"თურმე, სიკვდილი არ ყოფილა ყველაზე უარესი განაჩენი!" - კვირის პალიტრა

"თურმე, სიკვდილი არ ყოფილა ყველაზე უარესი განაჩენი!"

(დასასრული. დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა" # 39)

აფხაზეთისა და თბილისის მიწაში ცალ-ცალკე დამარხული სხეულის ნაწილები შეერთებას ითხოვს!

ტყვეობიდან თავდახსნილები ისევ გზაზე მივდიოდით. არ ვიცი, ძალა გვემატებოდა თუ რა იყო... ნახევრად დამწვარი, შიშველი ფეხებით წინ მივიწევდით და ჩავაღწიეთ ოჩამჩირემდე. იქ ადგილობრივმა მოსახლეობამ დაგვიჭირა, ქალებმაც კი გვცემეს. სამხედრო  შტაბთან მივედი, დამწვარი ტანკი დავინახე. ვთქვი, - შეიძლება ჩემი გოგო რომ იჯდა, ეს ის ტანკია-მეთქი! დავუწყე თავის ხეთქება. მიცნეს აფხაზებმა და დამცინეს, - ახლა მოვა სოხუმი-თბილისის "იკარუსი" და ინგირამდე მიგიყვანსო... ერთ-ერთმა მათგანმა  დამიცვა, - ცოცხალ-მკვდარია ქალი და რა ეხუმრებაო. მოკლედ, იჩხუბეს. გზა გადავჭერით და თაგილონამდე მივაღწიეთ. გალში წყალსა და ტალახში ძლივს მიმათრევდა ჩემი მეუღლე. რამ გადამარჩინა, არ ვიცი! თაგილონში აფხაზებმა ისევ დაგვიჭირეს. ერთ-ერთმა მიცნო, რადგანაც ის აღმოჩნდა, ვისაც თავიდან ფული, ოქრო და ბრილიანტი მივეცი. - სად არის შენი შვილიო? - მკითხა. დახვრიტეს-მეთქი, ვუპასუხე გამწარებულმა. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, ცხვირ-პირში ისევ ჩაარტყა იმ აფხაზმა  ჩემს მეუღლეს და მიაძახა, - მეტიც გეკუთვნითო. მოულოდნელად მეორე აფხაზმა შეაჩერა, - ამათ თავი დაანებე, აქ შენი "უჩასტკა" არ არისო. რომელიღაც ფარდულში ჩაგვკეტეს.

KvirisPalitra.Geღამით ერთი აფხაზი შემოვიდა, იკითხა, - საჭმელს ვინ გაგვიკეთებსო? - მე გაგიკეთებთო! - უთხრა დედაჩემმა და მათ გაჰყვა. ვიფიქრე, ცოცხალი აღარ დაბრუნდება-მეთქი, მაგრამ დაბრუნდა, თანაც საჭმელი ჩვენც შემოგვთავაზეს. აფხაზმა ჩემს ქმარს არაყი მიაწოდა და უთხრა, 30 სექტემბერს (ე.ი. ჩემი შვილის მკვლელობის დღეს) არძინბას დაბადების დღე იყო და მისი სადღეგრძელო დალიეო. ვალერიმ არ დალია. - ჭრილობებზე დაისხი მაინც! - ურჩია აფხაზმა და გავიდა... ცოტა ხანში  მეორე აფხაზიც შემოვიდა, თურმე ვიღაცებს ვალერი უცნიათ და სიგარეტი შემოუგზავნეს. აკანკალებული ხელით უკუღმა ჩაიდო პირში ანთებული სიგარეტი... 15-20 წუთის შემდეგ კარი კვლავ გაიღო და გვიბრძანეს, გამოდითო. - მოსაკლავად მიგყავართ? - იკითხა ვალერიმ. პასუხი არავის გაუცია. გარეთ რომ გავედით, აფხაზები დაქირავებულებთან და რუსებთან ფეხბურთს თამაშობდნენ, წამით შეჩერდნენ, გამოგვხედეს და არხეინად იკითხეს: "ეი, ნა რასტრელ შტო ლი?" ვინც გაგვიყვანა, მას არაფერი უპასუხია, ჩვენ კი ჩუმად გვითხრა, - აფხაზი ვარ, მაგრამ დედა ქართველი მყავს. იარაღი კი მიჭირავს, მაგრამ არავინ მომიკლავს. ახლა ინგირის ხიდზე გადაგიყვანთ, მდინარის გადალახვა მოგიწევთ, აქედან ტყვიებს გავისვრი იმის ნიშნად, რომ მეორე მხრიდან არ გესროლონ.

