დიდი კომპოზიტორის ტკივილიანი ცხოვრების ფურცლები - კვირის პალიტრა

დიდი კომპოზიტორის ტკივილიანი ცხოვრების ფურცლები

ის 1871 წლის 4 (16) აგვისტოს დაიბადა. მისი შემოქმედება ჩვენი ეროვნული ღირსების ერთ-ერთი სიმბოლოა, სწორედ ისე, როგორც სახელმწიფო დროშა, ან გერბი... ამიტომაცაა, ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომელიც სრულიად სამართლიანად ატარებს მის სახელს, ყოველი სეზონი იხსნება ზაქარია ფალიაშვილის ოპერით "აბესალომ და ეთერი"... კომპოზიტორმა, რომლის შემოქმედებაც ქართული კლასიკური მუსიკის მწვერვალადაა მიჩნეული, მძიმე და ტრაგიკული ცხოვრება განვლო.

დახევას გადარჩენილი

მისთვის რომ ვინმეს ეკითხა, მაინც რა იყო ყველაზე აუტანელი ტკივილი, რომლის გადატანაც მოუხდა, აუცილებლად ერთადერთი ვაჟის - ირაკლის გარდაცვალებას დაასახელებდა. მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული პატარა მამას არ შორდებოდა, მის გვერდით იჯდა მაშინაც, როცა ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერზე" მუშაობდა. ჰყვებოდა, - ირაკლის ზოგჯერ შენიშვნაც კი მოუციაო... ეს იყო ბავშვური გულწრფელობით ნათქვამი, კომპოზიტორისათვის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებები. საუბედუროდ, 9 წლის ირაკლი ფალიაშვილი გარდაიცვალა...

ოპერის დასრულებამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი, გამწარებულს ნოტების დახევაც დაუპირებია. სწორედ ამ დროს მიუსწრია ივანე ჯავახიშვილს და ქართული ეროვნული საგანძური ხელიდან გამოუგლეჯია.

ლეგენდად დარჩა: თურმე მგლოვიარე მამას ირაკლი დაესიზმრა და ოპერის დასრულება სთხოვა. ძალიან მძიმედ, მაგრამ მაინც დაიწერა "აბესალომის" დასასრული...

მკვლელობის მიზეზი

ოპერის თეატრის დირიჟორმა ემანუილ სტოლერმანმა მეუღლე მოკლა. თბილისი შეიძრა, მაგრამ მოძალადე ქმრის მიმართ  არავის გასჩენია სიძულვილის გრძნობა.

იმ დღეს ემანუილ სტოლერმანს ცხარე კამათი ჰქონდა მეუღლესთან. განრისხებულმა ქალმა ქმარზე შურისძიება გადაწყვიტა და ყველაზე ძვირფასი გაუნადგურა: "აბესალომ და ეთერის" ხელნაწერი ნოტები დახია. ეს კი ვეღარ აიტანა დირიჟორმა... იმ დროს პარტიტურები ხელით იწერებოდა. სტოლერმანს თავად ზაქარია ფალიაშვილის ხელნაწერი ჰქონდა სამუშაოდ. და ეს ფასდაუდებელი განძი მისმა ანჩხლმა ცოლმა ერთი ხელის მოსმით გაანადგურა. სტოლერმანს უამბნია მეგობრებისათვის, - ცოლისა ისე მეშინოდა, ვერაფერი გავუბედე... როცა დაიძინა, კარის ჭუჭრუტანაში შევყავი რევოლვერი და ვესროლეო...

ამგვარი მკვლელობა მაშინ 18 წლის პატიმრობით ისჯებოდა. სასამართლომ გამაოგნებელი განაჩენი გამოიტანა: მიესაჯოს რესპუბლიკის უმაღლესი სასჯელი - 18 წელიწადი იმ 18 წლის გათვალისწინებით, რომელიც ამ ქალთან გაატარაო. სტოლერმანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

არ აპატია

დიმიტრი არაყიშვილი "აბესალომ და ეთერის" გამო არ ელაპარაკებოდა ზაქარიას...

პეტრე მირიანაშვილს ამ ოპერის ლიბრეტო მანაც სთხოვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ზაქარიამ დაასწრო... გასაბრაზებელი თითქოს რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაყიშვილს თავისი არგუმენტი ჰქონდა: პეტრე მირიანაშვილმა ადრე შესთავაზა ფალიაშვილს ამ ოპერის ლიბრეტო, მან უარი უთხრა... მაშინ ახალი დაბრუნებული იყო რუსეთიდან, სადაც მუსიკალური განათლება მიიღო და როგორც ჩანს, საოპერო ჟანრს ვერ შეჰბედა. ფიქრობდა, რომ ახალგაზრდა იყო და გამოცდილება სჭირდებოდა. არაყიშვილს სჯეროდა, რომ ზაქარიამ მას მერე გამოართვა ლიბრეტო მირიანაშვილს, რაც გაიგო, რომ ოპერაზე მუშაობის დაწყებას ის აპირებდა...  ზაქარია ფალიაშვილის სახელს დიმიტრი არაყიშვილთან ვერავინ ახსენებდა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფ ფალიაშვილს უთხოვია, არაყიშვილი მომიყვანეთო. მან კი მისვლა არ ინება...

