არჩილ მდივანი იყო ერთადერთი ჩემპიონი საბჭოთა კავშირში, რომელიც დახვრიტეს - კვირის პალიტრა

არჩილ მდივანი იყო ერთადერთი ჩემპიონი საბჭოთა კავშირში, რომელიც დახვრიტეს

ბერიას ტურნირის წინ შეუთვლია არჩილისთვის, თუ მოიგებ, შენებს გავათავისუფლებო, თუმცა...

ჩოგბურთის სიმბოლო

არჩილ მდივანი 1931-1936 წლებში სსრკ-ის პირველი ათეულის მოთამაშე იყო ჩოგბურთში; 1934-1936 წლებში - სსრკ-ის ჩემპიონი წყვილთა თანრიგში; 1935 წელს - ლენინგრადის ჩემპიონი ერთეულთა თანრიგში, 1932, 1935, 1936 წლებში კი - წყვილებში; 1936 წელს სსრკ-ის ჩემპიონი გახდა "დინამოს" ნაკრები გუნდის შემადგენლობაში.

წელს მისი დაბადებიდან 100 წელი სრულდება.

KvirisPalitra.Geარჩილ მდივანზე ბევრს არაფერს ამბობდნენ, ოჯახი უთქმელ სიტყვას უთქმელადვე ყლაპავდა... თუნდაც იმიტომ, რომ მისი 9 წევრი დააპატიმრა საბჭოთა მთავრობამ და მხოლოდ ორი არ დახვრიტა... ლაპარაკია ისტორიისათვის კარგად ცნობილი ბუდუ მდივნის ოჯახსა და მის ვაჟზე - არჩილზე. ის იყო ერთადერთი ჩემპიონი საბჭოთა კავშირში, რომელიც დახვრიტეს. მაშინ 26 წლისა გახლდათ.

ქალბატონი სუზი ჩუბინიძე არჩილის ძმისწულია. ბევრი არაფერი ვიციო, - გამაფრთხილა, - ხომ მოგეხსენებათ, რა დრო იყო, უფროსმა თაობამ რაც იცოდა, ხშირად სამარეში მიჰქონდა. ასე ერჩივნათ, რადგან  ერთ დღეს მათი შთამომავლები ჯაშუშობის ან ქვეყნის ღალატის ბრალდებით არ დაეპატიმრებინათ.

- არჩილი მხიარული და მომხიბვლელი ყმაწვილი ყოფილა, განათლებულიც - ფრანგული ენა ქართულივით კარგად სცოდნია. ბუდუ ხშირად დადიოდა საფრანგეთში, სსრკ-ის მუდმივი წარმომადგენელი იყო იქ და ცოლ-შვილიც დაჰყავდა. ბუდუს სტალინთან თავისუფალი შესვლის უფლება ჰქონდა. ერთხელ ოჯახით სტალინთან ყოფილა სტუმრად. სტალინი გასულა ცოტა ხნით... არჩილს მისი ფარაჯა ჩაუცვამს და ქუდი დაუხურავს. დედა გასწყრომია, - ახლავე გაიხადე, კობამ არ მოგისწროსო!

ძალიან მოსწონდათ ქალებს... განსაკუთრებით ლენინგრადში ეტრფოდა ბევრი... იქ შეჯიბრებები ჰქონდა და ხშირად უხდებოდა ყოფნა. ბუდუს დაპატიმრების მერე ოჯახში ამბობდნენ, ბერიას ტურნირის წინ შეუთვლია არჩილისთვის, თუ მოიგებ, შენებს გავათავისუფლებო... მოიგო, მაგრამ არავინ გაუთავისუფლებიათო... ბანკეტზე კი ვიღაცას უხსენებია ხალხის მტრის ოჯახი... ნასვამ არჩილს უთქვამს, - ბუდუ მდივნის ოჯახში არც ყოფილან და არც არიან ხალხის მტრებიო... ესეც არ აპატიესო.