ასეც მოხდა. შევედით მდინარეში, რომელიც სამ შტოდ იყოფოდა. სროლა დაიწყეს, თუმცა  ჩვენმა გამცილებელმაც გაისროლა ნიშნად იმისა, რომ მეორე მხრიდან სროლა შეწყვეტილიყო. საკმაოდ ღრმა წყალი იყო, მუჭით მარლის ნაჭერში გახვეული შვილის ცხვირის ხრტილები მომქონდა და წყალს რომ არ წაერთმია, ხელი მაღლა მქონდა აწეული. თითქოს რაღაც ძალამ ამომაგდო წყლის ზედაპირზე და ბოლოს, მდინარის მეორე მხარეს ქვიშიან ნაპირზე აღმოვჩნდი. ასე გადავედით ზუგდიდის ტერიტორიაზე. მარლაში გამოკრული "უკანასკნელი სახსოვარი" 9 წელი მქონდა სახლში შენახული. რამდენჯერმე ვიფიქრე, - გავხსნი, დავხედავ, დავიტირებ-მეთქი... ერთხელაც, ოდნავ რომ შევხსენი, პაწია ბალახი დავინახე. ეტყობა, როცა მიწიდან ავკრიფე, ბალახიც მაშინ აჰყვა... ამის შემხედვარე ცუდად გავხდი. არ გავაფრინო-მეთქი, - გავიფიქრე და ცხვირსახოცი ისევ შევკარი. აფხაზეთის ომიდან 9 წლის შემდეგ ჩემი მეუღლეც გარდაიცვალა. თამაზ ნადარეიშვილი მოვიდა და მთხოვა, ეს ნაწილები საფლავში მეუღლისთვის ჩამეყოლებინა. მან დამიყოლია და დაკრძალვამდე მეუღლის პიჯაკის ჯიბეში ჩავდე ამდენი ხნის სათუთად შენახული ცხვირსახოცი...

- ახლა რა მდგომარეობაშია თქვენი შვილის საფლავი?

- როგორც უკვე გითხარით, ის კინდღში იყო დასაფლავებული. ისიც ხომ ვთქვი, ჩემს წამებას რუსი ჟურნალისტი იღებდა-მეთქი... რაღაც კადრები უჩვენებიათ რუსული არხებით შემდეგი კომენტარით: "ვოტ შტო ნატვორილი გრუზინი..." ე.ი. სიუჟეტი ისე "გააკეთეს", ვითომ მე აფხაზი დედა ვიყავი და ქართველებმა  შვილი მომიკლეს. მოკლედ, ამ კადრების ნახვის შემდეგ ჩვენი სოხუმელი მეზობლები, აფხაზი მეგობრები ჩვენ შუამავლების მეშვეობით დაგვიკავშირდნენ.

გვირეკავდნენ და თავადაც ტიროდნენ, - ამ ბიჭს ხელი როგორ ახლესო?! ნუკრი სოხუმის რუსულენოვან, 134-ე საშუალო სკოლაში სწავლობდა. ჩემი თხოვნით მისმა აფხაზმა მეგობრებმა კინდღიდან გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეს სასაფლაოზე გადაასვენეს. 2005 წელს, ახლობელ აფხაზს თბილისიდან სოხუმში საფლავის ქვაც გავატანე. მანვე წაიღო ჩემი გამომცხვარი ხაჭაპურები, ნაკურთხი ღვინო, სიგარეტი "ქემელი" და "სნიკერსი", ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც ჩემს შვილს უყვარდა. აფხაზებმა ნუკრის საფლავზე გადაღებული კადრები მოგვაწოდეს, სადაც ისიც ჩანს, სიგარეტს როგორ უნთებენ, მისი ხსოვნის სადღეგრძელოს როგორ სვამენ, როგორ უვლიან საფლავს... ამ კადრებმა გული ამომიქაჩა... ეს არის ის, რაც დღეს მაცოცხლებს.

- ქართულ მხარეს თუ აქვს თქვენი წამების კადრები, სადაც თქვენი შვილის მკვლელობაცაა ასახული?

- თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ანზორ ბალუაშვილმა ეს კადრები ხელთ ანატოლი სობჩაკის მეშვეობით  ჩაიგდო, თუმცა მასალა გაასაიდუმლოეს. ბალუაშვილს ჩემზე უთქვამს, ეს რომ იმ ქალს აჩვენოთ, ჩათვალეთ, ხელში ჩაგაკვდებათო. სხვათა შორის, ჩვენივე თხოვნით, აფხაზებმა კიდევ ერთი ვიდეოკასეტა გამოგვიგზავნეს, სადაც ჩანს, ჩემი შვილი როგორი გახარებული გარბის მეზობლის ქორწილში... ჩემს ქმარს სწორედ ამ კადრების ნახვის შემდეგ გაუსკდა გული...

- რამდენადაც ვიცი, თქვენს ტრაგედიაზე ანდრეი ნეკრასოვი ფილმს ამზადებდა... იყო თუ არა ამ ფილმის პრეზენტაცია?

