დუმილით სულის ტკივილი... - კვირის პალიტრა

დუმილით სულის ტკივილი...

ქეთევან მაღალაშვილს მწყერა მეტისმეტი სიწყნარის გამო შეარქვეს

სასწრაფოდ წავიდა მოსკოვში, სტალინამდე მიიტანა ხმა... მესამე დღეს დააპატიმრეს

ქეთევან მაღალაშვილი მთელი სიცოცხლე პორტრეტებს ხატავდა, ადამიანის სულში იხედებოდა. ჩუმი იყო, ხმაური არ უყვარდა. სიტყვას ვერ დააძვრევინებდით საკუთარ თავზე. მიზეზი ორი იყო: ერთი ის, რომ ბუნებით მორიდებული და მორცხვი გახლდათ...

პარიზში ცხოვრებისას მეგობრები ერთმანეთს ხუმრობით სახასიათო სახელებს ურჩევდნენ. ელენე ახვლედიანს ქარიშხალას ეძახდნენ, ლადო გუდიაშვილს - დიდ ლადოს, დავით კაკაბაძეს - უცნაურს, მას კი - ქეთევან მაღალაშვილს - მწყერას. ეს სახელი მეტისმეტი სიწყნარის გამო შეარქვეს.

მეორე მიზეზი უფრო სერიოზული იყო. ყელში სათქმელად მოწოლილ სიტყვას ვერ იტყოდა... დრო იყო ასეთი. არ შეიძლებოდა. მარტო საკუთარი კი არა, ახლობლების სიცოცხლეც ამ თქმა-ართქმაზე იყო დამოკიდებული. შინ ინახავდა ფასდაუდებელ საუნჯეს. ცხადია, მისი სურათები ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება იყო ქვეყნისათვის, მაგრამ იყო კიდევ ერთი - დამალული და საიმედოდ გადანახული - დიმიტრი შევარდნაძის წერილები და ფოტოები, რადგან "ხალხის მტრის" ხელში გამოვლილი თითოეული წერილი და ფოტო ნაღმივით იყო, აფეთქდებოდა და თან გადაიყოლებდა უამრავ უდანაშაულოს. ქეთევან მაღალაშვილს არ შეეძლო, არ შეენახა კაცის ისტორია, რომელიც მარტო მისთვის კი არ იყო მნიშვნელოვანი, როგორც მეგობარი და ერთადერთი სიყვარული, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

ქეთო მაღალაშვილი თბილისში გაიცნო - თავად მიუნხენიდან ახალდაბრუნებული იყო, ქეთო კი მოსკოვიდან. 1917 წელი იდგა... ქეთევან მაღალაშვილმა მუშაობა დაიწყო ახალდაარსებულ ეროვნულ გალერეაში. გალერეის ხელმძღვანელი იყო დიმიტრი შევარდნაძე.

მაღალაშვილების ოჯახი ხოშტარიას ქუჩაზე ცხოვრობდა. ყველანი ერთად იყვნენ: დები, ძმები, მათი ოჯახები. სამუშაო პირობები, ცხადია, არ ჰქონდა. როცა დიმიტრი შევარდნაძე რუსთაველზე, გალერეაში გადავიდა საცხოვრებლად, ბარნოვის 23-ში, მაშინ - ბუნების ქუჩაზე თავისი სახლი და ატელიე ქეთევანს დაუთმო, შენ იცხოვრეო... შევარდნაძეს აუცილებლად იქ უნდა გაეთია ღამე, სადაც სამუზეუმო ექსპონატები იყო დაგროვილი. იმდენი ფული არ ჰქონდათ, რომ ღამის დარაჯი ექირავებინათ. არადა, საგანძურს მოფრთხილება სჭირდებოდა. როცა ექსპონატების რიცხვი გაიზარდა და იქ ვეღარ ეტეოდა, სახელმწიფოს ფართის გამოყოფა სთხოვეს. მეტეხის ტაძარი საუკეთესო ვარიანტი იყო. ციხედ ქცეულ საყდარში ალბათ ძალიან დიდხანს ვერ აღდგებოდა წირვა-ლოცვა, კომუნისტებს კი შიგ ათასი უმსგავსობა შეიძლებოდა გაეკეთებინათ. ეროვნული საგანძური ტაძარს შეინახავდა, ტაძარი - საგანძურს. დიმიტრი შევარდნაძე ახლა მეტეხში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი მცირე ოთახი ეკავა. ქეთევან მაღალაშვილის ძმისწულები მისი ნათლულები იყვნენ, ამიტომ ხშირად მიჰყავდა ისინი მამიდას ნათლიასთან. მაშინდელი შთაბეჭდილება ახლაც ცხადად ახსოვს თინა მაღალაშვილს: დიდი ხალიჩა იყო დაკიდებული, კედლიდან ტახტზე გადმოდიოდა. წინ იდგა მაგიდა, ტახტზე იჯდა დიტო, თეთრი პერანგი და ტილოს პიჯაკი ეცვა, მაგიდასთან ისხდნენ ქეთო მამიდა, ელინისტი გრიგოლ წერეთელი და მისი მეუღლე. გრიგოლ წერეთელი, როგორც მავნებელი და ხალხის მტერი, გამოსახლებული იყო საკუთარი სახლიდან და დიმიტრი შევარდნაძეს ჰყავდა შეკედლებული. მარტო ეს ფაქტიც საკმარისი იქნებოდა, რომ შევარდნაძე მთავრობას აეთვალწუნებინა...

