"ნაცისტი N2" - რუდოლფ ჰესი
1987 წლის 17 აგვისტოს დასავლეთ ბერლინის ინგლისურ სექტორში მდებარე შპანდაუს ციხეში ელექტროსადენით თავი ჩამოიხრჩო ამ უნიკალური ციხის ერთადერთმა პატიმარმა რუდოლფ ჰესმა. ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ხაზით ადოლფ ჰიტლერის ყოფილი მოადგილე ამ დროს 93 წლის იყო, აქედან ციხეში 46 წელი ჰქონდა  გატარებული. პარტიული იერარქიით მეორე ნაცისტის სიკვდილს და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მოგვიანებით დავუბრუნდებით.

მანამდე კი იყო მიუნხენი, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტმა გაიცნო მომავალი ფიურერი და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის რიგებში გაწევრდა. ამ დროიდან ჰესი ჰიტლერის უერთგულესი
თანამებრძოლი ხდება. 1923 წელს ჰიტლერი და ჰესი შეიარაღებულ "დამრტყმელ ბრიგადებთან" ერთად შეცვივდნენ მიუნხენის ერთ-ერთ ლუდხანაში, სადაც ბავარიის კომისარი გამოდიოდა სიტყვით. ჰიტლერმა ორატორი ტრიბუნიდან ჩამოათრია და შესძახა: "ნაციონალ-სოციალისტური რევოლუცია დაიწყო, ბავარიის მთავრობა დამხობილია!" თუმცა, ეს უფრო სურვილი იყო, ვიდრე რეალობა - "ლუდის პუტჩი" ჩაფლავდა, ხოლო მისი
გმირები საპატიმროში აღმოჩნდნენ. სწორედ ლინდსბერგის ციხეში დაიწერა  ცნობილი "მაინ კამპფი". ჰიტლერს გაუმართლა - მასთან ერთად იჯდა საკანში საუნივერსიტეტო განათლებამიღებული კაცი. ის კარნახობდა, ჰესი იწერდა და ტექსტის რედაქტირებას აკეთებდა. ისტორიკოსები მას წიგნის თანაავტორადაც მიიჩნევენ. აქვე ჩაეყარა საფუძველი ჰიტლერის "სუფრული საუბრების"  ტრადიციას, რომელიც ციხის სასადილო ოთახში დაიწყო და 1945 წლის მაისს ბერლინის ბუნკერში დასრულდა.

ჰესის სახელს უკავშირდება ნაცისტური პარტიის უზრუნველყოფა არა მხოლოდ გამართული იდეოლოგიური ტექსტებით, არამედ ფინანსურადაც. ჰესმა გერმანელი მეწარმეები ჰამბურგში შეკრიბა და წინ ფოტოსურათების ორი დასტა დაუდო. ერთზე მუშების დემონსტრაციები იყო აღბეჭდილი, მეორეზე - მწყობრად დალაგებული "დამრტყმელი ბრიგადები." პირველზე მიუთითა და უთხრა: "ეს KvirisPalitra.Geდამანგრეველი ძალაა, რომელიც თქვენს ფაბრიკასა და ქარხნებს, თქვენს სიმდიდრეს განადგურებით ემუქრება. ეს მეორე კი ძალა, რომელსაც ძალუძს წესრიგის დამყარება, მაგრამ ამისათვის სჭირდება ფული, რომელიც მას არ გააჩნია". შეთანხმება შედგა. 3 წლის შემდეგ ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ.

