარებით გაიმართა.

მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლები   მღე­როდნენ "დიდა ვოი ნანას" და "მოხევის ქალო თინაო". მათი მოძახილი ასჯერ მოძახილი იყო, რადგან საქართველოს წარსულიდან მოჰქონდათ ქართული სული, იმ წარსულიდან, რომლის ხსოვნა ხშირად მტვრითაც კი გადაფარულა ემიგრანტების მძიმე, ტკივილით სავსე ცხოვრებაში... თუმცა სიტყვა "ემიგრანტი" აქ უადგილოა. მუჰაჯირები - საქართველოს პატარა ნაწილები, იდგნენ სცენაზე და დიდ საქართველოს გულს უმაგრებდნენ.

სწორედ მათგან წამოსულმა ქართულმა ხმებმა ათქმევინა არქიმანდრიტ ადამ ახალაძეს: "3-4 საუკუნე საკმარისია იმისათვის, რომ სამშობლოს მოწყვეტილი ეთნოსი სადმე ადვილად მიეცეს დავიწყებას, ან თვითონ დაივიწყოს თავისი ფესვები. ჩვენ დღეს მოწმე ვართ იმისი, რომ ქართულმა სულმა, ქართულმა სისხლმა, ქართულმა გულმა გამოიარა სამი საუკუნე ისე, რომ მოკრიბა ყველაფერი საუკეთესო, რაც ამ ხნის განმავლობაში შეხვდა, რაც ახსოვდა მის აზროვნებას, სულს და გულს.

დრო იყო, როდესაც  ჩვენ არა უბრალოდ ორად ვიყავით გაყოფილნი, არამედ ამ გაყოფის შესახებ არაფერი ვიცოდით. ის, რომ საზღვარს იქით იყო ამხელა საქარ­თველო, ისევე ძგერდა ქართული გული, ჩქეფდა ქართული სისხლი, როგორც აქ, ჩვენთან, ამაზე არ ვფიქრობდ­ით. დღეს ახალ მომავალს ეყრება საფუძველი იმ ჰანგებითა და მუსიკით, რომელიც იღვრებოდა ამ სცენიდან".
აჰმედ მელაშვილის სიტყვები გამახსენდა: მე უკვდავებისთვის კი არა, ჩემი ხალხისთვის ვიცხოვრეო... ამ ბიჭებმაც თავისუფლად შეიძლება თქვან, რომ თავადაც თავისი ხალხისთვის ცხოვრობენ.

უსასრულოდ შეიძლება ისაუბრო ამ ქართველებზე, მათ ვაჟკაცობასა და თავგანწირვაზე... იმაზე, როგორი სიამაყით ატარებენ თავის ქართველობას...

(სპეციალურად საიტისთვის)

merabi
11 ივლისი 2011 22:55
დიდება ყველა ქარტველს ვისაც სისხლიტ ახსოვს ტავისი ქარტველობა და არა სისულელეების ბრახაბრუხიტ.გმერტო გვიმრავლე რატა გადავრცეტ,
giotso
06 ივლისი 2011 20:22
საქართველოს მოწყვეტილი ქართველები უფრო სათუთად ინახავენ ხსოვნას საქართველოს შესახებ (თურქეთშიც და ირანშიც) ვიდრე აქ მყოფები ვუფრთხილდებით ხელშესახბ საქართველოს. აქ ვგვარდებით, ზასაობის პარტებს ვაწყობთ და ვამაყობთ რომ პარიზს, ლონდონს და ამსტერდამს არ ჩამოვრჩით. დრო მოვა და ალბათ ასეტი მუჰაჯირების მიერ შენახული ქართული ნაღვერდალი თუ გადაარჩენს ქართველობას და ისევ კოცონად აინთება. ამ ხალხს მეტი ყურადღების დათმობა უნდა, მოვძებნოთ და დავიმეგობროტ სოც საიტებზე, მითუმეტეს რომ 21-ე საუკუნეში ამის საშუალებები ბლომად არის
შავლეგო
06 ივლისი 2011 19:57
არდავიწყება დიდებულ ქართველებს! გმადლობთ ამ სტატიისთვის!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?