"მე უკვდავებისთვის კი არა, ჩემი ხალხისთვის ვიცხოვრე" - კვირის პალიტრა

"მე უკვდავებისთვის კი არა, ჩემი ხალხისთვის ვიცხოვრე"

პირველი შვილი ოცდათოთხმეტი წლისას შეეძინა. ბავშვობიდანვე ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი შინ მოსმენილი ქართული - დედის ალერსი და მამის დარიგება. მამამისი საოცრად მღეროდა - თუკი რამ ქართულ სიმღერას შეუნახავს და თაობებისათვის გადაუცია, მის ძარღვებშიც ჩქეფდა. და როცა პირმშო ვაჟი მოევლინა ქვეყანას, გადაწყვიტა, ყველაფერი ეთქვა, რაც გულში ჰქონდა და ყელთან ბურთივით ებჯინებოდა: სიყვარულიც გამოეხატა და სიამაყეც, მონატრებაც და სინანულიც, საბრძოლო მზადყოფნაც და თავგანწირვაც... და შვილს იბერია დაარქვა! იცოდა, იბერია ქვეყანა იყო - ის ქვეყანა, სადაც გულიც დარჩენოდათ მისიანებს და სიყვარულიც... და ის, რომ XX საუკუნის ერთ-ერთი დიდი ქართველი, თურქეთში მოღვაწე აჰმედ მელაშვილი (1922-1980 წწ.), ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალი შვილს იბერიას არქმევდა, უკვე იყო თავგანწირვა. მერე გოგონა გაჩნდა. თამარი დაარქვეს. ამითაც ის თქვა, რაც კარგა ხანია აწვალებდა. თამარს უნდა ეთამარა!

XIX საუკუნის 80-იან წლებში ქართველთა ნაწილი იძულებული გახდა, საცხოვრებლად ოსმალეთის იმპერიაში გადასულიყო, მათ შორის აჰმედ მელაშვილის წინაპრებიც იყვნენ. დაატოვებინეს მშობლიური ადგილები აჭარაში, მაჭახელაში, ისტორიულ ნიგალში, ლაზეთში, შავშეთსა და ტაოში... სამშობლო იქნებ არასოდეს დაეტოვებინათ, მაგრამ დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალიო, - ხომ გსმენიათ... მათი ქართულ მიწაზე ყოფნა არც რუსეთს აძლევდა ხელს, არც - ოსმალეთს. ასე ერჩიათ: ერთი თავისუფალ მიწას მიიღებდა, მეორე - იაფ მეომარსა და მიწათმოქმედებით განთქმულ "გურჯებს" შუა თურქეთში.

დრო ყველაფრის მკურნალიაო... იქნებ განკურნება უადგილო სიტყვაც იყოს, რადგან დრომ უფრო მტვრის წაყრა იცის და იმით ფარავს სატკივარს. როგორც კი გაჩნდა საშიშროება, გურჯებს დავიწყებოდათ თავისი მიწა და სამშობლო, აჰმედმა ყველაფერი იღონა, რომ მტვრის ღრუბლები გაეფანტა.

სტამბოლში ყოფნისას  ქართველთა სავანეს დაუახლოვდა. აქ მოღვაწე ქართველი მღვდლის დახმარებით კარგად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, საქართველოს ისტორია და კულტურა. დაწერა და გამოსცა "საქართველოს ისტორია", ჟურნალი "ჩვენებურები", გააგებინა მუჰაჯირებს, რომ ისინი ქართველები იყვნენ ტომით. 1962 წელს მუჰაჯირთა ქართველთა სოფელ ჰაირიეში, აჰმედმა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი დააარსა. იცოდა, იმას, რასაც სიტყვით ვერ მიიტანდა მოყვასამდე, სიმღერით ეტყოდა, რასაც ინფორმაციის მიწოდებით ვერ აგრძნობინებდა, ცეკვით გადასცემდა... თანაც უფრო თავისუფლად და ალალად... იმდენი გააკეთა, რომ თურქეთის ქართველებმა ილია დაარქვეს... და ისიც ისევე მოკლეს, როგორც ილია...  აჰმედ მელაშვილ-ოსქანს 1980 წლის 5 ივლისს ბურსაში ესროლეს. თავდასხმისას მძიმედ დაჭრეს მისი ვაჟიც - იბერია.