ყველაზე დიდი ავანტიურა, რომელიც რუდოლფ ჰესის სახელს უკავშირდება და რომლის წყალობითაც იგი მეორე  მსოფლიო ომის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა, 1941 წლის 10 მაისს უკავშირდება. ბევრი რამ დღემდე ბურუსითაა მოცული. ოფიციალური ვერსია კი ასეთია: რუდოლფ ჰესმა აუგსბურგის სამხედრო აეროდრომიდან "მესერშმიტ-110" გაიტაცა და გეზი შოტლანდიისაკენ აიღო. ამ დროისათვის გერმანია და დიდი ბრიტანეთი ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში არიან. თავის მხრივ, ჰიტლერს საბჭოთა კავშირზე თავდასხმა გადაწყვეტილი აქვს - ომის დაწყების დღე და საათიც დანიშნულია. ჰესი შოტლანდიის მიწაზე პარაშუტით დაეშვა. ერთი ვერსიით, ის ჩამოაგდეს, მეორე ვერსიით, განზრახ დააზიანა თვითმფრინავი, რათა ინგლისელებს უახლესი მოდიფიკაციის "მესერშმიტი" არ ჩაეგდოთ ხელში. სავარაუდოდ, ჰესმა ბრიტანელებს კაბალური პირობებით თანამშრომლობა შესთავაზა, რომელიც საბჭოთა კავშირის განადგურებით უნდა დასრულებულიყო. დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ჩერჩილმა ჰესის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა და "ნაცისტი N2" ტაუერში გამოამწყვდია 1946 წლამდე. გერმანიაში კი კაცი, რომელმაც მარტომ განიზრახა მსოფლიოს ბედის შეცვლა, შეურაცხადად გამოაცხადეს და ყველას აუკრძალეს პარტიული ამხანაგის ხსენება. სხვათა შორის, ამ საქმეზე დუმილი დღემდე გრძელდება და ინგლისელები მხოლოდ 2017 წელს აპირებენ გასაიდუმლოებული არქივის გახსნას.

დავუბრუნდეთ შპანდაუს ციხეს. ის 1876 წელს აშენდა და 600 პატიმარზე იყო გათვლილი. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი KvirisPalitra.Geდანაშაულისათვის 7 ნაცისტი ლიდერი 1946 წლიდან  სწორედ ამ ციხეში იხდიდა სასჯელს. მათგან მხოლოდ ერთს, რუდოლფ ჰესს ჰქონდა მისჯილი სამუდამო პატიმრობა. იგი 1966 წლიდან ციხის ერთადერთ პატიმრად იქცა,  დანარჩენები სხვადასხვა დრის გაათავისუფლეს. 1987 წელს მიხაილ გორბაჩოვმა დააყენა საკითხი მიხრწნილი სამხედრო დამნაშავის გათავისუფლების შესახებ და გაჩნდა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ ჰესს თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს, რადგან ომის დასრულებიდან 41 წლის შემდეგაც არ სურდათ ამ ბურუსით მოცული საქმის გახსნა.

რაც შეეხება შპანდაუს ციხეს, ექსცესების თავიდან ასაცილებლად შენობა დაანგრიეს, ნარჩენები კი ჩრდილოეთის ზღვაში ჩაყარეს. ასეთივე ბედი ეწია რუდოლფ ჰესსაც, რომელიც გერმანიის ქალაქ ვუნდიზელში დაკრძალეს მშობლებისა და ძმის გვერდით.  მისი საფლავი ევროპელი ნეონაცისტების სათაყვანებელ ადგილად იქცა, ხოლო ყოველი წლის 17 აგვისტო, მისი გარდაცვალების დღე, ნაცისტებისა და ანტინაცისტების შეტაკებით მთავრდებოდა. წლევანდელი არეულობის შემდეგ ქალაქის ხელისუფლებამ, როგორც იქნა, ჰესის შვილიშვილი დაითანხმა და "ნაცისტი N2"-ის ნეშტს კრემაცია ჩაუტარეს, ხოლო ფერფლი ზღვაში გააბნიეს.

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)


vasasi
01 სექტემბერი 2011 11:28
ძალიან კარგია.

მადლობა.
morkneveli
18 აგვისტო 2011 10:01
საინტერესო იყო ძალიან
mentalitet
13 აგვისტო 2011 01:26
gurami49 საღოლ ბიძა :D

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?