9 წევრი დასაჯეს. მხოლოდ ორი მათგანი დაბრუნდა გადასახლებიდან, ბიცოლაჩემი და ბებიას ბიძაშვილი. ბებია - მარიამ წულუკიძე დაპატიმრების მერე გარდაიცვალა. ერთ გაზეთში წავიკითხე, - ბუდუ საკნის კარზე აბრახუნებდა და ყვიროდა, - მომეჩვენა, რომ ჩემი ცოლის დაკრძალვის პროცესიამ გაიარა და სიმართლე მითხარითო... ბუდუს მხოლოდ ერთი ვაჟი - შალვა არ დაუპატიმრებიათ. ვერ მოასწრეს - 1933 წელს თვითმფრინავის გამოცდისას დაიღუპა... ოჯახში ამბობდნენ, რა ბედნიერი იყო შალვა, რომ ამ უბედურებებს არ მოესწროო. ბუდუ 1936 წელს დააპატიმრეს. მასაც და მის ოთხ ვაჟსაც დახვრეტა მიუსაჯეს. ქალიშვილი - მერი კი გადასახლებაში დახვრიტეს. თურმე სარეცხს ჰფენდა ღობის ახლოს და ზედამხედველმა დამიზნებით ესროლა.

ბევრი ხალხი იკრიბებოდა ბუდუს ოჯახში, ამ უბედურებების მერე აღარავინ ეკარებოდა...

ბუდუს ძმა, სიმონი, ფედერალისტი იყო, ჟორდანიას მთავრობასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. გავიგეთ, რომ სიმონი გაზეთს კითხულობდა ქუჩაში, სადაც ეწერა, - ბუდუ და მისი შვილები დახვრიტესო, იქვე დავარდა და გარდაიცვალა...

არჩილ მდივნის ცხოვრებისა და სპორტული მიღწევების შესახებ შეიძლება ძალიან ბევრი ფაქტი დაკარგულიყო, რომ არა ცნობილი სპორტსმენი, ჩოგბურთელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ვლადიმერ გოგლიძე. მან უშიშროების არქივში შეისწავლა არჩილ მდივნის საქმე, ჩაიწერა მოგონებები მისი მეგობრებისაგან...

ვლადიმერ გოგლიძე იგონებდა: - არჩილ მდივანი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც მოიპოვა სპორტის ოსტატის წოდება ჩოგბურთში. იყო სსრკ-ის მრავალგზის ჩემპიონი.

1918-1927 წლებში საქართველოს უცვლელი ჩემპიონი იყო იან ჰომერი. მაესტრო იანმა“(როგორც მას უწოდებდნენ) და ჩოგბურთელმა ედუარდ ნეგრებეცკიმ ბევრი რამ გაიხსენეს არჩილ მდივანზე.

იან ჰომერი იგონებდა: - ნეგრებეცკიმ ჩოგბურთის თამაში 1920 წელს დაიწყო, არჩილი უფრო ადრე მოვიდა - 1918-ში, მაგრამ ჯერ ზერელედ ეკიდებოდა წვრთნას, მხოლოდ 1923-დან შევუდექით ნამდვილ ვარჯიშს. კარგად აღზრდილი ყმაწვილი იყო. უკვე იცოდა გერმანული და ფრანგული ენები. ვერც იფიქრებდი, რომ ჩოგბურთი მის ხანმოკლე ცხოვრებაში ყველაზე დიდ გატაცებად იქცეოდა. ძალიან ნიჭიერი იყო. სწრაფი, ათლეტური, დღითი დღე ხვეწდა ტექნიკას, სათამაშო ტაქტიკას. 20-იანი წლების ბოლოს ჩვენში მხოლოდ ნეგრებეცკი უგებდა. 1931 წელს არჩილი და ედუარდი ლენინგრადში გადავიდნენ. ეს ქალაქი მაშინ საბჭოთა კავშირში ჩოგბურთის ცენტრი იყო. ამ წლებიდან დაიწყო არჩილ მდივნის ნიჭის აღზევების ხანა. წყვილი მდივანი-ნეგრებეცკი ამ ქვეყნის ჩოგბურთის სიმბოლოდ იქცა.

ედუარდ ნეგრებეცკის მოგონებიდან: - "თამაშის დროს ჩვენ ერთი მთლიანობა გახლდით. ჩვენს პარტნიორობასაც და მეგობრობასაც ბევრი შურით უყურებდა. თბილისიდან წასული მეგობრები ჩრდილოეთის ქალაქში განუყრელ თანამებრძოლებად ვიქეცით. ახლაც, თბილისში, პლეხანოვის კორტებზე როცა ვარ ხოლმე, ასე მგონია, გამოვა არჩილი, მთხოვს გიტარის გამოტანას და ჩემი რეპერტუარიდან რაიმე სიმღერის შესრულებას.

