მარტო დიდი არტისტი კი არა - დიდი ადამიანი იყო
"ულამაზეს ცხენზე ამხედრებულა სერგო ზაქარიაძე, მზის სხივები სახეზე ურტყამს. ცოტაც და, კიდევ უფრო მაღლა ავლენ"

"ძალიან მაწვალებს ვაჟას "ბახტრიონი", პირდაპირ მოსვენება არ მაქვს, რა ვქნა, არ ვიცი. როგორც ეტყობა გ. გიგოლაშვილთან არაფერი გამოდის, თუმცა გარკვეულად არაფერი მითხრა. რეზო თაბუკაშვილმა რატომღაც შემომთავაზა "მოკვეთილი", მე უარი ვუთხარი, რა უნდა საერთოდ, არ ვიცი, რაღაც აწუხებს თითქოს, რაღაც უნდა შემომთავაზოს... მე მგონია ლიბრეტოს დავწერ სცენარისათვის და წარვადგენ, იყოს მაინც. "ბახტრიონში" უნდა იგრძნობოდეს ბუნების სიყვარული,
მინდვრის ყვავილები, საოცარი ხეები, ახალგაზრდა ტყე (მთათუშეთში, დართლოში) და ვაჟას თვალთახედვით დანახული ბუნება", - ეს ჩანაწერი 1955 წლის 14 მარტს გაუკეთებია სერგო ზაქარიაძეს.

მისი, როგორც შემოქმედის პოტენციალი დიდად შორდებოდა მხოლოდ სცენაზე და კინოში კარგ თამაშს. მთათუშეთი, დართლო, არხოტი, ფშავი - მისთვის იყო გარემო, სადაც ვაჟას
თვალებით შეეძლო ეყურებინა ბუნებისათვის. ეს კი აუცილებელი გახლდათ თუნდაც იმისთვის, რომ ქართულ მიწაში მაგრად გადგმული ფესვიდან მოწყვეტილად არ ეგრძნო თავი. ამ ფესვზე ხარობდა მისი ყველა როლი, მისი ჯარისკაცის მამაც, რომელსაც ხალხმა ძეგლი დაუდგა...

სერგო ზაქარიაძე რომ იცოდე ვინ არის, ერთხელ მაინც უნდა მოგეკრა თვალი მისთვის, ცხენზე ამხედრებული რომ მიდიოდა მთის ბილიკებზე... ახლა სხვა გზა არ არის, უნდა წარმოიდგინოთ... ეს ფოტოც დაგეხმარებათ, რომელიც 1950 წელსაა გადაღებული. გამართული ზის ულამაზეს ცხენზე, მზის სხივები სახეზე ურტყამს. ცოტაც და, კიდევ უფრო მაღლა ავლენ.
იქ კარავს გაშლის, როგორც ყოველთვის, მერე სხვებსაც მიეხმარება კარვების გაშლაში. კარგად გამოსდის. მის დაკოჟრილ ხელებს ეტყობა, რომ თავს არ ზოგავს.

მერე აინთება კოცონი და სერგო ზაქარიაძე ანთებული თვალებით მოჰყვება ფრაგმენტებს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან. თავისას იტყოდა, სხვასაც მოუსმენდა.
საერთოდ, მოსმენა მისი მთავარი თვისება იყო. მერე გაკრული ხელით ჩაინიშნავდა ამბავს - არ უნდა დავიწყებოდა და თბილისში ჩასული ზედმიწევნით ზუსტად დაწერდა ყველაფერს. იცოდა, არ უნდა დაკარგულიყო არც ერთი სიტყვა.
მის არქივში რამდენიმე ასეთი ჩანაწერი იყო, მაგალითად, დედუნა მახარეს (მწარიას) ასულ რაზიკაშვილის ნაამბობი: "ვაჟას ღამე სიარული უყვარდა, მე დედაჩემი მეტყოდა: "ნუ ხარ დევიო, ლუკას ნუ ჰგავხარ, ნუ გიყვარს ღამღამ სიარულიო".

რა არი ეს ცხოვრება, ვინემ პატარა ვიყავი, უგონო, ყველა მახსოვს და მერე რო გავიზარდე, მალე გაფრინდა მთელი ცხოვრება. ეხ, ვაჟა მოგვიკვდა, თორემ იქნება რამე გვესწავლა მისგან. ეხლა რაღაა... როდესაც ვაჟას დაწერილისაგან ამოკითხვა ვისწავლე, ქაღალდიდან ამოვხსენ, მერე სულ ვკითხულობდი "ბახტრიონსა" და "დედაენას". სულ ღამე ვკითხულობდი და მიხაროდა. დედა მეტყოდა: "ნუ ჰქოთოფო და ტვინს ნუ მიხვრეტო".

ჩაუჯდებოდა, სწერდა და სწერდა, მერე წამოწვებოდა, თუთუნს აბოლებდა. ფიქრობდა, მერე უცბად წამოვარდებოდა და ისევ სწერდა და სწერდა.
დიდი მარხვის პირველ კვირას და ბოლოს ინახავდა, სხვას არა, მეტყოდა: "დედუნა, აბა ერთი კაკალი დანაყე მაგრა და კაკლის ხინკალი გავაკეთოთო".
"მუხავ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მარტო რომ გნახე მდგომარე" - ასე იცის, ნაFლეთათ წამოისროლის ლექსის ნაჭრებსა ჩაწერის დროს:
"დამწუხრებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარია,  სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარია"... (სერგო ზაქარიაძემ, როგორც გამოცდილმა ფოლკლორისტმა, ვაჟას ლექსის ის ინტერპრეტაცია ჩაიწერა, რომელიც დედუნა რაზიკაშვილმა  წაუკითხა).
იწერდა ყველაფერს. არა მარტო დიდი ვაჟას ცხოვრება აინტერესებდა, არამედ იმათიც, ვისაც ხვდებოდა, უსმენდა.
ღამე თვითონაც უყვარდა ვარსკვლავებიანი ცის ყურება. მაშინ უკეთ ეფიქრებოდა ადამიანებსა და საწუთროზე...

სერგო ზაქარიაძე - ხელოვანი, რომლის გასათავისებლადაც უნდა გაიზარდო. რომელიც ბავშვობიდან გიყვარს, როგორც დაუვიწყარი როლების შემსრულებელი და რომელზეც გვიან იგებ, რომ მარტო დიდი არტისტი კი არა - დიდი ადამიანი იყო.
ariko
23 აგვისტო 2011 03:12
ვისაც ახსოვს "მეტეხის ჩრდილში","ჭინჭრაქა" და ბევრი სხვა როლები დამეტანხმება სერგო დიდი მსახიობი იყო.მეტი წერეტ დიდებულ ქარტველ მსახიობებზე ტორემ მალე გვარებიც აღარ გვეცოდინება რურუასნაირი კულტურის მინისტრის ხელში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?