ერთ დღეს მეტეხის ტაძარში გამოცხადდა ჯგუფი, რომელმაც შევარდნაძეს ამცნო: ტაძარი დაცალეთ, უნდა დავანგრიოთო. მიზეზი "დიდებული" დაასახელეს: რუსთაველის იუბილე მოდის და აქ მისი ძეგლი უნდა დაიდგასო. დიმიტრი შევარდნაძემ ცივი უარით გაისტუმრა "დამანგრევლები" და მეორე დღესვე საზოგადოების თვალსაჩინო, ცხადია, გამბედავ წარმომადგენლებთან ერთად ბერიასთან გამოცხადდა. მიხეილ ჯავახიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, სანდრო ახმეტელი, პეტრე ოცხელი და დიმიტრი შევარდნაძე დიდხანს უმტკიცებდნენ ლავრენტი ბერიას, რომ მეტეხის ტაძრის დანგრევა არ შეიძლებოდა, რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვა იქნებოდა შთამომავლობის წინაშე. ბერიამ ყველა დაითხოვა, მხოლოდ შევარდნაძე დატოვა და უთხრა: - რატომ მოიყვანე ეს ხალხი? ახლა მეტეხს დაანგრევთ, ოღონდ საკუთარი სურვილითო. იმ საღამოს უთხრა ქეთოს: - ჩემი საქმე ვერ იქნება კარგადო. სასწრაფოდ წავიდა მოსკოვში, სტალინამდე მიიტანა ხმა - თანხა გვინდა მუზეუმის გასარემონტებლადო. დაბრუნებულს ამბავი დააწიეს: გათავისუფლებული ხარ სამსახურიდანო. იმ საღამოს საათი მოიხსნა და ქეთევან მაღალაშვილს გადასცა... სიკვდილისთვის ემზადებოდა. მესამე დღეს დააპატიმრეს. განაჩენმა არ დაახანა: 1937 წელს დიმიტრი შევარდნაძე დახვრიტეს.

ხშირად ახსენდებოდა მაღალაშვილს მისი ნათქვამი, - ხომ იცი, რამდენი საქმის გაკეთება მინდოდა ქართველი ხალხისთვისო...

დიმიტრის წერილებსა და ფოტოებს სათუთად ინახავდა. წერილები ინახავდნენ მათი სიყვარულის ამბავს: "ქეთო, გენაცვალე, ეს არის, მივიღე შენი წერილი და ძალიან ვწუხვარ, რომ შენ ნერვიულობ. გენაცვალე, დაწყნარდი და ფიქრი ნურასი გაქვს. შენი საქმე ყველაფერი კარგათ ეწყობა.

ქეთო, მე უთუოთ ჩამოვალ, დამიცადე მანდ, თუ საჭირო იქნება, ჩემთან ერთად დაბრუნდები ტფილისში. ჯერ ჩვენ ჯამაგირები არ მიგვიღია, როგორც კი იქნება ფულები, მაშინვე წამოვალ, მანამდე კი მოითმინე, გენაცვალე. ქეთინა, შენი საყვედური, რომ ჩემგან დავიწყებული ხარ, უსამართლოა, რადგან მე არცერთი შემთხვევა არ გამიშვია, თუ ვინმე მანდ მოდიოდა, რომ წერილი არ მომეწერა.

