ნიკორწმინდის უცნობი ფრესკები - კვირის პალიტრა

ნიკორწმინდის უცნობი ფრესკები

რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დღემდე უცნობი ფრესკები აღმოაჩინეს. ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებას მეცნიერებმა ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში მიაკვლიეს. ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს, რომ ტაძარი ვინმე ჯავახაძეს მოუხატვინებია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნიკორწმინდის ახალაღმოჩენილი მხატვრობის ნიმუშები XVI საუკუნეს განეკუთვნება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, ამ აღმოჩენის შემდეგ ცნობილი გახდა ორი ფეოდალური გვარი, რომელიც XVI საუკუნეში ტაძრის აღდგენაში მონაწილეობდა. ფრესკებზე გამოსახულია ქტიტორთა მთელი ოჯახი. აქვეა მხატვრის წარწერა, შესრულებული ასომთავრულით: "შენდობა ბრძანეთ და ვინცა შენდობა ბრძანოთ, თქვენაც შეგინდოთ ღმერთმა. KvirisPalitra.Ge

ნიკორწმინდის სარესტავრაციო სამუშაოების ხელმძღვანელი, საერთაშორისო პრემიის "ნოსტრას" მფლობელი, რესტავრატორი გურამ ჭეიშვილი ამბობს, რომ კარიბჭის მხატვრობა, სადაც მეცნიერებმა უნიკალურ ფრესკებს მიაკვლიეს, სრულიად შეჭვარტლული იყო და მცირე ორნამენტული ზოლების გარდა არაფერი ჩანდა.

„ამ ორნამენტებზე დაკვირვების შემდეგ საცდელი მონაკვეთები მოვნიშნეთ და მხატვრობის კვალი აღმოვაჩინეთ. ამის შემდეგ დასავლეთის კარიბჭის გაწმენდა დავიწყეთ და ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, ჯავახაძეები და წულუკიძეები, - ამბობს გურამ ჭეიშვილი.

„ნიკორწმინდის ტაძრის უმდიდრეს ინტერიერში ძველი მოხატულობის სულ ახალი ფენები ჩნდება. ეს მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენაა. მხატვრობის ნიმუშების კონსერვაცია წლეულს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად განხორციელდება, - მიიჩნევს ნიკა ვაჩეიშვილი.

ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე განხორციელდა ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები და გადახურვა. ნიკორწმინდის იმ ფრესკების კონსერვაციის I ეტაპი კი, რომლებიც რთულ მდგომარეობაშია, 2010 წელს დაიწყო. ექსპედიცია ამ ეტაპზე ტაძრის დასავლეთ მკლავის, გუმბათსა და საკურთხეველში არსებული ფრესკების გადარჩენაზე მუშაობს. ეს სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება. KvirisPalitra.Ge

სარეაბილიტაციო და კონსერვაციის სამუშაოების გარდა, ტაძრის ტერიტორიაზე, წყლის გადამყვანი სისტემებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

პროექტს სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები ახორციელებენ.

ნიკორწმინდის ტაძარი 1010-1014 წლებში ააგეს. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები კი მოგვიანებით მიაშენეს. 1534 წელს ტაძარი იმერეთის მეფეს, ბაგრატ III-ს განუახლებია. ტაძრის შიგნითა ფრესკებიც ამავე პერიოდისაა.

ნიკორწმინდის ფასადები და ეკვდერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: წმინდანთა გამოსახულებებით, მრავალფიგურიანი სცენებით ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა", "ჯვრის ამაღლება"), რეალური და მისტიკური ცხოველებით, რომლებიც ლაღად და ზუსტად ზის ერთიან სილუეტში.

ნინო ჯაფარიძე

ჟურნალი "ისტორიანი" #8