"ლამაზად შვილის გამზრდელი...“ - კვირის პალიტრა

"ლამაზად შვილის გამზრდელი...“

ვაჟა–ფშაველას დედა გულქანი არაჩვეულებრივად გულისხმიერი ადამიანი ყოფილა. ერთხელ ჩარგალში ბოშებმა ჩამოიარეს სამათხოვროდ. ვაჟას დედას მანამდე ასე ჩამოძენძილი, შიშველ-ტიტველი ხალხი არ ენახა.  უყურებდა თურმე  ბოშების ფეხშიშველა ბავშვებს და იძახდა: ღმერთო, ეს რა საცოდაობა ვიხილეო. გაუტანა თავისი ახალი კაბები "ბეჩავებს" და ჩამოურიგა. სანამ ის ამ საცოდავებს თავზე დასტრიალებდა, მანამ ერთი ბოშა სახლში შეიპარა, სკივრში გადანახულ ფულს მიაგნო და მოიპარა...

ჩარგალში რაზიკაშვილების სახლის წინ ჩავლილ მგზავრს ისე არ გაუშვებდა, რომ არ დაეპურებინა. დაჯე, შვილო, დაისვენე, დაღლილი იქნები, პური გეშიებაო - ეს იყო გულქანის პირველი სიტყვები უცხოსთან თუ შინაურთან  შეხვედრის დროს. ასეთი საქციელის გამო ქმარი საყვედურობდა: ნუ წააღებინე სახლი ქარსა და წყალსაო.

რა გასაკვირია, რომ ასეთი დედის გაზრდილმა კაცმა დაწერა "შვლის ნუკრის ნაამბობი" და ბევრი სხვა სიკეთით სავსე,  გულისშემძვრელი ნაწარმოები. მისი ქალიშვილი, რომელსაც ვაჟამ დედის სიყვარულით გულქანი დაარქვა,  ასეთ ამბავს იგონებს მამამისის ცხოვრებიდან:  ვაჟას მეზობლად ერთი უკიდურესად ღატაკი კაცი, სანიკუაანთ ივანე გარდაცვლილა. მოსულა მათთან გარდაცვლილის ცოლი მზევინარი და ვაჟას გამონაცვალი ძველმანები უთხოვია.-მოგვიკვდა ივანე, რა ვქნათ, შიშველს მიწაში ხომ ვერ ჩავაგდებთო. რა უნდა მოგცე, არც ამასა აქვს გამოსაცვლელი, ათასგან დადის, ტიტველი ხომ ვერ ივლისო-უპასუხია ვაჟას ცოლს, თამარს. საუბარს თავად ვაჟაც შესწრებია.  მეორე ხელი ტანისამოსი მართლაც არა ჰქონდა, მაინც ცოლს გასძახა:-ჩემი ტანისამოსი რომ ჰკიდავ კედელზე, ჩოხა–ახალუხი, პერანგი, შეუხვიე და გაატანე. მე ცოცხალი ვარ და ვიშოვი, იმ კაცს შიშველს ხომ არ ჩავაწვენთ მიწაშიო...

მოამზადა ლადო გოგუაძემ