მკვდრეთით აღმდგარი - კვირის პალიტრა

მკვდრეთით აღმდგარი

ეროვნულ არქივში უამრავ საინტერესო ფოტოს შორის ორი, თითქმის ერთნაირი და უცნაური, ნამუშევარია დაცული. ერთ ფოტოზე ცნობილი დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე შალვა დადიანი კუბოშია ჩასვენებული და თავთან სანთელი უნთია, მეორეზე კი მიცვალებული ჩასასვენებელში წამომჯდარა და იღიმება.

KvirisPalitra.Geამ უცნაური ფოტოების ავტორია ცნობილი ფოტოგრაფი ნიკოლოზ საღარაძე. თუმცა, გადაღების სცენარი თავად დადიანს შეუთხზავს. დრამატურგს ასეთი სპექტაკლის დადგმა ერთი მევალისთვის თვალის ასახვევად განუზრახავს. ქუთაისის თეატრში სპექტაკლის დასადგმელად ვიღაც შეძლებული კაცისაგან ფული უსესხია და თამასუქზეც მოუწერია ხელი. დათქმულ ვადაში თეატრმა ვალის გასტუმრება ვერ შეძლო, აღებული ვალდებულების შესრულება შალვა დადიანს უწევდა, მას კი, აბა, ფული სად ჰქონდა...

მოგვიანებით, როდესაც ნიკოლოზ საღარაძემ უმდიდრესი ფოტოალბომები არქივს ჩააბარა, ამ ფოტოებით გაოცებულ არქივის თანამშრომლებს უამბო, რა შედეგი მოჰყვა მათ მიერ საგანგებოდ დადგმულ სპექტაკლს. შალვა დადიანის მოულოდნელ "გარდაცვალებას" საზოგადოების მწუხარება მოჰყოლია და მევალესაც, დარწმუნებულს, რომ ვალს ვეღარავინ დაუბრუნებდა, თამასუქი დაუხევია, თუმცა მეორე დღესვე ცუდ დღეში ჩავარდნილა, რადგან ”მკვდრეთით აღმდგარი” მოვალე ქუჩაში ცოცხალი დაუნახავს. გვარიანად შეშინებულს სული რომ მოუთქვამს, დადიანი საყვედურებით აუვსია: თავს რად იკლავდი, დავიჯერე შენი სიკვდილი და გული დამწყდა, გეთქვა რაც გიჭირდა და ვალს ისედაც გაპატიებდიო.

შალვა დადიანი

შალვა დადიანი 1874 წლის 8 მაისს დაიბადა დაბა ზესტაფონში, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. იმის გამო, რომ  ნიკო დადიანის ოჯახთან დაახლოებული იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი და სხვები, მომავალ მწერალს ბავშვობიდანვე დიდებული ადამიანების გარემოცვაში უწევდა ყოფნა. მას კლასიკური განათლება არ მიუღია - მშობლებმა შვილის აღსაზრდელად პედაგოგები შინ მიიწვიეს.

1893 წლის 2 თებერვალს 19 წლის შალვა დადიანმა  პირველად მიიღო მონაწილეობა კოტე მესხის რეჟისორობით დადგმულ ,,მარგარიტა გოტიეში", რომელიც თავად თარგმნა. სცენაზე პირველად ,,ქუჯის" ფსევდონიმით გამოსულა და მალევე ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გამხდარა ქუთაისის თეატრში.

იგი გახლდათ არაერთი რომანის, მრავალი მოთხრობისა თუ ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილის ავტორი, შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესების მთარგმნელი.

ნიკოლოზ საღარაძე

ნიკოლოზ საღარაძე ცნობილი ფოტოგრაფის, ალექსანდრე მიხაილოვის ნათესავი და მოსწავლე იყო და ქუთაისში მის ფოტოატელიეში მუშაობდა. მიხაილოვის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წლიდან, მემკვიდრეობა საღარაძემ ჩაიბარა და მისი საქმიანობა განაგრძო. საღარაძემ კი გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, როგორც ალექსანდრე მიხაილოვის, ასევე თავისი გადაღებული ათასობით უნიკალური ფოტო სახელმწიფო არქივს გადასცა. ამ კოლექციაში საქართველოში ერთი საუკუნის წინ მცხოვრები საზოგადო მოღვაწეების, სამხედრო და სასულიერო პირების უნიკალური ფოტოებია დაცული,  ძირითადი ნაწილი ეთნოგრაფიული ღირებულებისაა და მკაფიო წარმოდგენას ქმნის იმ პერიოდის დასავლეთ საქართველოზე. ამიტომაც  მრავალსერიიანი ფილმის, "დათა თუთაშხიას" მხატვარ კახა ხუციშვილს ფილმისთვის ესკიზები სწორედ ამ კოლექციაში დაცული ფოტოების მიხედვით შეუქმნია.

ნიკოლოზ საღარაძის კოლექციაში დაცულ ფოტოებს ამჟამად რესტავრაცია უტარდება.