შენი დიტო".

"იმედია, თქვენ მალე გამოემგზავრებით ტფილისისაკენ. ერთ რამეზეც უნდა გაგაფრთხილოთ, ქეთო. აქ ძალიან სიძვირე ჩამოვარდა. (ერბო 300 მან. გირ. შაქარი 200-დან 300-მდე)... მე გირჩევთ, წამოსვლისას წამოიღოთ ბლომათ ერბო, ფქვილი და შაქარი. თუ მანდ ერობაში იშოვება შედარებით იაფად. აგრე თუ არ მოიქეცით, ძალიან გაგიჭირდებათ ცხოვრება... მე მინდა მოგაშველოთ 5 000 მანეთი თუ ნებას მომცემთ, გამოვგზავნი ფოსტით, ხოლო ტელეგრაფით შემატყობინეთ დროზედ.

თქვენ ეცადეთ თქვენი ჯანმრთელობისათვის, დანარჩენი კი ჩემი საქმე იყოს. ისე მოგაწყობთ სამუშაოდ, რომ არაფერი გაგიჭირდებათ. ამას წინეთ ზეთის ფერადები ვიყიდე თქვენთვის ფეშკეშად, 5 000 მანეთის. იმდენი არის, რომ კარგა ხანს გეყოფათ. ტილოებიც ხომ გვაქვს. ჩემი ატელიეც თქვენს განკარგულებაში იქნება სამუშაოდ, ასე რომ, მარტო თქვენი ჯანმრთელობა და ენერგია იქნება საჭირო სამუშაოთ. იმედია, ამას თან ჩამოიტანთ"...

უხერხულ მდგომარეობაში არავისი ჩაგდება არ უნდოდა, ამიტომ მოკრძალებით ეტყოდა ხოლმე თავის მეგობარს, ხელოვნებათმცოდნე ვახტანგ ბერიძეს: - ვიცი, ძალიან გიჭირს, მაგრამ იქნებ სადმე ახსენო მაინც დიმიტრი შევარდნაძეო... ძალიან სტკიოდა გული ვახტანგსაც, მაგრამ ამის გაკეთების არანაირი შანსი არ ჰქონდა... მანამ, ვიდრე რეაბილიტაციას არ მოაწერეს ხელი და დიმიტრი შევარდნაძე უსამართლოდ დახვრეტილად არ გამოაცხადეს...

ამიტომაც უყვარდა სიჩუმე ქეთევან მაღალაშვილს.

ერჩივნა, დიდხანს ეყურებინა მოდელისათვის და ნელ-ნელა გადაეტანა ტილოზე მისი თვალების სიღრმე, სულის ტკივილი...

საკუთარ სულის ტკივილზე აღარაფერს ამბობდა...

KvirisPalitra.Geდიმიტრი შევარდნაძე

დიმიტრი შევარდნაძე მართლაც ეროვნული მოღვაწე იყო. მისი თაოსნობით დაარსდა "ქართველ ხელოვანთა საზოგადოება", დამფუძნებელ კრებაზე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საქმიანობაში (რომლის ნამდვილ წევრად ერთხმად აირჩიეს 1911 წელს). 20-იან წლებში იყო თბილისის რევკომის წარმომადგენელი თბილისის მუზეუმების დაცვის საქმეში, კულტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

დიდი დამსახურება ჰქონდა ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებად ქცევაში, აგრეთვე ქართული ისტორიული ძეგლების შესწავლასა და დაცვაში. 1916 წელს უშუალოდ მონაწილეობდა ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესიის (XV ს.) მოხატულობის შესწავლა-რესტავრაციაში. 1935 წელს მხატვარ-რესტავრატორ აბრამიშვილთან ერთად, კედელს მოშორებული, დასაღუპავად განწირული მოხატულობის ნაწილი ჩამოხსნა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში გადმოიტანა. მისი თაოსნობით 1917 წელს "დიდების ტაძარში" მოეწყო ქართული ფრესკის პირველი გამოფენა; ტრადიციად იქცა ფრესკის ასლების დაცვა საქართველოს მუზეუმებში. 1917 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ სამხრეთ საქართველოში მოწყობილ ექსპედიციაში. 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, შექმნა უნივერსიტეტის გერბი და ბეჭედი.