მუსიკა, რომლითაც კრძალავენ...

ზაქარია ფალიაშვილი "დაისის" გამო კინაღამ შეაჩვენეს. ეს ოპერა პირველი იყო, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაიდგა. ზაქარია ფალიაშვილი მაშინ თბილისის კონსერვატორიის რექტორი იყო. პროლეტარ მუსიკოსთა რევოლუციურმა ასოციაციამ - არ გაგიკვირდეთ, ასეთი ნამდვილად არსებობდა, - ოპერის რეპერტუარიდან მოხსნა მოითხოვა - ეს მუსიკა ანტირევოლუციურიაო... როგორც ჩანს, მართლაც იგრძნეს, რამხელა ეროვნული ძალა იყო ფალიაშვილის "დაისში".

"დაისის" საკითხის გასარკვევად საგანგებო კომისია შეიქმნა. კომპოზიტორებმა ამ ოპერაზე მსჯელობა დაიწყეს. განხილვის ხელმძღვანელად ვიქტორ დოლიძე, "ქეთო და კოტეს" ავტორი დანიშნეს. კომისიის ბოლო სხდომაზე ვიქტორ დოლიძეს უთქვამს: - არ ვიცი, ეს ოპერა მენშევიკურია თუ ბოლშევიკური, მაგრამ თქვენ ყველას ამ მუსიკით დაგასაფლავებენო. აკი, გამართლდა...

თანადგომა

როცა ივანე ჯავახიშვილს სდევნიდნენ, ზაქარია საგანგებოდ მიდიოდა კათოლიკურ ეკლესიაში და უკრავდა... ეკლესიის პირდაპირ ივანე ჯავახიშვილი ცხოვრობდა. მას შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ამგვარად ამხნევებდა მეგობარს...

ზაქარიას ოჯახი ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის მახლობლად ორ ღარიბულ ოთახში ცხოვრობდა. აქ, ტრადიციულად, ბავშვებს მუსიკალურ განათლებასაც აძლევდნენ. ასე მიიღეს პირველი მუსიკალური განათლება ზაქარიამ და მისმა ძმამ, ივანემ. ივანე ზაქარიას პირველი მასწავლებელიც იყო. ეკლესიაში ის ფისჰარმონიაზე უკრავდა და ძმასაც ასწავლიდა. ზაქარია 16 წლის იყო, როდესაც ივანესთან ერთად ტფილისის კათოლიკურ ეკლესიაში მიიწვიეს. ჯერ გუნდში მღეროდა. შემდეგ, როცა მისი ძმა სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა, ივანეს მაგიერ ეკლესიის ორგანისტობა მოუხდა... მას მერე ათეული წლები გავიდა და აი, იჯდა დიდი კომპოზიტორი ორგანთან და ბავშვობის დროინდელ მოგონებებს ახალ ტკივილს უკავშირებდა.

ხელმოკლე

ზაქარიას 17 დედმამიშვილი ჰყავდა, მათგან შვიდი ადრეულ ასაკში დაიღუპა. ზაქარიას და ივანეს მრავალსულიანი ოჯახის რჩენა ბავშვობიდან დააწვათ კისერზე. ხელმოკლეობა ბედისწერად ექცა. გაგაცნობთ უკვე სახელოვანი ზაქარია ფალიაშვილის ერთ განცხადებას: "31 წელია, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვმსახურობ, როგორც პროფესორის, ისე ინსპექტორის და დირექტორის თანამდებობაზედაც. სხვებთან ერთად დიდი აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული სამუსიკო სკოლის კონსერვატორიად გარდაქმნის საქმეში. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მისარგებლია ერთის თვის შვებულებით 1931 წ. ხარკოვში, როცა იქ იდგმებოდა  ჩემი ოპერა "აბესალომ და ეთერი", სადაც ჩემი იქ ყოფნა აუცილებრივ საჭირო იყო. დღეს ძალზედ დაავადებულმა, იძულებული ვარ, მოგმართოთ, რომ მიშუამდგომლოთ, რათა სერიოზულად სამკურნალოდ მომეცეს ორი თვის შვებულება, როგორც აქ წამლობის კურსის დასამთავრებლად, ისე ზაფხულში, სადაც ექიმები მირჩევენ, სადმე წასასვლელად და წამლობის გასაგრძელებლად. მაგრამ, რადგანაც ეს ყველა იწვევს ხარჯს, რომლის საშუალებაც არა მაქვს, ამისათვის აქაც გთხოვთ, რომ გადარიცხული არ ვიქნე სოც.დაზღვევ სალაროში (ამ ორ თვეს) და ერთდროული მატერიალური დახმარებაც აღმომიჩინონ ან განსახკომის ან კიდევ სახკომისართა საბჭოსაგან... შვებულებას გთხოვთ პირველი აპრილიდან. იმედი მაქვს, ამ ჩემს თხოვნას ყურადღებას მიაქცევთ".

თხოვნისათვის ყურადღება არავის მიუქცევია...