რახანია, აჰმედ მელაშვილი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ვიდრე ქართულად მღერიან მუჰაჯირთა შთამომავლები, ვიდრე კითხულობენ და ლაპარაკობენ დედაენაზე, ისიც ცოცხლობს...

KvirisPalitra.Geანსამბლი "კაფდაღი" - "კავკასიის მთა" სტამბოლში მოქმედი ერთადერთი ქართული ჯგუფია, ის 2004 წელს განახლდა. ანსამბლს იბერია მელაშვილი და მისი მეუღლე - ეკა ირემაძე ხელმძღვანელობენ. 25 ივნისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ფოლკლორული ანსამბლის, "კაფდაღის" კონცერტი ჩატარდა. კონცერტი სტამბოლში მოქმედი "ქართული ხელოვნების სახლის" თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და კომპანია "ნიკორას" ფინანსური დახმარებით გაიმართა.

მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლები   მღეროდნენ "დიდა ვოი ნანას" და "მოხევის ქალო თინაო". მათი მოძახილი ასჯერ მოძახილი იყო, რადგან საქართველოს წარსულიდან მოჰქონდათ ქართული სული, იმ წარსულიდან, რომლის ხსოვნა ხშირად მტვრითაც კი გადაფარულა ემიგრანტების მძიმე, ტკივილით სავსე ცხოვრებაში... თუმცა სიტყვა "ემიგრანტი" აქ უადგილოა. მუჰაჯირები - საქართველოს პატარა ნაწილები, იდგნენ სცენაზე და დიდ საქართველოს გულს უმაგრებდნენ.

სწორედ მათგან წამოსულმა ქართულმა ხმებმა ათქმევინა არქიმანდრიტ ადამ ახალაძეს: "3-4 საუკუნე საკმარისია იმისათვის, რომ სამშობლოს მოწყვეტილი ეთნოსი სადმე ადვილად მიეცეს დავიწყებას, ან თვითონ დაივიწყოს თავისი ფესვები. ჩვენ დღეს მოწმე ვართ იმისი, რომ ქართულმა სულმა, ქართულმა სისხლმა, ქართულმა გულმა გამოიარა სამი საუკუნე ისე, რომ მოკრიბა ყველაფერი საუკეთესო, რაც ამ ხნის განმავლობაში შეხვდა, რაც ახსოვდა მის აზროვნებას, სულს და გულს.

დრო იყო, როდესაც  ჩვენ არა უბრალოდ ორად ვიყავით გაყოფილნი, არამედ ამ გაყოფის შესახებ არაფერი ვიცოდით. ის, რომ საზღვარს იქით იყო ამხელა საქართველო, ისევე ძგერდა ქართული გული, ჩქეფდა ქართული სისხლი, როგორც აქ, ჩვენთან, ამაზე არ ვფიქრობდით. დღეს ახალ მომავალს ეყრება საფუძველი იმ ჰანგებითა და მუსიკით, რომელიც იღვრებოდა ამ სცენიდან".

აჰმედ მელაშვილის სიტყვები გამახსენდა: მე უკვდავებისთვის კი არა, ჩემი ხალხისთვის ვიცხოვრეო... ამ ბიჭებმაც თავისუფლად შეიძლება თქვან, რომ თავადაც თავისი ხალხისთვის ცხოვრობენ.

უსასრულოდ შეიძლება ისაუბრო ამ ქართველებზე, მათ ვაჟკაცობასა და თავგანწირვაზე... იმაზე, როგორი სიამაყით ატარებენ თავის ქართველობას...

(სპეციალურად საიტისთვის)