არჩილი წყვილთა თამაშში შეუდარებელი იყო - თვითონ ქმნიდა სწრაფი, შთაგონებული ორთაბრძოლის პერიპეტიებს. ჩვენი მატჩები, გარდა სპორტული შედეგისა, სანახაობრივადაც მშვენიერი იყო. მაყურებელს სწორედ ეს აღაფრთოვანებდა. მეც ყველანაირად ვცდილობდი, ერთგული ასისტენტობა გამეწია არჩილისათვის. არჩილის დაკარგვის შემდეგ სხვა პარტნიორები მყავდა, მაგრამ ის ძველი წყვილი და ის თამაში უკვე აღარ არსებობდა...

1931 წელს არჩილი და მე უკვე უძლიერეს ათეულში მოვხდით. 1932-ში მე ერთეულთა თანრიგში ჩემპიონი გავხდი და იმავე ჩემპიონატზე ჩვენ პირველად და უკანასკნელად წავაგეთ ფინალი კუდრიავცევ-მულტინოსთან დაძაბულ 5-სეტიან მატჩში. მართალია, ახალგაზრდობა და თბილისურ-პლეხანოვური დარდიმანდული განწყობილება ზოგჯერ გვაფერხებდა, რომ სპორტისთვის შეგვეწირა თავი, მაგრამ არაფერს ვნანობ. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო... მაშინ გვეგონა, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება აღმავლობით წავიდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება".

იმდროინდელი სპორტული გაზეთი "კრასნი სპორტი" წერდა, - არჩილ მდივანი უნდა ვაღიაროთ 1937 წლის ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტადო. მაგრამ ამ პროგნოზს ასრულება არ ეწერა. 1936 წლის 20 აპრილს სასტუმრო "ცსკა"-ში არჩილ მდივანი დააპატიმრეს. 15 მაისს კი, იმავე სპორტულმა გაზეთმა მკითხველს აუწყა: საქართველოს ფიზკულტურის მუშაკთა აქტივის კრებაზე სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ სიმონ მილშტეინმა აქტივს აცნობა, რომ "გაუვნებლებულია" ხალხის მტრები - არჩილ მდივანი და ვოლოდია მდივანი" (ცნობილი ჟურნალისტი).

არჩილ მდივანი დახვრიტეს 1937  წლის 13 სექტემბერს...1957 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია... თუმცა ეს ფარატინა ქაღალდი ვერანაირ კომპენსაციას ვერ გაუწევდა არჩილ მდივნის ცხოვრებისეულ ტრაგიზმს.

ბრიყვმა ხაზანმა თანაშემწეს გიორგი სააკაძის დაპატიმრება დაავალა...

საბჭოთა რეპრესიები გამაოგნებელი სისასტიკის პოლიტიკა გახლდათ. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ოდესელი ებრაელი გამომძიებელი ხაზანი. სწორედ მას დაუკითხავს ბუდუ მდივანი. ხაზანი კომუნისტური წყობის ფანატიკურად ერთგული იყო და ყველას ეჭვით უყურებდა. ხაზანი აკონტროლებდა ციხეში დამსმენთა სისტემასაც. საშინელი მუქარისა და წამების შემდეგ შედარებით სუსტი ნებისყოფის ადამიანებს აიძულებდა, საკნიდან ამბავი გამოეტანათ მისთვის...

ერთხელ აგენტმა ხაზანს საკნიდან საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილე ბუდუ მდივანზე ასეთი ინფორმაცია მიაწოდა: გუშინ ბუდუ მდივანმა საკანში თქვა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელი რომ იყოს, საქართველოსთვის უფრო მეტს გააკეთებდა, ვიდრე გიორგი სააკაძემ გააკეთა.”შინსახკომის მიერ შედგენილი სქემით, ბუდუ მდივანი საქართველოში ტროცკისტულ-ტერორისტულ-დივერსიულ ცენტრს ხელმძღვანელობდა. ამიტომ მასზე ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო. ხაზანმა, რომელსაც საქართველოს ისტორიაზე წარმოდგენა არ ჰქონდა, თანაშემწეს გიორგი სააკაძის ადგილსამყოფლის დადგენა, დაპატიმრება და დაკითხვა დაავალა...