გიმნაზიელთა შურისძიება - კვირის პალიტრა

გიმნაზიელთა შურისძიება

KvirisPalitra.Geთბილისის პირველ გიმნაზიაში დღესაც შეიძლება რკინის კიბის ნახვა, რომელზეც ნიკოლოზ ბარათაშვილი, მაშინდელი გიმნაზიის მოწაფე, დაგორდა და ორივე ფეხი მოიტეხა.

ერთხელ გიმნაზიელებმა სასწავლებლის დიდ დარბაზში ფასიანი წარმოდგენა გამართეს, რომელსაც თბილისის წარჩინებული საზოგადოება ესწრებოდა. რა წარმოადგინეს ნიკომ და მისმა მეგობრებმა, უცნობია. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ წარმოდგენაზე მოწვეულმა ზოგიერთმა სტუმარმა  მათი წარმოდგენა სასაცილოდ გაიხადა.

გულმოსულმა ყმაწვილებმა  შურისძიება გადაწყვიტეს. ბარათაშვილმა მშვენიერი სატირა დაწერა, რომელიც ასე იწყებოდა: ,"კონცერტებში დაგვპატიჟეს, დაგვათვლევინეს ფულები.." მერე ლექსი კონვერტში ჩადეს და სასწავლებლის ფანჯრიდან ქუჩაში გადააგდეს.. გზაზე დაგდებულ ,"პროკლამაციას" ყურადღება არავინ მიაქცია. მაშინ ასეთ ხერხს მიმართეს: კონვერტი დაბეჭდეს, ზედ თავადაზნაურთა წინამძღოლის მისამართი დააწერეს და გიმნაზიაში მისულ ფოსტის მოხელეს შეუმჩნევლად ,,კნიჟკაში" შეუცურეს. ამჯერად გზავნილმა ადრესატამდე მიაღწია. ჟანდარმერიამ  გამოუცდელ ,,კონსპირატორებს"” კონვერტზე დასმული ბეჭდის მიხედვით იოლად მიაკვლია. რაკი მეამბოხეთა ნაცვლად ხელში 14 წლის ყმაწვილები შერჩათ, მათი დასჯა  მშობლებს მიანდვეს.

პოეტის მამას, მელიტონ ბარათაშვილს ასეთი პროცესია მიადგა შინ - წინ ნიკოლოზი მიდიოდა, მას აღმზრდელი მიჰყვებოდა,  ხოლო მსვლელობას გიმნაზიის დარაჯი ასრულებდა როზგებით ხელში. ამბობენ, მელიტონს ისეთი  მრისხანე ხასიათი ჰქონდა, რომ ბაზარში შესულს ვაჭრები ემალებოდნენ -ვაითუ, რამე არ მოეწონოსო. კარგი დღე არც შვილისთვის დაუყრია. ისე სცემა, რომ ყმაწვილმა რამდენიმე დღე წელი ვერ ასწია.

"გაღმერთებული" ქალი

ფარაონ თუტმოსის ასული ჰატშეფსუტი  ეგვიპტის ისტორიაში ერთადერთი ქალი–ფარაონი  გახლდათ. მამამისის სიკვდილის შემდეგ, რაკი ეგვიპტის კანონებით ფარაონის ტახტზე ქალის ასვლა აკრძალული იყო, მცირეწლოვანი ნახევარძმის მეურვედ დაინიშნა.  ქალმა მალე თავი KvirisPalitra.Geფარაონად გამოაცხადა, კაცის ტანსაცმელი ჩაიცვა, სახეზე წვერ-ულვაში დაიმაგრა და ახალგაზრდა კაცად იქცა. ასე დაიწყო ჰატშეფსუტის მმართველობა. ვერავინ ამჩნევდა, რომ ფარაონის ტახტზე ქალი იჯდა. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ  სასახლის კარის არქიტექტორისგან ორი შვილი გააჩინა. ჰოდა, ახალი რამ მოიგონა.-გადაწყვიტა, რომ  ეგვიპტელები ღმერთს ვერ ეტყოდნენ იმაზე უარს, რაც ქალისთვის არ ემეტებოდათ და უმაღლესი ქურუმების პირით საოცარი ამბავი ამცნო ხალხს: ,"თურმე, მის დაბადებამდე დედამისის საძინებელში ეგვიპტელთა ღმერთი ამონი შევიდა და ასე მოევლინა ქვეყანას ჰატშეფსუტი". ხალხმაც ისევე აღიარა ,"გაღმერთებული" ქალი, როგორც მანამდე კაცადქცეულს აღიარებდა.

ჰატშეფსუტი 20 წელიწადზე მეტხანს მართავდა ეგვიპტეს. მისი სიკვდილის შემდეგ  მისმა ნახევარძმამ თუტმოს II-მ  გადაწყვიტა, ეგვიპტის ისტორიიდან წაეშალა  დის სახსენებელი. დაანგრია მის სახელზე აგებული ყველა ტაძარი, წაშალა და დალეწა ყველა  ფრესკა და ქანდაკება, სადაც იგი იყო გამოსახული. თუმცა ამაოდ. დღეისათვის არა მხოლოდ ქალი-ფარაონის ცხოვრებისა და მმართველობის მატიანეა ცნობილი,  არქეოლოგებმა ჰატშეფსუტის  მუმიასაც კი მიაგნეს. მისი აგებული ტაძრის კედელზე ფარაონისა და მისი რჩეული არქიტექტორის  გამოსახულებასაც მიაკვლიეს, სადაც საყვარლები  უაღრესად პიკანტურად არიან გამოსახულნი.