- ჯერ არ ყოფილა. ნეკრასოვი შარშან, 5 აგვისტოს მესტუმრა და ჩამწერა. 3 საათის განმავლობაში ვლაპარაკობდი. ჟურნალისტმა გამაფრთხილა, - მე მიყურე და ისე ილაპარაკეო. თვითონ მხოლოდ მისმენდა. ჩაწერა როცა დასრულდა, მითხრა, - სად არ ვყოფილვარ და მსგავსი ტრაგედია არსად მომისმენიაო. ოპერატორმა კი შესჩივლა, ამ გადაღებიდან ერთი კვირა ვერ ვიმუშავებ, კაცად აღარ ვვარგივარო... შესანიშნავი პიროვნება ანდრეი ნეკრასოვი დამპირდა, სულ მემახსოვრებით და არასდროს დაგკარგავთო... შარშან, 30 სექტემბერს, ჩემი შვილის სულის ხსენების დღეს, დამირეკა კიდეც და მომიკითხა... 2008 წლის აგვისტოში კი მისი ჩამოსვლიდან ორიოდე დღეში, ახალი ომი დაიწყო და ნეკრასოვი ახალი მასალების შეგროვებას შეუდგა...

რამდენადაც ვიცი, მან სააკაშვილს ვიდეოკასეტა გადასცა და ძალიან მაინტერესებს, იქ ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებული კადრები თუ არის. ნეკრასოვის განსაკუთრებული ინტერესი კი იმან გამოიწვია, რომ აფხაზები ჩემი შვილის საფლავს ასე უვლიან... რამდენადაც ვიცი, ფილმი რამდენიმე ენაზე უნდა იყოს ნათარგმნი.

- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აფხაზებისა და ოსებისთვის კარი ღია დატოვეთო... თქვენ კი ამხელა ტრაგედია გადაიტანეთ და როგორც ვხედავ, კარი მაინც ღია გაქვთ დატოვებული...

- როგორ შეიძლება, ჩემი შვილის მეგობრები არ მიყვარდეს... თანაც, ჩვენ იქ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთთან ნათესაობა გვაკავშირებდა, ერთმანეთის ნათელ-მირონები, რძლები ვიყავით... დედამთილი აფხაზი მყავდა! ერთმანეთს ჭირ-ვარამში გვერდით ვედექით. ახლაც, როცა ჩემი აფხაზი მეგობრებისა და ახლობლების ოჯახებში ვრეკავ, მეუბნებიან: "ტიოტია ნაირა, ეტა ტი? პოჟალუსტა ნე ლაჟი ტრუპკუ!" ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთისთვის კარი ღია გვაქვს დატოვებული...

იქნებ ჩვენმა ხელისუფლებამ ჩემისთანა გამწარებული დედები აფხაზებთან სალაპარაკოდ გამოიყენოს... განა ჩვენ, შვილმკვდარი დედები ერთმანეთს უკეთ არ გავუგებთ?! ეს იყო ომი... ომები კი სხვისი ქონების, მიწის, სიმდიდრის, გავლენისა და ძალაუფლების მომხვეჭელებს სჭირდებათ... ასეთ ომებს უბრალო ხალხი ეწირება. ქვეყნად სამართლიანობა ყოველთვის რომ იმარჯვებდეს, ომები საერთოდ აღარ იქნებოდა. პუტინი როცა ჩავიდა სოხუმში და აფხაზთა ხსოვნის მემორიალს პატივი მიაგო, იქ დაღუპული შვილების დედები ამაყად იდგნენ. მათ მინდა მივმართო, თუ თქვენი შვილები არიან გმირები, ჩემმა რა დააშავა?! ის რისთვის მომიკლეს?!  ნუკრი გერგედავას სხეულის ნაწილი აფხაზეთში დარჩა, ნაწილი მამასთან ერთად არის დაკრძალული და თითქოს შეერთებას ითხოვს. იქნებ ჩემი ტკივილი აფხაზეთის შვილმკვდარმა დედებმაც გაიზიარონ ისევე, როგორც მე - მათი... აი, ეს არის კარი, რომელიც ღია დავტოვეთ...

p.s. "ვეფხისა და მოყმის" ქვეყანაში დედები სხვების მკვდარ შვილებსაც დასტირიან... 2005 წლის 6 აპრილს, აღდგომის წინადღეს, ნუკრი გერგედავას ცხედარი აფხაზებმა სოფელ ვარჩეში გადაასვენეს... სადაც ალბათ კიდევ უამრავი ქართველისა და აფხაზის სისხლია დანთხეული... ამ შემთხვევაში ეროვნებას მართლაც არა აქვს მნიშვნელობა... მით უმეტეს, თუ სამართლიანობისა და ძმობის კარი ღია გვაქვს!..